საკრებულოს ფრაქციების ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საკრებულოს ფრაქციების ანგარიში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში

15 ივნისი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგს. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების საკრებულოთა ფრაქციების საქმიანობის შესახებ. ანალოგიური შინაარსის კვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულოთა საქმიანობაზე ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა.

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია ინფორმაცია აჭარის  მუნიციპალიტეტების საკრებულოთა ფრაქციების რაოდენობის, მათ მიერ ინიცირებული საკითხებისა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების შესახებ.

როგორც მიღებული საჯარო ინფორმაციით დგინდება, 2016 წლის თებერვლის მდგომარეობით, აჭარის  6 მუნიციპალიტეტის  საკრებულოებში 35 ფრაქცია ფუნქციონირებს. კვლევაში მოყვანილი ინფორმაცია მოიცავს პერიოდს ფრაქციის დაარსებიდან (2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ) 2016 წლის თებერვლის ჩათვლით.

კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ:

  • ხშირ შემთხვევაში  ფრაქციების შექმნა ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების დანიშვნის მიზნით ხდება. საკრებულოს წევრების საქმიანობა, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, ანაზღაურებადი არ არის, ამიტომ ფრაქციათა შექმნას უმეტესად შრომის ანაზღაურების საფუძველი აქვს.

  • საანგარიშო პერიოდში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში რეგისტრირებულ  12 ფრაქციას  არცერთი  ინიციატივა არ წარუდგენია.

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 7 ფრაქციაა და საანგარიშო პერიოდში მხოლოდ სამი ინიციატივაა წარდგენილი.

  • ხელვაჩაურის საკრებულოში - 5, ქედის მუნიციპალიტეტში - 16, ხოლო ბათუმის საკრებულოში 14 ინიციატივაა დარეგისტრირებული.

  • ოპოზიციური ფრაქციების მიერ წარდგენილი ინიციატივების საკრებულოების მიერ გაზიარების სტატისტიკური მაჩვენებელი დაბალია - მათი გაზიარება მხოლოდ ბათუმსა და ხელვაჩაურში მოხდა, ქობულეთში ოპოზიციის მიერ ინიცირებულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ჯამში კი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების რეგისტრირებული 38 ინიციატივიდან 27 ოპოზიციურ ფრაქციებს ეკუთვნოდა, 27-დან კი მხოლოდ 4-ის გაზიარება მოხდა.  

ბათუმის საკრებულოს ფრაქციების ანგარიში

2014 წლის  თვითმმართველობის შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩამოყალიბდა შემდეგი ფრაქციები:

1.“ქართული ოცნება“ - 2014 წლის 17 ივლისს  11 წევრის შემადგენლობით;

2.“ქართული ოცნება - რესპუბლიკელები” - 2014 წლის 17 ივლისს 3 წევრის შემადგენლობით;

3.”ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები” - 2014 წლის 17 ივლისს 3 წევრის შემადგენლობით. ირაკლი ალასანიას კოალიცია “ქართული ოცნებიდან” წასვლის შემდეგ ფრაქციის სახელწოდება შეიცვალა და 2014 წლის 7 ნოემბრიდან ფუნქციონირებს „თავისუფალი დემოკრატების” სახელითა და წევრთა უცვლელი შემადგენლობით.

4. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 2014 წლის 17 ივლისს  3 წევრის შემადგენლობით;

5. „ახალი ოპოზიცია“- 2014 27 აგვისტოს 3 წევრის შემადგენლობით.

2015 წლის ნოემბერში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა თანამდებობიდან გადააყენა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  თამაზ თურმანიძე, ოფიციალურ მიზეზად  მისი  არაეფექტური მუშაობა დასახელდა. თურმანიძემ კი გადაწყვეტილების მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარესთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

ბათუმის საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში  საკრებულოს ფრაქციებმა ინიცირების წესით, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად 14 საკითხი წარადგინეს. ამათგან ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაზიარებული იქნა მხოლოდ ორი  ინიციატივა. 11 ინიციატივა ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობას” ეკუთვნოდა, ხოლო სამი - „თავისუფალ დემოკრატებს“.

“თავისუფალი დემოკრატების” მიერ ინიცირებული საკითხი „თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა/რ საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2014 წლის 30 აპრილის #83 განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ დავალების გაცემის თაობაზე” 2015 წლის 25 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგებით მოიხსნა.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ადმინისტრაციული წარმოების დაწყება 2012 წლის 21 მაისს #119 განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოც ითხოვეს. (ქ. ბათუმში ზღვისპირა პარკში მდებარე 202კვ/მ შენობა ნაგებობა კაფე-ბარი და მასზე დამაგრებული 2053 კვ/მ არასასოფლო, დანიშნულების მიწის ნაკვეთი) საკრებულომ თავისუფალი დემოკრატების ეს ინიციატივაც არ გაიზიარა. იგივე ბედი გაიზიარა „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართვამ ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე. ინიციატივა კენჭისყრის შედეგებით მოიხსნა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ინიციატივები:

  1. 2014 წლის  23 სექტემბერს, საკრებულომ მოიწონა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა - სოციალური უზრუნველყოფის 2014 წლის მუნიციპალური პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც გულისხმობდა  ქ.ბათუმში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს, წელიწადში ორჯერ 1000 ლარის ოდენობით ერთჯერად  ფინანსური დახმარების გაწევას.

