ENG

თბილისის მერია „გრინსერვისთან“ თანამშრომლობას განაგრძობს

02 აპრილი, 2013

 

მეწარმეები, რომლებიც თბილისის მერიამ შარშან არაკეთილსინდისიერ მოქმედებაში დაადანაშაულა და ხელშეკრულება გაუწყვიტა, კვლავაც განაგრძობენ მერიის ტენდერებში მონაწილეობას და ქალაქის ბიუჯეტიდან ასობით ათას ლარს იღებენ. 

გასული წლის აპრილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერდა თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შესახებ, რომლის მიზანი ბარათაშვილის ქუჩის გამწვანების მომსახურების შესყიდვა იყო. ტენდერში კომპანია „გრინსერვისმა“ გაიმარჯვა, რომელმაც ბარათაშვილის ქუჩაზე 120 ძირი კვიპაროსის დარგვის ვალდებულება იკისრა, მერიამ „გრინსერვისს“ თითო ნერგში 990 ლარი გადაუხადა. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად წარიმართა შესყიდვის პროცესი (კითხვებს ბადებდა, ერთი მხრივ, ნერგებში გადახდილი მაღალი ფასი, მეორე მხრივ კი „გრინსერვისის“ მფლობელების კავშირი თბილისის მერიასთან), თბილისის მერიამ ტენდერის შედეგები გააუქმა, „გრინსერვისთან“ დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა და საქმე შესასწავლად სამართალდაცავ უწყებებს გადაუგზავნა. მერია ამტკიცებდა, რომ „გრინსერვისი“ არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მერიას მიწოდებული პროდუქციის რეალური ღირებულება დაუმალა.

მოგვიანებით, 2012 წლის ივლისში, „გრინსერვისი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იქნა შეყვანილი ბათუმის მერიის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად კომპანიამ არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შავ სიაში „გრინსერვისი“ შეყვანილია როგორც „შპს აბელია“, რადგანაც კომპანიამ 2012 წლის ივნისში სახელწოდება შეიცვალა და ორი თვის მანძილზე ამ დასახელებით ფუნქციონირებდა, ხოლო 2012 წლის აგვისტოში კვლავ „გრინსერვისი“ ეწოდა). „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შავ სიაში შეყვანილ კომპანიას ერთი წლის ვადით ეკრძალება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობა. ამრიგად, “გრინსერვისს” 2013 წლის ივლისამდე არ შეუძლია სახელმწიფო ტენდერებში წინადადებების წარდგენა.

თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობას განაგრძობს კომპანია „გრინსერვისი+“. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „გრინსერვისი+“-ის დირექტორია ლაშა ფურცხვანიძე (ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი), ხოლო მეწილეები ლაშა ფურცხვანიძე, კობა ხარშილაძე (ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე) და ტარიელ კიკნაძე არიან. იმავე რეესტრის მონაცემებით, ლაშა ფურცხვანიძეა კომპანია “გრინსერვისის” დირექტორიც, ხოლო იგივე ფურცხვანიძე და ხარშილაძე “გრინსერვისის” მეწილეებიც არიან. იდენტურია ამ ორი კომპანიის იურიდიული მისამართიც.

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აშკარაა, რომ „გრინსერვისი+“ მეწარმეთა იმავე ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც „გრინსერვისის“ სახელით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავს სიაში არიან შეყვანილი და ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ, ეს კომპანია ტენდერებში მონაწილეობას აგრძელებს და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ „გრინსერვისი+“-ს ხელშეკრულებებს თბილისი მერია უფორმებს - სწორედ ის უწყება, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ მეწარმეთა იგივე ჯგუფი არაკეთილსინდისიერ ქცევაში დაადანაშაულა და სამართალდამცავ ორგანოებს მათი საქმიანობის შესწავლა სთხოვა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში „გრინსერვისი+“-მა ხუთი ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური თანხა ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. ხუთივე შემთხვევაში ტენდერი თბილისის მერიის მიერ იყო გამოცხადებული. ორ შემთხვევაში ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო სამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.

ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებისთვის ჩატარებულ ტენდერში „გრინსერვისის“ ბრალეულობა ცალკე მოკვლევის საგანია. მართალია თბილისის მერიამ შარშან განაცხადა, რომ საქმის მასალები სამართალდამცავ უწყებებს გადაუგზავნა, მაგრამ ამ გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგიკური იქნებოდა, პირველ რიგში, მერიის იმ წარმომადგენლების მინიმუმ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომლებმაც ეს ტენდერი დაგეგმეს და ჩაატარეს (რადგანაც საქონლისა და მომსახურების გონივრულ ფასად შესყიდვის უზრუნველყოფა სწორედ მათ ევალებათ და არა მიმწოდებელს). კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ შეიძლება დადგეს, თუკი გამჟღავნდება უკანონო გარიგება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, თუმცა ამ შემთხვევაში თავად მერიის წარმომადგენელთა ბრალეულობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. ბარათაშვილის ქუჩის შემთხვევაში მართლაც იყო ნიშნები იმისა, რომ მერიის თანამშრომლებმა ეს ტენდერი კონკრეტული კომპანიის ინტერესებსა თუ შესაძლებლობებს მოარგეს.

თუმცა, 2012 წლის მაისში თბილისის მერიამ არჩია, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად მიმწოდებელ კომპანიაზე გადაეტანა და ამდენად მერიის არც ერთი თანამდებობის პირის (მუნიციპალური შესყიდვებისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების წარმომადგენლების) პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მერიის ამგვარი პოზიციის გათვალისწინებით, მით უფრო გასაკვირია ის გარემოება, რომ თბილისის მერიამ 2013 წლის დასაწყისში მიზანშეწონილად ჩათვალა მეწარმეთა იმავე ჯგუფთან (არსებითად იმავე „გრინსერვისთან“) ხელშეკრულებების გაფორმება ასობით ათასი ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვაზე.

თუ საკითხს უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ცხადია, რომ ეს შემთხვევა სერიოზულ ხარვეზზე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში შეყვანილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს ამჟამად თავისუფლად შეუძლიათ მათთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა და შესყიდვების პროცესში მონაწილეობის გაგრძელება სხვა კორპორატიული სახელწოდების გამოყენებით. სისტემის ეს ხარვეზი ფაქტობრივად აზრს უკარგავს შავი სიის მექანიზმის არსებობას.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“