ENG

თბილისის ბიუჯეტი: პოლიტიკური თამაში თუ მოსახლეობაზე ზრუნვა?!

14 თებერვალი, 2014

როგორც ცნობილია, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მიღება უკვე მესამე თვეა ფერხდება და თბილისელები ამაოდ ელოდებიან ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღებას. ბიუჯეტის განხილვა პოლიტიკური დისკუსიებისა და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, რაც აფერხებს პროცესს და მოქალაქეების ინტერესების იგნორირებას ახდენს. ამ პროცესში ბიუჯეტის ცვლა რამდენიმე ეტაპად მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ მერია საკრებულოს მოთხოვნების უმეტესობას ითვალისწინებდა, საკრებულოს მხრიდან ახალი მოთხოვნები ჩნდებოდა. ბოლოს რამდენიმე მოთხოვნა არა ბიუჯეტს, არამედ ქალაქის მმართველობის თანამდებობების დატოვებას შეეხო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესებში პოლიტიკური მოტივაციების არსებობას. ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქმის ისე წარმართვა, რომ  შედეგად თბილისის მთავრობა გადააყენო მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს.

ბიუჯეტის პირველი პროექტი (720 მილიონი ლარი) საკრებულოს  ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში გაეგზავნა. თბილისის საკრებულომ მერიას თავისი 14 შენიშვნა წარუდგინა. დეკემბერში საკრებულოში შევიდა 2014 წლის ბიუჯეტის  მეორე ვერსია (დაახლ. 730 მილიონი ლარი), ხოლო ბიუჯეტის პროექტის მესამე ვერსია, რომლის ასიგნებები დაახლოებით 785 მილიონ ლარს შეადგენს, საკრებულოს მერიამ 2014 წლის იანვარში გაუგზავნა. ბიუჯეტის პროექტის მეოთხე ვერსია, რომლის ასიგნებები დაახლოებით 850 მილიონ ლარს შეადგენს, საკრებულოს მერიამ უკვე 2014 წლის თებერვალში გაუგზავნა. მაშასადამე, საკრებულოს მოთხოვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტი ორჯერ შეიცვალა. 12 თებერვალს თბილისის საკრებულომ  უკვე მეოთხედ არ დაუჭირა მხარი ბიუჯეტის მიღებას. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი უფრო მეტად პოლიტიკური მიზეზებით ჭიანურდება და უგულებელყოფილია მოსახლეობის ინტერესები. ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბიუჯეტი შორსაა იდეალურისგან, საკრებულოს მისი დამტკიცების საწინააღმდეგოდ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები უნდა ჰქონოდა.  

როგორც აღვნიშნეთ, თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული პროცესები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

ეტაპი 1

თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიაზე საკრებულოს 14 შენიშვნა ძირითადად ეხებოდა სხვადასხვა მიმართულებით  დაფინანსების გაზრდას, მაგალითად ავარიული შენობების გამაგრებას (10 მლნ ლარით), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას (1 მლნ ლარით), სოციალური დახმარებების ღონისძიებებს (3 მლნ ლარით), კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოების დაფინანსების გაუქმებას,  საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამის  და მიწისქვეშა გადასასვლელების  მშენებლობის და რეაბილიტაციის ღონისძიებების  ჩაშლას იმ ობიექტების მიხედვით, რაც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. ასევე შენიშვნები ეხებოდა ისეთ საკითხებს, რომელთა დაფინანსების გადაუდებელი საჭიროება სულაც არ არსებობდა, მაგალითად, თბილისში რუსთაველის გამზირზე ლადო ასათიანის ძეგლის დადგმა, რასაც თბილისის მერია 2014 წელს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებული ეკონომიით აპირებს, და თბილისში კალათბურთის გუნდის შექმნის დაფინანსება.

თბილისის 2014 წლის ბიუჯეტზე საკრებულოს თავდაპირველი შენიშვნები და მერიის პოზიცია



საკრებულოს შენიშვნები

საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობა

(მერიისა და საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეჯერებით)

ავარიული შენობების გამაგრება (პროგრამული კოდი (2.2) გაიზარდოს 10 მლნ ლარით.

