ENG

SMS სპამი – რეგულაციის საჭიროება

10 ივლისი, 2013

საქართველოში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის უცხო არ უნდა იყოს ყოველკვირეულად, ზოგჯერ კი ყოველდღიურად რამდენიმე სარეკლამო შეტყობინების მიღება. ხშირ შემთხვევაში, მესიჯებით ისეთი კომპანიების პროდუქციას თუ მომსახურებას გთავაზობენ, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ და მათთვის არც შეტყობინებების გამოგზავნის უფლება მიგიციათ. საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს, სურვილისამებრ, მსგავსი შეტყობინებების თავიდან არიდების საშუალებას მისცემდა (opt out).  

ბანკები, ელექტრონული ტექნიკის მაღაზიები, სამედიცინო კლინიკები და სხვა კომპანიები აქტიურად იყენებენ რეკლამირების ამ ფორმას, რადგანაც მას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს: რამდენად გამაღიზიანებელი და ხელისშემშლელიც არ უნდა იყოს მობილურში რეკლამის მიღება, მომხმარებელთა უმეტესობა მაინც ნახულობს ამ შეტყობინებას. ამასთან მესიჯების მასიურად დაგზავნა კომპანიებს საკმაოდ იაფი უჯდება: თითო შეტყობინების ფასი 2-დან 4 თეთრამდე მერყეობს.

არასასურველი შეტყობინებების გამოგზავნა არღვევს ჩვენს უფლებას „თავი დაგვანებონ”, როგორც ამას ერთ დროს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ლუი ბრენდეისმა უწოდა. საქართველოში მსგავსი ტიპის რეკლამას კანონი არ არეგულირებს, მაშინ, როცა ბევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო ანტი-სპამ კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ან არეგულირებს პირდაპირ მარკეტინგს ტელეფონით, იმეილით, SMS-ითა და MMS-ით.

გაურკვეველი რჩება ასევე, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები. ორმა კომპანიამ, GeoSMS-მა და Paradox Georgia-მ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განუცხადეს, რომ მათ მობილური ტელეფონის ნომრების რამდენიმემილინიონიანი ბაზები აქვთ. ამასთან, ამ კომპანიებმა ნომრის მესაკუთრეების ასაკი, სქესი და მისამართიც იციან. ზოგიერთი კომპანია კლიენტებს სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას მობილურ ტელეფონზე დახარჯული თანხების მიხედვითაც სთავაზობს. არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბარში არ დააზუსტა, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა, თავის მხრივ, ორგანიზაციას განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან.

ანტი-სპამ რეგულაციები საქართველოში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისმა (ეს სახელმწიფო სტრუქტურა ამჟამად შექმნის პროცესშია) შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მობილური რეკლამის სექტორში არსებულ მდგომარეობაზე. ამ ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი პირადი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება „პერსონალურ მონაცემთა“ შესახებ კანონის ფარგლებს ცდება, შესაძლებლობა ექნებათ საჩივარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან შეიტანონ. ინსპექტორს უფლება აქვს გამოიძიოს, რამდენად კანონიერია კერძო თუ საჯარო უწყებების ქმედებები პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. თუმცა, „პერსონალურ მონაცემთა“ შესახებ კანონი სრულად მხოლოდ 2016 წელს ამოქმედდება და ინსპექტორს კანონით გათვალისწინებული სანქციების დაწესების უფლებაც სწორედ მაშინ მიეცემა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისი უახლოეს თვეებში ამოქმედდება, რის შემდეგაც სასურველია პარლამენტმა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და ახალი ინსპექტორის უწყებამ ანტი-სპამ რეგულაციების შემოღებაზე დაიწყონ იმსჯელონ. აღნიშნული რეგულაციები მომხმარებლებს არასასურველი სარეკლამო შეტყობინებებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს (opt out).

რა არის ანტი-სპამ რეგულაცია?

სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი ანტი-სპამ რეგულაციების მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება მხოლოდ მომხმარებლისგან ნებართვის მიღების შემთხვევაშია ნებადართული (opt in). თუმცა, ასეთი ნებართვის არსებობის შემთხვევებშიც, მომხმარებლებისთვის შეტყობინებების დაბლოკვის მარტივი და სწრაფი გზა უნდა არსებობდეს (opt out).

ბევრ ქვეყანაში ანტი-სპამ რეგულაცია მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის ნაწილია, ან ცალკე საკანონმდებლო აქტად არსებობს. ამ ნორმების აღსრულების მონიტორინგს, როგორც წესი, მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო ეწევიან.

ქვემოთ მოკლედაა აღწერილი ანტი-სპამ რეგულაციები დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. (კანონმდებლობების ანალიზი ეფუძნება gettingthedealthrough.com - ზე არსებულ ინფორმაციას. აღნიშნული ვებსაიტის გამოყენება მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.)

1. ევროკავშირი
2. დიდი ბრიტანეთი
3. ავსტრია
4. იტალია
5. საფრანგეთი
6. ბულგარეთი
7. ირლანდია
8. ჰოლანდია
9. შვეიცარია

ევროკავშირი

ევროკავშირის 2012 წლის დირექტივა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ სპამ შეტყობინებებსაც ეხება და ევროკავშირის 28 ქვეყნისათვის ამ კუთხით ძირითად მოთხოვნებს აწესებს. დირექტივის მიხედვით, მომხმარებლებმა შეტყობინების მიღებაზე თანხმობა წინასწარ უნდა განაცხადონ. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

დიდი ბრიტანეთი

2011 წელს მიღებული რეგულაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ევროკავშირის მითითებებს ეხმიანება და კრძალავს არასასურველ კომუნიკაციებს. აკრძალულია ტელეფონითა (ავტომატური ხმოვანი შეტყობინების ჩათვლით) და ფაქსით შეტყობინების გაგზავნა, თუ ამისთვის მიმღების თანხმობა არ არსებობს. ნებართვის არქონის შემთხვევაში, ასევე აკრძალულია ელექტრონული საშუალებებით (E-mail, ტექსტური შეტყობინება, სურათი, ვიდეო) განხორციელებული კომუნიკაციაც. გამონაკლისს წარმოადგენს ურთიერთობა კლიენტსა და კომპანიას შორის, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მომხმარებელს თითოეული შეტყობინებისას უნდა მიეცეს საშუალება უარი თქვას აღნიშნული შეტყობინების მომავალში მიღებაზე.

ამ ნორმათა აღსრულება ინფორმაციის კომისარის მოვალეობაა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სპამ შეტყობინებეთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი მომხმარებელთა უფლებებისა და ვაჭრობის სფეროს განეკუთვნება, ამ საქმიანობაში სამართლიანი ვაჭრობის ოფისიც აქტიურადაა ჩართული.

ავსტრია

2003 წლის ტელეკომის აქტი არასასურველი ზარების წინააღმდეგ ზოგად შეზღუდვას მოიცავს. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მესიჯების გაგზავნა აკრძალულია იმ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს მიმღების წინასწარი თანხმობა (opt-in). პირდაპირი მარკეტინგის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს მარტივი და უფასო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს მისი ელექტრონული კონტაქტი მომავალში აღარ იყოს გამოყენებული ამ მიზნებისთვის.

იტალია

იმეილით, SMS-ითა და MMS-ით მიღებული არასასურველი შეტყობინებები რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კოდექსის 130-ე მუხლით. ამ რეგულაციის თანახმად, კომერციული და მარკეტინგული მიზნებისთვის ელექტრონული კომუნიკაციების გაგზავნა, იქნება ეს ავტომატური ხმოვანი შეტყობინება, ფაქსი, იმეილი, SMS თუ MMS, ნებადართულია მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში (opt-in).

