ENG

შეუძლია თუ არა პროკურატურას პარლამენტარის დაკითხვა?

01 იანვარი, 2013

 

25 დეკემბერს ზუგდიდის პროკურატურამ როლანდ ახალაია დაკითხვაზე გამოიძახა. ეს არ იყო პარლამენტარის პროკურატურაში დაბარების პირველი შემთხვევა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკითხვაზე ასევე დაიბარეს პარლამენტის წევრები დავით საყვარელიძე და პაატა ლეჟავა.

სამივე დეპუტატებმა პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ლეჟავას განცხადებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება და არ აპირებს დაკითხვაზე მისვლას. ახალაიამ და საყვარელიძემ კი პროკურატურას ალტერნატივა შესთავაზეს და გამოთქვეს მზადყოფნა, საჯაროდ უპასუხონ შეკითხვების. გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საჯარო გამოსვლებში არაერთხელ განაცხადეს, რომ პარლამენტის წევრის დაკითხვაზე დაბარებისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არ გააჩნიათ ვალდებულება დაემორჩილნონ პროკურატურის მოთხოვნას.

აღნიშნული საკითხი საქართველოს კანონმდებლობით შემდეგნაირად არის მოწესრიგებული:

დაკითხვაზე დაბარებას, როგორც ერთ-ერთ საგამოძიებო მოქმედებას, დეტალურად არეგულირებს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი1, რომელიც არ ითვალისწინებს მოწმის დაკითხვის რაიმე სახის საჯარო ფორმას. დაკითხვის საჯაროობა სერიოზული ზიანს მოუტანდა, როგორც გამოძიების ინტერესებს, ასევე შექმნიდა პირადი, კომერციული თუ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საფრთხესაც. შესაბამისად, ახალაიასა და საყვარელიძის შემოთავაზება აზრს არის მოკლებული.

საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრს გააჩნია იმუნიტეტი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს უკრძალავს, პარლამენტის თანხმობის გარეშე მისი წევრის დაკავებას, დაპატიმრებას, ჩხრეკას და ა.შ. თუმცა კონსტიტუცია არ კრძალავს, საკანონმდებლო ორგანოს ნებართვის გარეშე, პარლამენტარის დაკითხვაზე დაბარებას, ისევე, როგოც არ კრძალავს მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას (აღნიშნული აკრძალვა კონსტიტუციიდან ამოღებული იქნა 2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონით). შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობის წევრების აპელირება პროკურატურის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საფუძველს მოკლებულია.

ევროპის ბევრ ქვეყანაში კონსტიტუციური ნორმები იმუნიტეტის შესახებ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერისგან და პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს. მაგალითად, იტალიაში შესაძლებელია პარლამენტის ნებართვის გარეშე პარლამენტის წევრის მოწმედ გამოძახება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაშიც მიცემა, თუმცა შესაბამის ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების არეალი შედარებით შეზღუდული აქვთ2; საფრანგეთში ასევე შესაძლებელია პარლამენტარის საცხოვრებლის ჩხრეკა3; დანიაში დაშვებულია, როგორც დაკითხვა, ასევე დაჯარიმებაც პარლამენტის ნებართვის გარეშე4.

აქ ასევე საინტერესოა, რა ბერკეტი აქვს პროკურატურას, როდესაც ყველა პროცედურის დაცვით გამოძახებული პარლამენტის წევრი უარს აცხადებს შესაბამის ორგანოში გამოცხადებაზე. იმუნიტეტის არმქონე პირის შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია მისი იძულებით მიყვანა, თუმცა პარლამენტის წევრის შემთხვევაში ასეთ დროს მოქმედებს იმუნიტეტით გათვალისწინებული პრივილეგიები, რომელიც იცავს პირს ყოველგვარი იძულებითი ღონისძიებისაგან, სანამ  პარლამენტი არ გასცემს აღნიშნულ ღონისძიების განხორციელების ნებართვას. შესაბამისად, პარლამენტარების მხრიდან ჩვენების მიცემის ვალდებულება, მხოლოდ ნებაყოფლობით აღსასრულებელ სამოქალაქო ვალდებულებად არის ქცეული, ანუ პროკურატურას შეუძლია პარლამენტარის დაკითხვაზე დაბარება, მაგრამ, უარის შემთხვევაში, იძულებით ზომებს ვერ გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, პროკურატურას არ რჩება სამოქმედო ბერკეტი. გარდა იმისა, რომ პარლამენტისგან  გამოითხოვოს ნებართვა, რისთვისაც საჭიროა პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა, თუმცა არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 


2013 წლის 1 დეკემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“  სსსკ 332-ე მუხლი 2009 წ.

2 http://www.knesset.gov.il/mmm/data/pdf/me00585.pdf გვ. 15

3 იქვე გვ. 10

4http://goo.gl/sU5c5 გვ. 26 

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო