ENG

საზოგადოებრივი მაუწყებლების საბჭოები − საერთაშორისო გამოცდილება

04 აპრილი, 2013

პარლამენტში ამჟამად განიხილება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთლიანად დათხოვნა და მისი ახალი წესის შესაბამისად, შემცირებული 9 კაციანი საბჭოთი ჩანაცვლება მოხდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უკვე გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ არ უნდა მოხდეს საბჭოს დაშლის პრეცედენტის დაშვება და არჩევანი ეტაპობრივ გარდაქმნაზე გაკეთდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეების დანიშვნის წესთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით უნივერსალური საერთაშორისო გამოცდილება არ არსებობს. საბჭოს წევრების დანიშვნის, შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ წესები მეტწილად დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე, სამოქალაქო სექტორის სტრუქტურაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაზე და ქვეყნის დემოკრატიულ კულტურაზე.

თუმცა არსებობს გარკვეული ღირებულებები, რომლებსაც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა უნდა ემყარებოდეს: მაუწყებელი უნდა წარმოადგენდეს მოქალაქეების, ანუ მისი დამფინანსებლების ინტერესებს, შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს გარკვეული პირდაპირი თუ არაპირდაპირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია ესაჭიროება. ამას გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური ჩარევისაგან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორემირებისას თითოეული ეს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპი იქნას გათვალისწინებული.

ამ ბლოგპოსტში წარმოდგენილია საბჭოების ფორმირების მოდელები ევროპის ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ძლიერ ინსტიტუტებს წარმოადგენენ.

დიდი ბრიტანეთი

BBC Trust BBC-ის მიერ საჯარო თანხების ხარჯვას უწევს ზედამხედველობას და საზოგადოების ინტერესებს იცავს. Trust-ის 12 წევრს, რომლებიც, თავის მხრივ, აღმასრულებელ საბჭოს ნიშნავენ, დედოფალი 5 წლის ვადით ირჩევს. BBC-ის სამეურვეო საბჭო ცალკე სტრუქტურაა.

გერმანია

გერმანიაში 9 რეგიონული და ორი ეროვნული მაუწყებელია (ARD, ZDF).

  • თითოეულ მაუწყებელს ხუთი პირისგან შემდგარი სამეურვეო საბჭო ჰყავს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, რეგიონული პარლამენტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება.

  • საბჭოები ნიშნავენ გენერალურ დირექტორს და თანამშრომლობენ მასთან. ისინი  ასევე ნიშნავენ ადმინისტრაციულ საბჭოებს, რომლებიც მაუწყებლების ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებენ.

ირლანდია

RTE-ს სამეურვეო საბჭო 12 წევრისგან შედგება, რომლებსაც 5 წლით ნიშნავენ. როტაციის პრინციპი მიღებული არ არის. საბჭოს 6 წევრს კომუნიკაციების მინისტრი ნიშნავს, 4 წევრს კომუნიკაციების საპარლამენტო კომისია, 1 წევრს მაუწყებლის თანამშრომლები ირჩევენ, ერთს კი გენერალური დირექტორი, რომელსაც, თავის მხრივ, საბჭო ნიშნავს.

  • RTE-ს აღმასრულებელი საბჭო 6 წევრისგან შედგება და ისინი მაუწყებლის მენეჯმენტს წარმოადგენენ. მათ შორისაა გენერალური დირექტორიც.

ავსტრია

ORF-ს სამეურვეო საბჭო 35 წევრისგან შედგება:

  • 6 წევრს მთავრობა საპარლამენტო პარტიების მიერ ნომინირებული კანდიდატებიდან ირჩევს. თითოეულ პარტიას მინიმუმ ერთი წევრის წარდგენის უფლება აქვს, თუმცა წევრების ოდენობა პარლამენტში პარტიის სიდიდის პროპორციულია.

  • 9 წევრს რეგიონული მთავრობები ნიშნავს. თითო რეგიონი ერთ წევრს ირჩევს.

  • 9 წევრს ცენტრალური მთავრობა ნიშნავს.

  • 6 წევრს მაყურებელთა საბჭო ირჩევს, რომელშიც სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები შედიან.

  • 5 წევრს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ირჩევენ. საბჭო გენერალურ დირექტორს უმრავლესობით ირჩევს.

დანია

DK-ს აღმასრულებელი საბჭო 11 წევრისგან შედგება, რომლებსაც 4 წლის ვადით ირჩევენ. აქედან 3 წევრს კულტურის სამინისტრო ნიშნავს (მათ შორის თავმჯდომარესაც), 4 წევრს პარლამენტი (წევრების ოდენობა პარლამენტში პარტიის სიდიდის პროპორციულია), დარჩენილ 2 წევრს კი თავად მაუწყებლის თანამშრომლები.

ფინეთი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციული საბჭო 21 წევრისგან შედგება და მათ პარლამენტი ირჩევს (პარტიათა სიდიდის პროპორციულად). კიდევ ორ წევრს მაუწყებლის თანამშრომლები თავად ირჩევენ.

  • ადმინისტრაციული საბჭო დირექტორთა საბჭოს ირჩევს, რომლებიც 5-8 წევრისგან შედგება. ისინი არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული საბჭოს წევრები ან მაუწყებლის თანამშრომლები. დირექტორთა საბჭო დირექტორს ნიშნავს და ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს. როგორც დირექტორთა საბჭოს, ისე ადმინისტრაციული საბჭოს წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები არიან.

ნორვეგია

ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო 9 წევრისგან შედგება. 6 წევრს კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად ირჩევს, 3 წევრს კი მაუწყებლის თანამშრომლები ორი წლის ვადით ირჩევენ. საბჭო გენერალურ დირექტორს 6 წლის ვადით ნიშნავს.

წყროები: როდნი ბენსონი, მეთიუ ფაუერსი: „საზოგადოებრივი მედია და პოლიტიკური დამოუკიდებლობა: გაკვეთილები მსოფლიო ჟურნალისტიკის მომავლისათვის“ (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი); ეროვნული კანონმდებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლების ვებ-საიტები.

სასარგებლო ბმულები

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“
Media