საქართველოს მთავრობამ ელექტრონული პეტიციების მექანიზმი უნდა შექმნას
პეტიციების შექმნა, ხელმოწერა და გავრცელება ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ამა თუ იმ საკითხზე მათი პოზიციის ხელისუფლებისთვის წარდგენა და ცვლილებების მოთხოვნა შეუძლიათ. ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები პეტიციების შესაქმნელად და გასავრცელებლად სულ უფრო აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, რადგან ეს უკანასკნელი მხარდამჭერთა მობილიზების მეტად ეფექტიანი საშუალებაა (თუნდაც სოციალური მედიის წყალობით).
მაგალითისთვის, ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფებმა რამდენიმე პეტიცია განათავსეს ინტერნეტში. ეს პეტიციები მოიცავს სხვადასხვა მოთხოვნას, როგორიცაა 17 მაისს თბილისში მომხდარი მოვლენების გამოძიება, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების დაცვა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი და სხვა.
მართალია, ინტერნეტი პეტიციების შექმნისა და გავრცელების ძალზე მოსახერხებელი საშუალებაა, მაგრამ ამავდროულად ჩნდება პეტიციებზე არსებული ხელმოწერების სანდოობის საკითხი. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 17 მაისის მოვლენების განხილვისას, გამოითქვა ეჭვი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი პეტიცის ხელმოწერების ნაწილი ყალბი იყო.
ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური ვებგვერდის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ხელისუფლებისთვის პეტიციების წარდგენას შეძლებდნენ. ასეთი სისტემა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობდა მოქალაქეების უფრო აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკის ფორმირების პროცესში, მეორე მხრივ კი, დიდწილად გადაჭრიდა ხელმოწერების სანდოობის პრობლემას (ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების სათანდო მექანიზმის წყალობით).
მეტიც, საქართველოს მთავრობას უკვე აღებული აქვს ასეთი სისტემის შექმნის ვალდებულება. კერძოდ, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის ბოლომდე უნდა შექმნას ვებგვერდი ichange.ge, რომელიც მოქალაქეებს ელექტრონული პეტიციების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. სამოქმედო გეგმაში ნათქვამია, რომ ხელმოწერების გარკვეული რაოდენობის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებული იქნება განიხილოს პეტიცია.
ამდენად, სასურველია, რომ საქართველოს მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად შექმნას ელექტრონული პეტიციების ოფიციალური მექანიზმი, რომელიც ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობებს გაუხსნის პოლიტიკის ფორმირებში მონაწილეობის მსურველ აქტიურ მოქალაქეებს.