საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და სხვა ორგანიზაციები
მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციათა შორის ყველაზე დიდია: მოსახლეობის 80% თავს სწორედ მას მიაკუთვნებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, მართლმადიდებლური ეკლესია, სხვა ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებს, თუმცა მასზე არ ვრცელდება ხარჯების ანგარიშგების ვალდებულება, რაც სხვა საბიუჯეტო დაწესებულებს გააჩნიათ. ამის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გადაწყვიტა, მცირე მასშტაბის კვლევა ჩაეტარებინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ საპატრიარქოს საკუთრებაშია, ან მის მიერაა დაარსებული. ანგარიშის მთავარი მიზანი საპატრიარქოს სხვადასხვა სფეროში საქმიანობის შესახებ დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. გარდა ამისა, მოცემულია სავარაუდოდ კანონთან შეუსაბამო რამდენიმე ფაქტიც.
საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში უმდიდრესი რელიგიური ორგანიზაციაა, როგორც მიწის საკუთრების მხრივ, ისე მოქალაქეთა შემოწირულებების გზით მიღებული დაფინანსებისა და სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან წარმოებული გადარიცხვების თვალსაზრისითაც. 2013 წელს განხორციელებული კვლევის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაადგინა, რომ 2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა სულ მცირე 200 მილიონ ლარს შეადგენს. 2013 წელს საქართველოს საპატრიარქომ ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მიიღო. მას იმავე ოდენობის დაფინანსება აქვს გამოყოფილი 2014 წლის ბიუჯეტითაც.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ბიზნესინტერესებიც აქვს. ეკლესია უშუალოდ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. თუმცა, საპატრიარქო 27 კომპანიას ფლობს, რომლებიც რამდენიმე სამეწარმეო სფეროში მოქმედებენ, მათ შორის წყლის ბიზნესი, განათლება და ა.შ.
1. საქართველოს საპატრიარქოს ბიზნესკომპანიები
საჯარო რეესტრის მონაცემებით, საპატრიარქოს სრულ ან ნაწილობრივ მფლობელობაში 27 ბიზნესკომპანია ფიქსირდება.
აქვა გეო
„აქვა გეო“ მინერალურ წყალ „სნოს“ აწარმოებს. პროდუქციის სახელწოდება პატრიარქ ილია II-ის მშობლიური სოფლის სახელიდან მოდის. კომპანია 2009 წელს დარეგისტრირდა და საპატრიარქო ამჟამად მის 20%-ს ფლობს (2010 წ. აპრილამდე საპატრიარქოს კომპანიის 80% ეკუთვნოდა), დანარჩენი წილის მფლობელი კი ვახტანგ ლიპარტიანია. ეკლესიასთან ლიპარტიანის სხვა ბიზნეს კავშირები არ იკვეთება.
2014 წლის თებერვალში ვახტანგ ლიპარტიანმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ალექსანდრე ხარებავამ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ თითოეულმა 37,353 ლარი შესწირა. 2011 წლის იანვრამდე ხარებავა საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილი კრწანისის ტყე-პარკის დირექტორი იყო.
2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული „აქვა გეომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჩატარებულ 26 სამთავრობო სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა (სულ 45-ზე მეტ ტენდერში მონაწილეობდა), რომელთა საერთო ღირებულება 502,145 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტენდერებთან ერთად 2012 წლის თებერვლიდან მოყოლებული კომპანიას ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის პროცედურის გამოყენებით, დამატებით კიდევ 166 სამთავრობო კონტრაქტი გაუფორმდა, რომელთა საერთო ღირებულება 200,000 ლარზე მეტს შეადგენს.
წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი
ფონდი ოფიციალურად 2010 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. ფონდის დაარსების ერთადერთი მიზანი დარიალის ხეობაში ეკლესიის მშენებლობა იყო. ის მთლიანად საპატრიარქოს ეკუთვნის. კომპანიას კონსტანტინე იაკობაშვილი (მეუფე იაკობი) ხელმძღვანელობს, რომელიც წმინდა სინოდის წევრი, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი, საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე და პატრიარქის ქორეპისკოპოსია.
