ENG

საქართველოს მთავრობის წევრების სამეწარმეო საქმიანობა

07 დეკემბერი, 2018

 

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებისა და საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის 18 წევრის (მინისტრებისა და მათ მოადგილეების) ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ისინი წილებს ფლობენ  ან დირექტორის თანამდებობებს იკავებენ 47 სხვადასხვა კომპანიაში.

თანამდებობის პირის მიერ კომპანიაში წილის ფლობა ან მისი ოჯახის წევრის საქმიანობა ბიზნესის სფეროში, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის. თუმცა, აუცილებელია ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რათა მათ საქმიანობაში ინტერესთა შეუთავსებლობა გამოირიცხოს.

სწორედ ამ მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს.  ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება და მასში ზუსტი მონაცემების მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმია, რომელიც თანამდებობის პირის შემოსავლების, სამეწარმეო საქმიანობისა და ქონებრივი მდგომარეობის გამჭვირვალობას განაპირობებს.  შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი ორ ძირითად მიზანს ემსახურება: შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია და თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრების შესაძლო შემთხვევების გამოვლენა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში არაზუსტად აქვთ მითითებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ამავე დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შესაძლოა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევდნენ, ვინაიდან მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული საწარმოები (შპს „მედსფეისი” ზაზა ბოხუას შემთხვევაში და  შპს „ლანჩ თაიმი“, შპს „ჰელსი ფუდი“, შპს „მროვი“, შპს „აგრო 1959“ და შპს „ჩხავერი“ გიორგი ხანიშვილის შემთხვევაში) სავარაუდოდ, მათივე სამსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან.

ქვემოთ წარმოდგენილია სამეწარმეო საქმიანობასთან მთავრობის წევრების (მინისტრებისა და მათი მოადგილეების) კავშირის დეტალური მიმოხილვა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მაია ცქიტიშვილი  -  მინისტრი

პოსტზე დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა, შპს „თბილისის კომერციულ ქონების“ 75%-იანი წილი მეუღლეს, დავით ხატიაშვილს, აჩუქა. მაია ცქიტიშვილი პირადად აღარ ფლობს წილს რაიმე სხვა კომპანიაში. მისი მეუღლე დავით ხატიაშვილი კი აქტიურად არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით. ის ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

მონაწილეობის ფორმა

შპს „თბილისის კომერციულ ქონება”

მეუღლე, დავით ხატიაშვილი

75% მეწილე

(დირექტორი)

შპს „ბილდინგ სოლუშენსი” (404978814)

მეუღლე, დავით ხატიაშვილი

100% მეწილე

(დირექტორი)

სს „ჯორჯიათრეიდი” (405048158)

მეუღლე, დავით ხატიაშვილი

დირექტორი

შპს “მიკროკლიმატი” (401945277)

მეუღლე, დავით ხატიაშვილი

100% მეწილე

(დირექტორი)

შპს „სავაჭრო ცენტრი” 405249789

მეუღლე, დავით ხატიაშვილი

75% მეწილე

(დირექტორი)

შპს ბიკონსალტინგი (205059336)

მეუღლე, დავით ხატიაშვილი

16.5% მეწილე

 

ხატიაშვილი სააქციო საზოგადოება „ჯორჯიათრეიდის” (405048158)  ერთ-ერთი დირექტორია. აღნიშნული სააქციო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და 2015 წლის შემდეგ, ჯამში 708,960 ლარის სატენდერო და 30,930 ლარის ღირებულების გამარტივივებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ირაკლი ქარსელაძე -  მინისტრის პირველი მოადგილე

მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავების შემდეგ, ირაკლი ქარსელაძე სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის. თუმცა, წარსულში, თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეობის პარალელურად, ფონდთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებდა.

