ENG

საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან

14 მაისი, 2014

 

საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია ცენზურისაგან: არ შეინიშნება ინტერნეტ გვერდების კონტენტის, აპლიკაციებისა თუ პროგრამების დაბლოკვის შემთხვევები. ინტერნეტი უკვე იქცა ინფორმაციის მიღების რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ტელევიზიის შემდეგ. თუმცა, ამ გარემოებების მიუხედავად, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი კვლავ ძალიან დაბალია. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) მიერ 2013 წლის ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს არასოდეს ჰქონია წვდომა ინტერნეტთან.

იმისათვის, რომ უკეთესი წარმოდგენა შეგვქმნოდა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკისა და მათი ჩვევების შესახებ, ჩვენ მიერ CRRC-ისთვის დაკვეთილ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში ინტერნეტის მოხმარების შესახებ საკითხებიც შევიტანეთ. CRRC-მ ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 1918 ზრდასრული ადამიანი (18+) გამოკითხა.

ვინ სარგებლობს ინტერნეტით?

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით, თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ადამიანების მეხუთედზე მეტი ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს. უფროსი თაობის წარმომადგენლები ინტერნეტით ნაკლებად სარგებლობენ. 36-55 წლის ასაკის მაცხოვრებელთა ნახევარს და 56 წელზე უფროსი ასაკის გამოკითხულთა 75%-ს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

ინტერნეტის მოხმარების კუთხით თბილისი დომინირებს: დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარი  ინტერნეტის ყოველდღიური მომხმარებელია.  ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის, ამ მხრივ, უზარმაზარი განსხვავებაა. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების თითქმის ნახევარს არასოდეს უსარგებლია ინტერნეტით, თუმცა მათი ერთი მეოთხედი ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს. შედარებისათვის,  თბილისის ახალგაზრდობის (18-35 წლის) 80% და საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 60% ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით.

 

თბილისის დაახლოებით 30% და სოფლების 65% ინტერნეტის გარეშე რჩება, ხოლო სოფლად მცხოვრებ ხანშიშესულთა (56+) 12% ამბობს, რომ არ იცის რა არის ინტერნეტი.

 

რეკომენდაცია → ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა მიმართოს კომპიუტერული ცოდნის გავრცელებისკენ და ხელი შუწყოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში ინტერნეტის პოპულარიზაციას და უფროსი თაობის მიერ ინტერნეტის გამოყენების წახალისებას, ასევე ახალგაზრდების უზრუნველყოფას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო უნარებით.

 

 

დასაქმებული ადამიანები უფრო აქტიურად სარგებლობენ ინტერნეტით, ვიდრე უმუშევრები და არააქტიური შრომითი რესურსი (სტუდენტები, პენსიონერები, დიასახლისები). თუმცა, შედეგები იმასაც აჩვენებს, რომ დასაქმებულთა ერთი მესამედი ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს.

 

ინტერნეტის მოხმარების დინამიკა განათლებასაც უკავშირდება. არასრული ან სრული უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტთა ნახევარი ინტერნეტს ყოველდღე იყენებს, ხოლო მათ ერთ მეოთხედს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია. საშუალო, საშუალოზე დაბალი ან საშუალო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანთა 60%-ს  ინტერნეტზე წვდომა საერთოდ არ აქვს.

რისთვის იყენებენ ინტერნეტს საქართველოში?

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მაცხოვრებლები ინტერნეტს, უპირატესად, გართობის მიზნით და ადამიანებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ. გასართობად ინტერნეტს ახალგაზრდები უფრო მოიხმარენ (38%), მაშინ როცა უფროსი ასაკის ადამიანები ინტერნეტში უმეტესად ახალი ამბების მოსაძიებლად (20%) და სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე (24%) ინფორმაციის მისაღებად შედიან. აღსანიშნავია ისიც, რომ უმუშევრები და უმაღლესი განათლების არმქონე პირები ინტერნეტს უფრო გართობისა და კომუნიკაციის მიზნით იყენებენ. ქალაქებში, სოფლებსა და თბილისში მცხოვრებ მოქალაქებს შორის, ინტერნეტის მოხმარების ჩვევების მხრივ დიდი განსხვავება არ შეინიშნება.

ტელევიზიის შემდეგ, ინტერნეტი ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების მეორე ძირითადი წყაროდ რჩება. საქართველოს მოქალაქეთა 20% (ძირითადად, ქალაქის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები, დასაქმებულები და უმაღლესი განათლების მქონენი) ინტერნეტს ინფორმაციის ძირითად წყაროთა შორის ასახელებს. თუმცა, უფროსი ასაკის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა (90%), ისევე, როგორც სოფლის მაცხოვრებლები და უმუშევრები, ინტერნეტს ინფორმაციის მთავარ წყაროდ არ იყენებენ, რაც, სავარაუდოდ, ამ ჯგუფებში ინტერნეტის მოხმარების დაბალი მაჩვენებლით უნდა იყოს განპირობებული.

Facebook-ი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. საქართველოს მცხოვრებთა დაახლოებით ერთი მეოთხედი კვირაში ერთხელ მაინც იყენებს Facebook-ს, დაახლოებით 18% Odnoklassniki-ის მომხმარებელია, ხოლო Twitter-ი აშკარად არაპოპულარულია: ამ ქსელით ინტერნეტის მომხმარებელთა მხოლოდ 3% სარგებლობს  კვირაში ერთხელ მაინც.

 

ურბანული მოსახლეობა (თბილისის ჩათვლით), როგორც ჩანს, Odnoklassniki-თან შედარებით უპირატესობას Facebook-ს ანიჭებს, ხოლო სოფლის მოსახლეობის შემთხვევაში ამ ორ სოციალურ ქსელს შორის სხვაობა უმნიშვნელოა. სოფლად ინტერნეტის მომხმარებელთა დაახლოებით ნახევარი, ასაკობრივი ჯგუფის განურჩევლად, ამბობს, რომ Odnoklassniki-ით სარგებლობს, მათი 60-80% კი Facebook-ის მომხმარებელია.

 

 

 

 

Facebook-ის პოპულარულობა, Odnoklassniki-თან შედარებით, გაცილებით მაღალია დასაქმებულ ადამიანებს შორის. ინტერნეტით მოსარგებლე დასაქმებულთა 85% Facebook-ის მომხმარებელია, Odnoklassniki-ს კი საგრძნობლად ნაკლები დასაქმებული იყენებს. უმუშევარი მოქალაქეები და ასევე ისინი, ვინც არააქტიურ შრომით რესურსს წარმოადგენენ, ერთნაირად სარგებლობენ ამ ორი სოციალური ქსელით. არასრული ან სრული უმაღლესი განათლების მქონე პირთა 85%  Facebook-ით სარგებლობს, მაშინ როცა Odnoklassniki-ს ამ კატეგორიის წარმომადგენელთა შორის ორჯერ ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. უმაღლესი განათლების არმქონე მომხმარებლები არც ერთ სოციალურ ქსელს გამოკვეთილ უპირატესობას არ ანიჭებენ.

Author: ანა დაბრუნდაშვილი