თანამდებობის პირების ინტერესები ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამარტივებულ შესყიდვებში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების მონიტორინგს წლების მანძილზე ახორციელებს. ასეთი შესყიდვები საყურადღებოა, ერთი მხრივ იმით, რომ შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯების გაუმართლებელი ზრდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, ხელშეკრულებების გაფორმება ელექტრონული ტენდერის გვერდის ავლით ზრდის კორუფციის რისკებს.
ამჯერად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებებით დაინტერესდა. კვლევის ფარგლებში ორი საინტერესო შემთხვევა გამოვლინდა :
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ მაჩიტაძის შესაძლო ინტერესები ბაღდათის მუნიციპალიტეტში განხოციელებულ შესყიდვებში:
-
2015 წლის 12 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული მეთოდით ხელშეკრულება შპს „დავითი 2014-თან” (ს/კ 425053997) გააფორმა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის - გრიგოლ მაჩიტაძის შვილი, დავით მაჩიტაძეა. ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დავით მაჩიტაძის კომპანიიდან 6 259 ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინა.
-
2015 წელს შპს „დავითი 2014”-მა ასევე გამარტივებული მეთოდით ხელშეკრულებები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების (როკითის, წითელიხევისა და დიმის N1) საჯარო სკოლებთან გააფორმა, რის შედეგად 2 052 ათასი ლარის ღირებულების ანაზღაურება მიიღო. სამივე შემთხვევაში ხელშეკრულების საგანს სამშენებლო მასალების მიწოდება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ მაჩიტაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შემდეგ დაიკავა, ხოლო შპს „დავითი 2014” კი 2014 წლის 18 ივლისს არის დარეგისტრირებული.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ანტონ ქარაბაკის შესაძლო ინტერესები ბაღდათის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ შესყიდვებში:
ანტონ ქარაბაკი 2009-2014 წლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2014 წლიდან იგი გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც ანტონ ქარაბაკის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ქარაბაკის მეუღლე, მაია გვეტაძე ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაია გვეტაძე ინდივიდუალურ მეწარმედ 2010 წლიდან არის რეგისტრირებული. გვეტაძეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დაწესებულებებთან გამარტივებული ფორმით, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს 44, ხოლო როგორც ინდივიდუალურ აუდიტორს - 1 ხელშეკრულება აქვს დადებული, რომელთა ფარგლებშიც 17 555 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული. ხელშეკრულებების დიდი ნაწილი (36 ხელშეკრულება) გაფორმებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო/საბაზო სკოლებთან, სადაც მომსახურების ძირითად სახეს წარმოადგენს ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციებისა და მომსახურების გაწევა.
ამასთან, ი/მ მაია გვეტაძეს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთანაც. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების მიხედვით კი, სწორედ ამ სამსახურს ევალება უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ფინანსების მართვის გაუმჯობესება და აუდიტორული შემოწმება. შესაბამისად, მაია გვეტაძე ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშრებულ საკონსულტაციო მომსახურებას მუნიციპალიტეტში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უწევს, რომელთა მონიტორინგსაც შემდეგ მისი მეუღლე - ანტონ ქარაბაკი ახორციელებს.
მაია გვეტაძის მიერ არასამეწარმეო (არაკომერიცულ) იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები :
-
ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 16 დეკემბერს. ხელშეკრულების ღირებულება 1 500 ათასი ლარია, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან (საბუღალტრო აღიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები, ინვენტარიზაცია) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა.
-
ბაღდათის ვ. ვ. მაიაკოვსკის სახელობის და მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის ნოემბერში. ხელშეკრულების ღირებულება 1000 ათასი ლარია, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან (საბუღალტრო აღიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები, ინვენტარიზაცია) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
-
ბაღდათის სპორტულ სკოლასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 25 ნოემბერს. ხელშეკრულების ღირებულება 1 500 ათასი ლარია, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან (საბუღალტრო აღიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები, ინვენტარიზაცია) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა.
-
რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 25 ნოემბერს. ხელშეკრულების ღირებულება 1 500 ათასი ლარი, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან (საბუღალტრო აღიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები, ინვენტარიზაცია) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
-
ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 11 ნოემბერს. ხელშეკრულების ღირებულება 1500 ათასი ლარი, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული მომსახურეობა.
-
ბაღდათის ვ.ქაშაკაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლათან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის ნოემბერში. ხელშეკრულების ღირებულება 1000 ათასი ლარი, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან (საბუღალტრო აღიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები, ინვენტარიზაცია) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა.
-
ბაღდათის ჯ.ღვინჯილიას სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 25 ნოემბერს. ხელშეკრულების ღირებულება 1 500 ათასი ლარი, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან (საბუღალტრო აღიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები, ინვენტარიზაცია) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
-
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ წითელხევის კ. ფოცხვერაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლასთან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის ნოემბერში. ხელშეკრულების ღირებულება 1000 ათასი ლარი, ხოლო საგანი - 2013 წელს ორგანიზაციის ფინანსურ მენეჯმენტთან (საბუღალტრო აღიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები, ინვენტარიზაცია) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
მთლიანობაში მაია გვეტაძეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან 8 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 10500 ლარს შეადგენს. |
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირებს:
-
გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად;
-
არ დაუშვან რომელიმე კომპანიისა თუ ინდივიდუალური მეწარმის მიერ ამა თუ იმ სფეროს მონოპოლიზება;
-
გამარტივებული შესყიდვების შემცირებისა და მომსახურების ელექტრონული ტენდერების შესყიდვის გზით, მაქსიმალურად გაზარდონ კონკურენტული და არამონოპოლისტური გარემო ადგილზე მოქმედი ბიზნესისათვის. ამით მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო თანხებს დაზოგავს და მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციული გარიგების რისკებსაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალებას აძლევს 5 ათასი ლარის ფარგლებში ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მომსახურება პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღოს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დადებული ასეთი ხელშეკრულებები პროცესის მიუკერძოებლობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ვფიქრობთ, რომ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული და ამომწურავი პასუხები უნდა გასცენ.