სასამართლო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სასამართლო 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ

25 ივლისი, 2013

საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც  2013 წლის 21 მაისს შევიდა ძალაში. კანონი მრავალ პროგრესულ დებულებას შეიცავს და სასამართლოს გამჭვირვალობის, მოსამართლის როლის გაზრდასა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. კანონპროექტი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. გვსურს, საზოგადოებას მოკლედ გავაცნოთ ის ტენდენციები, რასაც ადგილი აქვს სასამართლო სისტემაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

1. ზოგადი ტენდენციები

2. აგრესიული განცხადებები და ქმედებები

3. სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობები

4. მაღალი საჯარო ინტერესის საქმეები

5. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მიღება

6. მოსამართლეთა კონფერენცია

7. საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება

 

ზოგადი ტენდენციები

არჩევნების შემდეგ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდის ტენდეცია შეიმჩნევა. სასამართლოს მონიტორინგში ჩართული ორგანიზაციების მიერ მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით სისხლის სამართლის საქმეებზე, ერთის მხრივ, იმატა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების რაოდენობამ, ხოლო მეორე მხრივ იკლო პროკურატურის შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელმა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მსჯელობისას მოსამართლეები უფრო ხშირად იყენებენ არასაპატიმრო ღონისძიებებს. კერძოდ, იმატა გირაოს გამოყენების მაჩვენებელმა. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წლის პირველ ნახევარში პროკურორის მიერ პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 1979 პირის მიმართ, საიდანაც 1519 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პროკურატურის ინფორმაციით აღნიშნული ციფრი ჯამში მოთხოვნილი პატიმრობის 76.8% შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოთხოვნილი პატიმრობების 100% (ჯამში 2460 პირზე). სისხლის სამართლის სამქეებზე დეტალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც გამოაქვეყნა.

ცვლილებები ადმინსიტრაციული კატეგორიის დავებზეც შეიმჩნევა. საქმეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც კერძო მხარის სასარგებლოდ გადაწყდა (მთლიანად ან ნაწილობრივ) საგრძნობლად გაზრდილია. ასევე შეიმჩნევა მოსამართლეთა გააქტიურებისა და პროცესში მეტად ჩართულობის ტენდენციაც. დამატებით გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ორი საქმე, რომლებშიც კერძო მხარის ინტერსებს ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში უზანაესი სასამართლო საკუთრების უფლების შესახებ დავებს დაუშვებლად ცნობდა, ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებიდან და პრაქტიკოს ადვოკატებთან გასაუბრების შედეგად გვაქვს საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უზენაესი სასამართლო, წინა წლებისგან განსხვავებით, მეტად აქტიური გახდა საქმეთა წარმოებაში მიღების კუთხით.

აგრესიული განცხადებები და ქმედებები

არჩევნების შემდეგ თავდაპირველად სასამართლოს მიმართ აგრესიული განცხადებებით გამოირჩეოდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. განცხადებები კეთდებოდა როგორც მართლმსაჯულების წარსულ პრობლემებსა და კონკრეტული მოსამართლეების ბრალეულობაზე, ასევე იმ ახალ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც სასამართლო საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე იღებდა. თავდაპირველად კრიტიკით მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები გამოირჩეოდნენ, თუმცა მოგვიანებით,  მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლოს მისამართით კრიტიკული განცხადებები უმცირესობის წევრებმაცგააკეთეს. ამ ტენდენციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგანცხადებაც მოჰყვა, სადაც იგი ყველა მხარეს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს.

ყველაზე აგრესიული ქმედება ახალციხის სასამართლოსთან განხორციელდა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინა და სასამართლოს შენობას ქვები დაუშინა. საქმე ეხებოდა შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს, სადაც აღნიშნულმა სასამართლომ 2013 წლის 5 ივლისს გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამ ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობები

აღსანიშნავია რამდენიმე მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასამართლოსთან მიმართებაში. 

