ENG

საქართველოს საავადმყოფოებში არსებული პრობლემები

29 ოქტომბერი, 2012

გასულ კვირას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საავადმყოფოებთან საპროტესტო აქციები გაიმართა. საპროტესტო აქციები ორგანიზებული იყო სამედიცინო პეროსნალის მიერ, რომლებმაც  უკმაყოფილება გამოხატეს დაგვიანებული და კლებადი ხელფასების გამო. ასევე, მათ უკმაყოფილება გამოთქვეს ახალი მფლობელების მიერ საავადმყოფოების მართვის სტილთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობის მთავარი მიზეზებია: საავადმყოფოების პრივატიზაციის პროგრამა, მფლობელებისა და მათი გეგმების ნაკლებად გამჭვირვალობა და იმ რეგულაციების ნაკლებობა, რაც არსებულ პრობლემებთან გამკლავებას შეუწყობდა ხელს. “საერთაშორისო  გამჭვირვალობა – საქართველო” ახალ მთავრობას მოუწოდებს გადაჭრას პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სიტემის ხარისხსა და მდგრად განვითარებას.

გავრცელებული ინფორმაციით საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმში, ფოთში, ჭიათურასა და თბილისში. ერთ-ერთი პრობლემა დაფიქსირდა ამტელის საავადმყოფოს პირველ კლინიკასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოა თბილისში. ამჟამად აღნიშნული საავადმყოფოს მფლობელია დანიელ გუფტა. დანიელ გუფტა რუსეთში დაფუძნებული უძრავი ქონების კომპანიის “Amtel properties” დირექტორია. ეს კომპანია ძირითადად ბიზნეს ცენტრებსა და სასტუმროებზეა ორიენტირებული. საქართველოს ჯანდაცვის, ფარმაცევტული და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტის ნათია გოგავას განცხადებით, სამედიცინო პერსონალს სამი თვის განმავლობაში არ მიუღია ანაზღაურება და ექიმების ხელფასებიც ბოლო წლებში შემცირდა. ამის გამო რამდენიმე სპეციალისტმა დატოვა საავადმყოფო, რაც უარყოფითად აისახა საავადმყოფოს მომსახურების ხარისხზე. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ საავადმყოფოს პერსონალის სამუშაო პირობები არ შეცვლილა უკეთესობისკენ, პრობლემა ასევე მდგომარეობს მფლობელთა გეგმების განსაზღვრის სირთულეში.

მსგავსი პრობლემები დაფიქსირდა ბათუმში, ფოთსა და ჭიათურაში, სადაც სამედიცინო პერსონალი მფლობელებისგან ითხოვდა საავადმყოფოებში არსებული პირობების გაუმჯობესებასა და არსებული შეთანხმებების დაცვას. რამდენიმე თვის წინ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იმყოფებოდა ჭიათურის საავადმყოფოში, სადაც ორგანიზაციამ აღმოაჩინა მთელი რიგი პრობლემები.

ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ შენობის გასხვისება და კერძო ინვესტორისთვი მიყიდვა იგეგმებოდა, ხოლო შენობაში განთავსებული აღჭურვილობა უკვე ეყიდა შპს “ახალ ცხოვრებას”.  სამედიცინო პერსონალმა არ იცოდა მფლობელის ვინაობა და დაიწყო პროტესტი საავადმყოფოს გაყიდვის თაობაზე მეტი ინფორმაციის გავრცელების მოთხოვნით. პროტესტის შემდეგ ბათუმის მერიამ განაცხადა, რომ შენობა აღარ გაიყიდებოდა. კომპანია “ახალი ცხოვრების” მფლობელების ვინაობის და მათი გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალზე რთულია.

ფოთში სამედიცინო პერსონალის მტკიცებით, კომპანია “ალდაგი ბისიაიმ” არ შეასრულა ვალდებულებები და  გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა ტექნიკურად ჯერ კიდევ შეუძლებელია, რაც პერსონალის განცხადებით, ადამიანური რესურსის კრიზისის შედეგია. მათი უკმაყოფილება იმავე შინაარსისაა, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სხვა მსგავსს საავადმყოფოებში მოსუმენია. კერძოდ,  ხშირად სამედიცინო პერსონალი იღებს განსხვავებულ ხელფასებს ყოველ თვე ან საერთოდ არ აქვს ანაზღაურებას თვეების განმავლობაში, ასევე არ არსებობს აუცილებელი მომსახურების, მათ შორის გადაუდებელი დახმარების გაწევის საკმარისი შესაძლებლობა. ეს პრობლემები ძირითადად თავს იჩენს იმ საავადმყოფოებში, რომლებსაც კერძო მესაკუთრეები ან სადაზღვევო კომპანიები ფლობენ.

