ENG

ცვლილებები „ტელეარხ 25-ში“ საპარლამენტო არჩევნების წინ

20 იანვარი, 2016


 

2016 წლის 11 იანვარს, 10 დღიანი პაუზის შემდეგ, „ტელეარხ 25-ის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა განაახლა. საინფორმაციო გამოშვებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ „დიალოგის“ შეჩერების მიზეზი ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ 2015 წლის 31 დეკემბერს არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების სრული შემადგენლობის  დათხოვნა გახდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურიდან მხოლოდ ჟურნალისტები, ნინო ხელაძე, ჯაბა ანანიძე, ირმა ზოიძე და საინფორმაციო სამსახურის   უფროსი, მაია მერკვილაძე გაათავისუფლა. არხიდან დათხოვნილ თანამშრომლებს გათავისუფლების  ბრძანება  2016 წლის 11 იანვარს  ჩაბარდათ.

არხის მფლობელების და მენეჯმენტის  გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაია მერკვილაძის 2015 წლის 29 დეკემბრის ბრიფინგი, სადაც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ტელევიზიის მენეჯმენტი და მფლობელები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

კონფლიქტი,  რომელმაც ტელევიზიაში  დაძაბულობა გამოიწვია, „ტელეარხ 25-ის“ ეთერში 14 დეკემბერს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლის დაკავების შესახებ გასულ სიუჟეტს მოჰყვა. დაკავებული არხის მთავარი რეჟისორის ოჯახის წევრია. სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს არხის რეჟისორმა ნიაზ კონცელიძემ მაია მერკვილაძეს სიუჟეტის გასვლის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. დაძაბულობის გამო 15 დეკემბერს, არხის დღის საინფორმაციო გამოშვება 17 საათზე ეთერში ვერ გავიდა. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ტელევიზიის დირექტორის, გიორგი სურმანიძისგან რეაგირება მოითხოვა. პასუხად კი, დირექტორმა მომხდარიდან 15 დღის შემდეგ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

სამსახურიდან დათხოვამდე 2 დღით ადრე, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ განაცხადა, რომ არხის მენეჯმენტი და კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი ჯემალ ვერძაძე ორთვიან ანაზღაურებად შვებულებაში გასვლას აიძულებდნენ. მერკვილაძის თქმით, ვერძაძე მანამდე არასდროს დაინტერესებულა ტელევიზიის საკადრო გადაწყვეტილებებით და ამიტომ ბიზნესმენის გააქტიურება საეჭვოდ მიიჩნია.

ვერძაძის გააქტიურება ეჭვებს უჩენს სამსახურიდან დათხოვნილ კიდევ ერთ ჟურნალისტს. ჯაბა ანანიძე იხსენებს, რომ ის ვერძაძეს 2015 წლის ივნისში თავად ვერძაძის ინიციატივით შეხვდა. ანანიძის თქმით, მაშინ არხის ერთ-ერთმა მფლობელმა სთხოვა, საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „მთავრობისგან პრივილიგირებული ბიზნესი“ საერთოდ არ მოემზადებინა. ჯაბა ანანიძე ამბობს, რომ უარის მიღების შემდეგ ვერძაძე ეცადა, ფილმის შინაარსში ჩარეულიყო, კერძოდ, ჟურნალისტს სთხოვა, ფილმში აჭარის მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი ჭყონიაზე საუბრისას ტონი შეერბილებინა. ფილმი „ტვ 25-ის“ ეთერში  2015 წლის ივლისში გავიდა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ჯემალ ვერძაძესთან გადამოწმებას შეეცადა. ვერძაძე ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობას უარყოფს, მაგრამ შეხვედრას და ფილმთან დაკავშირებული შეკითხვის დასმის  ფაქტს ადასტურებს. კითხვაზე, თუ საიდან გაიგო მსგავსი შინაარსის ფილმის მომზადების შესახებ, ვერძაძემ აღნიშნა, რომ ინფორმაცია არხის თანამშრომლებმა, ასევე სხვა პირებმაც მიაწოდეს და ამიტომ დაინტერესდა.

სამსახურიდან ჯაბა ანანიძის, ირმა ზოიძის და ნინო ხელაძის გათავისუფლების შესახებ, გიორგი სურმანიძემ არსამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო დროს ანანიძის წამყვანობით ტოკ-შოუ „დიალოგის“  მუშაობით უკმაყოფილი იყო, საინფორმაციოს წამყვან ნინო ხელაძეს კი სამსახურში დაბრუნება თავიდან შესთავაზა.

არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტებისთვის დირექტორის არგუმენტები მიუღებელია და ოთხივე პირი უფლებების დაცვას სასამართლოში გემავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანენ.

არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები  მენეჯმენტის და მფლობელების მიერ 31 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად  მოტივირებულს უწოდებენ. მაია მერკვილაძის განცხადებით, მათი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გეგმა ინცინდენტამდე გაცილებით ადრე იყო შემუშავებული: „როგორც ჩანს, მფლობელების ინტერესში არ შედიოდა საარჩევნო წელს პოლიტიკური და მფლობელების  გავლენებისგან თავისუფალი  საინფორმაციო სამსახურის მუშაობა“, - უთხრა მაია მერკვილაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს.

თავის მხრივ, „ტვ 25-ის“ დირექტორმა გიორგი სურმანიძემ ტელევიზიიდან ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება სიტუაციის განმუხტვის სურვილით ახსნა. მისივე მტკიცებით, მათთან ერთად ასევე გათავისუფლდა ის პირი, რომელმაც მაია მერკვილაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიორგი სურმანიძე  კატეგორიულად გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივს და მომხდარს მხოლოდ პირად კონფლიქტად აფასებს. ის ასევე ამბობს, რომ კონფლიქტი მაია მერკვილაძესთან ადრეც ჰქონია და გადაწყვეტილება მხოლოდ 15 დეკემბრის დაპირისპირების გამო არ მიუღია.

საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ აზრთა სხვადასხვაობა მენეჯმენტთან ანტიდასავლური განწყობებით ცნობილ მედიაკავშირ „ობიექტივის“ სიგნალის „ტელეარხ 25“-ის  ეთერით გადაცემის, საინფორმაციო გამოშვებების რაოდენობის შემცირების მცდელობისა და ასევე, „ტვ 25-ის“ მიერ „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ დაუსაბუთებლად  დატოვების გამო ჰქონდა. მედიაკავშირი „ობიექტივის“ სიგნალის გადაცემა „ტელეარხ 25„-ის ეთერში 2010 წელს დაიწყო, მაშინ რეგიონულმა მაუწყებელმა „ობიექტივს“ 6 საეთერო საათი დაუთმო, 2012 წელს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით, „ობიექტივმა“ „ტელეარხ 25-ის“ 16 საათი დაიკავა.

„ტვ 25-ის“  მფლობელების ცვლილების პოლიტიზებული პროცესი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად შპს  “ტელეარხ 25-ს” ორი მფლობელი  ჰყავს: არხის 49%-ს ტელევიზიის გენერალური დირექტორი გიორგი სურმანიძე ფლობს, ხოლო საკონტროლო პაკეტს - 51%-ს - ბიზნესმენი ჯემალ ვერძაძე.   

2012 წელს, საპარლამენტო არჩვნებამდე  რამდენიმე თვით ადრე,  “ტვ 25” გაიყიდა. ინფორმაცია ტელევიზიის გასხვისების შესახებ  გაზეთ „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა. 2012 წლის 24 თებერვალს,  საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,  არხის მფლობელთა ვინაობა და წილთა თანაფარდობა შეცვლილი არ იყო. ჯერ კიდევ ამ დროისათვის  “ტვ 25-ს”  სამი დამფუძნებელი ჰყავდა: გიორგი სურმანიძე - 50%, მერაბ მერკვილაძე და მალხაზ ვერძაძე 25% - 25%-ს ფლობდნენ. ამ სამი დამფუძნებლიდან მედიასთან მხოლოდ გიორგი სურმანიძე საუბრობდა. ის “ბათუმელებთან“ ინტერვიუში კატეგორიულად უარყოფდა ტელევიზიის გასხვისების შესახებ  გაზეთის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ეჭვი  ტელევიზიის გაყიდვაზე  მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 2012 წლის 24 თებერვალს, დამფუძნებლების ნათესავების სახელზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვისა და ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე,  ტელევიზიის მაშინდელი დამფუძნებლების ახლო ნათესავებს თბილისსა და ბათუმში დაახლობით 2 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გადაეცათ. მერი ქარცივაძეს (მალხაზ ვერძაძის სიდედრი), ლეილა მითაიშვილს (გიორგი სურმანიძის დეიდაშვილი), ირაკლი კრიჭაშვილს (მერაბ მერკვილაძის ნათესავი) სახელმწიფომ 2012 წლის 24 თებერვალს, 1100 კვ/მ ქონება გადასცა თბილისსა და ბათუმში. ქონების დარეგისტრისტებას ერთ საათზე ნაკლები დასჭირდა. პროცედურა არასამუშაო საათებში ჩატარდა (19 სთ-დან  20 სთ-მდე). არხის მაშინდელი მფლობელები ამ ქონებასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფდნენ.

საჯარო რეესტრის მონაცემებში, “ტვ 25-ის” წილების გასხვისების შესახებ ინფორმაცია 2012 წლის სექტემბერში აისახა (2012 წლის 24 თებერვლის თარიღით): ძველმა მფლობელებმა 50-50%-იანი წილები ბიზნესმენ ჯემალ ვერძაძეს და “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს ლევან ქარდავას გადასცეს, ხოლო ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა ისევ ძველ მფლობელს გიორგი სურმანიძეს დაეკისრა. 2012 წლის 30 ოქტომბერს, “ტვ 25-ის” 100% წილის მფლობელი ჯემალ ვერძაძე გახდა. 2012 წლის ნოემბერში საჯარო რეესტრის მონაცემებში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა: არხის 49% გიორგი სურმანიძეს დაუბრუნდა, ხოლო 51%-ს მფლობელად ჯემალ ვერძაძე დარჩა. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში გიორგი სურმანიძემ თქვა, რომ მან წილი ჯემალ ვერძაძისგან გამოისყიდა.

