ENG

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა არადეკლარირებული კავშირები ბიზნესთან

26 იანვარი, 2018

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას თანამდებობის პირთა მიერ არასრულად წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციების შესახებ, რაც კანონდარღვევაა და  ამავდროულად, შეიცავს კორუფციის საფრთხეებსაც.

ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. კვლევის ფარგლებში 77 დეკლარაცია შევისწავლეთ, რომელთაგან 6 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების ფაქტი გამოვლინდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

რუსლან კილასონია - ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი

რუსლან კილასონიას 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ბოკოთი” 30% წილის მფლობელი, ასევე შპს “ზუგდიდი აუდიტის” (219994567) და სააქციო საზოგადოება “საფინანსო კომპანია კოლხას” (220364861) მეწილე.

ლაშა ჯაიანი - ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი

ლაშა ჯაიანს 2017 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შემდეგი კომპანიების წილის მფლობელი და დირექტორი:

  • შპს “ფარი 2005” (ს/კ -202256673) - დირექტორი

  • შპს “ორნამენტი” - 100% წილის მფლობელი და დირექტორი

  • შპს “მშენსერვისი” - 34% წილის მფლობელი და დირექტორი

ის გარემოება, რომ ლაშა ჯაიანი სამსახურის უფროსობის პარალელურად არის შპს-ს დირექტორი წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყო სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.


დაზმირ ძიმცეიშვილი - ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარე

დაზმირ ძიმცეიშვილმა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2017 წლის სექტემბერში თემი ზუგდიდის საკრებულოში კომისიის თავჯდომარეობისას შეავსო, რომელშიც მას არ აქვს აღნიშნული რომ იგი დეკლარაციის შევსების მომენტში იყო შპს “რიყე-2016”-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელი, 2017 წლის დეკემბერიდან აღნიშნული შპს როგორც 100% წილის მფლობელი, ასევე დირექტორი შეცვლილია და არის თამაზ ჩიტაიშვილი.

დაზმირ ძიმცეიშვილის ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ იგი არის:

  • შპს “თაიგული-98”-ის (219984961) დირექტორი;

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ “რიყე”-ს თავმჯდომარე, გამგეობის წევრი, ამავე კოოპერატივის გამგეობის წევრია მისი მეუღლე დარეჯან ვეკუა.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თემურ ღვინჯილია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

თემურ ღვინჯილიას 2017 წლის სექტმებერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “შე-ლი”-ს (ს/კ - 442728274) 30% წილისა და შპს წალენჯიხის საგზაოს”  (ს/კ - 442728522) 20% წილის მფლობელი. ეს ინფორმაცია თემურ ღვინჯილიას შეტანილი ჰქონდა 2014 და 2015 წლებში შევსებულ დეკლარაციებში.

თემურ ღვინჯილიას წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლის შემდგომ არ გაუმარჯვიათ, მანამდე არსებულ შესყიდვებზე კი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2015 წელსგამოქვეყნებულ კვლევაში.


დარეჯან დადიანი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

დარეჯან დადიანის მიერ 2017 წლის ოქტომბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული, რომ მისი მეღულე ჯონი ჭანია არის დაბა ჯვარში, კოსტავას ქ.#8–ში მდებარე უძრავი ქონების  (ს/კ 47.14.02.077.01.020) მესაკუთრე. დარეჯან დადიანს ასევე არის აქვს დეკლარირებული, რომ ის და მისი მეუღლე ფლობენ წილებს შემდეგ კომპანიებში:


სენაკის მუნიციპალიტეტი

კახაბერ რუსია - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

კახაბერ რუსიამ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2017 წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობისას შეავსო, რომელშიც არ არის აღნიშნული მისი და მისი მეუღლის ლეილა არზიანის მონაწილეობა შემდეგ კომპანიებში:

  • შპს “რუმო” - კახაბერ რუსია 50% წილის მფლობელი, მეუღლე ლელა არზიანი - დირექტორი;

  • შპს “რუსი” - კახაბერ რუსია 100% წილის მფლობელი;

  • შპს “საფეხბურთო კლუბი სენაკური - 2004” (239864474) მეწილე;

  • შპს “ავტოსადგური” - ლელა არზიანი არის 4% წილის მფლობელი.

კახაბერ რუსიამ 2012 წელს 8 000 ლარი შესწირა პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”
 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი. თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და ის საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში პრობლემური იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დადებითად აფასებს ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების გააქტიურებას. კერძოდ, 2017 წლის განმავლობაში ბიუროს მიერ მთლიანობაში 224 თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციები უარყოფითად  შეფასდა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“