 

კომპანია

კავშირი

პერიოდი

შპს „თბილისი სითი საქართველო”

დირექტორი

04.02.2015 - 10.04.2018

შპს „ბლექ სი რიზორთსი”

დირექტორი

04.02.2015 - 10.04.2018

შპს „სოლოლაკი ჰილზ”

დირექტორი

04.02.2015 - 10.04.2018

შპს „სოლოლაკი რაიზ”

დირექტორი

04.02.2015 - 10.04.2018

შპს „ოლდ სითი”

დირექტორი

04.02.2015 - 10.04.2018

შპს „სიშორ”

დირექტორი

17.01.2017 - 10.04.2018

შპს „სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტი”

დირექტორი

11.03.2018 - 10.04.2018

შპს „ბლექ სი რივიერა”

დირექტორი

07.03.2016 - 10.04.2018

შპს „თაბორი რიზორთსი”

დირექტორი

27.04.2016 - 10.04.2018

შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი”

დირექტორი

10.04.2017 - 10.04.2018

შპს „ჯითიდიეფ სოლუშენს”

დირექტორი

26.04.2017 - 10.04.2018

შპს „ბიზნეს დეველოპმენტ”

დირექტორი

01.06.2017 - 10.04.2018

შპს „ბლექ სი რიზორთს ასეთ მენეჯმენტი”

დირექტორი

22.03.2018 - 10.04.2018

შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”

დირექტორი

27.01.2016 - 05.04.2018

 

ილია ბეგიაშვილი - მინისტრის მოადგილე

2017 წლის იანვრამდე ის 100% წილს ფლობდა შპს „სპეც-კომ”-ში, მაგრამ შემდეგ  საკუთარი წილი გაასხვისა და ამჟამად სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.  

გრიგოლ კაცია - მინისტრის მოადგილე  

გრიგოლ კაცია 50% და 20%-იან წილებს ფლობს შესაბამისად შპს „ქართულ პროდუქტსა” და შპს „კარგო მარკეტში”, მაგრამ ორივე შემთხვევაში წილის მართვის უფლება გადაცემულია სერგო ლეჟავაზე.

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „ქართული პროდუქტი”

გრიგოლ კაცია

50%

შპს „კარგო მარკეტი”

გრიგოლ კაცია

20%

 

ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ლაშა მიქავა - მინისტრის მოადგილე

ლაშა მიქავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ 2018 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი შპს „ღვინის აღმოჩენა საქართველოში” 15% წილის მფლობელია. თუმცა, წილის მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვს.

ნინო ენუქიძე - მინისტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე პირადად არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. თუმცა, მისი მეუღლე მამუკა მენაღარაშვილი წილებს ფლობს ორ კომპანიაში:

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „ქართველ პროფესიონალთა ჯგუფი”

მეუღლე, მამუკა მენაღარაშვილი

33%

შპს „ჰაიდროკორპი”

მეუღლე, მამუკა მენაღარაშვილი

25%

 

საინტერესოა, რომ ნინო ენუქიძე 2011-2012 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კი 2013-დან 2018 წლების პერიოდში სს „ენერგო პრო-ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო; ასევე შპს „სოკარ ჯორჯია გაზში“ სამართლებრივ საკითხებში კონსულტანტის პოზიცია ეკავა; მუშაობდა სს „საქორგგაზში“ (დირექტორის მოადგილე) და შპს „სოკარ ჯორჯია გაზდისტრიბუშენში“ დირექტორის მრჩევლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის სფეროში შედის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, დარგის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ა.შ.  ამავე დროს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მეუღლის კომპანია შპს „ჰაიდროკორპის” საქმიანობის საგანი მოიცავს ენერგეტიკის სექტორსაც.

ამავე კომპანიას, 2016 წელს ენერგეტიკის სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც გულისხმობდა მდინარე ხრამზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის შესახებ მიზანშეწონილობის კვლევას.

ნათელა თურნავა - მინისტრის მოადგილე

ნათელა თურნავა და მისი მეუღლე დავით ვეშაპიძე წილებს ფლობენ შემდეგ კომპანიებში:

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი”

ნათელა თურნავა

15%

შპს „კავკასუს მენეჯმენტ კონსალტინგ”

მეუღლე, დავით ვეშაპიძე

33.33%

რკ „ჰერეთისკარის ნობათი”

გამგეობის თავმდჯომარე

 

 

ნათელა თურნავას წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს ირაკლი ვეშაპიძეზე.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო

გიორგი შარვაშიძე - მინისტრის მოადგილე

გიორგი შარვაშიძე ორ კომპანიაში ფლობს წილებს. ორივე შემთხვევაში წილის მართვის უფლება გადაცემულია ამბერკი ლორიაზე.

