ENG

შეუძლია თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა?

28 ნოემბერი, 2012

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პირველად შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან. ამ ფონზე საინტერესოა, თუ ვის რა ძალაუფლების ბერკეტი გააჩნია.

არჩევნების შედეგად კოალიცია „ქართული ოცნების” სახელით პარლამენტში 85 დეპუტატი მოხვდა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით - 65. შესაბამისად, აღნიშნულმა პოლიტიკურმა ძალებმა შექმნეს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. თუმცა „ქართული ოცნების” სამი მაჟორიტარის აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობებზე დანიშვნამ და შვიდი მაჟორიტარი დეპუტატის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გამოყოფამ (მათგან ერთი საპარლამენტო უმრავლესობას შეურთდა, დაარჩენმა ექვსმა დეპუტატმა კი ცალკე ფრაქცია ჩამოაყალიბა) სურათი ოდნავ შეცვალა და დღესდღეობით საკანონმდებლო ორგანოში ძალები შემდეგნაირად არის განაწილებული:

  • უმრავლესობა - 83 დეპუტატი;
  • უმცირესობა - 58 დეპუტატი;
  • ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები” - 6 დეპუტატი.

პარლამენტში კანონის მისაღებად საკმარისია 50 დეპუტატის ხმა, ორგანული კანონისთვის - 76, ხოლო კონსტიტუციური კანონისთვის - 100 ხმა. რადგანაც  არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია „ქართულ ოცნებას” არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ის უმცირესობის თანხმობის გარეშე კონსტიტუციურ ცვლილებებს ვერ განახორციელებს. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის წინააღმდეგობის გამო თეორიულად ჩვეულებრივი კანონის გატანაც შეიძლება გაუჭირდეს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.  პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს. თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონპროექტისათვის დადგენილია კონსტიტუციით. თუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. ამ შემთხვევაში, კანონი ან ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამმა მეხუთედმა. ამჟამად პარლამენტის სიითი შემადგენლობა განისაზღვრება 147 დეპუტატით. 147-ის 3/5 კი არის 88.2, ანუ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად მინიმუმ 89 დეპუტატია საჭირო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპისთვის უმრავლესობის სახელით პარლამენტში სულ 83 დეპუტატია, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას” მხოლოდ „უპარტიო, მაჟორიტარი დეპუტატების” ექვსკაციანი ფრაქციის სრული მხარდაჭერით შეეძლება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „უპარტიო, მაჟორიტარი დეპუტატების” ფრაქციამ უკვე რამდენჯერმე გამოხატა მხარდაჭერა უმრავლესობის ინიციატივების მიმართ.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გამოკლების შემთხვევაში, შუალედური არჩევნები ჩატარდება არა მხოლოდ ოქტომბერში, არამედ აპრილშიც. ვაკანტური მანდატების შევსების შემთხვევაში სიითი შემადგენლობა გაუტოლდება 150-ს, რითაც პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის მინიმალური ზღვარი 88.2-დან 90-მდე აიწევს. თუ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნება” სამი ოლქიდან ერთში მაინც გაიმარჯვებს, უმრავლესობა კვლავ შეინარჩუნებს პრეზიდენტის შენიშვნების დაძლევის თეორიულ შანსს.

საქართველოში აქამდე არ ყოფილა ისეთი პოლიტიკური მოცემულობა, როცა პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა განსხვავებული პოლიტიკური იდეების მატარებლები იყვნენ. აქედან გამომდინარე, არასდროს გამხდარა აქტუალური პრეზიდენტის მიერ კანონპროექტის პარლამენტში შენიშვნებით დაბრუნების შესაძლებლობა. მერვე მოწვევის პარლამენტს ჯერ არცერთი კანონპროექტი არ მიუღია. შესაბამისად, რთულია ვარაუდი იმისა, თუ რამდენად აქტიურად გამოიყენებს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

Author: კახა ურიადმყოფელი