2013 წლის 18 თებერვალს ფოთის საქალაქო პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა დაინტერესდა ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. საქმე ეხებოდა 2009 წლის ოქტომბერში ამნისტირებული პირის უკანონო მსჯავრდების ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებული პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ ის მაინც გაასამართლა. მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და პირი გათავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან. აღნიშნულ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. პროკურატურის ქმედება გაუმართლებელი იყო და კანონის დარღვევას წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში დაირღვა კონსტიტუციის 84-ე მუხლი, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაზე და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე საუბრობს. მოსამართლის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის გადახედვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს და არა აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე ორგანოს.

ახალციხის სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების ფონზე, ასევე გავრცელდა პროკურატურისა და სასამართლოს ხელისუფლების ურთიერთბრალდებები. საუბარი იყო ადგილობრივი პროკურორისა და მოსამართლის კანონით აკრძალულ კომუნიკაციაზე. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით არაოფიციალურ გარემოში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორ გივი პაპუაშვილს და ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების დადება ურჩია. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ უარყო აღნიშნული ფაქტი და პროკურატურა ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში დაადანაშაულა.

2012 წლის 19 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ ერთი მოსამართლის თანაშემწეზე სპეციალური სამსახურების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები ცდილობდნენ თანაშემწისგან მიეღოთ გარკვეული ინფორმაცია სასამართლოს შიდა ადმინისტრაციულ საკითხებზე და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა გაავრცელა. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

მაღალი საჯარო ინტერესის საქმეები

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე არაერთგვაროვანი ტენდენციები შეიმჩნევა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსხვავდება ყოველი კონკრეტული საქმისა და ბრალდებული პირების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (მაგ. ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი და სხვა), ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარი პატიმრობის ნაცვლად აღმკვეთი ღონისძიების სახედ გირაო განისაზღვრა (მაგ. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნიკა გვარამია, თენგიზ გუნავა და სხვა), თბილისის მერის შემთხვევაში კი სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა საერთოდ ვერ დაინახა. 

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ზოგიერთ საქმეში შეიმჩნევა ტენდენცია, როდესაც გამოძიების ინიციატივით საქმე  რეგიონულ სასამართლოებში იხილება, მაშინ როდესაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილი თბილისია. ორ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევაში სავარაუდო დანაშაული დედაქალაქში იყო ჩადენილი და საქმის გამოძიებაც თბილისში იყო მიზანშეწონილი, თუმცა გამოძიების წარმოება რეგიონის საგამოძიებო ორგანოებს დაევალათ. შესაბამისად საქმეც რეგიონულ სასამართლოში იქნა განხილული (ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და თბილისის მერიის თანამშრომლების საქმე, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა). აღნიშნულის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ფორმალურად იძლევა (აღნიშნული ცვლილება კანონში 2010 წელს შევიდა), თუმცა მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოების ყოველი ასეთი გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და მას კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს. ხსენებულ საქმეებში საკუთარი გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთება გამოძიებამ ვერ შეძლო. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებისა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე მოსამართლეებზე ზეწოლა არ დაუდასტურებია.

საერთო ჯამში უნდა ითქვას,  რომ აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ასევე სასამართლოსთან მიმართებაში პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, პოზიტიური ნაბიჯი იყო საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ, სადაც მან მკაფიოდ გამოხატა  პოზიცია სასამართლოს ხელისუფლებაში ჩაურევლობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ასევე მისი შემდგომი განცხადებაც, სადაც მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მხარეს თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მიღება

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მიღება საკმაოდ დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. თავისთავად ცვლილებები საერთო ჯამში ძალიან პოზიტიური იყო და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისკენ არის მიმართული. თუმცა ამ პერიოდში აშკარად გამოიკვეთა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მწვავე დაპირისპირება. კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნა. ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ სასამართლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოლაპარაკებები გამართეს. კანონპროექტის ყველაზე სადავო ნაწილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი წარმოადგენდა.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული განხილვების შემდეგ პარლამენტმა კომპრომისული ვერსია მიიღო. კანონპროექტი, მიუხედავად გარკვეული შენიშვნებისა, დადებითად შეაფასა სასამართლო ხელისუფლებამაც.

როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესმა გამოიწვია. ცვლილებებით უფლებამოსილება შეუწყდა ძველი საბჭოს 15-იდან 13 წევრს.  ახალი კანონით უცვლელი დარჩა საბჭოს წევრთა რაოდენობა, მოსამართლე წევრებს ისევ უმრავლესობა შეუნარჩუნდათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭო ცხრა მოსამართლე წევრისგან შესდგება (ერთი ექს ოფიციოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და რვა მოსამართლე წევრი, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს), ამათგან არაუმეტეს სამ მოსამართლეს ამავდროულად შესაძლებელია ეკავოს სასამართლოს პალატა/კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა.[1] კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე მოსამართლეებისთვის (პალატა/კოლეგიის თავმჯდომარე მოსამართლეები) სპეციალური კვოტის არსებობას არ ითვალისწინებდა, თუმცა კანონპროექტის ტექსტი ბოლო მომენტში შეიცვალა და დადგინდა, რომ 3 მოსამართლე-წევრი (სასამართლოს პალატა/კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფი) მოსამართლეთა კონფერენციაზე ცალკე კენჭისყრის შედეგად აირჩევა.[2]  შედეგად, დადგინდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის ორი კვოტა. ერთი კვოტით კენჭს იყრიდნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც არ ეკავათ რაიმე სახის ადმინისტრაციული თანამდებობა, ხოლო მეორე კვოტით კი კენჭს ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეები იყრიდნენ. საზოგადოებისთვის აღნიშნული წესი მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის ნორმა ბუნდოვნად არის ფორმულირებული და არჩევნების ჩატარების წესი სრულყოფილად არ დგინდება. მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე მოსამართლეთა კვოტით ჩატარებულ არჩევნებში ვაკანტური ადგილი დარჩება, ხელახალი არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. თუმცა კანონი არ განსაზღვრავს იმას, თუ რამდენ ტურად უნდა ჩატარდეს არჩევნები და რომელი ტურის შემდეგ წარმოიქმნება ვაკანსია. შესაბამისად ამ ნორმათა განმარტებამ მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

2013 წლის 3 ივნისს, მოსამართლეთა კონფერენციამდე 6 დღით ადრე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ და თეიმურაზ თორდიამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს. განცხადებაში მათ კრიტიკულად შეაფასეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესი,  აღნიშნეს, რომ არსებული პროცედურები უთანასწორო საარჩევნო გარემოს ქმნიდნენ და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე მოსამართლეებს მოუწოდეს უარი ეთქვათ დაწესებული კვოტით სარგებლობაზე.

9 ივნისის გასამართ მოსამართლეთა კონფერენციას წინ უძღოდა უზენაესი სასამართლოს რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ერთერთ შეხვედრაზე ბატონმა კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე პროკურორი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს მოსამართლეებთან.

2013 წლის 4 ივნისს მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა  არასამათავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” დააფუძნა. ორგანიზაციის პრეზენტაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე აღნიშნული მოსამართლეთა გაერთიანება არ ერიდებოდა საჯარო განცხადებების გაკეთებას და მთელ რიგ საკითხებზე სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებისგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ორ ეტაპად მოხდა. 9 და 16 ივნისს ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც არჩეული იქნა საბჭოს 7 მოსამართლე წევრი (საბჭოს თავმჯდომარეს და ერთ წევრს შეუნარჩუნდა თანამდებობა), მდივანი, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 3 მოსამართლე წევრი, ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები და თავმჯდომარე. 14 ივნისს კი საქართველოს პარლამენტმა ექვს ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ 4 არამოსამართლე წევრის არჩევა შეძლო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილ 2 არამოსამართლე წევრის არჩევას მაღალი კვორუმი სჭირდებოდა (პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3), რაც უმცირესობისა და უმრავლესობას შეთანხმებას მოითხოვდა რისი მიღწევაც ვერ მოხერხდა, უმცირესობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. შედეგად საბჭოში მხოლოდ 4 წევრის არჩიეს. პარლამენტის მიერ არჩეული პირები, კანონის მიხედვით, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეებიდან იყვნენ წარდგენილები. პარლამენტმა ასევე ვერ მოახერხა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 არამოსამართლე წევრის არჩევა. 

