საზოგადოებრივი საკუთრებიდან პოლიტიკოსის საკუთრებაში: ერთი ნაკვეთის ისტორია კუს ტბის გზაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი საკუთრებიდან პოლიტიკოსის საკუთრებაში: ერთი ნაკვეთის ისტორია კუს ტბის გზაზე

01 აგვისტო, 2013

უკანასკნელ დღეებში საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიიპყრო რესტორნის დაგეგმილმა მშენებლობამ თბილისის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ კუს ტბისკენ მიმავალ გზაზე. ამ ადგილს თბილისის მცხოვრებლები ხშირად იყენებენ დასასვენებლად, სავარჯიშოდ და ბავშვებთან ერთად სასეირნოდ.

მიწის ეს ნაკვეთი ლანშაფტურ-სარეკრეაციო ზონის შუაგულში მდებარეობს. არსებული კანონმდებლობით, ეს ზონა წარმოადგენს „თბილისის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას“ და იქ აკრძალულია პრაქტიკულად ნებისმიერი სახის მშენებლობა (გარდა უშუალოდ ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურისა). თუმცა, თავად ამ ნაკვეთს ამჟამად აქვს სტატუსი „სარეკრეაციო ზონა (რზ-3)“. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისგან განსხვავებით, რზ-3 ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა მერიის თანხმობით. ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როდის მიენიჭა ან ნაკვეთს გარშემო ტერიტორიისგან განსხვავებული სტატუსი, თუმცა სავარაუდოდ ეს 2009 წელს ან შემდგომ წლებში მოხდა.

ნაკვეთის პრივატიზება თავდაპირველად 2000 წლის ივნისში განხორციელდა ქ.თბილისის პრემიერის განკარგულების საფუძველზე და ის შპს „არმლენდერ ასოშიეიტსს“ გადაეცა, რომლის მფლობელი ოფშორულ ზონაში (ვირჯინიის კუნძულებზე) დარეგისტრირებული იმავე სახელწოდების კომპანიაა. 2011 წლის მაისში ნაკვეთი სახელმწიფოს დაუბრუნდა და მისი მესაკუთრე თბილისის თვითმმართველი ერთეული გახდა.

თუმცა, 2011 წლის ივნისის ბოლოს, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე ახალი მიწის ნაკვეთი შეექმნა და აუქციონზე გაეტანა. აუქციონის პირობებში ჩაიწერა, რომ მყიდველს ნაკვეთზე უნდა აეშენებინა ორსართულიანი რესტორანი საბანკეტო-საკონცერტო დარბაზით.

გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნია თბილისის მერიამ 2011 წლის ივნისში საჭიროდ ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანა, თანაც იქ კონკრეტულად რესტორნისა და საბანკეტო-საკონცერტო დარბაზის აშენების პირობით. ჩნდება ეჭვი, რომ მთელი პროცესი კონკრეტული კერძო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე წარიმართა.

2011 წლის 19 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე ტერიტორია შპს „ოტიუმმა“ შეიძინა 650 000 ლარად. „ოტიუმის“ მფლობელი  აუქციონის ჩატარების პერიოდში სააქციო საზოგადოება სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი ემ|გრუპ იყო. თავის მხრივ, ემ|გრუპ-ის თანამფლობელია არჩილ გეგენავა, რომელიც აუქციონის ჩატარების პერიოდში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“. მომდევნო პერიოდში, „ოტიუმის“ მფლობელი ჯერ შპს „ჰოლდინგ.ჯი“ გახდა (რომელიც არჩილ გეგენავას ძმა ანდრო გეგენავას ეკუთვნოდა), ხოლო შემდეგ სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია EASTWEST HOLDING LTD.

2013 წლის დასაწყისში ეს ტერიტორია კიდევ ერთხელ გაიყიდა და ამჯერად ის შპს „კოლორიტმა“ შეიძინა, თუმცა ამ უკანასკნელის თანამფლობელი ასევე ემ|გრუპ-ია. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „კოლორიტის“ მფლობელებს შორისაა არჩილ გეგენავას ძმა, ანდრო გეგენავაც.

საბოლოო ჯამში, სახეზეა სიტუაცია, როდესაც ქალაქის მერიამ გაურკვეველი მიზეზით, სათანადო დასაბუთებისა და საჯარო განხილვის გარეშე გაასხვისა საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული დაცული ტერიტორიის ერთი ნაწილი. დამატებით ეჭვებს წარმოშობს ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი საბოლოო ბენეფიციარი პარლამენტის წევრი იყო იმჟამინდელი მმართველი პარტიიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერია ქალაქის სარეკრეაციო ზონების მომავლის შესახებ მნიშვნელოვნად გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად და სათანადო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე იღებს, ხოლო გადაწყვეტილების ბენეფიციარი თანამდებობის პირია. მაგალითისთვის, 2011 წელს მერიამ მუშტაიდის პარკი 49-წლიანი იჯარით გადასცა კომპანია „ჯეო გოლდს“, რომელსაც სარეკრეაციო ზონების მენეჯმენტის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა და რომელიც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს ეკუთვნოდა.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მიზეზით გადაწყდა დაცულ ზონაში არსებული ტერიტორიის გასხვისება, რომელსაც თბილისის მოსახლეობა დასასვენებლად იყენებდა, ასევე რატომ იქნა მიჩნეული საჭიროდ ამ ტერიტორიაზე რესტორნის აშენება.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“