ENG

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა TNS-ს ეგზითპოლების საფასური არ გადაუხადოს

25 ოქტომბერი, 2016

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზითპოლის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების საბოლოო შედეგებს მნიშვნელოვნად აცდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა, სამ კერძო ტელეკომპანიასთან ერთად ატარებდა აღნიშნულ ეგზითპოლებს, ჩვენი კვლევის საგანს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს, როგორც მოქალაქეების მიერ დაფინანსებული ტელევიზია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგებით ქართულმა ოცნებამ პროპორციული სისტემით ხმების 53,8% დააგროვა (ცესკოს შედეგების მიხედვით 48.68%) ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 19,5% (ცესკოს შედეგების მიხედვით 27.11%). საზოგადოებრივ მაუწყებელსა და TNS-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზი მოწმობს, რომ მაუწყებელი არ აღმოჩნდა დაცული ეგზითპოლის შედეგების არჩევნების რეალურ შედეგებთან შეუსაბამობისგან.
შედეგების ცდომილებამ რისკის ქვეშ დააყენა მაუწყებლის სანდოობა და რეპუტაცია. აღნიშნული ცდომილების გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს შესრულებული სამუშაოსთვის თანხა გადაუხადოს ეგზითპოლების ჩამტარებელ კომპანიას, მაშინ როცა TNS-ს მიაჩნია, რომ მან კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. ამ მომენტისათვის კონტრაქტის სამართლებრივ მხარეს მაუწყებლის იურისტები სწავლობენ.  
მაუწყებელში მიაჩნდათ, რომ ეგზითპოლები, როგორც „შოუ,“ არჩევნების დღეს მაყურებელს მოიზიდავდა და არხს მაღალი სატელევიზიო რეიტინგი ექნებოდა. ნაცვლად ამისა, არჩევნების შემდგომი პერიოდის ანალიზმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგზითპოლების გაშუქებით მაყურებლის მოზიდვა ვერ შეძლო.

 

20:00-ზე, ეგზითპოლების გამოცხადებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 0,46%-ს შეადგენდა. ამ დროს, იგივე ეგზითპოლების მონაცემებით, რეიტინგის 10,6%-იანი მაჩვენებლით მედიასივრცეში ტელეკომპანია „იმედი“ ლიდერობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წამყვან ტელევიზიებს რეიტინგებში კონკურენციას ვერასოდეს უწევს. შესაბამისად, გაუგებარი იყო თუ რა არგუმენტებსა და ვარაუდებზე დაყრდნობით ჰქონდა მაუწყებლის მენეჯმენტს მოლოდინი, რომ ეგზითპოლები არჩევნების დღეს არხის რეიტინგს გაზრდიდა.
 

 

მაუწყებელმა არ გაიზიარა სამოქალაქო სექტორის შეთავაზება, რომ მას ორივე ეგზითპოლის მონაცემები გაეშუქებინა. სწორედ ასე მოიქცა ტელეკომპანია „პირველი“, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ოდნავ უფრო მაღალი რეიტინგი აჩვენა. შესაბამისად, ვერ შესრულდა ის მიზანი, რისთვისაც ეგზითპოლების მომსახურება იქნა შეძენილი. ამის საპირწონედ კი მაუწყებელი კიდევ ერთხელ დადგა პოლიტიკური აფილაციების რისკის წინაშე, რაც რეორგანიზაციის პროცესში მყოფი მაუწყებლის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება.

 

არჩვენების დასრულებიდან მალევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავდა, რომ ეგზითპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად აცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ TNS-მა ჯეროვნად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ამ მომენტისთვის მაუწყებელი არ აპირებს TNS-ს გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა 76,339 ევრო აუნაზღაუროს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ვინაიდან რეიტინგები ცენტრალური საარჩვენო კომისიის საბოლოო შედეგებს ასე მნიშვნელოვნად ასცდა, სადავოა, თუ რამდენად ჯეროვნად შეასრულა კომპანიამ მასზე დაკისრებული მოვალეობა. შესაბამისად, მაუწყებელი ამ მომენტისთვის ხელს არ აწერს მიღება-ჩაბარების აქტს.  

