წინასაარჩევნო სუფრა კახელ ამომრჩეველს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

წინასაარჩევნო სუფრა კახელ ამომრჩეველს

01 აგვისტო, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველს სუფრით გაუმასპინძლდა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.

საინფორმაციო ცენტრის მასალების თანახმად, პარტიის ლიდერები უარყოფენ ღონისძიების დაფინანსებას და აცხადებენ, რომ სუფრა (ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური) ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა იქ მყოფი ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ გამასპინძლება.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით კი, საარჩევნო მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური გაერთიანებაა, რის გამოც, საარჩევნო მიზნის არსებობა ეჭვგარეშეა.

მივმართავთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
elections