შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

20 იანვარი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს კვლევას მუნიციპალიტეტებში განხოციელებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ 2015 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა ბლოგი, სადაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ განხოციელებულ შესყიდვებში თანამდებობის პირების ინტერესები იკვეთებოდა. ამჯერად ორგანიზაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით დაინტერესდა, რის შედეგად ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო შემთხვევა გამოვლინდა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, პეტრე ჭიხორიასა და საჩხერის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება

2014 წლის 10 ივნისს, საჩხერის მუნიციპალიტეტმა ინდივიდუალურ მეწარმე პეტრე ჭიხორიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. მოცემული ხელშეკრულების მიხედვით, მისი მოქმედების ვადად 2014 წლის 15 სექტემბერი განისაზღვრა, ღირებულებად - 53 830.60 ლარი, ხოლო შესყიდვის ობიექტად შემდეგი სახის  სამშენებლო სამუშაოები: სოფელ მერჯევში საუბნო საავტომობილო გზებსა და უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია, ასევე  სოფელ ივანწმინდაში ბეტონის გზის საფარის მოწყობა. 2014 წლის 15 ივნისი არჩევნების შემდეგ, პეტრე ჭიხორია საჩხერის მუნიციპალიტეტში გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:

  1. ინტერესთა კონფლიქტი

საჩხერის მუნიციპალიტეტსა და პეტრე ჭიხორიას შორის ხელშეკრულება 2014 წლის 10 ივნისს 3 თვის ვადით გაფორმდა (ხელშეკრულების დასრულების თარიღი - 2014 წლის 15 სექტემბერი). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საბოლოო ანგარიშსწორება მხარეებს შორის 2014 წლის 21 აგვისტოს დარეგისტრირდა, მაშინ როცა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით, პეტრე ჭიხორია გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2014 წლის 22 აგვისტოდან დაინიშნა.   

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის 13.2 მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირს არა აქვს უფლება ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. ასეთი თანამდებობის პირი ვალდებულია, თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა, ხოლო აღნიშნული კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იგი უნდა გათავისუფლდეს  დაკავებული თანამდებობიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ანგარიშსწორება პეტრე ჭიხორიას უფლებამოსილების წარმოშობამდე ერთი დღით ადრე მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, რადგან ხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდა 2014 წლის 15 სექტემბრამდე და სამუშაოების სრულყოფილად შესრულების საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წელი.

გარდა ამისა, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას  თანამდებობა უკავია. ამავე კანონის მიხედვით, „თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი ვალდებულია ამ თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 10 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადადგეს შეუთავსებელი თანამდებობიდან, შეწყვიტოს შეუთავსებელი საქმიანობა.” მართალია, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში პეტრე ჭიხორია არ იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი, თუმცა მას ევალებოდა დანიშვნიდან 10 დღის ვადაში განეცხადებინა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შესახებ და აღმოეფხვრა ეს შეუთავსებლობა.

2. ხელშეკრულების საგანი

2014 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტმა პეტრე ჭიხორიასაგან სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება შეისყიდა. სამსახური, რომლის უფროსიც არის პეტრე ჭიხორია, ვალდებულია, სწორედ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია უზრუნველყოს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ დადებული ხელშეკრულება შინაარსობრივი თვალსაზრისით, პირდაპირ კავშირშია პეტრე ჭიხორიას თანამდებობრივ საქმიანობასთან.

3. ხელშეკრულების ღირებულება

მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 53 830.60  ლარს. შესყიდვა კი გამარტივებული შესყიდვის ფორმით განხორციელდა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 5 000 ლარის ზემოთ მომსახურების გამარტივებული ფორმით შესყიდვა მუნიციპალიტეტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება, რის საფუძველზეც  ამ კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმება მოხდა.

„საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში როცა მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევის გამოყენება ხდება, აუცილებელია  ადმინისტრაციულმა ორგანომ  დაასაბუთოს: თუ რატომ გახდა აუცილებელი ამდენად მაღალი ღირებულების მომსახურების შესყიდვა გამარტივებული ფორმით და კონკრეტულად რა სახის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარება იგეგმებოდა იმ ტერიტორიაზე, რომლის შეფერხებაც მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ასევე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო შესყიდვის მსგავსი ფორმით განხორციელება   და ხომ არ ემსახურებოდა ეს კონკრეტული პირების ფინანსურ ინტერესებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უკვე წლებია, საუბრობს იმ პრობლემაზე, რაც გამჭვირვალე ელექტრონული სისტემის გვერდის ავლით და გამარტივებული ფორმით მომსახურების შესყიდვის დროს შეიძლება წარმოიშვას. ეს არის გაზრდილი კორუფციის რისკები, არაკონკურენტუნარიანი გარემო, კონკრეტული მეწარმის მონოპოლიზების შესაძლებლობა და სხვა მსგავსი პრობლემები, რომელთა თაობაზე ორგანიზაციამ 2013 წელს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, თუმცა მთავრობის მხრიდან ჩვენი რეკომენდაციების ძირითად ნაწილს  რეაგირება არ მოჰყოლია.   

პეტრე ჭიხორიას არადეკლარირებული ქონება

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პეტრე ჭიხორია 2007 წლიდან დღემდე ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან იგი აქტიურად ახოციელებს სამეწარმეო საქმიანობას (ჭიხორიამ 2012 წლის, 4 ივლისს საჩხერის მუნიციპალიტეტთან გამარტივებული ფორმით 57`878.89  ლარის ღირებულების, ხოლო 2014 წელს  - 53`830.60 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა), ეს ფაქტი მას არც 2014 წლის და არც 2015 წლის დეკლარაციაში  მითითებული არ აქვს.  საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პირი ვალდებულია დეკლარაციაში შეიტანოს სრული ინფორმაცია  მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არაერთხელ გამოაქვეყნა კვლევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეების არადეკლარირებული ქონებისა და იმ რისკების შესახებ, რაც არადეკლარირებულმა ქონებამ შეიძლება წარმოქმნას. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მიხედვით, რომლის ნაწილი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, საჯარო სამსახურის ბიურო  უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს და ახორციელებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმედოვნებს, რომ აღნიშნული ნორმა ეფექტურად განხოციელდება პრაქტიკაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და დაადგინონ, ხელშეკრულების დადებისა თუ მოქმედების პროცესი რაიმე საეჭვო გარემოებების პირობებში ხომ არ განხორციელდა.

ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საჩხერის მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირებს:

  • გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად;

  • გამარტივებული შესყიდვების შემცირებისა და მომსახურების ელექტრონული ტენდერების შესყიდვის გზით მაქსიმალურად გაზარდონ კონკურენტული და არამონოპოლისტური გარემო ადგილზე მოქმედი ბიზნესისათვის. ამით მუნიციპალიტეტი დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს და მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციული გარიგების რისკებს;

  • გააძლიერონ მონიტორინგის მექანიზმები, რათა არ დაუშვან სახელმწიფო შესყიდვების განხოციელებისას რაიმე ტიპის ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“