შსს-ს რეფორმის ფარგლებში „ოდეერების“ მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნება იგეგმება
საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 12 ივნისს განიხილა კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კანონპროექტზე კენჭისყრა მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს.
უსაფრთხოების სამსახური სწორედ ის უწყებაა, რომელიც უფლებამოსილი ხდება, დანიშნოს უშიშროების საკითხებში ოფიცრები სხვადასხვა დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რეფორმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ამ ინსტიტუტის დემოკრატიზაციას ისახავს მიზნად, ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ძალოვანი უწყებების მიერ უშიშროების ოფიცრების ჩანერგვის ე.წ. „ოდეერების“ მანკიერ პრაქტიკაზე.
ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტური საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა და დღესაც მხოლოდ რიგ საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება. გასული წლიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არაერთი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა უწყებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩანერგილ უსაფრთხოების ოფიცრებს, ე.წ. „ოდეერებს“ შეეხებოდა.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და განსაკუთრებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, შეისწავლოს „ოდეერების“ ინსტიტუტის ლეგიტიმურობის საკითხი, რომელიც ხელისუფლების ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ხელყოფს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე მოუწოდებდა პარლამენტს, შეექმნა სპეციალური კომისია ამ საკითხის შესასწავლად.
ამ საკითხს 2013 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს და უახლოეს მომავალში მოახერხებს, უარი თქვა „ოდეერებზე“. 2015 წლის თებერვალში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გამართულ ფორუმზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადეს, რომ ინსტიტუტი რეფორმას საჭიროებს.
მიუხედავად ამ განცხადებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტი, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, კვლავაც ითვალისწინებს უსაფრთხოების ოფიცრების ჩანერგვას სხვადასხვა სტრუქტურებში.
კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ბლოგებს ე.წ. „ოდეერებთან“ დაკავშირებით:
-
2013 წლის 24 ოქტომბერი, მედია გარემო 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ: კომუნიკაციების ეროვნული კომისია – გამოძიება, იმპიჩმენტი და შსს-ს არალეგალური ჩართულობა
-
2014 წლის 27 იანვარი, დადასტურდა, რომ შსს-ს წარმომადგენელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელია
-
2014 წლის 6 ოქტომბერი, ოფიცრები უშიშროების საკითხებში („ოდეერები“) – არსებული მანკიერი პრაქტიკა
-
2014 წლის 3 ნოემბერი, კიდევ ერთხელ უშიშროების საკითხებში ოფიცრების შესახებ
-
2014 წლის 24 ნოემბერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს „ოდეერი“ საზოგადოებრივ მაუწყებელში
- 2014 წლის 17 დეკემბერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი განათლების სამინისტროში