ENG

ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში: გადავადებული თუ რეალური რეფორმა

29 ივლისი, 2013

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გარკვეულ რეფორმირებას მოითხოვს. წლების განმავლობაში აღნიშნულ კანონში არსებული დებულებები ძირითადად საგამოძიებო ორგანოების უფლებების გაზრდაზე იყო მიმართული. კანონის მოქმედი ვერსია ვერ უზრუნველყოფს პროცესში მონაწილე მხარეებს თანაბარი საპროცესო უფლებებით. აღნიშნულ პრობლემატიკაზე საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იყო. შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას განსაკუთრებით ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ლობირებდნენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ცვლილებების ნაწილი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა. ამ ცვლილებით:

1. ბრალდების მხარეს (პროკურორს, გამომძიებელს) უნდა ჩამორთმეოდა გამოძიების ეტაპზე მოწმეთა სავალდებულო დაბარების, დაკითხვისა და დაკითხვაზე მათი იძულებითი მიყვანის უფლებამოსილება და შესაბამისად მოწმის დაკითხვა მოხდებოდა მხოლოდ სასამართლოში, მხარეთა თანდასწრებით. დღეს მოქმედი წესით დარღვეულია თანასწორობის პრინციპი, რადგან  დაცვის მხარეს არ შეუძლია მოწმის დავალდებულება ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარეს კი აქვს უფლება გამოძიების ეტაპზე სავალდებულო წესით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმე. უფრო მეტიც, მოწმის მხრიდან გამოცხადების ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვება მისი იძულებითი მიყვანა სამართალდამცავ ორგანოებში, ჩვენების მიცემაზე უარის თქმას კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მოგვარდებოდა ის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. მაგალითად,  იმ პირობებში, როდესაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში პოლიციას შეეძლო მოწმე დაეკითხა მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოწმეების ადვოკატების დაბარებას ვერ ახერხებდნენ.

ჩვენი აზრით, პირველ ოქტომბერს ახალი წესის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროა, რომ არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს მოწმის დაკითხვის არსებულ წესს აკრიტიკებდა არ აღმოჩნდა მზად ამ პროგრესული ცვლილებების ამოქმედებისთვის და საგანგებოდ გადაავადა მოწმის დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა 2014 წლის პირველ სექტემბრამდე. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში განიხილება.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში ჩართულ მხარეებს ისევ არათანაბარ მდგომარეობაში მოუწევთ ყოფნა. შედეგად ბრალდების მხარე კვლავ გარკვეული უპირატესობებით სარგებლობს. შესაბამისად, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი კვლავ დარღვეული რჩება.

2. მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა,  რომლის გადავადება ახალმა პარლამენტმა და ახალმა ხელისუფლებამ მოახდინა არის 2013 წლის 26 თებერვლის კანონპროექტით ინიცირებული ცვლილება, რომელიც დაცვის მხარეს ანიჭებდა უფლებას მის სასარგებლოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოეთხოვა. ცვლილება შემდეგში მდგომარეობს: გამოძიების პროცესში დაცვის მხარეს (ადვოკატს) უფლება ექნება  მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს  ჩხრეკა-ამოღების ჩატარება,  მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება სახელმწიფო ორგანოებიდან და კერძო დაწესებულებებიდან. ასეთი რეგულირება დაცვის მხარეს დაეხმარება ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს ბრალდებულის უფლებების დაცვა. აღნიშნული ცვლილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გარანტია იქნება. ამ ცვლილებების ამოქმედებაც 2014 წლის პირველ სექტემბრამდე გადაავადეს.

სისხლის სამართლის პროცესში შეტანილი ცვლილებების გადავადება უკვე ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს.  აღნიშნულიგადავადების პოლიტიკასამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და ადვოკატების მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული რიგი მიზეზების გამო. კერძოდ:

  • წლების განმავლობაში საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო არ იყო უზრუნველყოფილი მხარეთა თანასწორუფლებიანობა და  შეჯიბრებითობის გარანტიები. როგორც ჩანს ამ ორი ინიციატივის გადავადება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ უახლოეს პერიოდში  საპროცესო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები განახორციელოს.
  • აღნიშნული ნორმების ამოქმედების გადავადებით დაცვის მხარის ინტერესების იგნორირება ხდება.  მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომლის გადავადებაც მოხდა, ამცირებს რისკს ბრალდების მხარემ (პროკურატურა, პოლიცია და სხვა საგამოძიებო ორგანოები) გამოძიების ეტაპზე დაკითხვის სავალდებულო პროცესი გამოიყენოს მოწმეზე ზემოქმედებისა და ბრალდებისთვის სასურველი ჩვენების მისაღებად. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქართული რეალობისთვის არ არის უცხო ჩვენების იძულებით სხვადასხვა საშუალებებით მოპოვების ფაქტები. ამ რისკის თავიდან აცილება ასევე მნიშვნელოვანია,  ვინაიდან მოწმეს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების შეცვლის უფლება პრაქტიკულად არ აქვს და სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებასა და გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში მას სისხლისსამართლებრივი პასუხისგება ეკისრება.
  • დაცვის მხარის უფლებების შეზღუდვის გაგრძელებით, გრძელდება ადვოკატების იმ არახელსაყრელ და უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც მათ დაცვის განხორციელებას ცალსახად ურთულებთ. საგამოძიებო ორგანოები ამ ნაწილშიც კვლავაც უპირატეს მდგომარეობაში დარჩებიან.  

მოწმის დაკითხვის ახალი წესისა და დაცვის მხარისათვის დამატებითი უფლებების მინიჭების გადავადებას საქართველოს მთავრობა იმ არგუმენტით ასაბუთებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ არ არიან მზად ახალი ნორმების ამოქმედებისათვის. თუმცა, გაუგებარია რა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს ამ ორი უმნიშვნელოვანესი ნორმის იმპლემენტაციისთვის. ანალოგიური არგუმენტების გამოყენებით ბოლო წლებია ვერ ხერხდება მხარეთა რეალური თანასწორობის უზრუნველყოფა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში. ეს კი ზიანს აყენებს  დაცვის მხარის ინტერესებს, პროცესის მხარეთა თანასწორობის პრინციპსა და მართლმსაჯულების ხარისხს.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამწუხაროა, რომ ის პირები, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებულ ხარვეზებზე საუბრობდნენ (რადგანაც ზოგიერთ მათგანს პირადად ქონდათ შეხება ამ საკითხებთან) ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოზიციებს რადიკალურად ცვლიან. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ცვლილების ინიცირება მიზნად უნდა ისახავდეს საკანონმდებლო დონეზე თუ პრაქტიკაში არსებული პრობლემების რეალურ აღმოფხვრას და მაქსიმალურად სამართლიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, სადაც დაცვის და ბრალდების მხარეები თანასწორი უფლებებითა და შესაძლებლობებით ისარგებლებენ.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“