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „არმაზი ვაინზ”

გიორგი შარვაშიძე

45%

შპს „ოუ ენდ ჯი ინთერნეიშენალი”

გიორგი შარვაშიძე

60%

 

ხათუნა თოთლაძე  - მინისტრის მოადგილე

სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია მისი მეუღლე - ავთანდილ ცქვიტინიძე.

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „ავთანდილ ცქვიტინიძე”

მეუღლე, ავთანდილ ცქვიტინიძე

100%

შპს „ჯ-მანია საქართველო”

მეუღლე, ავთანდილ ცქვიტინიძე

34%

 

ვახტანგ მახარობლიშვილი -  მინისტრის მოადგილე

ვახტანგ მახარობლიშვილს თავად სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. თუმცა, მისი ძმა ავთანდილ მახარობლიშვილი ორი კომპანიის მეწილეა, ერთში კი დირექტორის პოსტსაც იკავებს. მინისტრის მოადგილის ძმის კომპანია "ლენდ მარკ პროჯექტსა" და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის  დადებულმა 721,954 ლარის ღირებულების ხელშეკრულებამ 2018 წლის სექტემბერში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ვინაიდან კომპანია ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ახალი დაფუძნებული იყო, ხოლო შესყიდვა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა და თანხა ტენდერის გარეშე განიკარგა.

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „ჰაუსარტ დეველოპმენტ”

ძმა, ავთანდილ მახარობლიშვილი

60%

შპს „ლენდ მარკ პროჯექტი”

ძმა, ავთანდილ მახარობლიშვილი

100%

 

მიხეილ ნინუა -  მინისტრის მოადგილე

მიხეილ ნინუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მიმდინარე თვეში დაინიშნა. იგი წილებს სამ კომპანიაში ფლობს, მაგრამ წილის მართვის უფლება ჯერჯერობით სხვაზე გადაცემული არ აქვს:

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „ქართული ვენახი” 

მიხეილ ნინუა

25%

შპს „ქართული ბაღი”

მიხეილ ნინუა

33%

შპს „ჯორჯიან მენეჯმენტ გრუპ”

მიხეილ ნინუა

35%

 

ალექსანდრე ხვთისიაშვილი - მინისტრის მოადგილე

ხვთისიაშვილი ნინუასთან ერთად დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ის აქამდე ამავე სამინისტროში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ხსენებულ პოზიციაზე ყოფნისას შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „კომპლექს სერვისში” არსებული 30%-იანი წილი. ნინუას მსგავსად, ხვთისიაშვილსაც არ აქვს წილის მართვის უფლება სხვაზე გადაცემული:

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „კომპლექს სერვისი” 

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

30%

 

ფინანსთა სამინისტრო

ივანე მაჭავარიანი - მინისტრი

ივანე მაჭავარიანი ამჟამად სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული არ არის, თუმცა წარსულში სამ სხვადასხვა კომპანაში ფლობდა წილს.

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

მონაწილეობის პერიოდი

წილი

შპს „ქალამანი 2007”

ივანე მაჭავარიანი

2018 წლის 10 ივლისამდე

50%

შპს „ტელესონიკი”

ივანე მაჭავარიანი

2018 წლის 10 ივლისამდე

50%

შპს „კაფე-გალერეა”

ივანე მაჭავარიანი

2018 წლის 7 სექტემბრამდე

40%

 

გიორგი კაკაურიძე - მინისტრის მოადგილე

გიორგი კაკაურიძე შპს მეგობრობა“ საქართველო-ს 20%-იანი წილის მფლობელია. თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საწარმოდან შემოსავალი არ მიუღია. მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს, რაც კანონდარღვევაა.