მოსამართლეთა კონფერენცია

2013 წლის 9 და 16 ივნისს ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენცია, რომელმაც სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლებში მოსამართლე წევრები აირჩია.

მოსამართლეთა კონფერენციის მიზანი მოსამართლეთა თვითმმართველობის არსებითად გაძლიერება და სასამართლო სისტემის ძირითადი რგოლების ახლებურად დაკომპლექტება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია კარგად იყო ორგანიზებული. არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყო სათანადო გამჭვირვალობა, რამაც დამკვირვებლებსა და მასმედიის წარმომადგენლებს მონიტორინგის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა მისცა. საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად და ხარვეზების გარეშე წარიმართა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობის მიერ ვიწროდ იქნა განმარტებული კონფერენციის, როგორც უმაღლესი თვითმმართველი ორგანოს უფლებამოსილებები. მაგალითად, დამსწრეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგის დამტკიცების უფლება უნდა მინიჭებოდა მოსამართლეთა კონფერენციას. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონფერენციამ უარი თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის უფლებამოსილების გამოყენებაზე. შესაბამისად, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის შეკითხვის დასმა სურდათ, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. მართალია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, კონფერენციას მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა, თუმცა, ზოგადად, არჩევნების არსიდან გამომდინარე, რომელიც ამომრჩევლის მიერ კანდიდატის ხედვებისა თუ გეგმების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღების უფლებას გულისხმობს, მიზანშეწონილი იქნებოდა თითოეულ მოსამართლეს კანდიდატისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მისცემოდა. 

წარმოგიდგენთ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულ მოსამართლეებს და მათ მიერ განხილულ გახმაურებულ საქმეების, რომლებიც სხვა და სხვა დროს პრესის საშუალებით იქნა გავრცელებული:

ზაზა მეიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 1989-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2002 - 2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2003 წლიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ზაზა მეიშვილი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 2005 წლიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. 2006 წლის 17 მარტს კი ზაზა მეიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი ხდება.

გახმაურებული საქმე

-2006 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში ზაზა მეიშვილმა ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კონტროლის პალატის ყოფილი თავჯდომარის სულხან მოლაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

მერაბ გაბინაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. 1996 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 2005 - 2006 წლებში მერაბ გაბინაშვილი ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად მუშაობდა. 2006 წლიდან 2012 წლამდე ის ჯერ გორის რაიონული სასამართლოს, შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ბოლოს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.  2012 წლის 27 ნოემბრიდან იგი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

გახმაურებული საქმე

არ მოიძებნა

შოთა გეწაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2004 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2006  წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯერ სხდომის მდივნის თანამდებობაზე, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწედ. 2006 წლიდან საქმიანობას გააგრძელა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად. 2006-2007 წლებში მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2007 წლიდან 2009 წლამდე კი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის უფლებამოსილებას ასრულებდა. 2011 წლის თებერვლიდან დღემდე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. იყო წინა მოწვევის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

გახმაურებული საქმე

-2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შოთა გეწაძემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

-2012 წელს შოთა გეწაძე იხილავდა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაჯარიმებების საქმეებს.

თამარ ალანია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 1998 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000-2006 წლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჯერ ბრალდების სამმართველოს პროკურორის უფლებამოსილებას ასრულებდა, შემდგომ კი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლის დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორის თანამდებობა დაიკავა. 2006 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

გახმაურებული საქმე

-2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მისი თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა 2009 წელს მუხროვანის სამხედრო ნაწილში ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობაში სამხედრო და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს.

ილონა თოდუა - 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტი. 1999 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასპირანტურაში. 2000-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად მუშაობდა,  შემდგომ კი 2007 წლამდე   თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. 2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე. 2007 წელს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახდა. ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2012 წლის 12 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად იყო არჩეული.