  2. ინიცირებული წინადადება, რომელიც ქ. ბათუმის საკრებულოში კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ბიუროს სხდომების ტრანსლირებას ეხებოდა, საკრებულომ არ გაიზიარა.

  3. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახელებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების“ შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის ინიციატივაც მხარდაჭერილი არ იქნა: პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება,  ბათუმის მუნიციპალიტეტში K2 კოეფიციენტის გაზრდის  თაობაზე, 60%-ს ზემოთ  იმ საინვესტიციო პროექტის განხილვისას, რომელსაც ქ. ბათუმისთვის ექნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა გეგმარებითი, საზოგადოებრივი ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით.

  4. საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტი - ქ.ბათუმის საკრებულოს მიერ მეწარმე სუბიექტების დაფუძნებული იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს  ითვალისწინებდა. პროექტის მიზანი იყო, იურიდიული პირების დამფუძნებელ/წევრის უფლებამოსილება ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს  საკრებულოს თანხმობით განახორციელებინა, თუმცა არც ეს ინიციატივა არ იქნა გაზიარებული.

  5. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ინიციატივა ბათუმში ხელოვნების ცენტრის მიმდებარედ  არსებული მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ზოლის სტატუსის მინიჭებას ეხებოდა. საკრებულომ აღნიშნული ინიციატივა არ გაიზიარა.

  6. 2015 წლის იანვარში, ფრაქცია თამარის დასახლებაში მდებარე 330-ე კვარტალში არსებულ ბარაკებში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლის  აშენებისა და მათთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინიციატივით გამოვიდა, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

  7. ფრაქციამ  საპრივატიზაციო  ობიექტთა ნუსხიდან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის ამოღება მოითხოვა - მიმართვის ტექსტი არ იქნა გაზიარებული;

  8. ასევე არ იქნა გაზიარებული ინიციატივა საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის შესახებ;

  9. ბათუმის საკრებულოს მიერ გაზიარებულ იქნა ინიციატივა ქ. ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერის დაარსების შესახებ. სკვერი მიმდინარე წლის მაისში გაიხსნა.

ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” ორჯერ მოითხოვა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა  და ბათუმში “რუსთავის 2-ის” კონცერტის გასამართად საჭირო ნებართვის არმიცემის გამო და სხდომაზე ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის მოწვევა მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა.

ქედის საკრებულო

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  22 წევრია  და 6 ფრაქცია ფუნქციონირებს. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია „ქართულ ოცნებას“ ორი ერთი და იმავე სახელწოდების ფრაქცია აქვს. ერთ ფრაქციაში 7 წევრია, მეორეში კი 3. ქედის საკრებულოში ფუნქციონირებს შემდეგი ფრაქციები: “ნაციონალური მოძრაობა“, “დემოკრატიული მოძრაობა“, ფრაქცია „ქედა“ (“თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკური პარტიის” წევრების შემადგენლობით), “ქართული ოცნება”, „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი”, „ქართული ოცნება“.

მუნიციპალიტეტის  საკრებულოდან  მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფრაქციებმა 2014 წლიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ჯამში 16 ინიციატივა დაარეგისტრირეს. აქედან ხუთზე  დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული: ეს საკითხები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა, მაგალითად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის ფორმის დადგენის შესახებ; საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საერთო კრების დებულების დამტკიცების, საკრებულოს წევრების სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ; სოფელ გოგიაშვილის სკოლის სახელის შეცვლის თაობაზე შესახებ. დანარჩენ საკითხებს  საკრებულოს სხდომებზე მხარი არ დაუჭირეს.

ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობას” 5 ინიციატივა ჰქონდა, მათგან არცერთი არ იქნა გაზიარებული. ინიციატივები ეხებოდა: სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საპრემიო  ფონდის გამოყენების შესახებ; სოციალური უზრუნველყოფის 2014 წლის პროგრამაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკუთრების აღიარების პროცესის დაჩქარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიებების გატარების შესახებ; ფრაქციათა მუშაობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ.

ფრაქცია “დემოკრატიული მოძრაობის” 3 ინიციატივიდან ასევე არცერთი არ იქნა გაზიარებული. ინიციატივები ეხებოდა ქედაში არსებულ ქუჩებზე გვერდულა და ღერძულა ხაზების გავლებას და პარკირების ადგილის მოხაზვას, ”გამარჯვების პარკისთვის” სახელის შეცვლას.  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა 5 ფრაქცია: “ქართული ოცნება -კონსერვატორები და მრეწველები”, „დემოკრატიული მოძრაობა“, “ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა“, ფრაქცია „ქართული  ოცნება”, ფრაქცია“ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები”.

