ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა: მოსახლეობის 69% ტელეფონით პოლიტიკური შეხედულებების გაზიარებას ერიდება

14 მარტი, 2014

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უკანონო მიყურადება ბოლო წლებში რეალურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. ათასობით აუდიო და ვიდეო ჩანაწერის არსებობა, რომლებიც მოპოვებულ იქნა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლების მასობრივი უკანონო მიყურადების შედეგად, აშკარა მტკიცებულებაა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ უხეშად ირღვეოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლავ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეგრეთ წოდებული „შავი ყუთები“,  რომელიც მობილურ ოპერატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ (ან მათი მოთხოვნით) წლების წინ იქნა დამონტაჟებული, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევს პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ისეთ ინფორმაციაზე როგორიცაა: სატელეფონო ზარები, SMS-ბი, ელექტრონული მიმოწერა და სხვა. ამ სახის კონტროლის გაწევა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებლად, ოპერატორების ჩართულობის გარეშე შეუძლია.

ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართული ოცნება” საზოგადოებას დაპირდა, რომ უკანონო სისტემატური კონტროლის შესაჩერებლად ძლიერ მექანიზმებს შეიმუშავებდა, თუმცა ამ მიმართულებით დღემდე არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი წარსულში თავად იყო საიდუმლო მიყურადების მსხვერპლი, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ  ხელისუფლების ცვლილებას შესაბამისი ცვლილებები მოჰყვებოდა.

აშკარაა, რომ მთავრობამ კარგად იცის ყველა იმ პრობლემის შესახებ რაც საიდუმლო თვალთვალს უკავშირდება, იქნება ეს „შავი ყუთების” თემა, თუ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მინიმალურ გარანტიებსაც კი ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ დავინტერესდით თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომაც “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს” (CRRC) კვლევა დავუკვეთეთ. 2013 წლის ოქტომბერში (3–26 ოქტომერი) მთელი ქვეყნის მაშტაბით 1.918 სრულწლოვანი (18+) გამოიკითხა.

ქვეყნის მაშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპოდენტებს სურვილი არ აქვთ მეგობრებს ტელეფონით გაუზიარონ, როგორც თავიანთი საიდუმლო, ასევე აზრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენების შესახებ. კერძოდ, გამოკითხულთა 63%–მა აღნიშნა, რომ ტელეფონით საიდუმლოს მეგობარს არ გაუმხელდა, მაშინ როცა 69%–მა განაცხადა, რომ ტელეფონით სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კრიტიკულ აზრს არ გამოხატავდა.

გამოკითხულთა მხოლოდ 28% არ არის წინააღმდეგი მეგობარს თავისი საიდუმლო ტელეფონით გაანდოს.

რესპონდენტთა დაახლოებით 20% ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მეგობარს ტელეფონით გაუზიაროს საკუთარი კრიტიკული პოლიტიკური შეხედულება.

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კატეგორიის ადამიანები ისმინება სახელწმიფოს მიერ. რესპონდენტთა 23% მიიჩნევს, რომ სახელწმიფო აქტიურად უსმენს მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს, 13% – ნაკლებად მძიმე დანაშაულებში მონაწილე პირებს, 11% ფიქრობს, რომ ძირითადად პოლიტიკოსების საუბრები ისმინება, 9% მიიჩნევს, რომ მოსმენის ობიექტები ძირითადად პოლიტიკაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები არიან. გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს უსმენენ. 23% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ფარულად უსმენს ყველა მოქალაქის სატელეფონო საუბრებს, მაშინ როცა მხოლოდ 9% ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მიერ უკანონო ფარული მოსმენები არ ხორციელდება.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულები დაცულად არ გრძნობენ თავს, როდესაც საქმე სატელეფონო საუბრებს ეხება. ეს მოიცავს საუბრებს როგორც პირადი  საიდუმლოების, ასევე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ.

მოქალაქეთა სიფრთხილე, ტელეფონით გააზიარონ პირადი საიდუმლო ან კრიტიკული პოლიტიკური შეხედულებები, პრინციპში, უსაფუძვლო არ არის. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა პირდაპირი წვდომა ჰქონდეს მოქალაქეების კომუნიკაციებზე. ყოველივე ამას კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ აღნიშნული საკითხის სამართლებრივი რეგულირება არ ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგი მხოლოდ სამართლებრივი და დემოკრატიული ზედამხედველობის მეთოდების გამოყენებით უნდა ხდებოდეს. სახელმწიფო ორგანოებმა არ უნდა გადააჭარბონ თავიანთ უფლებამოსილებას და საკუთარი საქმიანობა შესაბამისი ზედამხედველობისა და კონტროლის პირობებში განახორციელონ.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“