თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს

14 ივლისი, 2026

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრების შესწავლას. აღმოჩნდა, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში:

  • 379-მა თანამდებობის პირმა 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო.
  • ფულადი საჩუქრის სახით 11 მლნ ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მლნ ლარი. ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული.
  • საჩუქრების 60.78% მშობლებისგან მიიღეს.
  • უწყებების მიხედვით, ჯამურად ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 2,3 მლნ ლარი. 

საჩუქარი როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საშუალება

უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. ამასთან, მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.

შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას. სულ მცირე უნდა შემოწმდეს, ჰქონდა თუ არა ძვირადღირებული საჩუქრის გამცემ პირს ასეთი საჩუქრის გაცემის ფინანსური შესაძლებლობა.

ზოგადი მონაცემები

2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით დეკლარაცია 4700-ზე მეტმა თანამდებობის პირმა შეავსო. აქედან, საჩუქრები 379-მა თანამდებობის პირმა დაადეკლარირა, რომელთა ჯამური ღირებულება 24 მილიონი ლარია.

რა სახის საჩუქრებს იღებენ თანამდებობის პირები

თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად უძრავი ქონების სახით იღებენ. 09.2025-04.2026 პერიოდში 100-მა პირმა ჯამურად 12 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო. უძრავი ქონებიდან 48 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 69 – მიწის ნაკვეთი.

233-მა თანამდებობის პირმა ჯამურად 11 მლნ ლარი მიიღო ფულადი საჩუქრის სახით, რაც საშუალოდ ერთ პირზე 47 ათასი ლარია. მათგან 28 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღებული. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 28 ავტომობილი და 6 იარაღი.

ფულადი საჩუქრის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროშია მითითებული. 09.2025-04.2026 პერიოდში მიღებული 11 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 5,6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 1,7 მლნ ევროში.

ცხრილი N1

საჩუქრების კატეგორიზაცია სახეობის მიხედვით:

საჩუქრის სახეობა

საჩუქრის რაოდენობა

საჩუქრის მიმღების რაოდენობა

საჩუქრების ჯამური ღირებულება (ლარი)

უძრავი ქონება

151

100

12,241,538

თანხა

391

233

11,029,229

ავტომობილი

29

28

876,694

სამკაული

14

11

129,201

იარაღი

6

4

15,430

სხვა

20

14

364,193

წყარო: თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები (09.2025-04.2026)

ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 60.78% (14,9 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს, 4,3 მლნ ლარის საჩუქრები – და-ძმისგან, 2,4 მლნ ლარი – ნათესავების, ხოლო 1,3 მილიონი – შვილებისგან.

წყარო: თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები (09.2025-04.2026)

 

რომელი უწყების წარმომადგენლები იღებენ ყველაზე მეტ საჩუქრებს

საჩუქრები 158 სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს, 46-მა თანამშრომელმა ჯამში 2,3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ჯამში 2 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. შემდეგ კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც 9 თანამშრომელმა ჯამში 1,6 მლნ ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.

 

ცხრილი N2. უწყებები, რომელთა თანამშრომლებმა ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქრები დაადეკლარირეს

 

ტოპ 10 უწყება

ჯამური ღირებულება (ლარი)

საჩუქრის მიმღებთა რაოდენობა

1

შინგან საქმეთა სამინისტრო

2,333,876

46

2

საგარეო საქმეთა სამინისტრო

2,040,167

12

3

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1,626,886

9

4

თავდაცვის სამინისტრო

1,573,431

23

5

პარლამენტი (წევრები)

875,987

16

6

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

757,599

12

7

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

586,176

4

8

იუსტიციის სამინისტრო

534,172

7

9

პროკურატურა

466,710

10

10

ეკონომიკის სამინისტრო

383,085

6

წყარო: თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები (09.2025-04.2026)

 

ვინ მიიღო ყველაზე მეტი საჩუქარი

შემდეგმა 10-მა თანამდებობის პირმა 09.2025 - 04.2026 წლების დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

1. თამარ დოლიძე – 930,060 ლარი

თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე

თამარ დოლიძის შვილებმა მამისგან მიიღეს 350,000 ₾,150,000 ₾, 300,000 ₾ და 100,000 ლარად შეფასებული ოთხი უძრავი ქონება. ასევე, ნაღდი ფულადი თანხა 15,000 ლარისა და 5,000 ევროს ოდენობით. ჯამში - 930,060 ლარის ღირებულების საჩუქრები.

2. დემურ სულაბერიძე - 900,000 ლარი

თანამდებობა: ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე (ყოფილი)

დემურ სულაბერიძემ დედისგან მიიღო 900,000 ლარად შეფასებული ფართი.

3. ზურაბ გოზალიშვილი - 800,000 ლარი

თანამდებობა: ააიპ-სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი

ზურაბ გოზალიშვილმა დედისგან ორჯერ მიიღო 400,000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება, ჯამში 800,000 ლარი.

4. მიხეილ სარჯველაძე - 500,000 ლარი

თანამდებობა: ჯანდაცვის მინისტრი

მიხეილ სარჯველაძის მეუღლემ ძმისგან მიიღო 500,000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება.

5. პაატა პატიაშვილი - 446,080 ლარი

თანამდებობა: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

პაატა პატიაშვილმა ძმისგან მიიღო 164,000 დოლარად შეფასებული უძრავი ქონება. 2024-2025 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება - 446,080 ლარია.      

6. ხათუნა თოთლაძე - 408,000 ლარი

თანამდებობა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე

ხათუნა თოთლაძემ დედისგან მიიღო ფულადი საჩუქარი 150,000 USD. 2024-2025 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 408,000 ლარია.

7. კახაბერ გავაშელი - 408,000 ლარი

თანამდებობა: საბურთალოს რაიონის გამგეობის გამგებლის მოადგილე

კახაბერ გავაშელის მეუღლემ დისგან მიიღო 150,000 დოლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა. 2024-2025 წლების საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 408,000 ლარია.

8. ნინო მდინარაძე - 389,677 ლარი

თანამდებობა: საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი

ნინო მდინარაძემ ფულადი საჩუქრის სახით მშობლებისგან ჯამურად მიიღო 142,218 დოლარი. 2025 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 389,677 ლარია.

9. სანდრო ცაბუტაშვილი - 377,800 ლარი

თანამდებობა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი (ყოფილი)

სანდრო ცაბუტაშვილმა და მისმა მეუღლემ ნათესავებისგან ჯამურად მიიღეს 377,800 ₾ ოდენობის ფულადი საჩუქარი.

10. თინათინ მეძმარიშვილი 338,750 ლარი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი

თინათინ მეძმარიშვილის მეუღლემ დედისგან მიიღო ორი საცხოვრებელი ბინა, რომელთაგან ერთი შეფასებულია 90,000 დოლარად, ხოლო მეორე 35,000 დოლარად. 2024 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის საერთო ღირებულება 338,750 ლარია