ENG

საზოგადოებრივი მაუწყებელი - სასამართლო განხილვების ფონზე კრიზისი მწვავდება

11 მარტი, 2014

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების სარჩელი. ამასთან, სასამართლომ დროებით შეაჩერა კანონის იმ ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც ახალი საბჭო საქმიანობას შვიდი წევრის დანიშვნის შემდეგ უნდა შეუდგეს (საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, მე-2 მუხლი, მე-3 პარაგრაფი, 2013 წლის 12 ივლისი).

გასული წლის ნოემბერში პარლამენტმა ახალი სამეურვეო საბჭოს შერჩევა დაიწყო, რის შედეგადაც ძველი საბჭოს უფლებამოსილება მისი წევრების ვადის გასვლამდე შეწყდა. სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრები ამტკიცებენ, რომ ძველი საბჭოს დაშლით და ახალი საბჭოს წევრების შერჩევით დაირღვა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება დაიკავონ თანამდებობდა საჯარო სამსახურში. („მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს თანამდებობა საჯარო სამსახურში, თუ ის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს," 29-ე მუხლი).

მეტიც, თებერვლის ბოლოს  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა  დეკემბერში ჩატარებული შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გასულმა რვა პირმა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში ცხრა ადგილის ნაცვლად მხოლოდ ოთხი შეივსო, რადგან პარლამენტმა დანარჩენ ვაკანტურ ადგილებზე სათანადო კანდიდატების შერჩევა და დამტკიცება ვერ მოახერხა. პროცესი პარტიული და იდეოლოგიური ინტერესების შეუჯერებლობის გამო ჩაიშალა; მოსარჩელეთა მტკიცებით, პარლამენტის წევრებმა - უმრავლესობაში მყოფი „კოალიცია ქართული ოცნების” წამომადგენლებმა  და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა (ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სარჩელში ნახსენებმა ერთადერთმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ) - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი  დაარღვიეს, რადგან კანონით გათვალისწინებული კვოტები არ გამოიყენეს.

ის ფაქტი, რომ სასამართლომ საქმე წარმოებაში მიღო პარლამენტის წევრების წინააღმდეგ - და არა პარლამენტის, როგორც ორგანოს, წინააღმდეგ, - საქართველოში ახალ პრეცედენტს ქმნის. საქმეში კონკრეტული პარლამენტარების სახელები ფიგურირებს, თუმცა ადმინისტრაციული საქმეები, როგორც წესი, მხოლოდ იმ სახელმწიფო/მმართველობის ორგანოების წინააღმდეგ შეიძლება მიმდინარეობდეს, რომლებიც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას იღებენ და არა ამ ორგანოს ცალკეული წევრების წინააღმდეგ. გარდა ამისა, პარლამენტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს.

ამ ორმა სასამართლო საქმემ კიდევ უფრო  გაურკვეველი გახადა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პროცესი, რომელიც ისედაც წარუმატებელი იყო.

პარლამენტს ჯერაც შესარჩევი ჰყავს კანდიდატები სამეურვეო საბჭოს დარჩენილ  ხუთ ვაკანტურ ადგილზე, მაგრამ  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (კანონის მოქმედება შეიძლება შეწყდეს მაქსიმუმ  45 დღის ვადით, ხოლო თუ ამ დროისათვის სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი არ იქნება, კანონი ისევ ამოქმედდება) ახალი საბჭოს ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არასაკმარისი კვორუმის გამო 2013 წლის სექტემბრიდან უმოქმედოა. მას სჭირდება წევრთა სულ მცირე ორი მესამედი, რომ შეძლოს, კენჭი უყაროს და დაამტკიცოს ძირითადი გადაწყვეტილებები. სამეურვეო საბჭოს არარსებობის პირობებში კი საზოგადოებრივი მაუწყებელი მის წინაშე არსებულ ფინანსურ პრობლემებსა და პროგრამებთან დაკავშირებულ სირთულეებს ვერაგვარებს; მაუწყებელი ვერ ამტკიცებს  ახლადშექმნილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებსა და ბიუჯეტს, რის შედეგადაც, ყოფილი რეგიონული სახელმწიფო ტელევიზიის რეფორმა ჩიხშია შესული.

