შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება
ბოლო პერიოდში მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანების თაობაზე. 2017 წლის 29 მარტს გავრცელუბული განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. სამინისტროს ჩამოთვლილი აქვს რამდენიმე არგუმენტი ამ ცვლილების გასამართლებლად. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი არგუმენტები არ არის საფუძვლიანი და ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს. სამწუხაროა, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირება იმის თაობაზე, რომ 2017 წლამდე კიდევ უფრო მეტი დეცენტრალიზება მოხდებოდა, არ შესრულდა, უფრო მეტიც, ამ კუთხით ვხედავთ უკუსვლას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეუერთდა იმ 123 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც სამოქალაქო სექტორის ნაწილმა სამინისტროს მიერ 29 მარტს გავრცელებული განცხადების კონტრარგუმენტები წარუდგინა.
ამჯერად გთავაზობთ სამინისტროს მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ დამატებით მომზადებულ არგუმენტებს, რომელიც ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციასა და ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს:
- სერვისების ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე
სამინისტროს პოზიცია:
“სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა არ გაუმჯობესებულა, რიგ შემთხვევებში კი გაუარესდა კიდეც, რესურსების არაეფექტიანი გაყოფის გამო. გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა თვითმმართველობისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში, არსებითად არ შეცვლილა”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასება:
მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის არასაკმარისი, დაბალი დონე მახასიათებელია არა მხოლოდ 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტებისათვის, არამედ ზოგადად ქართული თვითმმართველობის სისტემისათვის, რასაც ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის კვლევაც.[1] ეს განპირობებულია თვითმმართველობის კოდექსით მუნიციპალიტეტებისათვის მინიჭებული არასაკმარისი უფლებამოსილებებით, ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობათა კომპეტენციების ხშირი დუბლირებით, ფისკალური თუ ეკონომიკური დეცენტრალიზაციის დაბალი დონით.
ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების საკუთარებაში არსებული ქონება და საკუთარი შემოსავლები ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელებისათვისაც კი არ არის საკმარისი. ამ პრობლემის მოგვარება კი არა თვითმმართველობათა გამსხვილებით, არამედ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებითა და დეცენტრალიზაციის პროცესის ეფექტური წარმართვითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დაბალ დონეს, როგორც ჩვენს მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთი მუნიციპალიტეტების მაგალითზე ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას:
- არსებული მექანიზმები არ იძლევიან ეფექტური ჩართულობის შესაძლებლობებსა და მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის მინიმალურ გარანტიას;
- მოქალაქეეებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ჩართულობის მექანიზმებსა და შესაძლებლობზე.
აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე მიჩნეულ იქნეს მუნიციპალიტეტების გამსხვილების ერთ-ერთ არგუმენტად. ხელისუფლება და საქართველოს პარლaმენტი ვალდებულნი არიან შეიმუშავონ მოქალაქეთა ჩართულობის იმდაგვარი მექანიზმები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი იყოს მარტივი და იგი დაიყოს რამდენიმე ეტაპად, მაგალითად: პრობლემის იდენტიფიცირება, პროექტებისა და ალტერნატივების შექმნა, საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმარება, განხორციელება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება.
