ENG

თბილისის შემოვლითი რკინიგზა - მთავრობის დავიწყებული პრიორიტეტი?

29 თებერვალი, 2016

 

თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომლის მშენებლობაც 2010 წელს დაიწყო, ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შესახებ კვლევა წარსულშიც მოამზადა და ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.

“საქართველოს რკინიგზისა” და ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი კომპანია Mobility Consultants-ის კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები იყო. იმჟამად ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2013 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვებას გეგმავდა, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა. 2013 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, მ პროექტი 3 წლით დაეკონსერვებინა და ეს პერიოდი ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოეყენებინა. “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის კონსერვაციის ხარჯებს კონტრაქტორი კომპანია (სს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა” და სს „ხიდმშენის” ერთობლივი საწარმო) ფარავს. “საქართველოს რკინიგზის” მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის” მოწოდებული წერილის თანახმად კი, “საქართველოს რკინიგზას” პროექტის კონსერვაციისათვის რაიმე დამატებითი თანხა არ გაუღია. შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს უნდა განახლებულიყო.

პროექტის შესახებ კვლევის განახლების მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” “საქართველოს რკინიგზას”, თბილისის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო სამუშაოების განახლებისა და პროექტის დასრულებაზე პასუხისმგებელი კომპანიის ვინაობის შესახებ კითხვებით მიმართა. ასევე დავსვით შემდეგი კითხვები:

  • განიცადა თუ არა შემოვლითი რკინიგზის პროექტმა ცვლილებები MC Mobility Consultants GmbH-ის კვლევის ფარგლებში ხარვეზების გამოსწორების მიზნით;

  • რა გზით აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები და რა ძირითადი განსხვავებებია რკინიგზის თავდაპირველ და საბოლოო პროექტებს შორის.

აღნიშნულ კითხვებზე თბილისის მერიამ გვიპასუხა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის მონაცემთა ბაზაში არ იძებნება და წერილი საქართველოს რკინიგზაში გადაამისამართა.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, “საქართველოს რკინიგზასთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია MC Mobility Consultants-ის მიერ მომზადდა კვლევა, რომლის ანგარიში 2015 წლის დასაწყისში შემდგომი განხილვის მიზნით “საქართველოს რკინიგზამ” თბილისის მერიაში წარადგინა. თუმცა, მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, ანგარიშის განხილვა მერიაში დასრულებული არ არის და შესაბამისად, არც გადაწყვეტილებაა მიღებული. აღნიშნულის მიზეზად “საქართველოს რკინიგზა” ასახელებს იმას, რომ ამ პერიოდში მერია ჩართული იყო მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზის პროცესში, რომელიც 2015 წლის იანვარში დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ანალიზის შედეგად ცხადი გახდა ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის შემუშავება-განახლების აუცილებლობა. ამ მიზნით, თბილისის მერიამ 2015 წლის 19 მაისს წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგების მიხედვით, სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან (იურიდიული პირების გაერთიანება “მომავლის ქალაქი”) თბილისის მერია მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც “საქართველოს რკინიგზაში” განმარტავენ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლება პირდაპირ დაკავშირებულია თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების სქემასთან და შესაბამისად, გენერალური გეგმა წარმოადგენს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის საკითხის გადაწყვეტის აუცილებელ წინაპირობას, რომლის გარეშეც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ გენერალურმა გეგმამ ქალაქის ცენტრში რკინიგზისგან გათავისუფლებული ტერიტორიის განვითარების მიმართულება უნდა განსაზღვროს და არა ის, თუ როდის და რა ფორმით მოხდება თბილისიდან სატვირთო მატარებლების სამარშრუტო ხაზის გატანა.

2015 წლის 27 ნოემბერს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ საუბრისას განაცხადეს, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის საბოლოო ვერსია თბილისის გენერალური გეგმის შემუშავების შემდეგ შეირჩევა, ამ ეტაპზე კი პროექტის დასრულების სამი ალტერნატიული ვარიანტი არსებობს. მათი ინფორმაციით, პირველი ვერსიის მიხედვით, უკვე აშენებულ შემოვლით რკინიგზას უმნიშვნელო რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს და ამ გზით სატვირთო მატარებლები ისარგებლებენ. მეორე ვერსიით, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება უკვე არსებულ შემოვლით რკინიგზას და შეიცვლება მისი 11 კმ-იანი მონაკვეთი. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხება შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალურად იქნება წარმოდგენილი. გურამ გურამიშვილის განცხადებით კი, სამივე ალტერნატივა განსხვავებულ თანხებთანაა დაკავშირებული. “პირველი ვარიანტი, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად გვეჩვენება, ჯდება 300 მლნ შვეიცარული ფრანკი, მეორე ვარიანტი პროექტს აძვირებს 64 მილიონით და მესამე ვარიანტი აძვირებს 140 მლნ-ით.” – აღნიშნა “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორმა. აღსანიშნავია, რომ პროექტის არცერთი ალტერნატივა ქალაქის ტერიტორიის გავლით ფეთქებადსაშიში ნავთობპროდუქტების გადაზიდვას არ ითვალისწინებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” 2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში წერდა, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის ბედის განსაზღვრაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ორი ფაქტორი:

