სკოლა საკუთარი შენობის გარეშე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სკოლა საკუთარი შენობის გარეშე

07 ნოემბერი, 2013

სოფელი კანთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მთიან ზონაში მდებარეობს. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად სოფლის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა საბაზო სკოლაში არსებული უმძიმესი მდგომარეობაა.

კანთში სკოლა ხის ერთსართულიან შენობაში იყო განთავსებული, თუმცა 2010 წელს მოულოდნლად გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა, განადგურდა სკოლის ინვენტარიც. ხანძრის შემდგომ სკოლის ადმინისტაციამ გვერდით მდებარე მაღაზიის რკინის შენობა იქირავა. ქირას თავდაპირველად მასწავლებლები იხდიდნენ, თუმცა დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ოთხი პირობითი ოთახისაგან შემდგარ სკოლაში 21 მოსწავლე სწავლობს, რომელთან ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდია.  

კანთის საბაზო სკოლაში არსებული პრობლემები მხოლოდ ერთხელ, ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ გააშუქა. რაც შეეხება წალენჯიხის განათლების რესურსცენტრსა და განათლების სამინისტროს, მასწავლებელთა თქმით, მათ მიერ დაწერილი განცხადებები ამ ორ უწყებას შორის უშედეგოდ ტრიალებს.

პედაგოგების ინფორმაციით, რეაგირების გარეშე დატოვეს განცხადებები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში. მიუხედავად  განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი თანხმობისა, ოფიციალური დოკუმენტი სკოლის ახალი შენობის აშენების თაობაზე დღემდე არ მიუღიათ. წალენჯიხის განათლების რესურსცენტმა სკოლის ადმინისტრაციას დროებით მეზობელი სოფლის, ჯგალის სკოლაში გადასვლა შესთავაზა, რაც მასწავლებელებისა და მშობლებისათვის მისაღები არ აღმოჩნდა. 21 მოსაწვლიდან 13 სოციალურად დაუცველია და მშობლები შვილების დროულ ტრანსპორტირებასაც ვერ შეძლებენ.

ამასთან, წარმოუდგენელია მოსწავლეთა სწავლის პროცესის გაგრძელება არაკეთილმოწყობილ შენობაში ზამთრის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას შეშით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ამარაგებს, პრაქტიკულად შეუძლებელია საკლასო ოთახებში თბილი ტემპერატურის შენარჩუნება, რადგან რკინის კარები და ტიხრები, ასევე ძველი ფანჯრები, რომლებზეც მინის ნაცვლად, მუყაოა მიკრული, ვერ უზრუნველყოფენ სითბოს შენარჩუნებას. ასევე, კლასებს ერთმანეთისგან არა კარები, არამედ ფარდები ყოფს.

საჯარო სკოლების მშენებლობა და ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების უშუალო კომპეტენციაა, ამიტომაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს უწყებას, გონივრულ ვადაში გადაწყდეს სოფელ კანთში სკოლის ახალი შენობის მშენებლობის საკითხი.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისი
kanti, skola