საზოგადოებრივი მაუწყებელი – პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი მაუწყებელი – პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი

05 მარტი, 2013

საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ პოლიტიკური თამაშების მსხვერპლია. ორშაბათს სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გაათავისუფლა, რომელიც ამ თანამდებობაზე სულ რაღაც ორი თვის წინ, დეკემბერში დაინიშნა.

4 მარტს სამეურვეო საბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იგი „დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის მცდელობად იქნას ინტერპრეტირებული.“ თუმცა, ბარათაშვილის გათავისუფლება, სავარაუდოდ, სწორედ მის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას უკავშირდება. პარასკევს ბარათაშვილმა თანამდებობიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი გაათავისუფლა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სასარგებლო საინფორმაციო პოლიტიკის წარმოებაში.

გათავისუფლების შემდეგ ბერძენიშვილმა ბარათაშვილი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მას ფული შესთავაზა და სანაცვლოდ მოსთხოვა მთავრობისადმი კრიტიკული სიუჟეტები აღარ მოემზადებინა. შესაბამისად, ბერძენიშვილის აზრით, მისი  გათავისუფლება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. თუმცა მან აღნიშნა, რომ პოზიციას არ დათმობდა და საკითხის განხილვის მოთხოვნით მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართა.

საქმეში სამეურვეო საბჭო ჩაერთო, გენერალურ დირექტორს უნდობლობა გამოუცხადა და იგი სამსახურიდანაც გაათავისუფლა, რასაც, ცნობისათვის, საბჭოს წევრების ორი მესამედის მხარდაჭერა ესაჭიროება. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წევრებმა, კანონის მოთხოვნის თანახმად, ორივე მხარეს მოუსმინეს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისა და რეპუტაციის შელახვისაგან დაცვას ემსახურებოდა და ამ გზით საბჭო თავისი ვალდებულების შესრულებას ცდილობდა. გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ ბერძენიშვილთან დაკავშირებული საჯარო განხილვები „ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას.“ თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამეურვე საბჭოს წევრების უმრავლესობას ხშირად აღიქვამენ როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ცალსახად აქვს პოლიტიკური სარჩული.

ბარათაშვილმა, რომელიც გათავისუფლების ჟამს მონტენეგროში იმყოფებოდა, საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება მის საკადრო გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საბჭოდან არავინ დაკავშირებია, ხოლო გათავისუფლების შესახებ მეგობრებისა და ახლობლებისგან შეიტყო. ბარათაშვილი თანამდებობიდან დათხოვნის გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ამგვარი პოლიტიკური თამაშების შემდეგ ცხადი ხდება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სასიცოცხლოდ ესაჭიროება კარგი ხელმძღვანელობა (სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი). ხელმძღვანელობა ძლიერი, მაღალპროფესიული და დამოუკიდებელი მაუწყებლის შექმნისთვის თავდაუზოგავად უნდა მუშაობდეს და საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეის ერთგული უნდა იყოს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ამჟამად არ აქვს განსაზღვრული თავისი მისია და ვერ აღიქვამს თავის როლს საზოგადოებაში.  

თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოება პოლარიზებულია, ხოლო მედიაბაზარზე რამდენიმე მსხვილი კერძო ტელეკომპანია დომინირებს, რომელთა მფლობელების ნაწილს, შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესები ჰქონდეთ, ცხადი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს, რაც მხოლოდ პოლიტიკისგან გამიჯნული, საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომის პირობებში  გახდება შესაძლებელი. ამასთან, საკუთარი მისიის უკეთ განსახორციელების მიზნით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სერიოზული ძალისხმევა უნდა გასწიოს იმ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც არასწორი მენეჯმენტის წყალობით წლების მანძილზე დაუგროვდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე გამოაცხადა კონკურსი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე (განაცხადების მიღების ვადა 14 მარტს იწურება). საზოგადოებრივი მაუწყებლის სწორი მიმართულებით წაყვანა ძალიან რთული ამოცანა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი პოლიტიკური ჩარევის გარეშე წარიმართოს და ამ უკიდურესად რთული დავალების შესრულება პროტეჟეებისა და განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისადმი ლოიალურად განწყობილი პირების ნაცვლად, საჭირო უნარებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატს დაევალოს.


 

--- პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.-ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: მათიას ჰუტერი
Media