ENG

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობის შესახებ საპარლამენტო დასკვნა არაობიექტურად ასახავს სამსახურის მუშაობას

04 ივლისი, 2014

პარლამენტის დროებითმა კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და პარლამენტს შესაბამისი დასკვნის გაკეთების რეკომენდაციით მიმართა.

2014 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013 ელს ჩატარებული აუდიტების ანალიზი გამოაქვეყნა. ანალიზმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013 წლის განმავლობაში ეფექტურად იმუშავა და მისი წინამორბედი კონტროლის პალატის ისტორიაში ყველაზე მეტად შედეგიანი, მასშტაბური და პროცესების შესწავლის სიღრმით გამორჩეული აუდიტი ჩაატარა. 2013 წელს თითქმის ორჯერ მეტი აუდიტი ჩატარდა, ვიდრე 2011-2012 წლებში ერთად. ჩატარებული აუდიტების რაოდენობის და ხარისხის თვალსაზრისით 2013 ელი ჩვენ ერთგვარ წყალგამყოფადაც მივიჩნიეთ.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამგვარი გააქტიურების ფონზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გასაზრდელად, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებებზე:

1. საპარლამენტო კომისიის დასკვნა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა აუდიტის 2013 წლის გეგმა, რაც საგრძნობლად შეამცირებდა პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულ საქმიანობაზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ჩვენს ანალიზს აუდიტორულ საქმიანობაზე პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენა არ უჩვენებია. მართლაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2013 წელს დამტკიცებული გეგმა არ ჰქონია, თუმცა ეს ხარვეზი გამოსწორდა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2014 წელს გეგმა უკვე აქვს.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის ობიექტების გეგმა 2008 წლამდე იყო კორუფციის წყარო, კერძოდ საჯარო დაწესებულებების მხრიდან  გეგმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირების მოქრთამვის არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რის გამოც გეგმების შედგენის პრაქტიკა 2008 წელს შეწყდა. მიგვაჩნია, რომ ამგვარი კორუფციული გარიგებების რისკები სხვაგვარად უნდა აღმოფხვრილიყო და არა აუდიტის გეგმაზე საერთოდ უარის თქმით. შესაბამისად,  2008-2013 წლებში აუდიტის გეგმის არქონას გამართლება არ აქვს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მიუხედავად ოფიციალურად დამტკიცებული გეგმის არქონისა, აუდიტების დაგეგმვა არ შეუწყვეტია.

2. საპარლამენტო კომისიის დასკვნა: აუდიტის სამსახური საერთოდ არ მიმართავს პრაქტიკაში წინასწარი აუდიტის ფორმას, რაც აუდიტის ობიექტს შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს მოსალოდნელი დარღვევები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აუდიტორული საქმიანობის ეს ფუნდამენტური საკითხი  იგნორირებულია.   

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: ის ქვეყნები, სადაც წინასწარი აუდიტის პრაქტიკა არსებობს, დღეს უმცირესობაში დარჩნენ. პრევენციას ფუნქციის მქონე წინასწარ აუდიტზე უამრავმა ქვეყანამ თქვა უარი, ვინაიდან:

  1. პოტენციურ დანაკარგზე/დარღვევებზე რეაგირებამ შეიძლება მთავრობის საქმიანობაში ჩარევის ფორმა მიიღოს.

  2. საკუთარი გადაწყვეტილებების ხარჯ-სარგებლის წინასწარი ანალიზი მთავრობის პრეროგატივაა და იმის დაშვება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ ანალიზს ვერ გაართმევს თავს და ამიტომ მას ამ ანალიზში უმაღლესი აუდიტორი უნდა დაეხმაროს სრულიად არარაციონალურია.

  3. ეს მთავრობის საქმიანობას შეაფერხებს და მოითხოვს იმ ადამიანურ რესურსს, რაც არც საქართველოში და არც სხვაგან უმაღლეს აუდიტორებს არ აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ, რადგან წინასწარი აუდიტი, როგორც  თავისი შინაარსით, ისე ფორმით სცილდება აუდიტს, გადადის შეფასების სფეროში და მოითხოვს დამატებით კვალიფიკაციას და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას.

  4. უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის ლიმას დეკლარაციის მიხედვით (ISSAI 1), წინასწარი აუდიტი არ წარმოადგენს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების ვალდებულებას.

  5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით (24-ე მუხლი),  წინასწარი აუდიტი არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება და არა ვალდებულება. მაშასადამე, საპარლამენტო კომისია აუდიტის სამსახურისგან მოითხოვს იმის გაკეთებას, რასაც მას არც საქართველოს კანონი და არც საერთაშორისო სტანდარტი არ ავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ სადავოა არათუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოსაზრების წინასწარ გამოთქმა, არამედ ისიც უნდა იყოს თუ არა უმაღლესი აუდიტორული ორგანო დაკავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე დასკვნების მომზადებით, რასაც სას-ი პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგენს. ამ მიზეზების გამო, სრულიად შეუძლებელია წინასწარი აუდიტის არჩატარება აუდიტორული საქმიანობის ფუნდამენტური საკითხის იგნორირებად მივიჩნიოთ.