ასევე, საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია, სავარაუდოდ, გიორგი კაკაურიძის სამსახურებრივი ელ. ფოსტა - giorgi.kakauridze@mof.ge, რაც კითხვებს წარმოშობს სამეწარმეო საქმიანობაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

მიხეილ დუნდუა  - მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილე, რომელიც აქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა, წილებს ფლობს 3 კომპანიაში. 2018 წლის მაისიდან, წილის მმართველი სამივეგან  მისი მეუღლე ლანა ებრალიძეა.

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „ქეფითალ რისერჩ სენთერ”

მიხეილ დუნდუა

100%

შპს „მაუნთ გრაუნდი”

მიხეილ დუნდუა

31%

შპს „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი”

მიხეილ დუნდუა

100%

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შალვა გოგოლაძე - მინისტრის მოადგილე

მინისტრის მოადგილის დეკლარაციის მიხედვით, შალვა გოგოლაძე და მისი მეუღლე სამეწარმეო საქმიანობაში  ჩართულნი არიან. თუმცა, დეკლარაციის თანახმად, კომპანიები, რომლებშიც შალვა გოგოლაძე წილებს ფლობს ან დირექტორის პოსტი უკავია, „ფაქტიურად არ ფუნქციონირებს და რეგისტრირებულ მონაცემებში ვერ ხერხდება ცვლილებების შეტანა.” ასეთი კომპანიებია: სპს „შალვა გოგოლაძე და პარტნიორები”,  შპს „დ&ვ”, შპს „ეი ემ დი ემ ჯგუფი”, შპს „კაულინი ჯორჯია”, შპს „რაიმონდი” და შპს „შარმი”. ამ კომპანიებზე საჯარო რეესტრში წილის მართვის უფლების გადაცემა რეგისტრირებული არაა.

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი / მონაწილეობის ფორმა

შპს „შარმი”

შალვა გოგოლაძე

50%

შპს„ რაიმონდი

შალვა გოგოლაძე

100%

შპს „კაულინი ჯორჯია

შალვა გოგოლაძე

50%

შპს „რედ ველოქსი საქართველო

თამარ ფირცხალავა, მეუღლე

100%

შპს „დ & ვ”

შალვა გოგოლაძე

დირექტორი

სპს „შალვა გოგოლაძე და პარტნიორები”

შალვა გოგოლაძე

დირექტორი, თანადამფუძნებელი

შპს „ეი-ემ-დი-ემ ჯგუფი”

შალვა გოგოლაძე

დირექტორი

 

ირინე აბულაძე - მინისტრის მოადგილე

ირინე აბულაძე შპს „ართვინში” 0,1% ფლობს, თუმცა მის თანასაკუთრებაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირზეა გადაცემული.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზაზა ბოხუა - მინისტრის  პირველი მოადგილე

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზაზა ბოხუას მეუღლე, თამარ ზამბახიძე 50%-იან წილს ფლობს შპს „მედსფეისში”. კომპანიის წესდების თანახმად, მისი საქმიანობის საგანი სამედიცინო პროდუქციის რეალიზაციაა.

კომპანია კონკრეტულად ლაბორატორიული კვლევების ბინაზე გამოძახების მომსახურებითაა დაკავებული.

სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტრუქტურის თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს ექვემდებარება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების თანახმად,  სააგენტო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს. მისი კომპეტენციის სფეროშია კანონით გათვალისწინებული ლიცენზიების გაცემა, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი, მოქალაქეთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლა და ა.შ.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით კი, 

„თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება."

შესაბამისად, ვინაიდან შპს "მედსფეისი" სამედიცინო სფეროში საქმიანობს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირებისა და კონტროლის ქვეშ ექცევა, მინისტრის მოადგილე, სავარაუდოდ, კანონის მოთხოვნებს არღვევს.

მაია ლაგვილავა - მინისტრის მოადგილე

მაია ლაგვილავა წილს 3 კომპანიაში ფლობს, თუმცა ყველა შემთხვევაში წილის მართვის უფლება სხვა პირზე აქვს გადაცემული.