გახმაურებული საქმე

-2012 წელს მისი გადაწყვეტილებით დაჯარიმებულ იქნა 2 383 097 ლარით კოალიცია „ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიები.

-2012 წელს პო­ლი­ცი­ის­თ­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვის ბრალდებით შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

-2007 წელს განიხილა ტელეკომპანია „იმედის” სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მისი დაჯარიმების ნაწილში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სახალხო დამცველის შეფასებით მოსამართლემ სარჩელის წარმოებაში მიღება გააჭიანურა.

პაატა სილაგაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი. 1998 დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად. 1999-2004 თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწედ. 2004-2005 წლებში ასრულებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების განყოფილების კონსულტანტის უფლებამოსილებას. შემდგომ კი 2006 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი კონსულტანტის თანამდებობა დაიკავა. 2006 წელს ინიშნება მოსამართლედ მცხეთის რაიონულ სასამართლოში. 2008 წლამდე ამ სასამართლოში ეკავა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავჯდომარისა და შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. 2008 წლის ოქტომბრიდან  გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

გახმაურებული საქმე 

-2009 წელს განიხილა დავა ქიბარ ხალვაშის (ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორი და ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ყოფილი მესაკუთრე) კუთვნილი კერძო კომპანიების „არტი”, „პიზა”,  "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი" და "ლივო გრუპი"  საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

ლევან მურუსიძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი. 1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2000-2004 წლებში ეკავა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას. 2004 წლიდან 2005 წლამდე იყო გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2005 წელს კი დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2006 წლის თებერვლიდან ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2006 წლის 14 აპრილს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად.

გახმაურებული საქმე

-2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში. 

მოსამართლეთა კონფერენციამ მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში შემდეგი მოსამართლე წევრები აირჩია:

მერაბ ჯორბენაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 1997 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის „იბერიის'' იურიდიული ფაკულტეტი. 1998-2006 წლებში მუშაობდა ადვოკატთა კავშირ ''ვექილში'' ადვოკატად, 2003 წლიდან იყო ამავე კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. 2006 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

გახმაურებული საქმე

-2013 წელს  მისი გადაწყვეტილებით შსს გენერალური ინსპექციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილ უფროსს თენგიზ გუნავას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. თენგიზ გუნავას ბრალად ედებოდა საკუთარი მძღოლის დაჭრა და 49 500 ლარის მითვისება

- ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ახმედ ჩატაევის საქმე (2012 წელი). ჩატაევის დაკავება მოხდა 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში შემოსული იყო შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც გატარდა სპეციალური შეიარაღებული ოპერაცია.  საბოლოო გადაწყვეტილებით ჩატაევი გამართლდა.

- გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის საქმე (2013 წელი). გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. მოსამართლემ აღნიშნულ პროცესზე ბრალდების შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. 

- წინასასამართლო სხდომა გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის” გასხვისებას ეხება. (2013 წელი).

ნათია ქუთათელაძე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 1998 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში წამყვანი სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტის და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე. 2005-2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 2008 წლიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2010 წლის აგვისტოში დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

გახმაურებული საქმე

- 2012 წელსძალაშიდატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის 21 მილიონამდე ლარით დაჯარიმების შესახებ და მიიღოგადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის 126 220 190  მილიონიანი ჯარიმის განახევრების შესახებ.

გიორგი ტყავაძე - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2001 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. 2000-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში იურისტად (მთავარი სპეციალისტად). 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. 2007-2008 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ. 2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2012 წლის მაისში დაინიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

გახმაურებული საქმე

- კომპანიების "ვაკე5"-ის და "ალბატროს ჯგუფის"საქმე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომპანიების მესაკუთრემ 2012 წელს საქართველო დატოვა და ამავე წელს შვეიცარიის კონფედერაციაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მოსამართლემ კომპანიების მესაკუთრეს გირაო შეუფარდა.