ნაწილობრივ გათვალისწინებულია:

ავარიული შენობების გამაგრება იზრდება 5.0 მლნ ლარით.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა რაიონებში დიდუბე, ჩუღურეთი, ისანი, კრწანისი, მთაწმინდა (პროგრამული კოდი 5.1.10, 5.1.11, 5.1.14, 5.1.16, 5.1.17) - გაიზარდოს 200 -200 ათასი ლარით. სულ 1,0 მლნ ლარით.

გათვალისწინებულია:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გაიზარდა 34 მლნ ლარიდან 35 მლნ ლარამდე, საიდანაც 15 მლნ ლარი   გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროექტის მე-5 დანართით კონკრეტული რაიონების მიხედვით.

დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია (პროგრამული კოდი 6.2.16) - გაიზარდოს 498 ათასი ლარით.

 

არ არის გათვალისწინებული:

მერიის ინფორმაციით, შენიშვნა ეხება მთლიან პროგრამას, არ არის შესაბამისი შენიშვნა ცალკეულ ქვეპროგრამებზე. პროექტში პროგრამა და შესაბამისი ქვეპროგრამების თანხები გაანგარიშებულია ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ რეალური მონაცემების  და ბიუჯეტში განსახორციელებელი ღონისძიებების მიხედვით.  თუ გახდება დამატებითი თანხების აუცილებლობა (ავარიული შენობების გამაგრებიდან გამომდინარე) შესაბამისი თანხები გამოყოფილი იქნება მერიის სარეზერვო ფონდიდან.

სხვა სოციალური დახმარებების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 6.2.9) გაიზარდოს 3 მლნ ლარით.

 

არ არის გათვალისწინებული:

მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტით სოციალური დახმარების პროგრამა (6.2) 2013წ. შედარებით იზრდება 6.4 მლნ ლარით. სხვა სოციალური დახმარებების ღონისძიებებისათვის თანხები გათვალისწინებულია ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის შემოღების მხედველობაში მიღებით.

ქ.თბილისში რუსთაველის გამზირზე ლადო ასათიანის ძეგლის დადგმისთვის გამოიყოს 150 000 ლარი.

 

შეიძლება გაითვალისწინონ:

მერიის ინფორმაციით, ძეგლის დადგმის სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს ბიუჯეტის პროექტით ქალაქგაფორმებითი ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებული ეკონომიების შესაბამისად.

დაფუძნდეს პროფესიული საკალათბურთო კლუბი ,,თბილისი“ და მისი ბიუჯეტი განისაზღვროს 1,0 მლნ ლარით

 

არ არის გათვალისწინებული:

მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება  კლუბ „დინამოს” მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.  აქედან გამომდინარე კიდევ ერთი პროფესიული საკალათბურთო კლუბის 1 მლნ ლარით დაფინანსების საჭიროება არ არსებობს.

გაუქმდეს კერძო სამართლის (სამეწარმეო და არასამეწარმეო, არაკომერციული) იურიდიულ პირებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოების დაფინანსება ბიუჯეტის ხარჯების დაზოგვის მიზნით.

 

გათვალისწინებულია:

თბილისის მთავრობის 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს-ებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოები თბილისის მთავრობამ 2013წ. 30 დეკემბერს გააუქმა. სხვა იურიდიულ პირებში სამეთვალყურეო საბჭოები არ არსებობდა.

პროგრამაში ,,საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთება“, წარმოდგენილი იქნას დანართის სახით იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთება არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტის პროექტებით.

გათვალისწინებულია:

როგორც საკრებულოს, ისე მერიის ინფორმაციით, 2014წ. პროექტთან ერთად მერიამ საკრებულოს წარუდგინა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთების პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების ჩამონათვალი დანართის სახით, რაც შეიძლება დაზუსტდეს წლის განმავლობაში.

