საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის მოლოდინში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი დირექტორის მოლოდინში

23 სექტემბერი, 2020

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის ვინაობა უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, რისთვისაც ფინალურ ეტაპზე 4 კონკურსანტი  - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი იბრძვის.

ვასილ მაღლაფერიძის  თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 19 აგვისტოს გამოცხადებულ კონკურსში მაუწყებლის დირექტორობის სურვილი თავდაპირველად რვა კანდიდატმა გამოთქვა, მეორე ეტაპზე კი მხოლოდ ოთხი გადავიდა. გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის გზით აირჩევს და თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დანიშნავს.

კანონმდებლობის თანახმად, დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი; მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; მუშაობის  არანაკლებ 10-წლიანი  გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე 3 წელი და ასევე, ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.

მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა ფინალური სია ასეთია:

თინათინ ბერძენიშვილი - 2011 წლიდან დღემდე საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობს. 2018 წლიდან ვასილ მაღლაფერიძის  პირველი მოადგილე, ხოლო მისი გადადგომის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

2016 წელს ყოფილი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის, გადადგომის შემდეგაც, ბერძენიშვილი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და მეორე ტურში გადავიდა, თუმცა, საბოლოოდ სამეურვეო საბჭომ არჩევანი ვასილ მაღლაფერიძეზე გააკეთა. თინათინ ბერძენიშვილი ვასილ მაღლაფერიძის  გუნდის წევრი გახდა და აქტიურად იცავდა დირექტორის მიერ ინიცირებულ სადავო რეფორმებს და  ინიციატივებს.

ბერძენიშვილი სამოტივაციო წერილში ასევე აღნიშნავს, რომ დირექტორად არჩევის შემთხვევაში, წარმატებით გააგრძელებს იმ საქმეს, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძემ ჩაუყარა საფუძველი. ბერძენიშვილი იყო  მაუწყებლის პირველი ინსტანციის თვითრეგულირების საბჭოს წევრი, რომელმაც პირველ არხს, ზვიად რატიანის საქმეზე შსს-ს სადავო ჩანაწერის გავრცელების გამო, ეთიკური ნორმების დარღვევა არ დაუდგინა. თუმცა  არხს დაავალა, რომ ყველა პლატფორმიდან წაეშალა ეს ვიდეო და სამომავლოდაც არსად გამოეყენებინა. საბჭოს ამ დასკვნას, რომლის საფუძველზეც მიიღო მაღლაფერიძემ ეთიკური ნორმის არდარღვევის გადაწყვეტილება, ხელს ბერძენიშვილიც აწერს. ამავე საქმეზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების გამო   ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა.

თინათინ ბერძენიშვილი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე, ამ კავშირის მედიაკომიტეტის და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი.

ალექსანდრე ვახტანგოვი - სატელევიზიო ფილმების და პროგრამების რეჟისორია, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მათ შორის 2014-2016 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, “ქართული ოცნების” კვოტით. სადავო იყო მისი სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა, ვინაიდან ვახტანგოვმა კანდიდატებს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ის მაინც აირჩია.

ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტიკური ექსპერტია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავს.  წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიაში, მათ შორის, გაზეთ “კვირის პალიტრაში” პოლიტიკურ მიმომხილველად და რადიო “პალიტრას” გადაცემა “რეზიუმეს” წამყვანად. 2015 წლიდან ის აქტიურად იყო ჩართული პაატა ბურჭულაძესთან პოლიტიკურ საქმიანობაში, ხოლო 2016 წლის პარლამენტის არჩევნების წინ მან ბურჭულაძის პარტია დატოვა. ხათუნა ლაგაზიძის რეზიუმეს თანახმად, ის 1994-1995 წლებში სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო 1996-2001 წლებში პრეზიდენტის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი იყო.  ხათუნა ლაგაზიძე ოჯახთან ერთად ბიზნეს საქმიანობითაც არის დაკავებული.

ირმა სოხაძე - ესტრადის მომღერალია, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა პირველ არხზე, ტელეკომპანიებში “მზე”-სა და “იმედზე”. პარლამენტმა ის  2008 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, 2009 წლის აპრილში, მან ეს პოსტი პროტესტის ნიშნად, სამ კოლეგასთან ერთად, იმის გამო დატოვა, რომ მაუწყებელი ოპოზიციის აქციებს არასათანადოდ აშუქებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის  თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ  გახდა, რაც მაუწყებლის უკვე ყოფილმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, პოსტი 2020 წლის 18 აგვისტოს ვადამდე დატოვა. მიზეზად კი მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლო ეჭვებისა და კითხვების თავიდან აცილება დაასახელა. ეს კითხვები კი მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მუდმივად არსებობდა, რადგან მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება. ის ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანიების, ჯერ “მეცხრე არხის”  დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდგომ GDS-ში გადაცემა “2030”-ის გენერალური პროდიუსერი იყო.  

აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან - საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბების დღიდან, არცერთ დირექტორს კანონით გათვალისწინებული ვადა ბოლომდე არ მიუყვანია. არცერთი დირექტორის გადადგომის მიზეზი დამაჯერებელი არ იყო საზოგადოებისათვის, რაც მაუწყებელზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს  კიდევ უფრო ამძაფრებდა.