ENG

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ახალი კანდიდატები

28 თებერვალი, 2014

პრეზიდენტი და მთავრობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენ სამ კანდიდატზე  შეთანხმდნენ. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც 2013 წლის ივლისში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე - ირაკლი ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა.

ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც საჯარო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია (მისი წლიური სახელფასო განაკვეთი პრემიასთან ერთად დაახლოებით 250 000 ლარს შეადგენს), განაცხადი 23-მა მსურველმა შეიტანა. მათგან საბოლოოდ სამი კანდიდატი - ვახტანგ აბაშიძე, ხათუნა მაისაშვილი და ვახტანგ ხუნდაძე - შეირჩა; სამივე კანდიდატს ჟურნალისტიკაში ან კომუნიკაციების სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ” საჯარო მონაცემების გამოყენებით შერჩეულ კანდიდატთა ბიოგრაფიების მცირე კვლევა ჩაატარა. ერთ-ერთი კანდიდატი ვახტანგ აბაშიძე 2012 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ პროვაიდერის, “სილქნეტის” თანამშრომელია. შესაბამისად, არჩევის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება მან თავი შეიკავოს იმ გადაწყვეტილებებისათვის ხმის მიცემისგან, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ კომპანიას. მეორე კანდიდატი, ხათუნა მაისაშვილი, 2012 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობს, რაც  ბადებს ეჭვს აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან მისი დამოუკიდებლობის  შესახებ.

საბოლოოდ შერჩეულ სამსავე კანდიდატს კომუნიკაციების სფეროში ან ჟურნალისტიკაში მუშაობის გარკვეული გამოცდილება აქვს. შეჯერებული სიის მიღმა დარჩნენ კანდიდატები, რომლებსაც კერძო სექტორში მოღვაწეობის სერიოზული გამოცდილება და ფინანსების ცოდნა აქვთ.

ვახტანგ აბაშიძე

ვახტანგ აბაშიძე 1995-2000 წლებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო  2000-იდან 2004 წლამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იყო. 2004 წლის ივნისში ვახტანგ აბაშიძე  აღნიშნული თანამდებობიდან გადადგა. ამის შემდგომ იგი კონსულტანტად მუშაობდა სატელეფონო კომპანიაში „საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი“, რომელშიც მას შემდეგაც აგრძელებს მუშაობას, რაც 2010 წ. ეს კომპანია „სილქნეტად“ გარდაიქმნა. 2012 წლიდან იგი „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.

ვახტანგ აბაშიძე  საფინანსო საკონსულტაციო ფირმის შპს „ოპტიმას“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია; იგი ასევე ფლობს გამომცემლობა შპს „დეგაპრინტ+“ -ის 30%-იან წილს.

მისი ძმა - ზურაბ აბაშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში (2000- 2004 წწ.),  ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა; იგი პირდაპირ პრემიერ მინისტრის წინაშე იყო ანგარიშვალდებული.  

ვახტანგ აბაშიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

ხათუნა მაისაშვილი

ხათუნა მაისაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის  მიმართულების მიწვეული პროფესორია. მან სადოქტორო დისერტაცია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა მასობრივი კომუნიკაციის  სფეროში და მინიჭებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია. მაისაშვილი ჟურნალისტიკის მკვლევარის რანგში მიწვეული იყო აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტის დე ვალეს ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის პოლიტიკის ცენტრში. არის  გაზეთების „7 დღე” და „ახალი 7 დღე“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე. გაზეთები ამჟამად ონლაინ რეჟიმში მუშაობენ.

საქართველოს პრეზიდენტისადმი წარდგენილ განცხადებაში მაისაშვილი წერს, რომ ის არ არის თანამდებობის პირი. მის მიერ წარდგენილი CV-ის მიხედვით, 2012 წლის დეკემბრიდან ის სახელმწიფო კანცელარიის ანალიტიკოსი და პირველი კატეგორიის მრჩეველია (რაც, როგორც ჩანს, საჯარო სამსახურის შუა რგოლის თანამდებობებს განეკუთვნება, რომლებზეც თანამდებობის პირის სტატუსი არ ვრცელდება).

ვახტანგ ხუნდაძე

ვახტანგ ხუნდაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი პროფესორია. ხუნდაძე სხვადასხვა დროს რეპორტიორად და რედაქტორად მუშაობდა: იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ განყოფილების გამგე (1973-78 წწ.), იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტელევიზიის და რადიოს რედაქტორი და  დირექტორის მოადგილე (1979-1994 წწ. და 2001-2004წწ.). 2008-2012 წლებში ხელმძღვანელობდა დილის პროგრამას საპატრიარქოს ტელევიზიაში “ერთსულოვნება”.