  1. პროექტის დასრულება აშკარად ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან შეამცირებს გარემოს დაბინძურების საფრთხეს და ხანძარსაშიშროების ხარისხს;

  2. პროექტის ფარგლებში უკვე დახარჯულია მნიშვნელოვანი ოდენობის სახელმწიფო სახსრები. ამიტომ ის გარემოება, რომ პროექტის ინიცირებამდე კომერციული ეფექტიანობის კვლევა არ ჩატარებულა და არ გამოქვეყნებულა (რაც უნდა გაკეთებულიყო), არ უნდა გამხდარიყო პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განმსაზღვრელი.

მისასალმებელია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულებაზე კონსესუსი არსებობს, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტი გონივრულ დროში და მაქსიმალური ეფექტიანობის გათვალისწინებით განხორციელდეს, ვინაიდან შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ქალაქის განვითარებისა და მოსახლოების უსაფრთხოებისათვის. მათ შორის:

  • ყოველდღიურად ქალაქის ცენტრში ფეთქებადსაშიში ტვირთის გადაადგილება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული;

  • პროექტის განხორციელებას შეუძლია ქალაქის განვითარებაში ახალი ეკონომიკური სტიმულის (დამატებითი სამუშაო ადგილების) შექმნა და შედეგად, დადებითი სოციალური ეფექტების მოტანა;

  • პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ხარჯებია გაწეული;

ამის გათვალისწინებით, თბილისის მერიისა და გენერალური გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი კომპანიის მიერ აღნიშნულ პროექტს მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს. საგულისხმოა, რომ სამშენებლო სამუშაოების 3 წლით შეჩერების შესახებ 2013 მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სამუშაოების გასაახლებლად წინამოსამზადებელი სამუშაოები კვლავ არ არის დასრულებული, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია ქალაქის გენერალურ გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისას საუბრობდა და შესაბამისი ნაბიჯები საკუთარ საარჩევნო პროგრამაშიც ჰქონდა გათვალისწინებული. ასეთი ვითარება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თბილისის მთავრობისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 წლის განმავლობაში აღნიშნულ პროექტში ხარვეზების აღმოფხვრა და მისი განხორციელების განახლება შესაძლებელი იქნებოდა, განსაკუთრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ “საქართველოს რკინიგზამ” თბილისის მერიას პროექტის დასრულების სამი ალტერნატივა 2015 წლის დასაწყისში, 1 წლის წინ წარუდგინა.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ:

ა) შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს და ქალაქის გენერალური გეგმის მომზადებასთან მისი დაკავშირება გაუმართლებელია. ამჟამად არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სატვირთო შემადგენლობები ქალაქის ცენტრში არ უნდა მოძრაობდნენ და გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ ამ გადაწყვეტილების გადახედვა მოსალოდნელი არ არის. ამდენად ალოგიკურია შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების გადადება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე .

ბ) გენერალური გეგმა მნიშვნელოვანია ქალაქის ფარგლებში ამჟამად არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის შემდგომი გამოყენებისა და განვითარების კუთხით. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მართლაც არასწორი იქნებოდა. გამოთავისუფლებული ტერიტორიის გამოყენების შესაძლო ვარიანტების განხილვისას ქალაქის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის მდგრადი გრძელვადიანი განვითარების საჭიროებები და მოქალაქეებისთვის (პირველი რიგში, ამჟამინდელი რკინიგზის ხაზის მიმდებარე უბნებში მცხოვრები ადამიანებისთვის) მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნის აუცილებლობა.

გ) გასათვალისწინებელია, რომ სამგზავრო სალიანდაგო ტრანსპორტი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა და მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქალაქში გზების განტვირთვისა და ჰაერის დაბინძურების შემცირების მხრივ. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ხელისუფლებამ განიხილოს თბილისში ტრანსპორტის ამ სახეობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

...

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“