წარმოდგენილი იქნას, მიწისქვეშა გადასასვლელებნის მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის ღონისძიებებით გათვალისწინებული ყველა ობიექტების ჩამონათვალი დანართის სახით.

 

გათვალისწინებულია:

როგორც საკრებულოს, ისე მერიის ინფორმაციით, 2014 წ. პროექტთან ერთად წარმოდგენილია მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის ღონისძიებებით გათვალისწინებული ობიექტების სავარაუდო ჩამონათვალი დანართის სახით, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს წლის განმავლობაში.

ბიუჯეტში ცალკე იქნას გათვალისწინებული ქ.თბილისის მერიიდან და მასში შემავალი საწარმოებიდან, ასევე გამგეობებიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ განთავისუფლებულთა საკომპენსაციო თანხები.

გათვალისწინებულია:

მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია პროგრამა - წინა წლების დავალიანების დაფარვა (მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება) (10.26) 1 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც გაიწევა შესაბამისი ხარჯები.

შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდოს გამწვანების ღონისძიებები, მათ შორის ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებისათვის.

 

არ არის გათვალისწინებული:

მერიის ინფორმაციით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გამწვანების ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული სახსრები საკმარისი იქნება დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების სრულად განსახორციელებლად.

დაემატოს ქ.თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ეზოს კეთილმოწყობის ღონისძიებები.

არ არის გათვალისწინებული:

მერიის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი არ წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას

წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების ღონისძიებები შემოერთებულ ტერიტორიებზე დაფინანსდეს კეთილმოწყობის პროგრამებიდან. ღონისძიებები უნდა განახორციელოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. წყალმომარაგების სისტემა აყვანილ იქნას, როგორც ადგილობრივი ქონება, რომელიც შემდეგ გარკვეული პირობებით ექსპლუატაციისათვის გადაეცემა GWP-ს

 

ძირითადად გათვალისწინებულია:

მერიის ინფორმაციით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალსადენის ქსელების მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და დაფინანსდება წყალმომარაგებისათვის საჭირო სამუშაოების პროექტირების, ამ სამუშაოების განხორციელების, საპროექტო და ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის, ექსპერტიზისა და შესასრულებელი სამუშაოს ექსპერტიზის ხარჯები. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მიგვაჩნია, რომ საკითხების მოგვარებას სჭირდება დრო და არაგონივრულია ამ პრობლემის ბიუჯეტის მიღებასთან მიბმა.

ქ.თბილისის საკრებულოს (პროგრამული კოდი 10.1) შესწორდეს დანართის შესაბამისად.

 

გათვალისწინებულია:

საკრებულოს ასიგნებები შესწორებულია წარმოდგენილი დანართის შესაბამისად

ეტაპი 2

საკრებულოს თავდაპირველი შენიშვნების დიდი უმრავლესობა მერიამ გაითვალისწინა, რისთვისაც, ცხადია, ბიუჯეტის გაზრდა გახდა საჭირო. თუმცა მიუხედავად ამისა, 31 იანვრის შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ეჭვქვეშ დააყენა ბიუჯეტის 55 მილიონი ლარით გაზრდის აუცილებლობა. ცნობისათვის, 55 მილიონი ლარის ⅓-ზე მეტი საკრებულოს შენიშვნების განხორციელებას მოხმარდება. ამ  55 მილიონი ლარიდან  10 მილიონი მოხმარდება სატრანსპორტო საშუალებების განახლებას, 1 მილიონი ლარი - საბაგიროს, 15 მილიონი ლარი - ამხანაგობებს, 10  მილიონი ლარი - ქალაქის განვითარების პროგრამას, 2 მილიონი ლარი -  წყალმომარაგების სისტემის  ღონისძიებებს, 5 მილიონი ლარი - საბავშვო ბაღებს,  11.8  მილიონი ლარი - ოლიმპიურ ფესტივალს,  200,000 ლარი - სამეფო უბნის თეატრს. რაც შეეხება დარჩენილ შენიშვნებს, სოციალური ღონისძიებების დაფინანსების გაზრდის გარდა არ იქნა გათვალისწინებული ისეთი ინიციატივები, როგორიცაა დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა, ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობის პროგრამები, თბილისის საკალათბურთო გუნდის შექმნა (საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინება-არგათვალისწინების მიზეზები დაწვრილებით ზემოთ ცხრილშია მოცემული).

