ENG

წარუმატებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

24 ივნისი, 2015

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს კვლევას აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამჯერად ორგანიზაცია 2006 წლის ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტით დაინტერესდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის 2006 წლის 14 თებერვლის მე-15 ბრძანების საფუძველზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლის (ბათუმის, ქობულეთის) გასწვრივ მდებარე 21 ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვიმ“ სს „აჭარის კურორტების“ და სს „მესხეთის“ 52,83%-იან აქციათა პაკეტები 17,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, აქედან 13,5 მილიონი აშშ დოლარი ამ სასტუმროებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების საკომპენსაციო თანხას წარმოადგენდა, ხოლო 4 მილიონი აშშ დოლარი აქციათა პაკეტების საპრივატიზაციო ღირებულება იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ ქართულ-ყაზახურ კომპანიად წოდებულმა „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვიმ“ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 წლის შემდეგ, კომპანიამ 21-დან მხოლოდ ერთი ობიექტის – სასტუმრო „რედისონი“ ააშენა ყოფილი სასტუმრო „მედეას“ ადგილზე.

საინვესტიციო პროექტი

კომპანია „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი კვირით ადრე, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა (06052861, იურიდიული მისამართი: Steupelstraat 16, 3065 Je Rotterdam, Netherlands).

2006 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას შემდეგი ქონება გადაეცა:

  1. დასასვენებელი სახლი „კოლხეთი“,

  2. ყოფილი პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“,

  3. ტურბაზა „ქობულეთი“,

  4. სანატორიუმი „ქობულეთი“ (ძველი და ახალი შენობა);

  5. საქართველოს ყოფილი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაუმთავრებელი შენობა;

  6. შპს სასტუმრო „მედეა“,

  7. შპს „დასასვენებელი სახლი მწვანე კონცხი“,

  8. შპს „ტალღა“,

  9. შპს „ტურბაზა ციხისძირი“,

  10. შპს „ტურბაზა ჩაქვი“,

  11. შპს „აისი“,

  12. შპს „ტურბაზა მწვანე კონცხი“,

  13. შპს „პანსიონატი ჩირაღდანი“,

  14. სს „დასასვენებელი სახლი ნარინჯი“,

  15. სს „სანატორიუმი აჭარა“,

  16. სს „პანსიონატი მწვანე კონცხი“,

  17. სს „სანატორიუმი მახინჯაური“,

  18. სს „პანსიონატი მზიური“,

  19. სს „ჰორიზონტისა“

  20. სს „ნიავის“ საწესდებო კაპიტალიდან გამოტანილი ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილი (შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები)

  21. სს „მესხეთის“ 52,83 %-იანი წილი.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვის“ დაკავშირებულმა პირმა „Silk Road Group S.A“ 2005 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტით „სილქ როუდ გრუპმა“ სურვილი გამოთქვა, ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე. საინვესტიციო წინადადების მიზანი კი აჭარის ა/რ ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

მფლობელი კომპანიის მიერ აღებული ვალდებულები

დევნილებისთვის საკომპენსაციო თანხის და პროექტის საპრიტივაზებო ღირებულების გადახდასთან ერთად, კომპანიამ სხვა ვალდებულებებიც აიღო:

1. კომპანიას სასტუმრო „მედეას“, სანატორიუმ „ქობულეთისა“ და სასტუმრო „მესხეთის“ შენობები ექსპლოატაციაში უნდა გაეშვა 2007 წლის 1 ივნისამდე;

2. დანარჩენ შენობა-ნაგებობებში განეხორციელებინა დასასვენებელი კომპლექსების, ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ცენტრების, გასართობი, ტურისტულ-რეკრეაციული პროფილის მქონე ან/და მათთან გათანაბრებული დანიშნულების ობიექტები ექსპლოატაციაში უნდა შეყვანა.

