ENG

უფასო პოლიტიკური რეკლამის განაწილების წესი კვლავ უსამართლოა

09 ივნისი, 2016

 

8 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ზოგიერთი საარჩევნო საკითხის ცვლილებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ცვლილება შეეხება საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო რეკლამის გადანაწილების ახლებურ წესს. მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილების მიღება გაუმართლებელია, რადგანაც, გარდა იმისა, რომ უსამართლოა, მნიშვნელოვნად აზიანებს რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას. ასევე, ეს ინიციატივა თავისი შინაარსით შეიძლება წარმოადგენდეს სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების მაგალითს.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსში” დღეს არსებული ჩანაწერით (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე გაუქმებულია), უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ნაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 4%-ზე მეტი, ან ადგილობრივ თვითმართველობის ბოლო არჩევნებში პროპორციული წესით მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე მეტი. გარდა ამისა, ამავე ჩანაწერით, თუ საარჩევნო სუბიექტმა აღნიშნული ბარიერი გადალახა არაინდივიდუალურად - საარჩევნო ბლოკის მეშვეობით - უფასო სარეკლამო დრო გამოიყოფა მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც არის საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი. წინა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, უფასო სარეკლამო დრო თანაბრად ნაწილდებოდა ხუთ პარტიაზე: 1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; 2. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”; 3. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, 4. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” (ამჟამად „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”. აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც 2016 წლის მაისში დაადგინა, რომ უფასო სარეკლამო დროის საარჩევნო ბლოკის მხოლოდ პირველი ნომრისთვის განაწილება დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია. აქედან, გამომდინარე, საჭირო გახდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ ახალი ნორმის შემუშავება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა ახალი კანონპროექტი უფასო წინასაარჩევნო რეკლამის გადანაწილების შესახებ. ახალი წესის თანახმად, უფასო სარეკლამო დროის მისაღებად საარჩევნო სუბიექტებს კვლავ მოეთხოვებათ საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, 4 და 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, თუმცა, ძველი რეგულაციისგან განსხვავებით, სარეკლამო დრო, ასევე, უნდა მიეცეთ საარჩევნო ბლოკში შემავალ ყველა პარტიას და არა მხოლოდ მის პირველ ნომერს. გარდა ამისა, შენარჩუნდა უფასო სარეკლამო დროის საერთო ხანგრძლივობა, რომლის გამოყოფაც ევალებათ მაუწყებლებს. ამის შედეგად, იგივე სარეკლამო დრო ადრე თუ ნაწილდებოდა 5 პოლიტიკურ პარტიაზე, ახალი რეგულაციით, ამ დროის გამოყოფა თანაბრად მოუწევს 11 პოლიტიკურ პარტიას, რადგანაც წინა არჩევნებში საჭირო ბარიერი ორმა საარჩევნო ბლოკმა გადალახა, რომლებშიც მთლიანობაში 8 პარტია იყო გაწევრებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია არჩევნებში გამარჯვებული საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება”, რომელიც 6 პარტიისგან შედგებოდა. ამ 6 პარტიიდან ადრე თუ მხოლოდ ერთ მათგანს ეკუთვნოდა უფასო სარეკლამო დრო, ახალი წესის მიღების შემდეგ, ექვსივე თანაბრად ისარგებლებს ამ პრივილეგიით.

ცალსახაა, რომ უფასო სარეკლამო დროის განაწილების ძველი წესი უსამართლო და არაკონსტიტუციურია, თუმცა ახალი წესიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეიცავს. კერძოდ:

  • არასწორია საეთერი დროს ყველა კვალიფიციურ სუბიექტზე თანაბარი გადანაწილება. უსამართლოა, როდესაც, მაგალითად სუბიექტი, რომელმაც დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 4% და სუბიექტი, რომელმაც მიიღო - 50% მსგავსი ხანგრძლივობის დროს იღებს;

  • არასწორია არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიისა და ბლოკში შემავალი პარტიის ამ მიზნით სრული გათანაბრება, რადგანაც ბლოკში მყოფი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არაიდენტიფიცირებადია. ასეთი რეგულაციით არსებობს საფრთხე, რომ შეზღუდული რესურსი - უფასო სარეკლამო დრო - მიიღოს ისეთმა პარტიამ, რომელსაც საზოგადოებაში უმნიშვნელო მხარდაჭერა აქვს, თუმცა ბლოკის ხარჯზე მაინც გადალახა საჭირო ბარიერი. გარდა ამისა, ჩნდება რისკი იმისა, რომ სხვებთან შედარებით ფინანსურად ძლიერმა პოლიტიკური პარტიებმა მცირე პარტიებთან ერთად ხელოვნურად შექმნან დიდი საარჩევნო ბლოკები და საჭირო ბარიერის გადალახვის შემდეგ, სარეკლამო დრო ისე დანაწევრდეს, რომ ამ სიკეთით ფაქტობრივად ვერ ისარგებლონ იმ კონკურენტმა პარტიებმა, რომელთაც, უფრო მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების გამო, არ შეუძლიათ ფასიანი სარეკლამო დროის შესყიდვა;

  • დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით, ძირითად სარგებელს იღებს სახელისუფლებო კოალიციაში მყოფი ოთხი პარტია (და ერთი ყოფილი სახელისუფლებო პარტია) და მნიშვნელოვნად ზარალდება ოპოზიციაში მყოფი რამდენიმე კვალიფიციური პარტია. კერძოდ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” (ამჟამად, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” და „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას” უფასო სარეკლამო დრო უნახევრდებათ. წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედება, შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო მიზნით სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ეს არის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა იღებს ისეთ კანონს, რომელიც მას აძლევს მნიშვნელოვან სარგებელს და აზიანებს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს;

რეკომენდაციები

  • უფასო სარეკლამო დრო უნდა გადანაწილდეს უფრო სამართლიანად. ახალ წესში გარკვეული პროპორციით გათვალისწინებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ასევე, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიასა და არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიებს შორის სარეკლამო დროის განაწილება უნდა მოხდეს დიფერენცირებულად, კერძოდ, ინდივიდუალურად მონაწილე პარტიას შედარებით უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს, რათა თავიდან ავიცილოთ საარჩევნო ბლოკების შექმნის ინსტრუმენტის ბოროტად გამოყენება;

  • ახალი წესის შემუშავება უნდა მოხდეს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან (განსაკუთრებით კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან) კონსულტაციის შედეგად;

  • ახალი წესის შემუშავებისას, უნდა შენარჩუნდეს ის მიდგომა, რომ მაუწყებლებს არ გაეზარდოთ ტვირთი, ანუ არ გაიზარდოს უფასო სარეკლამო დროის მთლიანი მოცულობა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“