ეტაპი 3

10 თებერვალს თბილისის საკრებულოს ფრაქციამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ბიუჯეტთან დაკავშირებით მორიგი შენიშვნები მიაწოდა თბილისის მერიას, რაც ეხებოდა 1. ლეიკემიით და ჰემოფილიით დაავადებული ადამიანების მკურნალობას; 2. უსახლკაროთათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობას; 3. გაზის, წყლისა და ენერგოკომპანიების მიმართ განსაკუთრებით დიდი დავალიანების მქონე ოჯახების მხარდაჭერას; 4. 2012 წელს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის საკონპენსაციო თანხების გამოყოფას; 5. ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის 20, 000, 000 ლარის გამოყოფას; 6. წმინდა 100, 000 ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდის გაფორმებითი სამუშაოებისთვის  150 ,000 ლარის გამოყოფას.

10 თებერვალს ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვა შენიშვნები სხვა ფრაქციებმა და საკრებულოს კომისიებმაც მიაწოდეს მერიას. ყველა ამ შენიშვნის  გათვალისწინება მერიამ პრაქტიკულად სრულად გადაწყვიტა, რამაც დამატებით ბიუჯეტის 65 მილიონი ლარით 850 მილიონამდე გაზრდა გამოიწვია. აღნიშნული თანხის მობილიზებას მერია თავისი კუთვნილი არაფინანსური აქტივების გაყიდვით გეგმავს. თუმცა 12 თებერვალს საკრებულომ ბიუჯეტი მაინც არ დაამტკიცა.

დამატებით გთავაზობთ, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის (ის ვერსია, რომელიც მერიის ვებგვერდზეა ატვირთული), ასევე, გასული ორი წლის ბიუჯეტის ჩვენს მოკლე მიმოხილვასა და შეფასებას.

თბილისის 2014 წლის  ბიუჯეტი

2014 წლის თბილისის ხარჯები 2013 წელთან შედარებით 73 მილიონი ლარით (11.2%) 575.51 მილიონ ლარამდე შემცირდა, თუმცა,  2012 წელთან შედარებით, 139.11 მილიონი ლარით გაიზარდა (32%).  2014 წლის თბილისის შემოსავლები 2013 წელთან შედარებით  32 მილიონი ლარით 699.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის 2014 წლის გათანაბრებითი ტრანსფერი 49.9 მილიონი ლარით შემცირდა. შემოსავლების ზრდა ძირითადად არასაგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე მოხდა.   

2012 წელთან შედარებით, 2013-2014წწ. თბილისის მთავრობამ სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ: 1. 2013 და 2014 წწ. თბილისის ბიუჯეტები საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოიცავს, ვიდრე მანამდე არსებული ბიუჯეტები, კერძოდ, თბილისის 9 ძირითადი პროგრამის ხარჯები ჩაიშალა მათი ცალკეული კომპონენტების დაფინანსების მიხედვით 2. თბილისის ბიუჯეტის დეფიციტი 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, 64%-ით შემცირდა, ხოლო 2013 წელთან შედარებით - 45.7%-ით. 3. მერიის შენახვის მთლიანი ხარჯები 16.2%-ით მცირდება, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯები - 37.3%-ით.