გამოძიება ქონების გადაცემასთან დაკავშირებით და განცხადებები ზეწოლის შესახებ  

საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია “ტელეარხ 25”-ს დამფუძნებლების ნათესავებისთვის სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 194-ე (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო. ამავდროულად, პროკურატურის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო შპს „ტელეარხ 25-ის” მესაკუთრეების საბანკო ანგარიშებსა და მათი ნათესავებისთვის გადაცემულ სახელმწიფო ქონებას.

ამასთან, გიორგი სურმანიძემ განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით,  საგამოძიებო უწყებებში მასსა და ჯემალ ვერძაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა: “ეს იყო ქუჩური გარჩევა. კორიდორში გვირჩევდნენ საქმეს. უნდა დაგვესახელებინა ლაშა ნაცვლიშვილი, დავით ჩხატარაშვილი და ვანო მერაბიშვილი და გვეთქვა, რომ TV25 იყიდა ამ სამმა ადამიანმა 2012 წლის არჩევნებამდე. ვეუბნებოდი, რომ არც ერთი პიროვნება არ მყავს ნანახი, თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ - ვიცით, თქვენ არ იცით, რომ იყიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით და ხალხის მოთხოვნაა, რომ ეს ადამიანები დაასახელოთო" - განაცხადა “ტელეარხი 25-ის” დამფუძნებელმა.

გიორგი სურმანიძის თქმითვე,  დაკითხვაზე დაუდეს ოჯახის წევრების ფოტოები და ემუქრებოდნენ. მისი ინფორმაციით, ჯემალ ვერძაძეს მისი შვილის ფოტო აჩვენეს და უთხრეს, "რომ ამა და ამ კაფეში დადის და ხომ არ გეშინიათ, რომ ან იჩხუბოს ან რამე მოუვიდეს".

ამ განცხადების შემდეგ, სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა სურმანიძის და ვერძაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ცნობილი არ არის თუ, რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები. პირადი ანგარიშების  დაყადაღების გამო, არხის მფლობელებმა  სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართეს.

გიორგი სურმანიძის ბრალდებებთან დაკავშირებით, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სპეციალური განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც“ გამოაქვეყნა.

“ტელეარხი 25” რეგიონულ ტელეკომპანიად  1995 წლიდან ფუნქციონირებს. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 2000 წლის 19 თებერვალს, აჭარის უშიშროების სამსახურის მაშინდელმა თანამშრომლებმა „ტელეარხი 25“-ის ხელმძღვანელებს, მათივე განცხადებით, ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირების მფლობელობაში გადავიდა. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ წართმეული ქონება დამფუძნებლებმა ისევ უკან დაიბრუნეს.

„ტვ 25“ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასტუმრო „მედეას“ გასხვისების შემდეგ ოფისის გარეშე დარჩნენ, მეორედ კი, როცა არხის ანგარიშს ინკასო დაედო და დავა სასამართლოში გაგრძელდა. 2010 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური ამნისტიის შედეგადა, „ტვ 25-ს” ფინანსური დავალიანება მოეხსნა.

ამჟამად „ტელეარხი 25-ის” ეთერში საინფორმაციო გადაცემები გადის. პარალელურად ყოველდღე, 16 საათის განმავლობაში არხი მედიაკავშირ „ობიექტივის“ სიგნალის ტრანსლაციას ახორციელებს. მალე “ტელეარხი 25” მისამართს შეიცვლის და ბათუმში, ლორიას ქუჩაზე მფლობელის, ჯემალ ვერძაძის კუთვნილ შენობაში გადავა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით:

  • არხის მენეჯმენტმა ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ასევე პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის და სხვა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები - არხის თანამშრომლის ოჯახის წევრთან დაკავშირებული თემის გაშუქება საინფორმაციო სამსახურის მუშაობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა მენეჯმენტმა თანამშრომელთა გათავისუფლება და არა კონფლიქტის სხვა გზით მოგვარება; არხის მენეჯმენტმა და მლობელებმა პატივი უნდა სცენ სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს და არ უნდა ჩაერიონ ჟურნალისტების მიერ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

  • პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს “ტელეარხ 25-ის” ნათესავებზე ქონების ერთ ლარად გადაცემის ფაქტი. უნდა დადგინდეს აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი შპს “ტელეარხ 25-ის” წილების დათმობას და  დამფუძნებლების  ნათესავებისთვის ერთად ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემის ფაქტს; საგამოძიებო პროცესების დაუსრულებლობამ შესაძლოა, არსებითი გავლენა იქონიოს არხის მუშაობასა და განვითარებაზე;

  • უმნიშვნელოვანესია “ტელეარხ 25-ის” დამფუძნებლებზე განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების გამოძიება. პროცესის  გაჭიანურება აჩენს კითხვებს  გამოძიების დასრულების ნების უქონლობასთან დაკავშირებით.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“