მოსამართლეთა კონფერენციამ ადმინისტრაციულ კომიტეტში შემდეგი მოსამართლე წევრები აირჩია:

ლევან თევზაძე - 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად. 2002 წელს (აპრილიდან ივნისამდე) მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილედ. 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო წარმოების სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა განყოფილების უფროსად. 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსად. 2004 წელს (ივლისიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილედ. 2005 წელს (იანვრიდან მაისამდე) მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორად. 2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმებისა და გამოძიების განყოფილების უფროს გამომძიებელად. 2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად. 2008 წელს მუშაობდა შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსად. 2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2008-2009 წლებში დაკისრებული ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. 2009 წლის ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. დაკისრებული ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. დღეს იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

გახმაურებული საქმე

არ მოიძებნა

ბესიკ ბუგიანიშვილი - 2002 წელს დაამთავრა თსუ სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წამყვანი სპეციალისტის, სხდომის მდივნის თანამდებობებზე. 2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2010 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 2012 წელს (მაისიდან ნოემბრამდე) მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში.

გახმაურებული საქმე

2013 წელს მიმდინარეობს მის მიერ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის და მტკიცებულების ფალსიფიკაციის ბრალდებით.

2012 წელს განიხილა რესტორან „ძველ სახლში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა შსს ყოფილი მაღალჩინოსნების დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, სოსო თოფურიძის და გერონტი ალანიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. საქმე ეხება 2005 წელს შსს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რის შემდგომ  დათა ახალაიამ, ოლეგ მელნიკოვმა, სოსო თოფურიძემ და გერონტი ალანიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შსს თანამშრომლებს მალხაზ აზარაშვილს და ზაზა მესხს. მოსამართლემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დათა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება

მიმდინარე წლის 14 ივნისს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა. არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად პარლამენტმა ისე უყარა კენჭი 4 არამოსამართლე წევრობის კანდიდატს, რომ საზოგადოებისთვის არაფერი იყო ცნობილი მათი გეგმებისა და ხედვების შესახებ, ზოგიერთი წევრის შემთხვევაში კი საერთოდ უცნობი იყო მათი გამოცდილება და კომპეტენცია საერთო სასამართლოების სისტემასთან მიმართებაში. პარლამენტში წარმართული პროცესი არ იყო სათანადოდ საჯარო და გამჭვირვალე. წარდგენილი კანდიდატები საზოგადოების მიერ იყვნენ ნომინირებული და საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, რატომ მიანიჭა საკანონმდებლო ორგანომ კონკრეტულ კანდიდატს უპირატესობა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევნებამდე ქართული ოცნების ფრაქციამ შეხვედრები გამართა კანდიდატებთან, სადაც დეპუტატებმა კანდიდატების ხედვები და გეგმები მოისმინეს. აღნიშნული შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და საზოგადოებას არც ამ ეტაპზე მისცემია შესაძლებლობა მოესმინა კანდიდატებისთვის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე 35-მა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობაზე 5-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრა ორ ტურად ჩატარდა. პირველ ტურში 6 არამოსამართლე წევრის დამტკიცებისათვის საჭირო დეპუტატთა ხმების ⅔-ის მოგროვება ვერ მოხერხდა. უმცირესობის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კანდიდატმა კენჭისყრამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.

პირველი ტურის შედეგად 12 საუკეთესო ხმათა რაოდენობის მქონე კანდიდატი გამოვლინდა, რომლებმაც საბჭოს წევრობისათვის ბრძოლა მეორე ტურში გააგრძელა. 2013 წლის 14 ივნისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 6 ვაკანტურ ადგილზე 4 არამოსამართლე წევრი აირჩია. სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევა კი საერთოდ ვერ მოხერხდა.

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდეგი არამოსამართლე წევრები იქნა არჩეული:

ევა გოცირიძე -  1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამავე უნივერსიტეტში 1998 წელს და 2006 წელს დაიცვა დისერტაციები ორი მიმართულებით, კონსტიტუციურ სამართალში და საერთაშორისო სამართალში. 1996-1997 წლებში გაიარა სამეცნიერო სტაჟირება უენის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მიჩიგანი, აშშ).

1992-1996 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.1994-1997 წლებში იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი  სამთავრობო კომისიის წევრი. 1996-1998 წლებში კითხულობდა ლექციების უენის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1997-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი. 2000 - 2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი. 2012 წლიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორი.