პროდუქციის ან მომსახურების პროვაიდერებს შეუძლიათ საკუთარი მომხმარებლების იმეილების წინასწარი ნებართვის გარეშე გამოყენება, თუ ისინი ამ გზით მომხმარებლის მიერ უკვე შესყიდული პროდუქტისა თუ მომსახურების მსგავსი ნაწარმის რეკლამირებას ეწევიან. მომხმარებლებს უნდა ეცნობოთ მათი მონაცემების გამოყენების შესახებ, სურვილის შემთხვევაში კი ამ შეტყობინებებზე უარის თქმის საშუალება უნდა ჰქონდეთ.  

N206/05 საკანონმდებლო ბრძანების (სამომხმარებლო კოდექსი) 58-ე ნაწილის თანახმად, სატელეფონო, იმეილისა და ავტომატური ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც ადამიანის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, დასაშვებია მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში (opt-in). დისტანციური კომუნიკაციის ყველა სხვა ფორმა დასაშვებია, თუ მომხმარებელი წინააღმდეგობას არ გამოთქვამს (opt-out).

საფრანგეთი

საფრანგეთში არასასურველი კომუნიკაცია მკაცრად არის რეგულირებული. კერძოდ, საფოსტო და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კოდექსი კრძალავს ტექსტური შეტყობინებების, იმეილის, ფაქსისა და ავტომატური ხმოვანი შესტყობინებების გაგზავნას, თუ ამისთვის მომხმარებლის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არსებობს.

ამას გარდა, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის მარეგულირებელმა უწყებამ წამოიწყო სპეციალური კამპანია არასასურველი სპამ SMS-ების წინააღმდეგ და შექმნა უფასო სატელეფონო ნომერი (33700), სადაც მომხმარებლებს ამ SMS-ების გადაგზავნა და დაბლოკვა შეუძლიათ.   

ბულგარეთი

კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ მოითხოვს, რომ იმეილის, სატელეფონო ზარისა და მესიჯის გზით განხორციელებული პირდაპირი მარკეტინგისა და რეკლამირების დროს აუცილებელია ხელმომწერის (იურიდიული ან ფიზიკური პირი) თანხმობა. თუმცა მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია საკუთარ თანხმობის გაუქმება.

ბულგარეთის მომხმარებლების დაცვის კომისიას გააჩნია იმ პირების იმეილების ბაზა, რომელთაც მკაცრად მოითხოვეს არასასურველი კომერციული კომუნიკაციისგან თავის არიდება.  კომერციული კომუნიკაციის აღნიშნულ იმეილებზე გაგზავნა, მათ შორის მარკეტინგული მიზნებით, აკრძალულია.

ირლანდია

დანაშაულად ითვლება კომპანიის მიერ პირისთვის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ავტომატური ხმოვანი შეტყობინების, ფაქსისა და ელექტრონული მესიჯების (მოიცავს ასევე SMS-სა და MMS-ს) გაგზავნა, თუ ამისთვის მიმღებისგან წინასწარი თანხმობა არ იქნა მოპოვებული. გამონაკლისს მიეკუთვნება შემთხვევა, როდესაც პირის იმეილი მოპოვებულია კომერციული თუ ოფიციალური თანამშრომლობის შედეგად და შეტყობინება ეხება კონკურეტულად ამ თანამშრომლობის შინაარსს. ამ დროს პირის წინასწარი თანხმობის მოპოვება საჭირო არ არის.

ჰოლანდია

აკრძალულია მიმღები პირის წინასწარი თანხმობის გარეშე შეტყობინების გაგზავნა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების დამოუკიდებელმა ორგანომ (OPTA) დღემდე არაერთი მხარე დააჯარიმა. საჭიროებისას, OPTA ჰოლანდიის მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობს.

შვეიცარია

ფედერალური აქტი არაჯანსაღი კონკურენციის წინააღმდეგ მოიცავს აკრძალვას მასობრივი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის წინააღმდეგ. აკრძალვა მოქმედებს ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მიმღების წინასწარი თანხმობა და შეტყობინებაზე უარის თქმის მარტივი და უფასო მექანიზმი (opt-out), და ასევე არასწორად არის მითითებული  გამგზავნის ვინაობა.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
Media