აქვე შევნიშნავთ, რომ მკვეთრად უნდა  გაიმიჯნოს პრევენციას ფუნქციის მქონე წინასწარი აუდიტი და რისკების შესაფასებელი წინასწარი აუდიტი. რისკების შესაფასებელი წინასწარი აუდიტი გულისხმობს ადგილზე გასვლას და ანგარიშგებაში უზუსტობების ან კანონის დარღვევების რისკების უშუალოდ აუდიტის ობიექტში შეფასებას, რისი მიზანიც არის არა შესაძლო დარღვევების/დანაკარგების თავიდან აცილება, არამედ იმის გადაწყვეტა ღირს თუ არა მოცემული ობიექტის აუდიტზე რესურსის დახარჯვა. მსოფლიოს ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ უარი სწორედ პრევენციის ფუნქციის მქონე წინასწარ აუდიტზე თქვა, რის ჩატარებასაც საპარლამენტო კომისია აუდიტის სამსახურისგან ითხოვს. ორივე აუდიტი წინასწარი აუდიტის სახელით არის ცნობილი, მაგრამ სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

უმაღლესი აუდიტორული ორგანო პრევენციულ ფუნქციას აუდიტით (პოსტაუდიტით) და არა წინასწარი აუდიტით  უნდა ახორციელებდეს. ეს პრევენციული ფუნქცია კი გამოიხატება იმაში, რომ აუდიტის ობიექტი მითითებულ ხარვეზებს და პრობლემებს მომდევნო პერიოდში ასწორებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პრევენციის ფუნქციის მქონე წინასწარი აუდიტის პრაქტიკის დანერგვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუკარგავს იმ ორიენტაციას, რამაც იგი ეფექტიან უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ უნდა ჩამოაყალიბოს. აღნიშნული მიზეზების გამო, სრულიად შეუძლებელია წინასწარი აუდიტის არჩატარება აუდიტორული საქმიანობის ფუნდამენტური საკითხის იგნორირებად მივიჩნიოთ.

3. საპარლამენტო კომისიის დასკვნა: „სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის ორგანიზების, მაღალრისკიანი სფეროების იდენტიფიცირებისა და აუდიტის ობიექტების შერჩევისათვის არ იყენებს მხარჯავი დაწესებულებების შიდა აუდიტის დეპარტამენტების საქმიანობის შედეგებს.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის, მათ შორის შიდა აუდიტის, მდგომარეობის სიღრმისეულმა კვლევამ, რაც 2013 წელს ჩავატარეთ, გვაჩვენა, რომ შიდა აუდიტის მქონე 12 სამინისტროს უმრავლესობის და თბილისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნებზე დაყრდნობა შეუძლებელია მათი დაბალი სანდოობის გამო. უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტის (ISSAI 1610) მიხედვით, „შიდა აუდიტორების სამუშაოს გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც შიდა აუდიტის მიერ შესრულებული სამუშაო გარე აუდიტისთვის შესაფერისია.“

4. საპარლამენტო კომისიის დასკვნა:  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტისა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის  ხელმძღვანელების  საკვალიფიკაციო მონაცემები შეუსაბამობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, რის გამოც გენერალურმა აუდიტორმა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში, მითითებულ თანამდებობებზე ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი, დამატებით შეისწავლოს სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებებობების გამოცხადებასთან და დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურები, ამ პროცესში მონაწილე თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო:  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა კანონით არის გარანტირებული.  გენერალური აუდიტორისთვის მიცემული ეს კატეგორიული მითითება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაში სრულიად გაუმართლებელი ჩარევის მცდელობაა.

5. საპარლამენტო კომისიის დასკვნა:  2013 წელს საკადრო ცვლილებები და ორგანიზებული კონკურსები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ვინაიდან სამსახურმა ვერ უზრუნველყო მის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული კონკურსის მიზნებისა და ამოცანების შესრულება იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში ვერ განახორციელა კანდიდატების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის დონის დადგენა დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო:  კომისიას დასკვნაში არ აქვს მოყვანილი აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.

6. საპარლამენტო კომისიის დასკვნა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2012 და 2013 წლების შესაბამისობის და 2013 წლის ფინანსური აუდიტი. კომისიის მიხედვით, წინა წლების შეუმოწმებლობა  მოდიფიცირებული დასკვნის საფუძველია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: ზემოაღნიშნული დასკვნა სრულიად არასწორია ვინაიდან:

  1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს  ბოლო პერიოდის აუდიტი, როცა შეიძლება აუდიტორის რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე  დროული რეაგირება და ამგვარად სახელმწიფო სახსრების დაზოგვა ან მომავალში რაციონალურად გამოყენება.

