სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ააიპ) დასაქებულთა რაოდენობა 853 საშტატო ერთეულით გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 460 ათასი ლარით, წლიურად კი საშუალოდ 5.5 მილიონი ლარით გაზარდა.
კანონმდებლობის თანახმად, “მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უფლება აქვს დააფუძნოს ა(ა)იპი”1, რომლის ხელმძღვანელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი/მერი. ა(ა)იპ-ს სტრუქტურის და საშტატო განრიგის დამტკიცება, თანამშრომელთა ხელშეკრულებით დანიშვნა და განთავისუფლება, ასევე ხელფასის ოდენობის განსაზღვა მუნიციპალიტეტის გამგებელისა და ა(ა)იპ-ს ხელმძღანელის კომპეტენციას წარმოადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან ა(ა)იპ-ებში 2014 წლის მაისის და 2015 წლის ივლისის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობისა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობების შესახებ.
როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება:
-
2014 წლის ივლისის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ჯამში 105 ა(ა)იპ ფუნქციონირდა, 2015 წლის ივლისის მონაცემებით კი მათი რაოდენობა 113-ია. ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონის მასშტაბით 5 548 საშტატო ერთეულიდან 6 401 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა
-
დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა მხოლოდ ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებში - 14 საშტატო ერთეულით
-
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპებ-ს რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა 335 საშტატო ერთეულით გაიზარდა უკვე არსებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა (რეგიონში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია), მათ შორის - ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომელთა რაოდენობა 285 საშტატო ერთეულიდან გაიზარდა 570 ერთეულამდე, ასევე „სკოლამდელი აღზრდის ცენტრში“ 219 საშტატო ერთეულიდან - 279 ერთეულამდე. შესაბამისად ყოველთვიური სახელფასო ხარჯი სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ყველაზე მეტად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიზარდა. ეს თანხა 154 313.3 ლარს შეადგენს.
-
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუგდიდის აწ უკვე ლიკვიდირებულ მუნიციპალიტეტში სულ 17 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა, რეფორმის შემდეგომ კი ორი ახალი თვითმმმართველი ერთეულის ჩამოყალიბების შედეგად თემი ზუგდიდისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების რაოდენობა ჯამში 21-ია, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 138 საშტატო ერთეულით, ყოველთვიური სახელფასო ხარჯი კი ორივე მუნიციპალიტეტში ერთად 117 415.3 ლარით გაიზარდა
-
გარდა ზუგდიდისა, 2014 წლის არჩევნების შემდგომ 4 ახალი ააიპი დაფუნძდა ფოთსა და 2 მესტიის მუნიციპალიტეტში
-
მესტიის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაფუძნდა ააიპ „კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა კულტურის სფეროში მომუშავე ააიპ “მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური“, ასევე გამგეობის “განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური”. ჩვენ გამოვითხოვეთ ორივე ააიპ-ის წესდებები. როგორც მიღებული ინფორმაციით დგინდება, ორივე ააიპ-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ნიმუშების მოძიება, მოვლა-პატრონობა და განვითარებაა. ჩვენი პოზიციით, ეს ფუნქციები, შესაძლოა, ასევე სრულად შეითავსოს მესტიის გამგეობის “განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმაც” და შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რატომ გახდა საჭირო იდენტური ფუნქციების მქონე ახალი იურიდიული პირის დაფუძნება.
-
ქალაქ ფოთში 2014 წლის არჩევნების შემდგომ 4 ახალი ა(ა)იპ დაფუძნდა: “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრი” (21 თანამშრომელი); “ვიქტორ კრატასიუკის სახელობის კანოე კლუბი” (11 თანამშრომელი); “ქალაქ ფოთის სასაფლაოების ცენტრი” (14 თანამშრომელი) და “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის ცენტრი” (64 თანამშრომელი). “სოციალური კვლევის ცენტრის” ძირითადი ფუნქციებია “სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ჯგუფების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება; დემოგრაფიული პროცესების ინფორმაციული ბანკის შექმნა; მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური აქტივობის სტატუსი (დასაქმება, უმუშევრობა) საინფორმაციო ბანკის შექმნა) და ა.შ”. ეს მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის ფუნქციები აკისრია “სოციალური მომსახურების სააგენტოს”, “საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს”, ასევე ზემოაღნიშნული ცენტრისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება შეუძლია ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურსაც. შესაბამისად გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ფოთის მუნიციპალიტეტმა მსგავსი ტიპის იურიდიული პირის დაფუძნების გადაწყვეტილება, რამაც მნიშნელოვნად გაზარდა საბიუჯეტო დანახარჯებიც - ხელფასის სახით აღნიშნულ ა(ა)იპ-ში თვეში ჯამში 26 120 ლარი გაიცემა, წლიურად კი საშუალოდ 313 414 ლარი.
-
ასევე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა დროს დაფუძნებულ 28 იურიდიულ პირს შორის 12 სპორტის სხვადასხვა სახეობებში მუშაობს („საბრძოლო ხელოვნებათა სკოლა“; „ხელბურთის კლუბი ოქროს ვერძი“; „რაგბის სასპორტო სკოლა“; „ნიჩბოსნობის კომპლექსური სასპორტო სკოლა“; „კანოე კლუბი“; „ჭიდაობის კომპლექსური სასპორტო სკოლა“; „ჭადრაკის და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლა“; „კომპლექსური სასპორტო სკოლა“; „ცხენოსნობის სასპორტო სკოლა“; „კრივის საპორტო სკოლა“; „წყლის სახეობათა კომპლექსური სასპორტო სკოლა“; „სარსანიას სახელობის მოკრივეთა კლუბი“). ჩვენი პოზიციით, შესაძლებელია იდენტური ან/და შინაარსობრივად დაახლოებული მიმართულებების ერთი იურიდიული პირის ქვეშ გაერთიანება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებს და გამოიწვევს ფულადი რესურსების ეკონომიას.
-
აბაშის მუნიციპალიტეტში ააიპების რადენობა 10-დან 8 ერთეულამდე იქნა შემცირებული, კერძოდ ა(ა)იპ „საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარი ბიბლიოთეკა“ შეუერთდა ა(ა)იპ „აბაშის კულტურის ცენტრს“, ასევე „აბაშის სასაფლოების მართვის ცენტრი“ გაერთიანდა ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობასთან“
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში2:
„საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით, მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრონ, თუ რა სახის და ტიპის იურიდიული პირების არსებობაა საჭირო თვითმმართველობის გამართული საქმიანობისათვის. ასევე მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში, მაქსიმალურად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიასა და მოქალაქეთა პირველადი საჭიროებების, კომუნალური თუ ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად რჩება. თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც ერთი მხრივ არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. მეორე მხრივ, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.
_______________________________________________
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, მუხლი მე-20, პუნქტი 1
გრაფიკებში ზუგდიდის შემთხვევაში, 2014 წლის მონაცებში ნაგულისხმევია ზუგდიდის აწ უკვე ლიკვიდირებული მუნიციპალიტეტი, 2015 წლის მონაცემებში კი ახლად შექმნილი თემი ზუგდიდისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტები2