საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ

29 სექტემბერი, 2015

 

9 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს ყოფილმა წევრმა ნინო დანელიამ „რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ნეპოტიზმის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას ისაუბრა.  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან დასაქმებული, სხვა მედიასაშუალებებითაც გავრცელდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ამ პირების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით გიორგი ბარათაშვილი მაუწყებელზე 2005 წლიდან მუშაობს, 2012 წლის ბოლოს კი იგი გენერალურ დირექტორად აირჩიეს. თუმცა 2013 წლის განმავლობაში  სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილი ორჯერ – მარტსა და სექტემბერში გაათავისუფლა თანამდებობიდან.  საბოლოოდ, ბარათაშვილი თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბერში აღადგინეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური დირექტორის ოჯახის ოთხი წევრი ნამდვილად მაუწყებლის თანამშრომელია. გიორგი ბარათაშვილის მეუღლე ანა ნადირაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დილის გადაცემათა რედაქციის აღმასრულებელ პროდიუსერად 2013 წლის 23 სექტემბრიდან მუშაობს. ამ პერიოდში გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობას არ იკავებდა, რადგან სამეურვეო საბჭომ მას უნდობლობა 6 სექტემბერს გამოუცხადა. გიორგი ბარათაშვილის მიერ 2015 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის მეუღლეს ანაზღაურების სახით 2014 წლის განმავლობაში 30,000 ლარი აქვს მიღებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ საუბრისას გიორგი ბარათაშვილი განმარტავს, რომ მისი მეუღლე ანა ნადირაძე წლების განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თუმცა მას შემდეგ, რაც გიორგი ბარათაშვილი დირექტორად დაინიშნა, ანა ნადირაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2013 წლის სექტემბერში, როდესაც გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვე საბჭომ მეორედ გაათავისუფლა თანამდებობიდან, ანა ნადირაძემ მიიღო შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლისგან და დაბრუნდა ტელეკომპანიაში. მას შემდეგ, რაც გიორგი ბარათაშვილი დირექტორის პოსტზე აღადგინეს, ანა ნადირაძის საკითხი თავიდან არ განხილულა.

2012 წლის ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია მიხეილ ნადირაძე, რომელიც მედიაში გავრცელებული ცნობებით, ანა ნადირაძის ძმაა. საარჩევნო სიის მიხედვით, ანა ნადირაძე და მიხეილ ნადირაძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებული, რაც მათ ნათესაურ კავშირზე მიუთითებს. მიხეილ ნადირაძის დანიშვნის პერიოდში გიორგი ბარათაშვილი მაუწყებლის ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. 2013 წლის ივნისში, როცა ბარათაშვილი გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას ასრულებდა, ნადირაძე ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

გიორგი ბარათაშვილის განმარტებით, მიხეილ ნადირაძე 2013 წლამდეც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი იყო და ქუთაისში საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ ჯგუფში მუშაობდა. მიხეილ ნადირაძე ახალ პოზიციაზე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ძველი პოზიცია ქუთაისში გაუქმდა.

სალომე სონიშვილი, რომელიც მედიაში გიორგი ბარათაშვილის დისშვილად იყო მოხსენიებული, საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი 2009 წლიდანაა. ამ დროს გიორგი ბარათაშვილი ტექნიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

სალომე სონიშვილის მეუღლე, კახაბერ სონიშვილი კი მაუწყებელზე 2013 წლიდან მუშაობს. 2013 წლის მარტში სონიშვილი ფინანსების დარგში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. უშუალოდ ამ დროს ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სონიშვილის კანდიდატურა საკუთარ მოადგილედ თავად გიორგი ბარათაშვილმა შეარჩია - „კახა სონიშვილი მოვიყვანე ტელევიზიაში როგორც კი დამნიშნეს, მაშინვე. ეს ადამიანი მუშაობდა კონტროლის პალატაში და მე მას არ ვიცნობდი. დავიწყეთ მოკვლევა და ბევრი კარგი რეკომენდაციის გამო არჩევანი კახა სონიშვილზე შევაჩერეთ,“ – განმარტავს ბარათაშვილი. 2015 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სონიშვილის მთელი წლის ანაზღაურება 44,160 ლარია, მისი მეუღლის კი 12,048 ლარი. 2014 წელს სონიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში მეუღლე მითითებული არ ჰყავს, რაც მიანიშნებს, რომ ამ პერიოდისათვის (2014 წლის ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის მდგომარეობას ასახავს) ისინი არ იყვნენ დაქორწინებული. გიორგი ბარათაშვილის განმარტებით მისი მოადგილე კახა სონიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებველზე მუშაობის დაწყებამდე მის დის შვილს არ იცნობდა.

„ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია ტელევიზიაში მუშაობენ. მე ტელევიზიაში დავინიშნე 2012 წლის ბოლოს, დეკემბერში. ამ ადამიანებს აქვთ ტელევიზიაში მუშაობის თავისი ისტორია. რა უნდა გამეკეთებინა მე რომ მოვედი - უნდა გამეშვა ეს ადამიანები სამსახურიდან? რის საფუძველზე უნდა გამეშვა? შეიძლება რაღაც უხერხულობა არის, მაგრამ არანაირი კანონი ამას არ ზღუდავს და ნეპოტიზმი, ჩემი გაგებით, არის ის, რომ მოვსულიყავი ტელევიზიაში და მომეყვანა ჩემი ნათესავები და დამესაქმებინა. მე ეს არ გამიკეთებია, ეს ადამიანები აქ მუშაობდნენ და მე რომ დირექტორად დავინიშნე, ეს არ არის მათი პრობლემა. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მორალური პრობლემა და ეს პრობლემა მხოლოდ ჩემი პრობლემაა, ეს ადამიანები პროფესიას ვერ დაკარგავენ,“– აცხადებს გიორგი ბარათაშვილი და განმარტავს, რომ მან ოფიციალურად მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, რათა საბჭომ განიხილოს აღნიშნული საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კითხვაზე იყო თუ არა გამოცხადებული ყველა აღნიშნულ პოზიციაზე ღია კონკურსი, გიორგი ბარათაშვილი განმარტავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი არ ავალდებულებს ვაკანტურ პოზიციებზე ღია კონკურსის გამოცხადებას. მისივე განცხადებით ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მაუწყებელი უპირატესობას ანიჭებს შიდა კადრებს და ღია კონკურსს აცხადებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მაუწყებლის შიგნით ვერ ხერხდება შესაბამისი კადრის მოძებნა.

2013 წლიდან საინფორმაციო სამსახურის წამყვანია ვასილ ივანოვი, რომელიც მეორე არხის გენერალური პროდიუსერის დოდო შონავას შვილია. (დოდო შონავა მაუწყებელზე 2009 წლიდან მუშაობს.) 2011 წლიდან მეორე არხის ტექნიკურ პროდუსერად მუშაობს რუსუდან ივანოვი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, ვასილ ივანოვის დაა (საარჩევნო სიის მიხედვით, ისინი ერთ მისმართზე არიან რეგისტრირებული). ვასილ ივანოვის მეუღლე, მაია ბოკერია მაუწყებლის თანამშრომელი 2010 წლიდანაა, 2015 წლის ივლისიდან კი ის მეორე არხის პროდიუსერია. გიორგი ბარათაშვილის განმარტებით, ვასილ ივანოვი უშუალოდ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გახდა პირველი არხის წამყვანი და დოდო შონავას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. დოდო შონავას განმარტებით მაია ბოკერია და მისი შვილი ერთმანეთს არ იცნობდნენ მაშინ, როდესაც ბოკერიამ მეორე არხზე მუშაობა დაიწყო. ხოლო დოდო შონავას შვილი რუსუდან ივანოვი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია 2002 წლიდან. ის თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში მუშაობდა და შემდეგ მეორე არხის ტექნიკურ პროდიუსერად გააგრძელა მუშაობა.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან, ასევე მეორე არხის პროდიუსერთან ჩატარებული ინტერვიუების გათვალისწინებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თვლის, რომ ბუნდოვანი და არათანმიმდევრულია მაუწყებელზე დასაქმების პოლიტიკის პრინციპები. მომავალში საზოგადოებრივ მაუწყებელზე შესაძლო ნეპოტიზმის ფაქტების გამოსარიცხად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომლების ღია კონკურსის წესით შერჩევის პრაქტიკის დამკვიდრება. ბუნებრივია, ღია კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ როგორც მაუწყებელზე უკვე დასაქმებულ, ასევე გარეშე პირებს. შედეგად, მაუწყებლის დასაქმების პრინციპები იქნება უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი, რაც, ერთი მხრივ, გაზრდის მაუწყებლის, როგორც დამსაქმებლის მიმართ ინტერესს და, მეორე მხრივ, დადებითად აისახება მაუწყებლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პროცესების გამჭვირვალეობაზე პასუხისმგებლობა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსაც ეკისრება. კონტექსტის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია სამეურვეო საბჭომ დროული რეაგირება მოახდინოს გენერალური დირექტორის მიმართვაზე და საკუთარი გადაწყვეტილება მყისიერად გაასაჯაროვოს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“