ENG

სამინისტროებში ანაზღაურების წესის ცვლილებას სახელფასო უთანასწორობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია

03 ოქტომბერი, 2019

 

2018 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლითაც პირველად ქართული საჯარო სამსახურის ისტორიაში ანაზღაურების სისტემა ცენტრალიზებულად მოწესრიგდა.[1] იმის შესამოწმებლად თუ კანონის მიღებამ რა პრაქტიკული გავლენა მოახდინა მოხელის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი სხვადასხვა თანამშრომელთა შორის ხელფასების განაწილებაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ერთი თვის ანაზღაურება შეადარა ერთმანეთს. შედეგად, გამოვლინდა, რომ 2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი - შემცირდა. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა.

ინფორმაცია ათი სამინისტროდან გამოვითხოვეთ[2], ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან არასრული ინფორმაცია მივიღეთ. ანალიზისთვის კანონის ამოქმედების წინა თვის — 2017 წლის დეკემბრის და ერთ წლის შემდგომი — 2018 წლის დეკემბრის ანაზღაურებები ავიღეთ.

კვლევის მიზანი იყო სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში ანაზღაურების უთანასწორობის ანალიზი და ახალი კანონის მიღების შემდეგ ტენდენციის აღწერა. ამ მიზნების მისაღწევად გამოვიყენეთ უწყებებში არსებული საშუალო და მედიანური[3] ხელფასები. სრულყოფილი სურათისთვის ხელფასების შედარებისას, ასევე, გათვალისწინებულია პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურება (მინისტრები და მოადგილეები), მიუხედავად იმისა, რომ მათზე ახალი კანონი 2021 წლამდე არ ვრცელდება.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურება შედგება ა) თანამდებობრივი სარგოს, ბ) სახელფასო დანამატისა და დ) ფულადი ჯილდოს კომპონენტებისგან. კვლევაში შესადარებლად აღებულია ანაზღაურება, რომელიც სამივე კომპონენტის ჯამს შეადგენს, რადგან მიზანი თანამშრომლის მიერ ფაქტობრივად მიღებული თანხის ანალიზია.

ახალი კანონის მიღებამდე დანამატის და ჯილდოს (პრემია) გაცემა სისტემატიურად, ხშირ შემთხვევაში სათანადო დასაბუთების გარეშე ხდებოდა.[4] ახალმა კანონმა მანამდე არსებული ფაქტობრივი სტატუს-კვო შეინარჩუნა და ის პრემია-დანამატები, რომელიც სისტემატიურად გაიცემოდა გააერთიანა სარგოსთან, ხოლო დანამატისა და ჯილდოს გაცემის წესი მკაცრი რეგულირების ქვეშ მოაქცია.

მიუხედავად ამისა, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებშიც გვხვდება პრემიები და დანამატები, მათ შორის ახალი კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით გაცემულიც. ამის მაგალითი იყო თავდაცვის სამინისტრო, საიდანაც მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომ ყველა თანამშრომელზე გასცეს საახალწლო-სადღესასწაულო ჯილდო 125 ლარის ოდენობით.[5] ახალი კანონით დღესასწაული არ შეიძლება ჯილდოს  გაცემის საფუძველი გახდეს, ის ინდივიდუალური წახალისების მექანიზმია და დამოკიდებულია მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.

უწყებებში მოსამსახურეთა ხელფასებს შორის უთანასწორობის დასადგენად ერთმანეთს შევადარეთ ყველა თანამშრომლის საშუალო და მედიანური ხელფასები, კერძოდ, მედიანურ და საშუალო ხელფასს შორის პროცენტული სხვაობა. რაც უფრო ნაკლებია განსხვავება ამ ორ მაჩვენებელს შორის, მით უფრო ნაკლებია უთანასწორობა სხვადასხვა საფეხურის თანამშრომლობის ანაზღაურებას შორის.

ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში (31.6%) იყო, ყველაზე დაბალი კი - იუსტიციის სამინისტროში (11%). 2018 წლის დეკემბერში ყველაზე დიდი სხვაობა (30.8%) ორ უწყებაში - ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი - ინფრასტრუქტურის სამინისტროში (6.7%) (იხილეთ დიაგრამა 1 და 2).

ერთი წლის დინამიკას თუ შევხედავთ, რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი - შემცირდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში სახელფასო უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, 2018 წლის დეკემბერში კი - ყველაზე დაბალით. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა - 2017 დეკემბერში საშუალო სხვაობა 20.6% იყო, 2018 წლის დეკემბერში კი - 20.9% (იხილეთ დიაგრამა 3).


[1] ვრცლად იხილეთ კანონპროექტის შეფასება https://www.transparency.ge/sites/default/files/shromis_anazgaurebis_shesaxeb.pdf 

[2] გამოთხოვნილია ყველა სამინისტროდან გარდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა.

[3] მედიანა ცხადად შეიძლება განვმარტოთ შემდეგი მაგალითით: 7 ადამიანის შემოსავალი არის 10200₾, 10400₾, 10700₾, 11200₾, 11300₾, 11500₾ და 200000₾. თუ ამ რიცხვებს დავალაგებთ ზრდის მიხედვით, მედიანა, როგორც შუა რიცხვი იქნება 11200₾. ამ შემთხვევაში მედიანა უფრო კარგად აღწერს „ტიპურ“ შემოსავალს, ვიდრე საშუალო, რომელიც არის 37900₾. http://dictionary.css.ge/content/median

[5] დამატებითი კომუნიკაციის შემდეგ სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომელმა განგვიმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწერილ წერილში ჯილდოების გაცემის საფუძვლად დღესასწაული იყო მითითებული, სინამდვილეში მისი გაცემის საფუძველი სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შესრულება იყო.