ENG

თბილისის მერიის შემცირებული ბიუჯეტი

15 ოქტომბერი, 2013

როგორც ცნობილია,  გათანაბრებითი ტრანსფერი თბილისის ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია, რაც 2014 წელს 2013 წელთან შედარებით  49.9 მილიონი ლარით შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა დედაქალაქის ბიუჯეტიც (გათანაბრებითი ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველობებისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა და შესაბამისი წესით და ფორმულით გამოითვლება).

ფინანსთა მინისტრის 2013წ. 27 სექტემბრის ბრძანებით შეიცვალა გათანაბრებითი  ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულა, კერძოდ, თბილისისა და ბათუმის სტატუსის კოეფიციენტები 3.8-დან შემცირდა 2.8-მდე. ასევე, შემოღებულ იქნა მაღალმთიანობის კოეფიციენტი, რაც შესაძლებელს ხდის მაღალმთიანი რეგიონებისთვის დახმარების გაწევას. სამივე ცვლილება სრულიად  ლეგიტიმურია,  რადგანაც ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობა უფლებას აძლევს  დაფინანსების გაანგარიშებაში ცვლილებები შეიტანოს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო გაანგარიშების შეცვლის დროს შეცვლის მიზეზებზეც უნდა დაფიქრდეს.

ფინანსთა სამინისტრომ თავის 2013წ. 3 ოქტომბრის  განცხადებაში ახსნა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის  შემცირების მიზეზი, რაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირების შედეგად მოხდა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიას 2013 წელს გამოყოფილი თანხების ათვისებაში აქვს შეფერხება და მის სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებული ნაშთი 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 189.7 მლნ ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ამ ტენდენციიდან გამომდინარე, 2014 წლის დასაწყისისათვის თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთი გადააჭარბებს 100 მლნ ლარს და იქნება 63 მლნ ლარით მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში, ხოლო ტრანსფერი მცირდება მხოლოდ 49.9 მლნ ლარით.

ფინანსთა სამინისტროს განცხადების და 2014წ. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერის შემცირება დაუსაბუთებელია. უფრო მეტიც, სახეზეა სამინისტროს შერჩევითი მიდგომა,  კერძოდ:

  • საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის ნაშთის მიხედვით შეცვლას.
  • იმ შემთხვევაშიც კი ნაშთის მიხედვით რომ ხდებოდეს ბიუჯეტის ნაწილის (ტრანსფერის) კორექტირება, მე-3 კვარტლის ბოლოს იმ ნაშთის გონივრული სიზუსტით განსაზღვრა, რაც მხარჯავ ერთეულს წლის ბოლოს დარჩება, არსებული ბიუჯეტირების პირობებში შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი მონიტორინგის სისტემა (ხაზინას/ფინანსთა სამინისტროს არ შეუძლია კრედიტორული დავალიანებების წარმოქმნაზე დაკვირვება).  მაშასადამე, ხაზინამ/ფინანსთა სამინისტრომ არ იცის თბილისის ბიუჯეტის დეპოზიტზე არსებული 189.7 მლნ ნაშთიდან რამდენი გაიხარჯება წლის ბოლომდე. თბილისის მერიას 2013 წლის ბოლოს თუნდაც დარჩეს ნაშთი, ეს არ ნიშნავს, რომ 2014 წლის ბოლოსაც იგივე ოდენობით ფული დარჩება დაუხარჯავი. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის 2014წ. გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირება 2013წ. 31 დეკემბრის ნაშთზე დაყრდნობით, რისი წინასწარ განსაზღვრის საშუალებაც საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, სრულიად დაუსაბუთებელი და შესაბამისი პროცედურების უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებაა.

მიგვაჩნია, რომ დადგენილი წესების ამგვარი უგულებელყოფა და შერჩევითი მიდგომა ქმნის საბიუჯეტო თვითნებობის მორიგ საშიშ პრეცედენტს, რაც დაუშვებელია.

Author: მიხეილ კუკავა