 

TNS-თან გაფორმებული კონტრაქტის სტანდარტული ვადების და პირობების 6.7 მუხლის თანახმად, „კომპანია იძლევა გარანტიას, რომ კვლევები (გამოკითხვები და სხვა სამუშაოები იქნება დადგენილი ისე, რომ შეესაბამებოდეს: A) კვლევები (გამოკითხვები) უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ მეცინერულ მეთოდოლოგიას, წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევა უზრუნველყოფს შედეგების 95% სანდოობას, ცდომილების მაჩვნებელი არაუმეტეს 2%. “

 

კონტრაქტში არსადაა საუბარი ეგზითპოლის შედეგების შესაბამისობაზე ცესკოს შედეგებთან. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ TNS-ის მხრიდან აღნიშნული 2% კონტრაქტის მოსამზადებელ პერიოდში განსაზღვრული იყო, როგორც ცესკოს საბოლოო მონაცემებთან შესაძლო ცდომილების მაჩვენებელი.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ მიმოწერაში კანტარ ჯგუფის (TNS-ს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია კანტარი ფლობს) უფროსმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში საუბარი არ არის ეგზითპოლის შედეგების არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან შესაბამისობაზე:

 

„ზემოთ მოყვანილი დებულებები დაკავშირებულია სანდოობის ინტერვალის სტატისტიკურ გამოთვლასთან, რომლის გათვალისწინებითაც უნდა გააანალიზდეს გამოკითხვის შედეგები. ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება კვლევის შესაბამისობას ოფიციალურ შედეგებთან. ეს სტანდატული განმარტებაა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარებული გამოკითხვებისას გამოიყენება.“  

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოსაქვეყნებლად დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით შეწონილი მონაცემები მიეწოდა და ეგზითპოლების ჩატარების პროცესი მთლიანად მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები კვლევითმა კომპანია „გორბმა“ შეასრულა, რომელიც თავად TNS-მა შეარჩია.

 

აღნიშნული პასუხიდან გამომდინარე გაურკვეველია, თუ რატომ ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს განსხვავებული წარმოდგენა აღნიშნულ 2%-იან ცდომილებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა რამდენიმე კვირით გადადო კონტრაქტზე ხელის მოწერა მისი დეტალურად შესწავლის მიზეზით.

 

ასევე ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე განიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიასთვის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების მიზეზით. ხელშეკრულების 10.1 მუხლში ნათლად წერია, რომ: „თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, კომპანიის პასუხისმგებლობა ნებისმიერ პრეტენზიის, მოთხოვნის, ზიანის, ხარჯების (მათ შორის იურიდიული ხარჯები) და სხვა სერვისებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ასევე ვადების დარღვევის შესახებ არის მკაცრად შეზღუდული და არ აღემატება 50 ათას ვეროს“ - შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს შესაძლებლობა სრულად შეინარჩუნოს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა.

 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კონტრაქტის 11.7 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობით და მხარეები უნდა დაემორჩილონ ინგლისის სასამართლო იურისდიქციას. მხარეთა შორის ნებისმიერი დავა გადაწყვეტილი უნდა იყოს ინგლისის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, თუ საქმე სამართლებრივ დავამდე მივიდა, მაუწყებელს დავა დიდ ბრიტანეთში მოუწევს, რაც, სავარაუდოდ, დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არაერთხელ მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს თავი შეეკავებინა სხვა სამ კერძო ტელეკომპანიასთან: „იმედთან“, „მაესტროსთან“ და GDS-თან ერთად ეგზითპოლების ჩატარებისგან, რათა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო მაუწყებლის სანდოობის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების ნაწილისათვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს ნაწილისთვის კომპანიის რეპუტაცია და მასთან ურთიერთობის გამოცდილება მისთვის ეგზითპოლის დაკვეთის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო.  

 
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“