  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონი არ კრძალავს აუდიტის შერჩევისას წლების გამოტოვებას.

  3. პერიოდის გამოტოვების კომპენსირება შესაძლებელია ძირითადი აუდიტორული თუ ანალიზური ან დამატებითი აუდიტორული პროცედურებით, რაც  საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებების მიღების არაერთ საშუალებას იძლევა.

7. საპარლამენტო კომისიის დასკვნა:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში  (2010-2013 წლები), განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2012 წლის ფინანსური აუდიტის მასალები არ გაგზავნილა სამართალდამცავ ორგანოებში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: ჩვენს შეკითხვაზე პასუხად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოგვაწოდა წერილების ასლები, რომლის საფუძველზეც როგორც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, ისე განათლების და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის მასალები გაგზავნილია საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან, ლაშა ნაცვლიშვილთან და საქართველოს მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან.

8. საპარლამენტო კომისიის დასკვნა: „2013 წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე დახარჯულია 60,515 ლარი: 12,300 ლარი დაიხარჯა უცხოელი სტუმრების გამასპინძლებაზე რესტორნებში, სასტუმრო „ყაზბეგის“ მომსახურებაზე – 20,500 ლარი სამახსოვრო საათების შეძენაზე – 14,500 ლარი, მინერალური წყლების, ჩაი-ყავის, სხვა სასაჩუქრე საქონლის და მომსახურების შესაძენად – 13,200 ლარი. წარმომადგენლობითი ხარჯები განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტი დაცულია, თუმცა ყურადღების ობიექტი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თანხის უფრო რაციონალურად (მიზანშეწონილად) გამოყენება.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: ვფიქრობთ, რომ სხვა საჯარო დაწესებულებები  წლის განმავლობაში ბევრად მეტ თანხებს ხარჯავდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო მიზანშეწონილი. ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა წლის განმავლობაში გაწეული 60,515 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯები, ვფიქრობთ, არ წარმოადგენს იმ თანხას, რომლის გაწევის მიზანშეწონილობაც შეიძლება კითხვას აჩენდეს, მაშინ, როდესაც მსგავსი ოდენობით თანხის დახარჯვა ერთ ან რამდენიმე სადილზე ხდებოდა ხოლმე, მაგ., 2013 წლის 20 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ერთ-ერთი ღონისძიების მხოლოდ ლანჩის და ყავაზე შესვენების მოწყობაში შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს (რედისონ ბლუ ივერია) 20,886 ლარი გადაუხადა.

9. საპარლამენტო კომისიის დასკვნა: „2014 წ. აუდიტორული საქმიანობის გეგმაში 114 ობიექტის აუდიტორული შემოწმების დაგეგმვისას კვლავ არ არის გათვალისწინებული დიდი მოცულობის პოტენციური მაღალი რისკის შემცველი მხარჯავი საჯარო დაწესებულებები... სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა ეყრდნობოდეს შერჩევის რისკებზე დაფუძნებულ კრიტერიუმებს.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: იმის გადამოწმება აუდიტორული საქმიანობის გეგმაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიტანა თუ არა პოტენციურად მაღალი რისკის შემცველი მხარჯავი საჯარო დაწესებულებები მოითხოვს ფინანსური აუდიტის სახელმძღვანელოთი დეტალურად გაწერილი პროცედურების ჩატარების ფაქტების გადამოწმებას, რაც კომისიას არ გაუკეთებია. რაც შეეხება, შერჩევის რისკებზე დაფუძნებულ კრიტერიუმებს, კომისიას მოსაზრებას სრულად ვიზიარებთ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მეტი ძალისხმევა მართებს შერჩევის რისკებზე დაფუძნებულ კრიტერიუმების დასახვეწად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად, რისთვისაც აუცილებელია 2011 წელს მიღებული ფინანსური აუდიტის მაღალკვალიფიციურად შედგენილი სახელმძღვანელოთი გაწერილი პროცედურების მაქსიმალურად გამოყენება.  