დამატებითი ინფორმაცია

ევა გოცირიძე 2010-2012 წლებში ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა, ისინი ერთობლივად აწარმოებდნენ საქმეებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (იხ.ლინკი).

ვახტანგ თორდია -  1975 წელს წარჩინებით დაამთავრა შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1981 წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975-1982 წლებში იყო უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის თანამშრომელი.

1982-1983 წლებში მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის კათედრის მასწავლებლად.  1982 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფროსი კონსულტანტი. 1985 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრად და უზენაესი სასამართლოს პლენუმის მდივნად. 1991 წელს ხელმეორედ იქნა არჩეული საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ. 1993 წლის თებერვლიდან დაეკისრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის და უზენაეს სასამართლოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება. 1999 ივლისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიაზე არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის #265 განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარედ. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის #902 ბრძანებულებით დაეკისრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 იანვრის #35 ბრძანებულებით დაეკისრა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. 1999 წლიდან 2006 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

კახაბერ სოფრომაძე - 1998 წელს დაასრულა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში იურისტად. მათ შორის 2000-2004 წლებში იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ჭიათურის რაიონული კოორდინატორი. 2004-2005 წლებში იყო ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი. 2007 წლიდან 2009 წლის 1 აპრილამდე იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. 2008 წლიდან ამავდროულად არის სპს „სამხარაძე, პაქსაძე, სოფრომაძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი. 2009 წლის 1 აპრილიდან არის „თავისუფლების განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე.

დამატებითი ინფორმაცია

გავრცელებული ინფორმაციით კახაბერ სოფრომაძე შსს ყოფილ პირველი მოადგილის გელა ხვედელიძესთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში მუშაობდა, ასევე შემდეგ იცავდა გელა ხვედელიძის ინტერესებს სასამართლოში (იხ. ლინკი).

გოჩა მამულაშვილი - 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1993 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, მათ შორის 2005 -2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ცვლილებების მიღებით გაჩნდა რეალური შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მისაღწევად. საზოგადოებას განსხვავებული მოლოდინი ჰქონდა სასამართლო სისტემის მმართველი რგოლების დაკომპლექტების მიმართ.

სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა კონფერენციის გამჭვირვალედ ჩატარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის სრულ დამოუკიდებლობას. ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია საბჭოში და სასამართლოს ადმინისტრირების სხვა რგოლებში არჩეულ წევრთა პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და მათი საქმისადმი დამოკიდებულება.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებისთვის აუცილებელია მოხდეს არსებულ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ასევე მათთვის სოციალური საკითხების დროული მოწესრიგება. ამასთანავე აუცილებელია მათი პროფესიული დონის მუდმივი ამაღლება, ამისათვის კი სახელმწიფომ და სასამართლო ხელისუფლებამ სპეციალური პოლიტიკა უნდა შეიმუშავონ, განსაზღვრონ პრიორიტეტები და დაიწყონ მათი თანმიმდევრული განხორციელება. სასამართლო კორპუსის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანია დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმაც. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ახალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი მოსამართლეების მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადება და შემდგომში მათი ეფექტური ინტეგრირება საერთო სასამართლოთა სისტემაში.

მაგრამ ამ ღონისძიებათა ჩატარება მცირე ეფექტს მოიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში თუკი ყველა პოლიტიკური ძალა არ გააცნობიერებს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა და მართლმსაჯულების სიტემაში ჩარევა დაუშვებელია. გარე ძალებისგან სასამართლოზე გავლენის შეწყვეტა იქნება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისკენ მიმართული ყველაზე ეფექტური ნაბიჯი. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და შეცვლა ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში უნდა მოხდეს.  თავის მხრივ მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალურად კვალიფიციური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ცალსახად გაზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუციის მიმართ.


[1] საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 47, პუნქტი 4. სსმ, 41, 08/12/2009

[2]იგივე, მუხლი 65, პუნქტი 3.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“