დარიალის ხეობაში საეკლესიო კომპლექსის მშენებლობაში დახმარების მიზნით აღნიშნულ ფონდთან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთრებაში არსებულმა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ოთხი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებათა უმეტესობა 2011 წლის პირველ ნახევარზე მოდის და მათგან უმსხვილესი (936,000 ლარი) ფონდს გამარტივებული შესყიდვების პროცედურების გზით მიენიჭა 2011 წლის 15 აგვისტოს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდს ზემოაღიშნული ტენდერებიდან ერთი (818,000 ლარის ღირებულების) იმის მიუხედავად მიენიჭა, რომ მის კონკურენტს სატენდერო წინადადებაში 50,000 ლარით ნაკლები ჰქონდა შეთავაზებული. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის შემთავაზებელი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მოახდინა იმის გამო, რომ მან ყველა საჭირო სატენდერო დოკუმენტი არ წარადგენა, რომელთაგან ერთ-ერთი ეკლესიის მშენებლობაზე საპატრიარქოს მიერ გაცემული ნებართვაც უნდა ყოფილიყო.
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“
საპატრიარქოს საკუთარი ტელეკომპანიაც აქვს სახელად „ერთსულოვნება“, რომელიც სპეციალიზებული მაუწყებლობის კერძო ლიცენზიას ფლობს და რომლის მაუწყებლობაც თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვრცელდება. ტელეკომპანია, ძირითადად, რელიგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს გადასცემს. ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ 2008 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული და 2010 წლის სექტემბრამდე, ანუ საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემამდე, მთლიანად პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნოდა. ამჟამად კომპანიას ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი პეტრე (პაატა ცაავა) ხელმძღვანელობს; 2010 წლიდან ტელეკომპანიას თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ორი შენობა და 4 151 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უკავია, რომელიც ერთი წლით ადრე საპატრიარქოს ხელისუფლებამ უსასყიდლოდ გადასცა. ტელევიზიას თავის შესანახად საკმარისი სახსრები არ გააჩნია და სახელმწიფოსა და საპატრიარქოსაგან ფინანსდება. 2009 წლის თებერვალში მთავრობამ „ერთსულოვნებას“ 300,000 ლარის ოდენობით დაფინანსება გამოუყო.
„ერთსულოვნება“ ეთერში ტელერადიო კომპანია „ევრიკას“ სიხშირეზე მაუწყებლობდა. 2010 წლის ივნისში „ევრიკამ“ დაახლოებით 112 000 ლარის დავალიანების არსებობის გამო საპატრიარქოს ტელევიზიას ეთერი გაუთიშა. „ევრიკასთან“კონტრაქტს ვადა 2013 წლის 1 მაისს ამოეწურა, მაგრამ ის აღარ გაგრძელებულა და „ერთსულოვნება“ სიხშირის გარეშე დარჩა. ამის შემდეგ პატრიარქმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სთხოვა, პარლამენტის უფლებამოსილება გამოეყენებინა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ეშუამდგომლა, რათა მას „ერთსულოვნებისათვის“ ახალი სიხშირე გამოეყო. 2014 წლის იანვარში, „სტერეო+“-მა „ერთსულოვნებას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საკუთარი ლიცენზია სიმბოლურ ფასად გადასცა და ახლა „ერთსულოვნების“ სიგნალის მიღება დეციმეტრული ანტენის საშუალებითაა შესაძლებელი.
საპატრიარქოს ასევე აქვს საკუთარი რადიო არხი – „ივერია“. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „ივერია” თბილისში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში მაუწყებლობს, თუმცა იგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა რეესტრში არ ფიქსირდება. მაუწყებლობის შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტით ულიცინზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა იკრძალება.[1] საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად კომისიამ გვაცნობა, რომ ამჟამად, კომისიასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დაწყებულია მუშაობა აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცევის მიზნით.
საავადმყოფოები
საპატრიარქოს საკუთრებაშია ოთხი საავადმყოფო: აქედან ორი, თერაპიული კლინიკა უპოვართათვის და მისი განვითარების ფონდი და წმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფოს განვითარების ფონდი, ჩვეულებრივი სავადმყოფოების სახით ფუნქციონირებს, მაგრამ არაკომერციულ ორგანიზაციებადაა რეგისტრირებული.