ამასთან, „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“ (ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 4 პუნქტის თანახმად), უფლებამოსილი გახდა, გადაეცა, დაეთმო, გადაეკისრებინა, მიეყიდა, მიექირავებინა, გადაეცა იჯარით, ნებისმიერი ფორმით დაეტვირთა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფორმით გადაეცა ან გაესხვისებინა ქონება ნებისმიერ სხვა მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე იმდაგვარად, რომ ამგვარი უფლება-მოვალეობის, ვალდებულების აქციებისა და ქონების მიმღები პირი მთელი მოცულობით იკისრებდა კომპანიის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ყველა უფლებას, მოვალეობას, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.

საინვესტიციო ვალდებულებებში შესული ცვლილებები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. პირველი ცვლილება ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში, 2006 წლის 2 მარტს განხორციელდა: 21 ობიექტის 36 თვეში ექსპლოატაციაში ჩაბარების ვადა რამდენიმე წლით გადაიდო, მაგრამ ცალსახად განისაზღვრა, რომ სასტუმროები „მესხეთი“ და „მედეა“ 2008 წლის მიწურულს უნდა ჩაბარებულიყო.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში მეორე ცვლილება 2008 წლის 27 თებერვლით თარიღდება. ამ ცვლილებით ქობულეთში სასტუმრო „ჰორიზონტის“ მშენებლობა 2010 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, დანარჩენი 19 ობიექტის მშენებლობა კი 2015 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.

დოკუმენტში ცვლილებების მესამედ შეტანის შემდეგ, შეიცვალა თავად მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვალს ხელმოწერილი ბრძანების ტექსტიც. 2009 წლის 7 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად, „მედეას“ და „მესხეთის“ ექსპლოატაციაში შესაყვანად გასაწევი ხარჯების მოცულობა 50 მილიონი აშშ დოლარით, ვადად კი 2010 წლის 1 ივლისი განისაზღვრა.

შეუსრულებელი ვალდებულებები

სასტუმრო „მესხეთის“, როგორც დანარჩენი 19 ობიექტის, მშენებლობა ამ დრომდე დაწყებული არ არის (კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა ქონების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ყველა გამოკვლეული შენობა ექვემდებარებოდა სრულ დემონტაჟს). გადაცემული ქონების გარკვეული ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელებულია. მიუხედავად იმისა, რომ დათქმულ ვადაში არც ერთ ობიექტი არ ჩაბარებულა, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, ხელშეკრულებაში ცვლილებები აღარ შესულა.

კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობით, ჩამოთვლილი ობიექტების უდიდესი ნაწილი მიტოვებულია. ამასთან, ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.

აჭარის მთავრობის ქმედებები

როგორც ჩანს, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიის მიმართ არავითარი სანქცია არ გატარებულა; არც დღევანდელი და არც წინა ხელისუფლება ზედმიწევნით არ ახდენდა საინვესტიციო პროექტების განხორციელების ეფექტურ მონიტორინგს, არ რეაგირებდა იმაზე, რომ ხელშეკრულების ვადები უხეშად ირღვეოდა.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, თუ რატომ არ მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ინვესტორის მხრიდან ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ან რატომ არ იწყებდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის პროცედურას კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რაზეც უწყების იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მყიდველს ქონება დაგირავებული ჰქონდა ყაზახურ ბანკ „ტურანალემში“, რაც პროცესს აფერხებდა. საჯარო რეესტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 14 ოქტომბრიდან ს/ს „აჭარის კურორტების“ ქონებას გირავნობა უკვე მოხსნილი აქვს. მიუხედავად ამისა, მხარეების ურთიერთობაში პროგრესი სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეინიშნება.

როგორც ცნობილია მხარეების მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, საკითხი (ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში) საბოლოო გადაწყვეტისთვის პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საარბიტრაჟო სასამართლოს უნდა გადაცემოდა. ამ უფლებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ უსარგებლია.

ჩვენი შეფასება

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვა, თუმცა ასევე ვფიქრობთ, რომ ხელსაყრელ პირობებში ჩაყენებულმა ინვესტორმა მდგომარეობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფომ ინვესტორების მიერ ვალდებულებების შესრულების ეფექტური მონიტორინგი განახორციელოს. საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. აუცილებელია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული(სახელმწიფო) ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, მიმართოს ქონების რამდენიმე ლოტად გასხვისების პრაქტიკას, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“