10. საპარლამენტო კომისიის დასკვნა:  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს დაკავებული საჯარო დაწესებულებებისთვის ფასიანი  აუდიტორული მომსახურების გაწევით, რადგან  ფასიან აუდიტორულ მომსახურებას ასრულებენ ისევ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორები, რომლებიც დამატებით ანაზღაურებას იღებენ იმაში, რისი გაკეთებაც ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე ისედაც ევალებათ. კომისიის აზრით, თუნდაც, არსებობდეს ფასიანი აუდიტორული მომსახურების აუცილებლობა, ლოგიკას სცილდება ასეთ მომსახურებას ახორციელებდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მის მიერ დამოუკიდებლად დადგენილი ტარიფებით. ინსტიტუტი საჯარო სექტორის სუბიექტებს სთავაზობდა კვალიფიციური აუდიტორული შემოწმების ჩატარებას, შესყიდვების შესახებ კანონის გვერდის ავლით, რაც ამარტივებდა აუდიტის ობიექტში შეღწევას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ფასიანი აუდიტორული მომსახურების გაწევა ნამდვილად მოითხოვს უკეთეს რეგულირებას და გარკვეული წინააღმდეგობრივი საკითხების გადაწყვეტას. ასევე, აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და როგორ უნდა იქცეს საჯარო სექტორისთვის აუდიტორული მომსახურების მიმწოდებელი საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აუდიტის ხარისხის მარეგულირებლად. კომისიას ვეთანხმებით, რომ  საჯარო დაწესებულებებისთვის ფასიანი აუდიტორული მომსახურების გაწევა შესყიდვების შესახებ კანონის გვერდის ავლით არ უნდა ხდებოდეს. თუმცა  საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ფასიანი აუდიტორული მომსახურების გაწევა სრულიად კანონიერი და გამართლებულია, რადგან:

  1. ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001წ. სახელმძღვანელო ითვალისწინებს, როგორც საჯარო დაწესებულების მიერ აუდიტორული მომსახურებით სარგებლობის, ისე მისი საბიუჯეტო დაფინანსებიდან ანაზღაურების უფლებას (ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“).

  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ შეუძლია და არც ევალება ყველა საბიუჯეტო დაწესებულების აუდიტი.  როგორც ნათლად დაგვანახა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის ჩვენმა კვლევამ, გარე აუდიტის აუცილებლობა არაერთ საჯარო დაწესებულებას უდგას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ამ აუცილებლობას აცნობიერებს, ზოგი კი ვერ აცნობიერებს, მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს 191 საჯარო დაწესებულება აცხადებს აუდიტორული მომსახურების შესყიდვას.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ჯერ ერთი, ამდენი საჯარო დაწესებულებების აუდიტის რესურსი არ გააჩნია და ამასთანავე, ამ დაწესებულებების დიდი ნაწილი შეიძლება ვერც მოხვდეს აუდიტის სამსახურის 2014წ. სააუდიტო ობიექტებში იმ შერჩევის შედეგად, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკეთებს.

  3. ინსტიტუტი ახდენს აუდიტორების სერტიფიცირებას საჯარო სექტორში აუდიტისთვის, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისთვის შეთავაზებული აუდიტორული მომსახურების ხარისხს. საჯარო დაწესებულებების აუდიტორული მომსახურების შესაბამისი რეგულაციების გარეშე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებულია სრულიად აშკარა რისკები, კერძოდ, ბაზარზე არის არაერთი აუდიტორული კომპანია, რომელიც მინიმალურ ფასად სრულიად უხარისხო მომსახურებას შესთავაზებს საჯარო დაწესებულებებს. დღეს საჯარო სექტორის აუდიტის ბაზარი გახსნილია  კერძო აუდიტორული კომპანიებისთვის თუ მათ ჰყავთ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული აუდიტორები, თუმცა მოთხოვნა რეალურად ახლა ყალიბდება. მას შემდეგ რაც ეს მოთხოვნა გაძლირდება, შეიძლება საჯარო აუდიტის ინსტიტუტი იყოს არა საჯარო დაწესებულებებისთვის ფასიანი აუდიტორული მომსახურების გამწევი, არამედ -- ხარისხის დამდგენი და უზრუნველმყოფი.

  4. საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სუბსიდია წლიდან წლამდე მცირდება: თუ 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება 800,000 ლარს შეადგენდა, 2013 წელს ეს დაფინანსება – 400,000 ლარამდე შემცირდა, 2014 წელს -- 50,000 ლარამდე, ხოლო მომავალ წელს ინსტიტუტი სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის თქმას გეგმავს.

  5. მომავალი წლიდან ინსტიტუტი არსებობის გაგრძელებას, მათ შორის სერტიფიცირების და ტრენინგების დაფინანსებას, აუდიტორული საქმიანობით მიღებული შემოსავლით გეგმავს, რაც მის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დაარსება, ტრენინგები და სერტიფიცირება და საჯარო დაწესებულებების აუდიტორული მომსახურება, რითიც აღნიშნული ინსტიტუტია დაკავებული, უმაღლესი აუდიტის და საზოგადოდ საჯარო ფინანსების  რეფორმის ერთ-ერთი პროგრესული ნაბიჯი იყო და ამ პრაქტიკის შეჩერება აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასება მის საქმიანობაში ჩარევაში არ უნდა გადაიზარდოს, რისი აშკარა ნიშნებიც აჩვენა დროებითი საპარლამენტო კომისიის შეფასებამ.

Author: მიხეილ კუკავა