საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება: 2023 წლის შეჯამება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება: 2023 წლის შეჯამება

16 თებერვალი, 2024

2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა, 2021 წელთან შედარებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2023 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ძირითადად ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა.

2023 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 3.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია. 2023 წელს რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 10.3% იყო, ხოლო 2022 წელს 14.5%. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3% იყო, ხოლო პანდემიამდე, 2019 წელს 9.7%.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11,552 კომპანია დაარეგისტრირეს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 26,339 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3.6-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში;
  • 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;
  • 2023 წელს რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 3.6%-ით ჩამორჩება. რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში 20%-დან 20.1%-მდე გაიზარდა;
  • რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად;
  • 2023 წელს რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება. რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა;
  • 2023 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 2.3%-ით გაიზარდა და 657 მლნ დოლარი შეადგინა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო, რაც 0.7% პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე;
  • რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და 168 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • 2023 წელს რუსეთიდან იმპორტი 5%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, 2021 წელთან შედარებით 71%-ით არის გაზრდილი. რუსეთის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 11.3%-ია, რაც 2.2% პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
  • 2023 წელს რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა - 70 მლნ დოლარით (11%-ით). თუმცა, 2021 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 4-ჯერ არის გაზრდილი. ხორბლის და ხორბლის ფქვილის იმპორტი 36 მლნ დოლარით (28%-ით) შემცირდა.
  • 2023 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტი 15%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 20% შეადგინა, როცა 2022 წელს 17.3% იყო, 2021 წელს კი 16%. რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რადგან 2023 წელს საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია;
  • 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. 67 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 20.3 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 19.8 მლნ დოლარი კი უძრავი ქონების სფეროში.

რეკომენდაციები

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა:

  • რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;
  • რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.

 

 

I.      შესავალი

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები არაერთხელ გამოიყენა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე ბოლო კვლევა[1] 2023 წლის სექტემბერში გამოვაქვეყნეთ, რომელშიც 2023 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობა იყო შესწავლილი. წინამდებარე კვლევა სრულად ასახავს 2023 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს და ტენდენციებს.

II.     საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ძირითადი მაჩვენებლები

1.      საგარეო ვაჭრობა

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 3%-ით შემცირდა და 2.4 მლრდ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის შემცირება იმპორტის 5%-ით კლებამ განაპირობა. თუმცა, 2021 წელთან შედარებთ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 47%-ით არის გაზრდილი. 2023 წელს რუსეთის წილმა საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.2% შეადგინა, რაც 2022 წელს 13.1% იყო, ხოლო 2021 წელს 11.4%.

2023 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.3%-ით გაიზარდა და 657 მლნ დოლარი შეადგინა (გრაფიკი 1). საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2023 წლის წელს საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტად უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი გაიზარდა 32 მლნ დოლარით (36%-ით). სპირტიანი სასმელების ექსპორტი 20 მლნ დოლარით (42%-ით), ციტრუსის 14 მლნ დოლარით (131%-ით). მნიშვნელოვნად მხოლოდ ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა - 62 მლნ დოლარით (57%-ით). 2023 წლის მარტიდან რუსეთმა ფეროშენადნობების იმპორტზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა, რამაც საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების შეტანა შეაჩერა.

2023 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოს მთავრობამ აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი აკრძალა. 26 სექტემბრიდან კი მსგავსი აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტზეც გავრცელდა.[2] საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამკაცრებითაა განპირობებული. 2023 წლის იანვარ-ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი 200%-ით გაიზარდა, აგვისტო-დეკემბერში კი 98%-ით შემცირდა. ჯამში, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი 11%-ით შემცირდა.

მსუბუქი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტის შეჩერებას საქართველოდან ყირგიზეთში და ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტის ზრდა მოჰყვა. სავარაუდოდ, ამ ავტომობილების ნაწილი საბოლოოდ რუსეთის ბაზარზე ხვდება. 2023 წლის აგვისტო-დეკემბერში ყაზახეთში და ყირგიზეთში 4-ჯერ მეტი ავტომობილი გავიდა, ვიდრე 2022 წლის აგვისტო-დეკემბერში.

2023 წელს რუსულ ბაზარზე საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 168 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე უალკოჰოლო სასმელები იყო 123 მლნ დოლარით. შემდეგ ბოსტნეული და ხილი მოდის 107 მლნ დოლარით (გრაფიკი 2).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წელს რუსეთში 168 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 5%-ით მეტია. გაიზარდა საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც და 65%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (გრაფიკი 3).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს რუსული საქონლის საქართველოში იმპორტი 5%-ით შემცირდა და 1,744 მლნ დოლარი შეადგინა (გრაფიკი 4). საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. 2021 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 71%-ით არის გაზრდილი.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2023 წელს რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი შემცირდა - 70 მლნ დოლარით (11%-ით). 2021 წელთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 4-ჯერ არის გაზრდილი. 2023 წელს რუსული საწვავის იმპორტის შემცირება ორმა მიზეზმა განაპირობა: 1. 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე რუსეთმა ბენზინის ექსპორტი შეაჩერებული ჰქონდა და 2. რუსული ბენზინი გაძვირდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობის კოქსის იმპორტი - 28 მლნ დოლარით (8-ჯერ), ფოლადის წნელების იმპორტი - 22 მლნ დოლარით (60%-ით) და ბუნებრივი აირის იმპორტი 19 მლნ დოლარით (17%-ით).