- მუნიციპალიტეტების მწირი ფინანსური რესურსები:
სამინისტროს პოზიცია:
„მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის წახალისების საფუძვლად... გაყოფის შედეგად ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტების ჯამური ბიუჯეტი მეტია, ვიდრე მანამდე არსებული ერთიანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მაგრამ, ეს განსხვავება მიღწეული იქნა არა საკუთარი შემოსავლების გაზრდის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ტრანსფერის გამოყოფის ხარჯზე (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული იქნა დამატებითი ხარჯები)”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასება:
საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, არ აქვთ თვითკმარი ბიუჯეტი და ისინი ფინანსური თვალსაზრისით სხვადასხვა სახის ტრანსფერებზე არიან დამოკიდებულნი. საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობებს არ აქვთ საკმარისი ქონება და ეკონომიკური რესურსები.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის განკარგულებით „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის” განისაზღვრა, რომ საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა ზიარი ტიპის და წილობრივად განაწილდებოდა ბიუჯეტებს შორის. არსებობდა, მოლოდინი იმისა, რომ საშემოსავლო გადახასადის დიდი ნაწილი სწორედ თვითმმართველობების შემოსავალი იქნებოდა, მაგალითისათვის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2015 წლის სექტემბერში განაცხდა: „2016 წელს საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტებს დარჩებათ”. თუმცა, აღნიშნული მოლოდინები სრულად არ გამართლდა და საშემოსავლო გადასახადიდან თვითმმართველობის შემოსავალი წილობრივად გახდა მხოლოდ შემდეგი გადასახადები:
- საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;
- არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან);
- საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან;
- საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირისათვის ქონების ჩუქებიდან;
- საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან;
- საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად ”საშემოსავლოს გადასახადის ჯამურ მოცულობად 2 მილიარდ 570 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც მუნიციპალიტეტებს ზიარი პრინციპით დაახლოებით 160 მილიონი ლარი ერგებათ. ამავე დროს, 2016 წლის მსგავსად შემცირებულია ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა: თუკი 2015 წელს მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების ჯამური მოცულობა 1 227 613 ლარს შეადგენდა, 2016 წელს იგი 612 მილიონ 700 ათასი ლარით, 2017 წლისათვის კი 666 მილიონ 580 ლარით განისაზღვრა.
ერთის მხრივ მუნიციპალიტეტება მიიღეს დამატებითი საკუთარი შემოსავლები საშემოსავლო გადასახადის გადანაწილებით, თუმცა პარალელურად შემცირდა მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა, რამაც საბოლოო ჯამში რეფორმის დასაწყისისათვის განსაზღვრული ფინანსური დამოუკიდებლობის ეფექტი ვერ მოიტანა.
აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც - არასრულყოფილი ფინანსური დეცენტრალიზაციის პირობებშიც კი 2014 წლის რეფორმის შედეგად შექმნილი ახალი თვითმმართველი თემებისა და ქალაქების საკუთარი შემოსავლების ჯამი (გათანაბრებითი ტრანსფერის გათვალისწინების გარეშე) მნიშვნელოვნად აღემატება მანამდე არსებული ერთიანი მუნიციპალიტეტების საკუთარ შემოსავლებს 2015 ასევე 2016 წლების მონაცემებით.
ასევე ფერხდება თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის პროცესი, კერძოდ - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობასთვის წარედგინათ. თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ აქვთ შესრულებული, რითაც ერთმნიშვნელოვნად ფერხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფისკალური და ეკონომიკური რესურსების, მათ შორის ქონების გადაცემას.
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გამოუჩენია ნება განახორციელებინა რეალური ფისკალური და ეკონომიკური დეცენტრალიზაცია, რაც მუნიციპალიტეტებს საკუთარი უფლებემოსილებების ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსურ და ეკონომუკურ რესურსებს გაუჩენდა.
- ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა:
სამინისტროს პოზიცია:
სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტების დაყოფის შედეგად „მინიმუმ გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი თვითმმართველი ერთეულის და შესაბამისად მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად... კაპიტალური ხარჯების მოცულობა შემცირდა მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება როგორც თვითონ მუნიციპალიტეტების, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასება:
ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა არ არის პირდაპირ კავშირში მუნიციპალიტეტების დაყოფასთან. აღნიშნული მახასიათებელია არა მხოლოდ 2014 წელს წარმოქმნილი მუნიციპალიტეტებისათვის, არამედ სხვა თვითმმართველი ერთეულებისთვისაც.
მაგალითისათვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ 2016 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (გარდა თბილისისა) დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯები კი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა, კერძოდ:
ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) არსებულ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რაოდენობა 84 ერთეულით (695-დან 779-მდე) გაიზარდა;
მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით (36 540-დან 44 772-მდე) გაიზარდა;
დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდის შესაბამისად, შეიცვალა შრომის ანაზღაურების მოცულობა - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152 ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე (11 126 350 ლარიდან 15371502 ლარამდე); შესაბამისად, ანალოგიური წლიური დანახარჯი 50 941 831 ლარით გაიზარდა.
მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ერთგვარ უწყვეტ პროცესს წარმოადგენს, მაგალითისათვის: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2015 წელთან შედარებით, კვლავ გაიზარდა თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობა 95 314 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 1 143 768 ლარით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ებისა და მათში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდა არამხოლოდ გაყოფილ მუნიციპალიტეტებში, არამედ იმ თვითმმართველ ერთეულებშიც რომელთაც რეფორმის ეს ნაწილი (მუნიციპალიტეტების გაყოფა) არ შეხებიათ. მაგალითისათვის:
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 13 ერთეულით გაიზარდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა ცაგერის მუნიციპალიტეტში;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებუთლთა რაოდენობა კი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ (2015 წლის ივნისის მონაცემბით 4007დან 4415 საშტატო ერთეულამდე (408 საშტატო ერთეულით) გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 198 817 ლარით გაზარდა, რაც წლიურად დამატებით საშუალოდ 2.4 მილიონ ლარს შეადგენს;
ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში 2016 წლის თებერვლის მონაცემებით 2014 წელთან შედარებით 74 ერთეულიდან 79 ერთეულამდე გაიზარდა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რაოდენობა, დასაქმებულთა რაოდენობა 4 107 საშტატო ერთეულიდან 4 990 საშტატო ერთეულამდე, მთლიანობაში კი 883 ერთეულით გაიზარდა; ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი 571 961 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 6 863 534 ლარით გაიზარდა;
- ცნობისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ახალი თვითმმართველი ერთეული არ შექმნილა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, „გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.” ჩვენი აზრით, პრობლემატურია ის გარემოება, რომ აღნიშნული ზღვრული ოდენობა არ ვრცელდება გამგეობის/მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებზე, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში მომუშავეთა რაოდენობებზე. ჯამურად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამგეობის/მერიის, საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირთა, ასევე იურიდიული პირების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 30-35 პროცენტსაც აღემატება.
აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც - თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები აისახება ბიუჯეტის ხარჯების სუბსიდიის მუხლში, რომელიც ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 35-40% შეადგენს. თუმცა სუბსიდიის ოდენობის უმეტესობა მიემართება იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე, რაც ჩვენი შეფასებით გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის მსგავსად ადგილობრივი ბიუროკრატიის ნაწილია. ასეთ პირობებში ბიუროკრატიის ზომის შესამცირებლად და მუნიციპალური სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპებიდან გამომდინარე, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვროს სუბსიდიის მოცულობის ზედა ზღვრის პროცენტული მაჩვენებელი ბიუჯეტის ხარჯებთან მიმართებაში. ამით მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და საჭიროების გარეშე ვერ შეძლებს მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების შექმნას. შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული ორიენტირებული იქნება გარკვეული ტიპის მომსახურება მუნიციპალური სერვისის მიწოდებისთვის შეისყიდოს კონკურენტულ გარემოში კერძო კომპანიების მხრიდან. მაგალითად, ქალაქის გამწვანებასთან, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და სხვა სახის სერვისები.
უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს პრემირებისა და სახელფასო დანამატის გაცემის მანკიერი პრაქტიკა. მუნიციპალიტეტებში ხშირ შემთხვევაში პრემია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა. არასრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების გამო, პრემიებისა და დანამატების გაცემის დამკვიდრებულმა მანკიერმა პრაქტიკამ სისტემური პრობლემის ხასიათი მიიღო. მიუხედავად მთავრობის არაერთი განცხადებისა, რიგ მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს, სადაც დასაბუთებული არ არის საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების კონკრეტული საფუძველი. ყოველივე აღნიშნული კი მუნიციპალიტეტის მწირი საბიუჯეტი რესურსებისათვის მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხარჯების გაორმაგებისა თუ ზოგადად გაზრდის მიზეზი არა თვითმმართველობათა დაყოფა, არამედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და ადგილობრივ დონეზე არაეფექტური პოლიტიკა წარმოადგენს. თუკი ხელისუფლების ინტერესია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტების იურიდული პირების ოპტიმიზაცია (შემცირება), უნდა განისაზღვროს მუნიციპალური ორგანოების ეფექტური საქმიანობისათვის საჭირო საშტატო რიცხოვნობის ეფექტური ზედა ზღვარი, უნდა დარეგულირდეს პრემიის, სახელფასო დანამატის გაცემის პროცესი, შეზღუდვები უნდა დაწესდეს მუნიციპალიტეტების მიერ თანამდებობის პირთათვის ავტომობილებისა თუ საწვავის შესყიდვებთან დაკავშირებითაც. რაც საბოლოო ჯამში შედეგად მუნიციპალური ფინანსური რესურსების სოლიდურს ეკონომიას გამოიწვევს,
- ქალაქებისა და სასოფლო თემების უერთიერთგამიჯვნა:
სამინისტროს პოზიცია:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პრობლემატურია „ქალაქებისა და სასოფლო თემების ურთიერთგამიჯვნა. ამგვარი ტიპის მუნიციპალიტეტები შექმნილია ლატვიასა და ალბანეთში, რომლებიც თავადვე აკრიტიკებენ და აპირებენ შეცვალონ ასეთი მოწყობა. ევროპის ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ დღესდღეობით ტენდენცია ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიმართულია მუნიციპალური ერთეულების გამსხვილებისაკენ (მაგ. ესტონეთი და სხვა)...ასევე არაკანონზომიერია ის, რომ სხვა მუნიციპალიტეტები, რომლებიც არ განსხვავდებიან ძირითადი მახასიათებლებით (მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიის სიდიდით) უკვე გაყოფილი შვიდი მუნიციპალიტეტისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში არიან.”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასება:
საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების პირდაპირი გაზიარება არ არის სწორი მიდგომა და იგი დეცენტალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორიც კი შეიძლება იყოს. საჭიროა, უცხოური და ადგილობრივი გამოცდილების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით დეცენტრალიზაციის სწორი პოლიტიკის შერჩევა, რაც ჩვენი აზრით, ორიენტირებული უნდა იყოს თვითმმართველობათა რაოდენობის არა შემცირებისაკენ, არამედ გაზრდისკენ.
„საერთაშორისო გაჭვრივალობა - საქართველოს” აზრით,
- თვითმმართველობების გამსხვილება მოსახლეობასა და ხელისუფლებას ერთმანეთს აშორებს;
- გამსხვილების პირობებში რთულდება მუნიციპალური, კომუნალური სერვისების მიწოდების პროცესი;
- მუნიციპალიტეტების გაყოფა კი ხელს უწყობს ახალი ადმინისტრაციული ცენტრებისა თუ ეკონომიკური მიზიდულობის ადგილების წარმოქმნას, რაც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საფუძვლადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული;
- ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაახლოება მნიშვნელონად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეთა ჩართულობის პროცესს, ასევე ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშვლადებულების დონესაც, რადგანაც მცირე მუნიციპალიტეტში ადამიანთა მცირე რიცხვისგან შემდგარი საზოგადოების სამოქალაქო კონტროლი მუნიციპალურ ორგანოებზე, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია;
- მცირე ზომის მუნიციპალიტეტებში უფრო მარტივია გარკვეული პრობლემის იდენტიფიცირება და მასზე დროული რეაგირება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების შესახებ, განხორციელების შემთხვევაში, ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ ეჭვებს იწვევს თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების კონტექსტში.
თვითმმართველობის რეფორმამ არა თუ არ უნდა დააშოროს მოქალაქე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და მმართველ რგოლებს, როგორც ეს თვითმმართველი ქალაქების შემცირების შემთხვევაში მოხდება, არამედ პირიქით - ხელისუფლება მოქალაქეთა მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღებათა პროცესში.
ხელისუფლებისთვის ახალ გამოწვევად იქცა იმ მიმართვებსა და განცხადებებზე პასუხი, რომელთაც ხელს აწერენ სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს თვითმმართველობის არჩევნებამდე და გადაწყვეტილებები მიიღოს ადგილობრივ მოსახლეობასთან და პროცესში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად.