ENG

შენიშვნები და რეკომენდაციები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგნილების პროექტზე

24 თებერვალი, 2017

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულაციის წესზე მუშაობა დაიწყო, პირველი დისკუსია მიმდინარე წლის 16 თებერვალს გამართა. ვფიქრობთ, რომ გარევაჭრობის პროცესის გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოქცევა მნიშვნელოვანია, რადგანაც არსებობს პრობლემები სურსათის უვნებლობის, გარემოს დაბინძურებისა და ქალაქის იერსახის დამახინჯების თვალსაზრისით.

საკრებულოს მიერ განსახლიველად წარმოდგენილი დადგენილების პროექტი მიზნად ისახავს გარევაჭრობის სფეროს დარეგულირებას ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაგეგმილია გარევაჭრობის ადგილების განსაზღვა, გარევაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის სახოებებისა და მათი განთავსების წესების შემოღება და გარევაჭრობის ტერიტორიის მოწყობის დარეგულირება.

წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტი და გთავაზობთ რამდენიმე შენიშვნასა და რეკომენდაციას:

  • აუცილებელია, რომ დადგენილებით განისაზღვროს იმ ქუჩებისა და ადგილების ჩამონათვალი, სადაც დასაშვები და აკრძალული იქნება გარევაჭრობა, ჩამონათვალი თან უნდა ერთვოდეს დადგენილებას დანართის სახით - აღნიშნული ჩამონათვალის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა დაინტერესებულ პირს წინასწარვე ჰქონდეს ინფორმაცია გარევაჭრობისთვის ნებადართული და აკრძალული ადგილების შესახებ;

  • დადგენილების პროექტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვარს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც უნდა წარადგინოს დაინტერესებულმა პირმა გარევაჭრობის ნებათვის მისაღებად, მათ შორის არის “განმარტებითი ბარათი”, თუმცა არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს “განმარტებითი ბარათი”. ვფიქრობ, რომ აუცილებელია დადგენილებას დანართის სახით თან დაერთოს “განმარტებითი ბარათის” ნიმუში;

  • ასევე უნდა დაზუსტდეს, თუ რა ვადაში გაიცემა ნებართვა გარევაჭრობაზე, ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ 10 დღიანი განხილვა გარევაჭრობის ნებართვის გასაცემად გონივრული პერიოდია - დადგენილების პროექტში კი რაიმე სახის ვადა არ არის განსაზღვრული, ასევე უნდა განისაზღვროს პროცედურები, თუ მუნიციპალიტეტმა 10 დღის ვადაში მოქალაქის მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი არ გასცა;

  • დადგენილების პროექტის განხილვისას საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ გარევაჭრობისათვის დაწესდება მოსაკრებელი - აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის დადგენილებაში ასახვა, ასევე დადგენილებაშივე უნდა დაზუსტდეს მოსაკრებლის მოცულობა და მისი გადახდის ვადები;

  • დადგენილების პროექტის თანახმად, “გარევაჭრობა დასაშვებია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ნებართვით”, მიგვაჩნია, რომ გარევაჭრობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, უპირველესად, შესწავლილ უნდა იქნეს ზუგდიდის მერიის “სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის” სამსახურის მიერ და შემდგომში გადაეცეს იგი მერს დასამტკიცებლად, რათა გარევაჭრობისათვის დაინტერესებული პირის მიერ მოსაწყობის ჯიხური თუ სხვა რაიმე ტიპის კონსტრუქცია შესაბამისობაში იყო ქალაქის იერ-სახესთან და ურბანულ გარემოსთან;

  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარემოვაჭრობის ნებართვის გაცემისას ნებართვის მიღების უპირატესი უფლება მიენიჭოთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე წლებია, ეწევიან გარევაჭრობას ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, რისთვისაც აუცილებელია დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედებმდე გარემოვაჭრე პირთა შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და დამუშავება.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში საკრებულოს დადგენილება “ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ” იქნება უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“