ENG

საქართველოში სატელიტური ანტენების ნაკლებობაა?

20 ივლისი, 2012

ლილოს ბაზრობაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილას დავინახეთ გასაყიდად გამოტანილი სატელიტური თეფშები.  უკანასკნელ დღეებში თბილისში ხმები  გავრცელდა, თითქოს გართულდა  სატელიტური ანტენების ყიდვა, რომლითაც ხალხს პრო-სახელისუფლებოს  გარდა - ოპოზიციასთან დაკავშირებული „მე-9 არხის“ და მთავრობისადმი  კრიტიკულად განწყობილი  ტელეკომპანია „მაესტროს“ ცქერა უფასოდ, თურქული სატელიტის მეშვეობით შეუძლია.


„როდესაც ლილოს ბაზრობაზე გასულებმა სურვილი გამოვთქვით 15 სატელიტური ანტენა და მიმღები გვეყიდა, ერთ-ერთმა გამყიდველმა გვიპასუხა, რომ ანტენების ამდენი რაოდენობა არ ჰქონდა . იგივე პასუხით გამოგვისტუმრეს სხვა გამყიდველებმაც. „არა, არ ვყიდით ამდენს, ორი ან სამი თეფში  კი ბატონო!“– გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა. სხვებმაც იგივე თქვეს, რომ მზად იყვნენ მხოლოდ ორი-სამი თეფში მოეყიდათ. როდესაც შევეკითხეთ, თუ რატომ  შეიზღუდა ანტენების რაოდენობა, გამყიდველებმა ზურგი შეგვაქციეს. „ბაზარი აღარ არის, დროებით გაქრა!“ – გვითხრა ერთმა გამყიდველმა, როდესაც შევეკითხეთ, თუ რა მოხდა – მოკლედ მოგვიგო: „პოლიტიკა...“


ლილოს ბაზრობის თავზე საწყობები მდებარეობს. სწორედ აქ ყიდულობენ საქართველოში მომუშავე გამყიდველები სატელიტურ ანტენებს. ახლომახლო დახლზე მოვაჭრეებმა გვითხრეს, რომ თეფშების დილერებს შეჩერებული ჰქონდათ ოპერაციები. საწყობები ჩვენც  დაკეტილი დაგვხვდა.


იმისთვის, რომ გაგვერკვია, რას ფიქრობენ ან რა იციან ბაზარზე მომუშავე პირებმა არსებული „დეფიციტის“ შესახებ ერთ-ერთ კომპანიას და ერთ-ერთ ინდმეწარმეს დავუკავშირდით. თითოეულს ვთხოვეთ, 20 ანტენა სხვადასხვა ადგილას დაემონტაჟებინათ, ორივე რესპონდენტმა უარი გვითხრა: „ლილოში სატელიტურ თეფშებთან არსებული რაღაც პრობლემების” გამო. საბოლოოდ  ერთი კლიენტისთვის მხოლოდ რამდენიმე ანტენის დაყენებას დაგვთანხმდნენ. „ამ ეტაპზე გვთხოვეს, ბევრი არ გაყიდოთო,“ – გვითხრა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  ერთ-ერთმა მოხალისემ ბათუმში სამშაბათს ექვსი სხვადასხვა მაღაზია მოიარა. თითოეულს ათ-ათი თეფში ჰქონდა. გამყიდველებმა თქვეს, რომ ეს ახლადმიღებული თეფშები იყო, ხოლო მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში თეფშები არ იშოვებოდა. პრობლემა, გამყიდველების თქმით, ის იყო, რომ საბითუმო მომწოდებლები თბილისიდან თეფშებით აღარ ამარაგებდნენ. რამდენიმე მაღაზიის მეპატრონემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ სატელიტური თეფშები და მიმღებები, რომლებსაც ყიდდნენ, უკანასკნელი იყო და, რომ როდესაც ესენიც გაიყიდებოდა, უახლოესი თვეების განმავლობაში ახალს ვეღარ მიიღებდნენ.


ამ პროცესის პარალელურად, ორმა სატელიტურმა ოპერატორმა, MagtiSat-მა და BlackSeaSat-მა მუშაობა გააქტიურეს და მომხმარებლებისვის პაკეტების და აღჭურვილობის  შეთავაზება დაიწყეს. ამ სერვისისთვის მომხმარებელმა თვიური გადასახადი და მონტაჟის 200 ლარამდე ღირებულება უნდა გადაიხადოს მაშინ, როდესაც რამოდენიმე ქართული არხი უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი სატელიტური თეფშის მეშვეობით. ორივე პროვაიდერს აქვს საკუთარი თეფშები და მიმღებები, BlackSeaSat-მა უთხრა გვითხრა, რომ აღჭურვილობის მოწოდებაში შეფერხება არ აქვთ.


საბაჟო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამ მომენტში სატელიტური ანტენების არც ერთი მოწოდებული პარტიის რეგისტრაცია არ მიმდინარეობს და, რომ ელექტროსაქონლის იმპორტის პროცედურა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

გასულ კვირას ხელისუფლებამ დაახლოებით 20,000-მდე სატელიტური ანტენა დააყადაღა, რომელიც ტელეკომპანია „მაესტრომ“ სუბსიდიის სახით საქართველოს მასშტაბით დასარიგებლად შემოიტანა. აქციას, „მაესტროს“ წარმომადგენლების თქმით, პიარკამპანიის სახე ჰქონდა, რომლითაც  ტელეკომპანია დაფარვის ზონის გაფართოებას ცდილობდა. პროკურატურამ „მაესტროს“ ბრალი დასდო იმაში, რომ მან თითქოსდა სატელიტური თეფშები, „ქართული ოცნების“ კოალიციასთან დაკავშირებული კომპანიის, „ელიტა ბურჯის“ დაკვეთით შემოიტანა და, ამდენად, „მაესტრო“ ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. „მაესტროს“ წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ სატელიტური თეფშების შესყიდვა ამ ტელკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, მაკა ასათიანმა განახორციელა და რომ ამ აქციას პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია.


ივნისში ხელისუფლებამ საწყობებში ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილი კომპანია Global TV-ის  70,000 სატელიტური ანტენა დააპატიმრა. ეს კომპანია იაფად გადაცემული სატელიტური ანტენების მეშვეობით ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულეს.

მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები და მოგვწერეთ, თუ იცით, რამ გამოიწვია ბაზარზე სატელიტური ანტენების რაოდენობის  შემცირება, ანდაც გსურთ გაგვიზიაროთ, რა გადაგხდათ თავს, როდესაც სატელიტური თეფშის დაყენება გადაწყვიტეთ.  

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
Media