დანარჩენი ორი საავადმყოფო, ერთი თბილისში – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი (ადრე ნიკოლოზ ბარნოვის საავადმყოფოს სახელით ცნობილი), ხოლო მეორე ქუთაისში – ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახითაა რეგისტრირებული. ორივე საავადმყოფო საპატრიარქოს პრივატიზაციის პროცესის ფარგლებში გადაეცა – პირველი 2007 წლის დეკემბერში სიმბოლურ ფასად – 1 აშშ დოლარად, ხოლო მეორე – 2000 წლის აპრილში უფასოდ. 2000 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებას წარმოადგენს აგრეთვე წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიარო სახლი, რომელიც სამედიცინო ცენტრს 2012 წლის ოქტომბერში შეუერთდა.
სამივე საავადმყოფო ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეფერალური სამსახურის პროგრამაში, საიდანაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული პირებისათვის ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება. 2011 წლიდან მოყოლებული ამ საავადმყოფოებს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების გზით ჯამში 241,834 ლარის ღირებულების 126 ხელშეკრულება გაუფორმდა (სოციალური მომსახურების სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებთან 12,000 ამგვარი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული). ამ ცენტრმა გაიმარჯვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცხადებულ 266,500 ლარის ღირებულების ტენდერშიც. 2011 წლის მარტის შემდგომ პერიოდში სამედიცინო ცენტრმა და სამშობიარო სახლმა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერშიც გაიმარჯვა, რომელთა საერთო ღირებულებაც 93,800 ლარს შეადგენს.
კვების პროდუქტების ბიზნესი
საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ორგანული საკვების წარმოება. ეკლესიას თბილისში აქვს ორი მაღაზია სახელწოდებით „მონასტრის ბარაქა“ (ერთი სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარად, ხოლო მეორე ყაზბეგის გამზირზე ასევე ეკლესიის მახლობლად); ეს მაღაზიები, მათივე მტკიცებით, საქართვველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში წარმოებული ორგანული საკვები პროდუქტებით ვაჭრობენ (სავაჭრო საქონელს შორისაა ხაშმის ღვინის ქარხნის ღვინოც).
2014 წლის იანვარში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (არასამთავრობო ორგანიზაცია) ამ მაღაზიებში გაყიდვაში არსებული რძის პროდუქტების ნიმუშები აიღო, შესამოწმებლად სამ სხვადასხვა ლაბორატორიას ჩააბარა და დაადგინა, რომ ისინი ნამდვილი რძის პროდუქტები არ იყო. რადგან აღნიშნული ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ორგანიზაციამ მხოლოდ წერილი გაუგზავნა საპატრიარქოს და სთხოვა, საკვები პროდუქციის ხარისხი გაეკონტროლებინა.
საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული სხვა საწარმოები
საპატრიარქოს ასევე ეკუთვნის რაგბის კლუბი „ბაგრატი“ ქუთაისში, თბილისის სამხრეთით მდებარე „კრწანისის ტყე-პარკი“,ხაშმის ღვინის ქარხანა კახეთში (1992 წ. თებერვლიდან), 11 სკოლა (შპს-ები) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 1 საბავშვო ბაღი ბათუმში (საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ. დანართი ფაილი).
საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე სკოლამ საქმიანობის პროფილი შეიცვალა. 2010 წლის მაისში ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დისშვილმა, დიმიტრი შიოლაშვილმა, შპს „ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი” სამშენებლო-საპროექტო კომპანიად − შპს ,,იბერია ბურჯად“ გარდაქმნა. საჯარო რეესტრში გარდაქმნის რეგისტრაციისას წარდგენილია ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის სახელზე საპატრიარქოს მიერ გაცემული მინდობილობა, რომელშიც საუბარია ეპისკოპოსისთვის კომპანიის რეგისტრაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე, თუმცა მინდობილობა არ იძლევა რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობის სფეროს ცვლილების უფლებამოსილებას.
2014 წლის იანვარში კიდევ ერთი სასწავლებელი, შპს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა, გადაკეთდა კვების პროდუქტების მწარმოებელ და დისტრიბუტორულ კომპანიად.