როგორ ირჩევენ სამეურვეო საბჭოს წევრებს:

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კანიდატების შესარჩევ ღია კონკურსს და ნიშნავს დამოუკიდებელ შესარჩევ კომისიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგება. კომისია საჯარო განხილვის შედეგად ადგენს კანდიდატთა შეჯერებულ სიას. აღნიშნული სიიდან შემდეგი სუბიექტები თავიანთ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენენ:

შეჯერებული სიიდან პარლამენტი სამეურვეო საბჭოს წევრებს უმრავლესობით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეაგროვებს, სუბიექტები კანდიდატებს პარლამენტში კიდევ ერთხელ წარადგენენ. ამ შემთხვევაში კენჭისყრის მინიმალური ბარიერი დეპუტატთა ხმების ერთ მესამედია. განმეორებით წარუმატებლობის შემთხვევაში კი ახალი კონკურსი ცხადდება.

საპარლამენტო კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა

2013 წლის ნოემბრის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ცვლილება კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, რამაც სამეურვეო საბჭოს დათხოვნა და ახალი წევრების დანიშვნის პროცესი დააჩქარა; ახალი კანდიდატების დანიშვნა 2014 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა (2013 წლის ზაფხულში კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად) და ამით საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული კრიზისი უნდა დასრულებულიყო.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად 27 ნოემბერს ღია კონკურსი გამოაცხადა და ცხრა წევრისაგან შემდგარი შესარჩევი კომისია დაამტკიცა, რომელიც მედიის სფეროს, სამოქალაქო სექტორისა და  სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისაგან იყო დაკომპლექტებული.

კანდიდატთა შეჯერებული სია კომისიამ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის წარადგინა პრეტენდენტთა დოკუმენტაციის განხილვისა და მათთან ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხით პირდაპირ ეთერში გადაიცა. კანდიდატებმა სატელევიზიო დებატებშიც მიიღეს მონაწილეობა. კომისიამ პროცესი გამჭვირვალედ ჩაატარა და 22 დეკემბერს პარლამენტს 27 კანდიდატისაგან შემდგარი სია (თითოეულ ადგილზე 3-3 კანდიდატი) წარუდგინა.

„ქართული ოცნების” წევრმა რამდენიმე დეპუტატმა კონკურსის ვადის გახანგრძლივება  ითხოვა. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ საზოგადოება კონკურსის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ იყო, რის გამოც ზოგიერთმა ღირსეულმა კანდიდატმა განაცხადის შეტანა ვერ შეძლო. მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა უკმაყოფილება გამოხატა კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატის თაობაზე.

პარლამენტმა ვერ მოახერხა სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობით არჩევა

მას შემდეგ, რაც შესარჩევმა კომისიამ მუშაობა დაასრულა, ჯერი უკვე უფლებამოსილ სუბიექტებზე მიდგა, რომლებსაც,  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად,  კენჭისყრისთვის საკუთარი კანდიდატურები უნდა დაესახელებინათ.

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინეს - ნათელა სახოკია (მაშინ, როცა მათ სამი კანდიდატი უნდა შეერჩიათ - კოალიციამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი 27-კაციანი სიიდან შესაფერისი კანდიდატი ვერ აირჩია);

  • „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ნინია კაკაბაძისა და ქეთევან მსხილაძის კანდიდატურები დაასახელეს. მესამე კანდიდატი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატების ფრაქციის წევრ ან ფრაქციის გარეშე  მყოფ სხვა დეპუტატებს უნდა დაესახელებინათ, მაგრამ მათ კანდიდატი ვერ შეარჩიეს;

  • სახალხო დამცველმა მარინა მუსხელიშვილისა და ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურები წარადგინა;

  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძის კანდიდატურა შეარჩია.

შერჩევის პროცესის შემდგომ პარლამენტმა 27 დეკემბერს კენჭი უყარა ექვს შერჩეულ კანდიდატს, მაგრამ კენჭისყრის შედეგად მხოლოდ სამი მათგანის დამტკიცება მოხერხდა. ესენია:

  • ჟურნალ ტაბულას ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი ქეთევან მსხილაძე;

  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინა მუსხელიშვილი;  

  • საინფორმაციო ტექნოლოგიათა ექსპერტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნათელა სახოკია.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხვა კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ფართო საზოგადოება მათ არ იცნობდა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი (26-ე მუხლი) ადგენს პირობას, რომლის თანახმადაც თითოეული სუბიექტი მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად წარადგენს კანდიდატებს. კანონში არ წერია, რომ სუბიექტები „ვალდებულნი არიან“,  კანდიდატები წარადგინონ. მასში არც ის შემთხვევაა განხილული, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც სუბიექტები კანდიდატებს არ წარადგენენ. შესაბამისად ინტერპრეტაციისა და დავის საგნად რჩება, კანდიდატების წარდგენა ვალდებულებაა, თუ არჩევანის საკითხი.

