ENG

წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები

31 აგვისტო, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებს. წინასაარჩევნო პერიოდში (1 აგვისტოდან) გამოიკვეთა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე ტიპის დარღვევა, რომელთაგან ორზე შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება უკვე მოახდინეს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ დანარჩენ შემთხვევებსაც უნდა მიექციეს ყურადღება.

საჯარო მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში უკანონო მონაწილეობა

1. 5 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სოფლის რწმუნებული ვაჟა მახარაძე სამუშაო საათებში თავად არიგებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაცია ეკრძალებათ. ამ ქმედებისთვის  გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

2. 19 აგვისტოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში დღესასწაულზე პოლიციის თანამაშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლიკიანი მაისურებით გადაადგილდებოდნენ, რაც მოსახლეობისთვის აგიტაციად აღიქმება. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება. ასეთი ქმედებისთვისაც 2000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

ამომრჩევლის მოსყიდვა

წინასაარჩევნოდ აქტუალურია ასევე ამომრჩევლის მოსყიდვაც რომელიც საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლით იკრძალება და სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

1. 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ჩარგალში  გამართულ ვაჟაობის დღესასწაულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - ზურაბ ოტიაშვილმა ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს - გიორგი ბასილაშვილს პირდაპირ სცენაზე გადასცა 500 ლარი. ამ ფაქტს ორივე მხარე ადასტურებს. ასეთი ქმედება განხილული უნდა იქნეს როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სამ წლამდე პატიმრობა და საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნა.

2. ასეთი დარღვევა იკვეთება 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ღონისძიებაზე, სადაც პარტიის ხარჯით მასიური სადღესასწაულო სუფრა გაიშალა რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც პარტიის აქტივისტები ისე რიგითი მოქალაქეებიც. აღნიშნულ ქმედებას საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი შეესაბამება - „საარჩევნო სუბიექტების... მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის... საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), ...საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება...” აკრძალულია და ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ტარდებოდა საჯარო ადგილას, ამ ღონისძიებაზე მოხვედრა მოქალაქეთათვის  შეზღუდული იყო და დასწრება სპეციალური სიებით ხდებოდა, ხოლო სიის მიხედვით შემსვლელთა კონტროლი ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის, კერძოდ, პოლიციის დახმარებით.

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

1. ადმინისტრაციული რესურსის მეშვეობით წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის ფაქტს ჰქონდა ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, სადაც „ქართულო ოცნების” წარმომდგენლების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულმა მანქანამ გაუშვა გაზი.  

2. ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებას ასევე ადგილი ჰქონდა 15 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანებში, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ,,სოფლის პროგრამის’’ ფარგლებში  სოფლის გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშები თავიათ საქმიანობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმულები ახორციელებდნენ. ამ ფაქტს ადგილობრივი მოქალაქეებიც ადასტურებენ. ასეთი ქმედება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლში, რომელიც კრძალავს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების საარჩევნო მიზნით გამოყენებას. ამ  შემთხვევაში ცალსახაა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული „სოფლის პროგრამის” გამოყენება პარტიული მიზნებით.

3. მსგავსის ფაქტი დაფიქსირდა თელავში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმული ადამიანები მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას (ფქვილი, ზეთი, მაკარონი, სარეცხი ფხვნილი) ურიგებდნენ, რითაც ხდებოდა ადმინისტარციული რესურსების პარტიის სასარგებლოდ გამოყენება.

სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევა

წინასაარჩევნო პერიოდში ასევე ხშირი იყო სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევა, რომელსაც საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი ადგენს. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს, რომელზეც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების და სხვა სააგიტაციო მასალის განთავსება. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არჩევნების დანიშვნის შემდეგ აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებში და შენობებზე. ძირითადი დარღვევები სწორედ ადმინისტრაციულ შენობებთან დაკავშირებით გვხვდება.

1. 16 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახების კედლებზე დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები, საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე და ფანჯრებზე. აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მოახდინა უწყებათაშორისმა კომისიამ და საქმე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) გადაუგზავნა. შედეგად, სოფლის რწმუნებული 1000 ლარით დაჯარიმდა.

2. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 13 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სოციალური სამსახურის ერთ-ერთ ოთახშიც.

3. რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მინდია აფციაურის კაბინეტში ასევე დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატი. უწყებათაშორისო კომისიისა და ცესკოს ჩარევის შედეგად აფციაურის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და გადაიგზავნა საქალაქო სასამართლოში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”:

  • მიესალმება ცესკოს და უწყებათაშორისი კომისიის დროულ რეაგირებას ზემოთ ნახსენებ ორ ფაქტზე, ასევე მოუწოდებს ამ ორგანოებს დაიწყონ სხვა დარღვევების შესწავლაც;
  • მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს მოკვლევა ზემოთ აღნიშნული ფაქტების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებაში.
Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
elections