ENG

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობა 9 კონკურსანტს სურს

27 მაისი, 2019

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დირექტორის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას 9 ადამიანი იღებს. ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2019 წლის აპრილში მოქმედი დირექტორი, ნათია კაპანაძე, მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.

კაპანაძე დირექტორად 2016 წელს აირჩიეს და ვადის ამოწურვამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. მისი დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზია არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა, როგორც მიუკერძოებელი და მზარდი ორგანიზაცია.

მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ კაპანაძის სადავო არგუმენტებით გადაყენება არასამთავრობო სექტორის მხრიდან მკვეთრად ნეგატიური შეფასების საგანი გახდა.

ნათია კაპანაძე ამ ეტაპზე სასამართლოში დავობს. ის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.  კაპანაძეს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემდეგ დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაც სურდა, თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დირექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურში 9 ადამიანი იღებს მონაწილეობას:

გიორგი კოხრეიძე - 2014–2018 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს. 1999–2004 წლებში იყო მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი იყო  ტელეკომპანია  202–ის  დამფუძნებელი, რომელიც 2006 წელს დაიხურა. სამეურვეო საბჭოს წევრობისას კოხრეიძე აქტიურად უჭერდა მხარს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადაო ცვლილებების შეტანას და ასევე, არ მიაჩნდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რაიმე ეთიკური სტანდარტები დაარღვია, როცა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებულ ინციდენტზე დამონტაჟებული  ვიდეო.

გიორგი წულაია - აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი. ფეისბუქზე მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს სამშენებლო კომპანია „ანაგში“ პროექტის კოორდინატორია.

დავით ჩხარტიშვილი - 2018 წლის აპრილში  მოძრაობა „ბათუმური პლატფორმა“ დააფუძნა, რომელიც, მათ შორის, ადგილბრივი თვითმმართველობის მუშაობას ნეგატიურად აფასებდა.  ორგანიზაციის დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ, ჩხარტიშვილი ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში დასაქმდა.

„ბათუმური პლატფორმა” აკრიტიკებდა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძესა და ბორდს, თუმცა მოგვიანებით, ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „საქართველოს პარტიოტთა ალიანსიდან” მერაბ ბლადაძემ, კაპანაძის იმპიჩმენტს „პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა.

თორნიკე მჟავანაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო-ს) წევრია. ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის გადაყენებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში, დირექტორად მჟავანაძეს აირჩევდნენ.  „ბათუმელებმა“ გაავრცელა სავარაუდოდ 2012 წელს გადაღებული ფოტო, სადაც მას  „ქართული ოცნების“ მაისური აცვია. მჟავანაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.

თუმცა, ის „ქართულ ოცნებასთან“ და საჯარო სტრუქტურებში აქტიურ მუშაობას სწორედ 2012 წლის შემდეგ იწყებს. მის ბიოგრაფიაში, რომელიც უსკო-ს ვებ-გვერდზეა განთავსებული, წერია, რომ  2012-2013 წლებში  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ მოწვეულ სპეციალისტად, 2013-2014 წლებში კი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.  2015 წლის იანვარ-ივნისში მუშაობდა ბათუმის საკრებულოს შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად განაგრძო, 2015 წლის ივლისიდან კი უსკო-ს წევრია.

რაც შეეხება მედიასფეროში მის გამოცდილებას, 2014-2015 წლებში  მას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში საავტორო გადაცემა „ეკონომისტი'' მიჰყავდა.

ირმა ზოიძე – საგამოძიებო სტუდია REC–ის დამფუძნებელი და პროდიუსერია. 2018 წლიდან  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს. მას  ხანგრძლივი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს. „ტვ 25–ში“ მუშაობდა პროდიუსერად. სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „ბათუმელების“, „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის“, სხვადასხვა ადგილობრივი თუ ცენტრალური მედიასაშუალების ჟურნალისტი. 2003–2005 წლებში აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ჟურნალისტი, პროგრამული განვითარების კოორდინატორი იყო.

მერაბ წულუკიძე – 21 წელია ჟურნალისტიკაშია. დღეისათვის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის აჭარის ბიუროს ჟურნალისტი.

ნათია ზოიძე – დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ის დირექტორის მოადგილედ 2019 წლის მარტში დაინიშნა. ზოიძე იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ბათუმის ოფისის ანალიტიკოსი, აქვს სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2014 წლებში მუშაობდა ახალი ამბების პროდიუსერად ტელეკომპანია „იმედში“, 2009-2012 წლებში იყო გამომძიებელი ჟურნალისტი გაზეთ „ბათუმელებში“ და პოლიტიკის ჟურნალისტი „ნეტგაზეთში”, 2008–2009 წლებში მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ „ტვ 25–ზე“, 2004–2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „მზეში“, სააგენტო „ინტერპრესნიუსსა“ და რადიო „იმედში“. 2005–2008 წლებში აჭარის ტელევიზიაში ახალი ამბების რედაქციას ხელმძღვანელობდა.

ნუგზარ (ბაჩუკი) ჩხეიძე – 2018 წელს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას. ის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის, მრჩეველი იყო, თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ასევე არის საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი.

შოთა (ბაჩო) გურაბანიძე -  აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი. მედიასფეროში სხვადასხვა პოზიციაზე  მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. იყო რადიო „თავისუფლების“ აჭარის რეგიონული კორესპონდენტი. ასევე აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე  - ჟურნალისტად, წამყვანად, პროდიუსერად და რეჟისორად.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“