პირველი კენჭისყრის შემთხვევაში კანდიდატის დასამტკიცებლად სხდომაზე დამსწრე დეპუტატების უმრავლესობაა საჭირო (76 ხმა), ხოლო მეორე ტურში -  სხდომაზე დამსწრე დეპუტატების სულ მცირე ერთი მესამედი (50 ხმა).

კანდიდატი
სუბიექტი
პირველი
კენჭისყრა
მომხრე
მეორე
კენჭისყრა
მომხრე
წინააღმდეგი წინააღმდეგი
ნათელა
სახოკია
ქართული
ოცნება
გაიარა
83
-
 
3  
ნინია კაკაბაძე
ნაციონალური
მოძრაობა
ვერ გაიარა
29
ვერ გაიარა
44
5 45
ქეთევან
მსხილაძე
ნაციონალური
მოძრაობა
გაიარა
99
-
 
0  
ჯანა
ჯავახიშვილი
ნაციონალური
მოძრაობა
-
-
მოიხსნა
კენჭისყრიდან
 
-  
მარინა
მუსხელიშვილი
სახალხო
დამცველი
გაიარა
82
-
 
17  
ლელა
გაფრინდაშვილი
სახალხო
დამცველი
ვერ გაიარა
18
გაიარა
117
8 0
გენო გელაძე
აჭარის
უმაღლესი
საბჭო
ვერ გაიარა
29
ვერ გაიარა
44
3 34

რეაქცია კენჭისყრის შედეგებზე

პარლამენტის უუნარობას, აერჩია სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობა,  კრიტიკის ტალღა მოჰყვა. შესარჩევი კომისიის წევრები უმრავლესობასა და სხვა დეპუტატებს გაააკრიტიკეს იმის გამო, რომ თავიდანვე არ წარადგინეს ყველა კანდიდატი მათთვის დადგენილი კვოტების შესაბამისად. კომისიის წევრმა ზვიად ქორიძემ განაცხადა,  რომ წარუმატებელი პროექტის მიღმა, სავარაუდოდ, პარტიათა  პოლიტიკური ინტერესები იდგა და რომ მხარეებს გაუჭირდათ ისეთი კანდიდატების შერჩევა, ვისზეც პოლიტიკური გავლენის მოხდენას შეძლებდნენ.

მეორე კენჭისყრა

23 იანვარს პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნ კანდიდატებს. პლენარულ სხდომაზე იგივე კანდიდატები წარადგინეს: ნინია კაკაბაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან), გენო გელაძე (აჭარის უმაღლესი საბჭოდან) და ლელა გაფრინდაშვილი (სახალხო დამცველისაგან). ამჯერად მხოლოდ ლელა გაფრინდაშვილმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი) მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა („ქართული ოცნების” დეპუტატებმა წინასწარ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ გაფრინდაშვილის კანდიდატურას).

კიდევ ერთი კანდიდატი - დარეჯან (ჯანა) ჯავახიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან) კენჭისყრიდან მოხსნეს, რადგან, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განმარტა, მისი კანდიდატურა სამართლებრივი პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი პარლამენტის წინაშე. ქმედითუნარიანი საბჭოს  არჩევა ვერც განმეორებითი კენჭისყრის შედეგად მოხერხდა,  რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა კრიტიკა. არშემდგარი პროცესის გამო იმედგაცრუება გამოხატა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა საქართველოში დუნია მიატოვიჩმაც.

უსასრულო რეფორმა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის დაარსების დღიდან (2005 წელი) პოლიტიკური ასპარეზია და გამონაკლისს არც აღნიშნული კონკურსი წარმოადგენდა  - კონკურსი წარიმართა დაპირისპირებისა და ბრალდებების ფონზე, რომ პარტიები მეურვეთა კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისი გრძელდება, რის შედეგადაც მაუწყებელი ვერ ახერხებს მასზე დაკისრებული საზოგადოებრივი მისიის შესრულებას. ეს აკნინებს მაუწყებლის ღირებულებას, მის მნიშვნელობას და ეჭვქვეშ აყნებს მის ლეგიტიმურობას საზოგადოების თვალში. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ სამ კერძო ტელეარხზე - „რუსთავი 2-ზე“, „იმედზე“ და „მაესტროზე“ გამავალი ახალი ამბები და ტოქ-შოუები უფრო პოპულარულია, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის გადაცემები.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
Media