2010 წლიდან  ხუნდაძე ქართული არქიტექტურული ძეგლების ვებ გვერდისwww.geoah.ge-ს მენეჯერია, რომელიც  შპს ოქროს ვერძი XXI-ის პროექტია, სადაც ხუნდაძეს აქციათა 25% ეკუთვნის. იგი არის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს ტელეაკადემია დამფუძნებელი წევრი და პრეზიდენტი. აღნიშნული ორგანიზაციის გაცხადებული მიზანია ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა სულ 23-მა ადამიანმა მიიღო

ბორის ჯანჯალია – იურისტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ევროპის და ცენტრალური აზიის კორპორაციული მართვის პროგრამის ოფიცერი,

გიორგი ხონელია – ინტერნეტ პროვაიდერ Delta Net-ის ფინანსური დირექტორი,

დავით თუთბერიძე – სატელეკომუნიკაციო კომპანიის „კავკასიის ციფრული ქსელის“ აქციონერი და გენერალური დირექტორი,

მერაბ ქათამაძე – სამოქალაქო ინტერნეტ მაუწყებლობა ნაკადი-ს პროდიუსერი  და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში მოწვეული სპეციალისტი,

თეიმურაზ ბერიანიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ენერგეტიკა კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში მოწვეული სპეციალისტი,

დავით წივწივაძე – სს “საქართველოს რკინიგზის” საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი,

ვახტანგ გეგელია – სს “საქართველოს რკინიგზა” შპს “ტრანს კავკასუს ტერმინალსი“ დირექტორის მოადგილე, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი,

ტარიელ გვალია – საკონსულტაციო ფირმა “ველსტანდ ენდ ერფოლგ”-ის მენეჯერ-პარტნიორი.

მამუკა ლობჟანიძე – იურისტი, ინჟინერ-ეკონომისტი, სარეკლამო კომპანია “პი-ელ ექსკლუზივის” დირექტორი,

დავით ცინცაძე – კინორეჟისორი, იურისტი, „მეტეხი მედია ჰოლდინგის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი,

ბეჟან ხარებაშვილი –ბანკი რესპუბლიკის მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების რეგიონალური ჯგუფის უფროსი,

არჩილ ძიძიგური –იურისტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროტოკოლის სამსახური,

გიორგი ნაჭყებია – იურისტი, იურიდიული ფირმის „ დავით თოდრაძე და პარტნიორები“ დირექტორი, 2012 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯახაში, 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი წალენჯიხის რაიონში,

გიორგი ლეონიძე – ფილოლოგიის დოქტორი, იურისტი და ჟურნალისტი, საერთაშორისო ტელე-რადიო აკადემიის წევრი, საინვესტიციო კომპანია შპს Mailin Group-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი,

სოფიო ხორგუანი – იურისტი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და  პოლიტიკური პარტია „ქართული პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრი, ამჟამად სარეკლამო კომპანია „ 7Z“-ის დირექტორი,

მიხეილ გოთოშია – კავშირგაბმულობის სპეციალისტი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტექნიკური და ნუმერაციის მართვის განყოფილებების ყოფილი უფროსი, ამჟამად  ინტერნეტ პროვაიდერი შპს “ალტერნეტ” -ის დირექტორი,

ავთანდილ ცაგარეიშვილი – კავშირგაბმულობის სპეციალისტი,  სს  „ინფო ჯორჯია XXI“-ის („09“ სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების ოპერატორი) ყოფილი გენერალური დირექტორი,

ნათია კუპრაშვილი – ჟურნალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მოწვეული ლექტორი,  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი,

ლია მუხაშავრია – იურისტი ადამიანის უფლებათა სფეროში, ტემპლის სამართლის სკოლის (ფილადელფია) სამართლის მაგისტრი,  ყოფილი კანდიდატი სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ამჟამად შეწყალების კომისიის წევრი,

ავთანდილ კახნიაშვილი –  სასწავლო უნივერსიტეტ ევროპული აკადემიის სამართლის პროფესორი, 43 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

შემდგომი ნაბიჯები

შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს, რომელიც ორი კვირის ვადაში  5 წევრისაგან შემდგარი მარეგულირებელი კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შეთავაზებული კანდიდატიდან ერთს აირჩევს. გასულ თვეში საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად „მეცხრე არხის” ყოფილი ხელმძღვანელი კახა ბექაური აირჩიეს. ბექაური წარსულში რამდენიმე მაუწყებლის მმართველ პოზიციებზე მუშაობდა.  

ეს პარლამენტისთვის მარეგულირებელი კომისიის ვაკანტური თანამდებობების დაკომპლექტების მეოთხე მცდელობაა. შემოდგომიდან მოყოლებული ახალ კომისიონერებთან მიმართებით გამკაცრებული კრიტერიუმები მოქმედებს (რომელთა შემოღებას „საერთაშორსო გამჭვირვალობა - საქართველოც“ უჭერდა მხარს)  - ახლა კანდიდატებს მოეთხოვებათ ჰქონდეთ ათწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამი წელი მმართველ პოზიციაზე. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის სფეროში.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: ნანა საჯაია
Media