2014 წლის ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  ხუთი ფრაქციიდან ინიციატივები დარეგისტრირებული მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. ფრაქციას  სულ 5 პროექტი აქვს წარდგენილი და აქედან  2 ინიციატივა იქნა მიღებული: პირველი ინიციატივა სასაფლაო ტერიტორიების ორგანიზებულად მართვისა და მოვლა-შენახვის სათანადო წესების შემუშავებას ეხებოდა, მეორე კი მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების, ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების შემუშავებას.

გაუზიარებელი ინიციატივები კი ეხებოდა კულტურის ცენტრის, ბაღების გაერთიანებისა და სასპორტო სკოლის თანამშრომლებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდას; სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო 57 000 ქულამდე) ოჯახების საკუთრებაში არსებული ფართობების სახურავების მოწყობისთვის დახმარების მიზნობრივი პროგრამას; ბიუჯეტში (სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანების და  სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ფონდი) დაზუსტებას, ცვლილებების და განკარგვის წესის შემუშავებას.

შუახევის   მუნიციპალიტეტის საკრებულო

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 24 წევრი და  ექვსი  ფრაქცია ფუნქციონირებს: ფრაქცია „ქართული ოცნება“ ექვსი წევრის შემადგენლობით (თუმცა მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრებმა ოთარ სურმანიძემ და ტარიელ დიასამიძემ  საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის წინადადება დააყენეს, ორივე ფრაქციიდან გარიცხეს, სურმანიძე ფრაქციის თავმჯდომარეობიდანაც გადააყენეს); ფრაქცია“ მრეწველები“ (სამი წევრის შემადგენლობით); ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ ამ დროისთვის „კონსერვატორებად“ იწოდებიან   სამი წევრის შემადგენლობით (“რესპუბლიკური პარტიის” წევრები “კონსერვატორებს” შეუერთდნენ), „პატრიოტთა ალიანსი“, “ნაციონალური მოძრაობა” და „თავისუფალი დარბაზი“

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების მიერ ინიცირებული კონკრეტული ინიციატივები საკრებულოს სხდომაზე არ განხილულა.

ხულოს საკრებულო

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ რეგისტრირებული ფრაქციებია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“- 6 წევრის შემადგენლობით; „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“; “ქართული ოცნება - კონსერვატორები“,

„ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

2014 წლის შემდეგ ხულოს საკრებულოში ორი ფრაქცია გაუქმდა: „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები - კონსერვატორები“ და “ქართული ოცნება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

საანგარიშო პერიოდში  საკრებულოს ფრაქციებს ინიციატივა საერთოდ არ ქონიათ.

ქობულეთის საკრებულო

ქობულეთის საკრებულოში 7 ფრაქცია ფუნქციონირებს: „ქართული ოცნება“, “ქართული ოცნება - კონსერვატორები”; “ქართული ოცნება - რესპუბლიკელები”; „გამარჯვებული ქობულეთი“, „პატრიოტთა ალიანსი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “მაჟორიტარები“.

საანგარიშო პერიოდში ფრაქციების მიერ ინიცირებულ იქნა სულ სამი ინიციატივა: ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” შინ მოვლის პროგრამის პროექტი წარმოადგინა; ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” იპოთეკით დაზარალებულთა ხელშეწყობის პროგრამა, ხოლო

ფრაქცია „გამარჯვებულმა ქობულეთმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო უნებართვო  მშენებლობის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა.

სამივე საპროექტო წინადადება განსახილველად გადაგზავნილია ქობულეთის გამგეობაში.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია არაერთგვაროვანია და ერთსა და იმავე შინაარსის მოთხოვნაზე პასუხები სხვადასხვაგვარად არის გამოგზავნილი, შეუძლებელია თანამდებობის პირებისა და აპარატის თანამშრომლების სახელფასო სარგოების გამიჯვნა და ამგვარად დაჯამება. შესაბამისად, შემოვიფარგლეთ მხოლოდ 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით საკრებულოებში შრომის ანაზღაურებისა და გაცემული პრემიების დაჯამებით:

მუნიციპალიტეტი

სახელფასო სარგო

პრემია

ჯამი

ბათუმი

1010216,46

590263

1600479,46

ქობულეთი

542040

222945

764985

ხელვაჩაური

481735,62

283350

765085,62

ქედა

425294.35

152600

577894.35

ხულო

გამიჯვნა შეუძლებელია

გამიჯვნა შეუძლებელია

687692,17

შუახევი

481929

182531

664460

 

 

 

ჯამი: 5 060 596,6

როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურებაზე. გარდა ხელფასის, პრემიისა და დანამატისა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ფრაქციის თავმჯდომარეების სარგებლობაშია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათთვის გამოყოფილია საწვავის ლიმიტი და ხარჯები სატელეფონო კომუნიკაციისათვის.

მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის რაიმე ზღვარი არა აქვთ დაწესებული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება კი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ზოგადი ხასიათისაა და ფრაქციის თავმჯდომარესა და მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის და მისი თავმჯდომარის აქტივობები გარკვეული სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდაზე, რათა ფრაქციის და მისი თავმჯდომარის მიერ გაწეული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“