2. საქართველოს საპატრიარქოს არაკომერციული ორგანიზაციები
საპატრიარქოს დაფუძნებული აქვს სულ მცირე 84 არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის 4 უნივერსიტეტი, 5 სასულიერო სემინარია, 25 სკოლა, 8 სოციალური დაწესებულება, 18 საქველმოქმედო და განვითარების ფონდი და 16 კულტურული და სულიერი განვითარების ცენტრი. ზოგიერთი მათგანის წესდებაში კომერციული საქმიანობა მითითებულია როგორც დამხმარე.
საპატრიარქოს მიერ 2013 წლის აპრილში გავრცელებული განცხადების თანახმად, მის დაქვემდებარებაშია 90-მდე საგანმანათლებლო და სოციალური პროფილის დაწესებულება (სემინარიები, სკოლები და საბავშვო ბაღები), ასევე რამდენიმე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 2 000-ზე მეტი თანამშრომელი და 18 000-მდე მოსწავლე ირიცხება. ამ სკოლებიდან ბევრი საპატრიარქოს მიერაა დაარსებული და მათ ამჟამად ეპისკოპოსები ან ეკლესიის მაღალი იერარქიის სხვა წარმომადგენლები მართავენ.
სოციალური პროფილის დაწესებულებები
საპატრიარქოს საკუთრებაშია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ათამდე ბავშვთა სახლი, რომლებშიც 1 200-დან 1 500-მდე ბავშვი ცხოვრობს. არც ბავშვთა სახლების ზუსტი რაოდენობა და არც მათში არსებული ბავშვების მთლიანი რაოდენობაა ცნობილი, რადგან ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, უმეტესწილად, ხელმიუწვდომელია. გარდა ამისა, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ამ დაწესებულებებში განთავსებულ ბავშვებში მაღალია ძალადობის რისკი. ხშირ შემთხვევაში მათ პირადობის დამდგენი სათანადო დოკუმენტებიც კი არ გააჩნიათ.
საქველმოქმედო და განვითარების ფონდები
საპატრიარქოს სულ მცირე 16 ფონდი აქვს დარეგისტრირებული. ათი მათგანი ეპარქიის განვითარების ფონდია, რომლებსაც შესაბამისი ეპარქიის ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. მათ წესდებაში ძირითადი საქმიანობის სფეროდ მითითებული აქვთ საქველმოქმედო, საგანანმანათლებლო მოღვაწეობა და ტაძრების მშენებლობა-რესტავრაცია. საჯარო რეესტრში არსებობს ინფორმაცია კიდევ ათი ეპარქიის განვითარების ფონდის შესახებ, რომელთა დამფუძნებელიც არა საპატრიარქო, არამედ შესაბამისი ეპარქიის ეპისკოპოსები არიან, თუმცა, სხვა მხრივ, ანალოგიური მიზნები აქვთ.
საპატრირქოსთან დაკავშირებულ ფონდებს შორისაა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, რომელიც, ძირითადად, სამეცნიერო კვლევებს აფინანსებს; არის ფონდები, რომლებიც გალობის განვითარების ხელშეწყობას, ეკლესიების მშენებლობასა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ზრუნვას აფინანსებენ. საპატრიარქოსთან არსებული არც ერთი ფონდი არ არის რეგისტრირებული როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამ სტატუსით დარეგისტრირების შემთხვევაში, ორგანიზაციას საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება ეძლევა, მაგრამ მან დროგამოშვებით უნდა გაასაჯაროოს და შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ქონებრივი დეკლარაციები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
ცენტრები
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში საერთო ჯამში 16 ცენტრია. მათი უმეტესობის მოღვაწეობის სფეროა ახალგაზრდა თაობის სულიერი განვითარება და ქრისტიანული განათლება. რამდენიმე ცენტრი სკოლასა და საბავშვო ბაღს აერთიანებს (ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი). სხვები უფრო მეტად საქველმოქმედო საქმიაობაზეა ორიენტირებული: უფასო სასადილო, მოხუცთა სახლი (წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი) და საბავშვო ბაღი სმენადაქვეითებულ ბავშვებისთვის (სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრი). არსებობს ასევე ნარკომანიასთან ბრძოლის ცენტრიც (სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი), გალობათა პოპულარიზაციის ცენტრი (ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი) და თეოლოგიური კვლევების განვითარების ცენტრი (საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი).
[1] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის მიხედვით მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება მეორეჯერ ჯარიმდება 10 000 ლარით, ხოლო მესამედ და მეტჯერ − 50 000 ლარით.