ENG

საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვა

16 იანვარი, 2013

საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიას ქვეყნის უზენაეს კანონში მორიგი ცვლილებების პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში ხმაურისა და შელაპარაკების ფონზე მოუწია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. შეკამათება „ნაციონალებსა“ და ადგილობრივ აქტივისტებს შორის შენობის გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა - კოალიციის რამდენიმე ათეული მხარდამჭერი აცხადებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ზუგდიდში ჩამოსვლის მორალური უფლება არ ჰქონდათ, რამდენიმე მათგანმა დარბაზში ცოცხით ხელში შესვლაც სცადა, თუმცა შეხვედრის ორგანიზატორებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

განსაკუთრებული აგრესიას ადგილობრივები ნუგზარ წიკლაურისა და აკაკი ბობოხიძის მიმართ იჩენდნენ. 

განხილვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ისიც იყო, რომ დემორკატიული ჩართულობის ცენტრის შეხვედრების ოთახში არ იყო საკმარისი ფართი განხილვაზე მოსული მოქალაქეების დასატევად.

შეხვედრაზე ცვლილებების ინიციატორების მოსმენის შემდეგ აკაკი ბობოხიძეს სიტყვის დამთავრების საშუალება არ მისცეს - განსაკუთრებული გაღიზიანება აუდიტორიის ნაწილში გამოიწვია დეპუტატის მიერ გასული საუკუნის 90-იან წლებში სამეგრელოში მიმდინარე პროცესების გახსენებამ გამოიწვია.

შეხვედრაზე დამსწრეთა მცირე ნაწილმა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები გამოთქვა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებასა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით. განხილვას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წევრებიც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრობლემა შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით: საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაბლოკეს გასასვლელი. ერთადერთი, ვინც პოლიციის კორდონის გარეშე მიაღწია ავტომანქანამდე, აკაკი ბობოხიძე იყო. უმცირესობის სხვა წევრებს კი დანიშნულების ადგილამდე მისვლა პოლიციის კორდონის დახმარებით მოუწიათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეკრებილმა აქტივისტებმა კვერცხების სროლითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ეს აქცია „ოცნების“ ორგანიზებული არ იყო და მოქალაქეების აგრესიის ესმის, თუმცა კომისიამ სასწრაფოდ უნდა იფიქროს, განხილვების ორგანიზების ფორმატსა და სხვა დეტალებზე, რითაც ხელი უნდა შეუწყონ პროცესის გაცილებით მშვიდ მდგომარეობაში წარმართვას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის პირველ გასვლით სხდომას და მიმდინარე საპროტესტო აქციას აკვირდებოდა მთელი პროცესის განმავლობაში.

ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს კომისიას, შეიქმნას ეფექტური მექანიზმები იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების განხილვა წარიმართოს კონსტრუქციული და ცივილური ფორმით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მკაცრი გაფრთხილება მისცეს საკუთარ აქტივისტებს, რათა კომისიის წევრებს მუშაობის საშუალება მისცეს; მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ და ხშირად განსხვავებული აზრის მოსმენა მათთვის მიუღებელია, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა და საქმიანი დისკუსია შეუწყობს ხელს აღნიშნული პროცესის ეფექტურად წარმართვას.

Author: მალხაზ ჭკადუა