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „ვახტანგ ესვანჯიასს სახელობის იტალიური სკოლა ცისკარი”

მაია ლაგვილავა

69,9%

შპს „ორია”

მაია ლაგვილავა

100%

შპს „იტალიური სკოლა”

მაია ლაგვილავა

100%

შპს „მომავლის აკადემია”

ზვიად გელოვანი - შვილი

50%

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ლევან დავითაშვილი - მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მეუღლე წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში:

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „მაქსფარმა”

მეუღლე, თეა ფარქოსაძე

50%

შპს „Intermanagement”

მეუღლე, თეა ფარქოსაძე

100%

 

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ლევან დავითაშვილი 4 კომპანიის მეწილეა, რომლებშიც მან დირექტორის პოსტი დატოვა, თუმცა ცვლილებების რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა, რადგან წარდგენილ დოკუმენტებში საჯარო რეესტრმა ხარვეზი დაადგინა. 

გიორგი ხანიშვილი - მინისტრის მოადგილე

გიორგი ხანიშვილის ოჯახი აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის  ბოლო დეკლარაციის მიხედვით, თვითონ, მისი მეუღლე და მისი არასრულწლოვანი შვილი წილებს ფლობენ სხვადასხვა კომპანიაში.

 

კომპანია

კომპანიასთან დაკავშირებული პირი

წილი

შპს „აგრო - 1959”

გიორგი ხანიშვილი

100%

შპს „ლანჩ ტაიმი”

გიორგი ხანიშვილი

25%

შპს „მროვი”

გიორგი ხანიშვილი

100%

შპს „ჰელსი ფუდი”

გიორგი ხანიშვილი

70%

შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი”

გიორგი ხანიშვილი

25%

შპს „კავკასუს ლაითი”

გიორგი ხანიშვილი

25%

შპს „ჩხავერი”

გიორგი ხანიშვილი

50%

შპს „№1 ქალთა კონსულტაცია”

ანნა ეკალაძე

1.66%

შპს „ლ.ბ. ინვესტ–ჯგუფი”

ამჟამად წილს ვასილ ხანიშვილი ფლობს, 2017 წლის აგვისტომდე - 40% გიორგი ხანიშვილი

100%

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ხანიშვილი შპს „ჰელსი ფუდში” დირექტორის პოსტს იკავებს და მისი წილი მართვის უფლებით გადაცემული არაა. ასევე, შპს „ჩხავერში" გიორგი ხანიშვილის წილის მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არაა და ამ კომპანიაში 50%-იან წილის ფლობა არც მის ქონებრივ დეკლარაციაშია შეტანილი.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ხანიშვილი დირექტორად ფიგურირებს შპს „დავით საჯარიშვილი ალკოში.” ყველა ეს შემთხვევა  „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ლანჩ თაიმი,” შპს „ჰელსი ფუდი,” შპს „მროვი” და შპს „აგრო 1959” საქმიანობას ეწევიან კვების ობიექტებისა და საკვების წარმოების სფეროში, ხოლო სურსათის უვნებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

შპს „მროვის” წესდება:

შპს „აგრო 1959-ის” წესდება:

 

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით კი, 

„თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ფლობდნენ აქციებს ან კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება."

შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევები, შესაძლოა, წარმოადგენდეს კანონის ამ მოთხოვნის დარღვევას.

ამავე თვალსაზრისით, საინტერესოა გიორგი ხანიშვილის კიდევ ერთი კომპანია - შპს „ჩხავერი,” რომლის წესდებაც ყურძნის გადამუშავებასა და სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის წარმოებას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირებასა და ამ მიზნით ზედამხედველობას ახორციელებს, მათ შორის:  

ა) საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და ამ მიზნით ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) საქართველოში წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების, შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობა;

ე) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ექსპორტის ზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების ხელშეწყობა;

ი) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა;

პ) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

რ) კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;

შესაბამისად, გიორგი ხანიშვილის მხრიდან შპს „ჩხავერში” წილის ფლობაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს.

