თვითმმართველი ქალაქების გამჭვირვალობა გამოწვევად რჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თვითმმართველი ქალაქების გამჭვირვალობა გამოწვევად რჩება

28 ოქტომბერი, 2014

 

ჩვენი ორგანიზაციის მიერ ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქის ხელისუფლების ვებგვერდები გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. მაგალითად, თბილისის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდებზე არ არის წარმოდგენილი მერიის თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და ახალი მოწვევის საკრებულოს წევრების სია. ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქის მერიები და საკრებულოები არ აქვეყნებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. არის შემთხვევები, როდესაც თვითმმართველი ქალაქების მმართველ ორგანოებს საერთოდ არ აქვთ ვებგვერდი, რაც არადამაკმაყოფილებლად მიგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ ერთეული მუნიციპალიტეტების ვებგვერდზე, როგორიცაა ოზურგეთი, მოცემულია თვითმმართველი ქალაქის მერიისა და საკრებულოს სექცია. ასეთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდების გამიჯვნა არ არის აუცილებელი, რადგან მთავარია წარმოდგენილი იყოს თვითმმართველი ქალაქის მერიისა და საკრებულოს სექციები, სადაც გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ახალმა კოდექსმა, რომელიც პარლამენტმა 2014 წლის თებერვალში მიიღო, აგრეთვე ამავე წელს გამართულმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებმა, ქვეყანაში ახალი რეალობა შექმნა. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა მათი უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, თავდაპირველ 5 თვითმმართველ ქალაქს (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი) კიდევ 7 ქალაქი დაემატა (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე), რომელთაც საკუთარი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და არჩევითი აღმასრულებელი (მერია) ორგანოები ჰყავთ. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. თვითმმართველ ქალაქებს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი და შემოსავლები აქვთ. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა გაზრდილმა კომპეტენციებმა, თავის მხრივ, მათი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამოწვევები დააყენა დღის წესრიგში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გადაწყვიტა, შეეფასებინა თორმეტივე თვითმმართველი ქალაქის საკრებულოებისა და მერიების გამჭვირვალობა ამ ორგანოთა ვებგვერდების ანალიზის გზით. ამისათვის ჩვენ ინფორმაციის 8 ძირითადი კატეგორიით ვიხელმძღვანელეთ, რომელთა გამოქვეყნება აუცილებელია, რათა დაინტერესებულ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ეფექტიანად მონიტორინგის საშუალება ჰქონდეთ. ეს კატეგორიები ქვემოთ მოცემულ გრაფიკებში შეგიძლიათ იხილოთ. 

მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, ყველაზე გამჭვირვალედ 12 თვითმმართველ ქალაქს შორის თელავი და ბათუმი შეფასდა. უარყოფითი შეფასება თელავის მერიამ მხოლოდ ნორმატიული აქტების, ხოლო ბათუმის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკრებულოს სხდომების დღის წესრიგების გამოუქვეყნებლობის გამო მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ვებგვერდებზე არ არის წარმოდგენილი მერიის თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და ახალი მოწვევის საკრებულოს წევრების სია, ამიტომ, ჩვენი აზრით, ეს ვებგვერდები გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებენ. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ახალი თვითმმართველი ქალაქის მერიისა და საკრებულოს სექციები მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა წარმოდგენილი, თუმცა არ მოიცავს მოქალაქეთათვის საჭირო ინფორმაციას. ასეთია ოზურგეთი, რომელმაც უარყოფითი შეფასება მიიღო მერიასთან და საკრებულოსთან დაკავშირებული ინფორმაციის კატეგორიებში. ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალე მცხეთა, ამბროლაური, გორი, ზუგდიდი და ახალციხე აღმოჩნდა, რომლებსაც არც მერიისა და საკრებულოს ვებგვერდები გააჩნია და არც შესაბამისი სექცია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.

ვინაიდან საქართველოში ინტერნეტის მოხმარებელთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება (2013 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა 48 პროცენტი მოიხმარს ინტერნეტს), აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებებმა  რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდზე და ამით  თვითმმართველი ერთეულის გამჭვირვალობა უზრუნველყონ. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ქალაქების ნაწილმა მიიღო დადგენილება ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების შესახებ, რომელშიც აუცილებლად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხაა წარმოდგენილი. ამის მიუხედავად, ქალაქების უმრავლესობა არ აქვეყნებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ძირითად ინფორმაციას, როგორიცაა ნორმატიული აქტები და სხდომების დღის წესრიგი. ასეთი ინფორმაცია საშუალებას აძლევს მოქალაქეს აქტიურად ადევნოს თვალი საკრებულოებისა და მერიის საქმიანობას. ასეთი ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა კი თვითმმართველი ორგანოების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებს. მნიშვნელოვანია, რომ დადგენილების მიღებასთან ერთად თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლება უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს მოქალაქეებს.

ამასთან, სასურველია ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების პროცესის მოწესრიგება სპეციალური კანონით, რომელიც ამ სფეროში ერთიან სტანდარტებს დაადგენს ყველა საჯარო ინსტიტუტისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი რეკომენდაციით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციულმა ქსელმა. მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციის კატეგორიებში ასევე უნდა შედიოდეს სახელმწიფო შესყიდვების მონაცემები, საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტები, საკრებულოს სხდომების განრიგი და დღის წესრიგი, ინფორმაცია გაცემული ხელფასებისა და პრემიების შესახებ.

 

ჩვენ მიერ შეფასებული ვებგვერდები:

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის პოზიციას.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“