2014 წლის თბილისის ბიუჯეტის სამი გამოკვეთილი პრიორიტეტია  ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (172.5 მილიონი ლარი), სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა (132.4 მილიონი ლარი) და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრებაა (134 მილიონი ლარი).  ბიუჯეტის არსებული პროექტით, 2014 წელს დედაქალაქი განათლებაზე 80 მილიონ  ლარს დახარჯავს, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე - 66.5 მილიონ ლარს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის პროგრამებზე - 52.4 მილიონ ლარს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებაზე - 35 მილიონი ლარს, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე -35 მილიონ ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან 5.7. მილიონი ლარით იზრდება სოციალური დაცვის ხარჯები, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარით მცირდება ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები. თბილისის ბიუჯეტი აღარ დააფინანსებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ნუშურა ჯირკვლების და ადენოიდების, ნაღვლის ბუშტის დაავადებების, საშვილოსნოს დაავადებების, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობას. ეს ძირითადად იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ აღნიშნული ხარჯების გაღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შევიდა. 2014 წლის ბიუჯეტში ჩაიდო ნარკომანიით დაავადებულთა ფსიქო-თერაპიული რეაბილიტაციის ხარჯები (200,000 ლარი), რაც მანამდე არ ყოფილა გათვალისწინებული. სოციალური დაცვის გაზრდილი ხარჯები წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას, უფასო სასადილოებს და დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციებს მოხმარდება.

2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა განათლების პროგრამებმა (25.1 მილიონი) განიცადა, რაც ძირითადად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  ხელშეწყობაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს უქმდება სკოლისგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების რეფორმის  ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანიც ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვა და სასწავლო შემოქმედებითი პროექტების განხორციელება იყო.

2013-2014წწ. თბილისის ბიუჯეტების პრიორიტეტები (ათასი ლარი)

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში არაფინანსური აქტივები 118.5 მილიონი ლარით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ თბილისის მთავრობის შესყიდვები 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საკრებულოს შენახვის ხარჯები 16%-ით იზრდება, ხოლო მერიის შენახვის ხარჯები 16.2%-ით მცირდება.

2014 წელს კვლავ გრძელდება სახელმწიფო სახსრების არადიფერენცირებული ხარჯვა, რაც, ჩვენი აზრით, პრობლემური საკითხია. კარგია, რომ კომუნალური ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს კვლავ 250 ლარი გამოეყოფა, რითაც ანაზღაურდება კომუნალური მომსახურების ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ღირებულება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით, მაგრამ თბილისის მერია 100 ლარიანი კომუნალური გადასახადების ვაუჩერს ასევე 300, 000-ზე მეტ თბილისურ ოჯახს, ანუ კვლავ ყველა აბონენტს, დაურიგებს. კომუნალურ ვაუჩერებზე მთლიანად 43 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ ამგვარი არადიფერენცირებული მიდგომა საჯარო სახსრების არაგონივრული ხარჯვის სრულიად აშკარა მაგალითია. კომუნალური გადასახადების ვაუჩერი მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა მიეცეს. აქ არგუმენტად ვერ გამოდგება ის, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოყოფას უფრო მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე ვაუჩერის ყველასთვის დარიგებას, რადგან არსებობს სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზა, სადაც  დარეგისტირებულია 70, 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები.

დასკვნა

მიგვაჩნია, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიაზე  თბილისის საკრებულოს დარჩენილი  შენიშვნები არ ქმნიდა გადაულახავ წინააღმდეგობას და არ  წარმოადგენდა ბიუჯეტის არმიღების საფუძველს. პროცესის გაჭიანურების სავარაუდო პოლიტიკურ მოტივაციას ადასტურებს ისიც, რომ საკრებულოს შეეძლო ბიუჯეტზე ყველა შენიშვნა პირველივე ეტაპზე გაეგზავნა და არა - ნაწილ-ნაწილ. თუ ყველა შენიშვნის პირველივე ეტაპზე გაგზავნა ვერ ესწრებოდა, საკრებულოს მთელი წლის მანძილზე ექნებოდა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საშუალება. წარმოდგენილ ბიუჯეტზე მუდმივად ახალი შენიშვნების მომზადება პროცესის ხელოვნურად გახანგრძლივებას ჰგავს.  

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“