2023 წელს რუსეთიდან იმპორტში პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 552 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე სხვადასხვა სურსათი იყო ჯამურად 285 მლნ დოლარით და მესამეზე ბუნებრივი აირი იყო 131 მლნ დოლარით (გრაფიკი 5).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ისევ მაღალია. 2023 წელს რუსეთიდან 92 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი და ფქვილი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის და ფქვილის 97% იყო. თუმცა, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ხორბლის და ფქვილის იმპორტი 28%-ით შემცირდა. განსაკუთრებით დიდი კლება (-46%) ხორბლის ფქვილის იმპორტში დაფიქსირდა. იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადია. ფქვილზე საიმპორტო გადასახადი საქართველოში ხორბლის მწარმოებლების მოთხოვნის შესაბამისად დაწესდა და 2024 წლის პირველ მარტამდე იმოქმედებს.

ბოლო წლებში რუსულ ელექტროენერგიას საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში უმნიშვნელო წილი უჭირავს. ოკუპირებულ აფხაზეთში გადადინებული ელექტროენერგიის გამოკლებით, 2023 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო[3], რაც იმან განაპირობა, რომ 2023 წელს საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია.

განსხვავებული სიტუაციაა რუსული ბუნებრივი აირის მოხმარებაში. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში 6.5% ეკავა. 2020 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2022 წელს 3-ჯერ მეტი (520 მლნ კუბ მეტრი) რუსული ბუნებრივი აირი მოვიხმარეთ, ვიდრე 2019 წელს. ჯამურ მოხმარებაში რუსულმა ბუნებრივი აირის წილმა 17.3% შეადგინა. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 15%-ით გაიზარდა და 596 მლნ კუბ მეტრი შეადგინა (131 მლნ დოლარის ღირებულების). საქართველოს შიდა მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 20%-მდე გაიზარდა.[4] საქართველოს ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაში 80% აზერბაიჯანიდან იმპორტირებულს უჭირავს.

რომ შევაჯამოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. თუმცა, ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მაღალი პოლიტიკური რისკების შემცველია. რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი გაიზარდა, ძირითადად, საავტომობილო საწვავის, შავი ლითონების და სურსათის იმპორტის ზრდის გამო.

2.      ტურიზმი და ფულადი გზავნილები

„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.

2022 წელს, პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატებოდა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლები იყო.

2023 წელს რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე 3.6%-ით ნაკლებია. 2023 წლის მე-4 კვარტალში, 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 12%-ით კლება დაფისქსირდა.

2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო. 2023 წელს კი 20.1%. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე მეტზე აქამდე არასდროს მიუღწევია (გრაფიკი 6).

რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად, ამის ზუსტი სტატისტიკა მხოლოდ 2022 წლის მდგომარეობითაა ცნობილი. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, ანუ აღირიცხა როგორც იმიგრანტი. 2023 წლის მიგრაციის მაჩვენებლები მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთიდან საქართველოში 1,856 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 1,887 ათასი გავიდა.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 938 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 5.3%-ით მეტია.

ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წელს 25.3% იყო, 2023 წელს კი 22.8%-მდე შემცირდა.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოსთვის შემოსავლის მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთიდან ფულადი გზავნილებია. 2015-2021 წლებში რუსეთიდან გზავნილები მცირდებოდა. 2022 წელს კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს.

2023 წელს რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება. 2022 წელთან შედარებით ფულადმა გზავნილებმა შემცირება 2023 წლის მეორე ნახევარში დაიწყო.

2023 წელს რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიან გზავნილებში 37% იყო, რაც 10.3% პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე (გრაფიკი 8).

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

3.      პირდაპირი ინვესტიციები

2017-2023 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 5% იყო. თუმცა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 37% ოფშორებიდან[5] შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.[6] 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია. 108 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 71 მლნ დოლარი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობების სფეროში ჩაიდო, 27 მლნ დოლარი მშენებლობაში, 15 მლნ დოლარი საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. 67 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 20.3 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 19.8 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში, 6.4 მლნ დოლარი საინფორმაციო ტექნოლოგიებში და 5.2 მლნ დოლარი ჯანდაცვაში.

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

 

III.    რუსული ბიზნესი საქართველოში

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის ბიზნეს სუბიექტები რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები არიან. სწორედ ასეთ სუბიექტებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 34,000-მდე ისეთი კომპანიაა იყო დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 77% (26,339 კომპანია) უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ბოლომდე დარეგისტრირდა. 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 14,977 კომპანია დაარეგისტრირეს, ხოლო 2023 წელს კი 11,552 (გრაფიკი 10).

2022-2023 წლებში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვთ.

მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი

საქართველოში ბიზნეს სუბიექტის რეგისტრაციის დროს მომავალი საქმიანობის სფეროს მითითება არ ხდება. თუმცა, როდესაც კომპანია საქმიანობას იწყებს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი საქმიანობის სფერო საქსტატისთვის ცნობილი ხდება. ამჟამად 2022-2023 წლებში რეგისტრირებული 4,276 რუსული კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი, საიდანაც 3,107 კომპანია (73%) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. აღნიშნული კომპანიების 99% ინდივიდუალური მეწარმეა. შემდეგ მოდის დიზაინერული და სარეკლამო საქმიანობების სფერო, სადაც ამ ეტაპზე 231 კომპანიაა იდენტიფიცირებული. ვაჭრობაში 170, რესტორნების და სასტუმროების სფეროში 157, ხოლო განათლების, ხელოვნების და გართობის სფეროში 155 კომპანიაა იდენტიფიცირებული.

მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი, საქსტატი

 


[1] საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, სექტემბერი 2023, https://shorturl.at/ahoAO

[2] რადიო თავისუფლება https://www.radiotavisupleba.ge/a/32532746.html

[3] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2023 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://shorturl.at/cghW8

[4] ინფორმაციის წყარო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისია

[5] ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე.

[6] ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, 2021, https://cutt.ly/sT70zX5