პრობლემები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არა მარტო რეგიონულ, არამედ დედაქალაქის საავადმყოფოებშიც  გვხვდება და სერიზულ საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სისტემას. ექიმების გაუარესებული მდგომარეობა, ნაკლებად გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესი და მომავალი მესაკუთრეების გეგმები, ასევე ვალდებულებების შესრულების მექანიზმების ნაკლებობა ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუარესებას იწვევს.

ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საპრივატიზაციო კონტრაქტის თანახმად, ახალ მესაკუთრეს ერთადერთ მოთხოვნად საავადმყოფოს პროფილის 7 წლით შენარჩუნება ევალება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ადრე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ შეუძლებელია ყველა მფლობელმა ან მათმა უმრავლესობამ შეინარჩუნოს საავადმყოფოები ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.

ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, წარმოვადგენთ რეკომენდაციებს, რაც მიმართულია ჯანდაცვის ხარისხის, პაციენტებისა და ექიმების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. ახალ მთავრობას ვერ დავადანაშაულებთ შექმნილი ვითარების გამო, თუმცა ის ვალდებულია გამოასწოროს არსებული მდგომარეობა.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს”რეკომენდაციების მიხედვით, ახალმა მთავრობამ:

  • უფრო გამჭვირვალე უნდა გახადოს საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესი და ახალი მფლობელების ვინაობა, ასევე მოითხოვოს მფლობელებისგან მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოებისთვის;
  • გაზარდოს მთავრობის, როგორც ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ზედამხედველის, როლი, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება და ხარისხი;
  • კერძო სექტორის გაფართოებას თან უნდა ახლდეს ეფექტური რეგულაციების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საავადმყოფოების მხრიდან ყველა მომსახურების საკმარისი რაოდენობით მიწოდებას;
  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  მიხედვით, გამართულად ფუნქციონირებადი ჯანდაცვის სისტემა აუცილებლად მოითხოვს ადეკვატური ანაზღაურების მქონე მომუშავე პერსონალს, ამიტომ ექიმების მდგომარეობის გაუმჯობესება მინიმუმი სამუშაო სტანდარტების შემოტანით უკეთ უნდა იყოს უზრუნველყოფილი;
  • შექმნას სამედიცინო მომსახურების მომწოდებლების დაწვრილებითი მონაცემთა ბაზა, რათა უზრუნველყოს მეტი ინფორმაცია საავადმყოფოებს შიგნით არსებულ მდგომარობაზე მთელ ქვეყანაში;
  • გაზარდოს თანამშრომლობა საავადმყოფოს მფლობელებს, მომსახურე პერსონალსა და საქართველოს ჯანდაცვის, ფარმაცევტული და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირებს შორის, რათა უფრო ეფექტურად გადაჭრან ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები
  • უზრუნველყოს საავადმყოფოების გრძელვადიანი განვითარება შვიდწლიანი პერიოდის შემდგომ, რათა თავიდან აიცილოს საავადმყოფოების ან აუცილებელი მომსახურებების საერთოდ გაქრობა;
  • უზრუნველყოს რეგულაციების შესრულება, რათა დარწმუნდეს რომ ყველა საავადმყოფოს ადეკვატურად შეუძლია აუცილებელი მომსახურების მიწოდება;
  • შემოიტანოს კერძო ინვესტორების მარცხის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის უკეთესი სისტემა  რათა უზრუნველყონ აუცილებელი რესურსების მიწოდება გადაუდებელი მომსახურებებისთვის

ამჟამად საქართველოს საავადმყოფოების 40% სადაზღვევო კომპანიებს ეკუთვნით. ამ საავადმყოფოებში ხშირია ინტერესთა კონფლიქტი. სადაზღვევო კომპანიები სოციალურ დაზღვევას სთავაზობენ მოსახლეობას იმ რეგიონებში, სადაც მათი საავადმყოფოებია განლაგებული. ეს უარყოფითად აისახება მომსახურების ხარისხზე და იწვევს შემთხვევებს, როცა პაციენტებს საჭირო მომსახურების მიღების საშუალება არა აქვთ. ამ პრობლემასთან გამკლავების ერთ-ერთი გზაა საავადმყოფოების მართვა დამოუკიდებელი მენეჯმენტ კომპანიების  და არა სადაზღვევო კომპანიების მიერ. მსგავსი განცალკევება უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მენეჯმენტს, მაშინ როცა სადაზღვევო კომპანიებს შეეძლებათ ინვესტორის უფლებებით სარგებლობა. უფრო ძლიერი მარეგულირებელი სისტემა კი თავის მხრივ  უზრუნველყოფს ხარისხს. ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით, მთავრობას შეუძლია შეისყიდოს საავადმყოფოები სადაზღვევო კომპანიებისგან და მოგვიანებით მიყიდოს სხვა ინვესტორებს უკეთესი კონტრაქტის და ქმედითი რეგულაციების პირობებში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მალე გამოაქვეყნებს დასკვნებს, რომლითაც უფრო დეტალურ რეკომენდაციებს მიაწოდებს მთავრობას ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

Author: ხერარდ დე ბური
healthcare