სასამართლომ გაზონების ბიზნესზე 2013 წლიდან დადგენილი აკრძალვა კანონშეუსაბამოდ ცნო
საქართველოში რულონური გაზონების წარმოება უკვე 2 წელზე მეტია შეჩერებულია. ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ამ საქმიანობას წლების მანძილზე წარმატებით ახორციელებდნენ, პირველად პრობლემები 2013 წელს შეექმნათ. ამ პერიოდიდან ხელისუფლებამ რულონური გაზონების წარმოება კანონშეუსაბამოდ გამოაცხადა, მეწარმეები ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასა და გაყიდვაში დაადანაშაულა და ამით ამ ტიპის საქმიანობა ფაქტობრივად აკრძალა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დაზარალებული მეწარმეების მომართვის საფუძველზე შეისწავლა მოცემული საკითხი და წელიწადზე მეტია აქტიურ ადვოკატირებას უწევს გაზონების წარმოების ბიზნესსზე დაწესებული ხელოვნური შეზღუდვების მოხსნას. ამ მიზნით, 2015 წლის ზაფხულში მოეწყო ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის საჯარო ჩვენება, სადაც სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნულ ღონისძიებაზე, ისევე როგორც რამდენიმე დღის შემდეგ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულიამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ქვეყნისათვის ზიანის მომტანი საქმიანობის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და რულონური გაზონების მწარმოებლებისათვის საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭება გამორიცხა. ამ პერიოდისათვის მეწარმეებს ხელთ ჰქონდათ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” დასკვნა. აღნიშნული დასკვნით დასტურდებოდა, რომ მოცემული საქმიანობა არავითარ ზიანს არ აყენებდა ნიადაგის ნაყოფიერებას, თუმცა სამინისტრომ არათუ მხედველობაში მიიღო ეს დოკუმენტი, არამედ ექსპერტები დასკვნის გაყალბებაში დაადანაშაულა.
უახლესი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, რულონური გაზონების მწარმოებლებისათვის მსგავსი დაუსაბუთებელი შეზღუდვების დაწესება ვეღარ მოხდება. ერთ-ერთ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სამართლის ნორმების შინაარსის შესწავლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რულონური გაზონის წარმოებისას არ მომხდარა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, იმ შინაარსით როგორც ეს გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექით. სასამართლომ გაიზიარა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ გაზონის წარმოების შედეგად ნიადაგის ნაყოფიერება არ დაზიანებულა და ის აღდგენას არ საჭიროებს. შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმიანობა, რომლის განხორციელებითაც არ დგება ზიანი, არ უნდა ითვლებოდეს კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებად, ხოლო ამ საქმიანობის განმახორციელებელი პირი სამართალდამრღვევად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იმედს გამოთქვამს, რომ:
-
ახლად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით აღმასრულებელი ხელისუფლება რულონური გაზონების მწარმოებლების საქმიანობას აღარ შეუქმნის ხელოვნურ ბარიერებს;
-
საქართველოს მთავრობა ნიადაგის თვისებების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დროულად შეიმუშავებს ნორმატიულ ბაზას, რომელიც მოაწესრიგებს რულონური გაზონების წარმოებას საქართველოში. ამ შემთხვევაში მეწარმეებისთვის გასაგები და წინასწარ განჭვრეტადი გახდება ის მოთხოვნები, რომელიც მათ უნდა დააკმაყოფილონ, იმისათვის რათა კანონშესაბამისად წარმართონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა.
- ნორმატიული ბაზის შემუშავების პროცესში სამინისტრო უზრუნველყოფს ბიზნეს სუბიექტებისა და შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობას, რათა შემუშავებული რეგულაციებით დაცულ იქნას ბალანსი გარემოსდაცვით მიზნებსა და თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას შორის.