ამასთან ერთად, მინისტრის მოადგილეს, შპს „აგრო - 1959”  ბოლო დეკლარაციაში თავისი შვილის სახელით აქვს დეკლარირებული. თუმცა, სამეწარმეო რეესტრში მისი შვილის ნაცვლად თავად გიორგი ხანიშვილის სახელი ფიქსირდება. კომპანიის დაარსებიდან, მისი 100%-იანი წილის მფლობელი (გიორგი ხანიშვილი) არ შეცვლილა. თუმცა, ამჟამად წილის მმართველად თამაზ კუთხაშვილია მითითებული. ხანიშვილს წინა წლების დეკლარაციებში საკუთარი სახელით აქვს დაფიქსირებული ამ კომპანიაში მონაწილეობა და მიღებული შემოსავალიც: 2015 წელი - 68 798 ₾, 2014 წელი - 69 858 ₾, 2013 წელი - 65 107 ₾.

ასეთივე სიტუაციაა შპს „ლანჩ თაიმის შემთხვევაშიც, რომელიც გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში შვილის სახელზე აქვს მითითებული(25%), მაგრამ რეესტრში მფლობელად მისი, ხოლო წილის მმართველად თამაზ კუთხაშვილის სახელი ფიგურირებს. გიორგი ხანიშვილი წინა წლების დეკლარაციებში ამ კომპანიაში მონაწილეობასა და შემოსავლებსაც საკუთარ სახელზე აფიქსირებდა: 2014 წელი - 6 133 ₾, 2013 წელი - 121 652 ₾.

აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის 25%-ის წილის მფლობელია ნიკოლოზ ბახტაძე, რომელსაც 2014 წლის 24 აპრილს ქართული ოცნებისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული.

გიორგი ხანიშვილი 25 %-იან წილს ფლობს შპს „კავკასუს ლაითში”. ამავე კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელს იოსებ ახალკაცს კი  2016 წლის 1 ივლისს ქართული ოცნებისთვის 55 000 ლარი აქვს შეწირული. 

გიორგი ხანიშვილის მეუღლე, ანნა ეკალაძე 1.66%-იან წილს ფლობს შპს №1 ქალთა კონსულტაცია-ში, საიდანაც მან გასულ წელს შემოსავლის სახით 76 481,00 ლარი მიიღო.

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი 15 წლის შვილი გიორგი ხანიშვილი 40%-იან წილს ფლობდა შპს „ლ.ბ. ინვესტ–ჯგუფში”, საიდანაც მას 2016 წელს შემოსავლის სახით 354 900 ლარი ჰქონდა მიღებული. თუმცა, როგორც სამეწარმეო რეესტრიდან ვგებულობთ, ამ კომპანიის მეწილე არასდროს ყოფილა მინისტრის მოადგილის შვილი. 2017 წლის 6 ივლისამდე 40%-იან წილს კომპანიაში თავად გიორგი ხანიშვილი ფლობდა, ხოლო იმავე წლის 25 აგვისტოდან კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი მისი ბიზნეს პარტნიორი ვასილ ხანიშვილია(43001000533). შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ ჰქონდა შვილის სახელზე დეკლარირებული შემოსავალი იმ კომპანიიდან, რომლის მფლობელიც თავად იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ხანიშვილს, წინა წლების დეკლარაციებში, საკუთარ სახელზე ჰქონდა დეკლარირებული ამ კომპანიიდან მიღებული შემოსავლები: 2015 წელი - 418 000 ₾, 2014 წელი - 393 775 ₾, 2013 წელი - 391 296 ₾.

გიორგი ხანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი დეტალი:

2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის ოჯახს საკუთრებაში ნაღდი ფულადი თანხის სახით $930 000 აქვს, 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ხელზე არსებული თანხის სახით მითითებულია $950 000 , ხოლო 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში $1,2 მილიონი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი

ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე, არმინ ჰუთენლოხერი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ის არის ჰოლდინგი ომნიკომი/N.Y (ჰოლდინგი)-ის აქციონერი (100%) და შპს „კერძო კომპანია რეს-საზოგადოებრივი და კორპორატიული ურთიერთობები"-ის 100% წილის მესაკუთრე.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“