საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე დეკლარაციაში საკუთარ უძრავ ქონებას, მეუღლის უძრავ ქონებასა და ბიზნესს არ უთითებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე დეკლარაციაში საკუთარ უძრავ ქონებას, მეუღლის უძრავ ქონებასა და ბიზნესს არ უთითებს

21 დეკემბერი, 2023

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე 2023 წლის დეკლარაციაში საკუთარ უძრავ ქონებას, მეუღლის უძრავ ქონებასა და ბიზნესს არ უთითებს.

დარღვევა N1: სალომე შაფაქიძემ დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული ხუთი უძრავი ქონება:

  1. მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში - 600 კვ.მ
  2. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში - 1500 და 204 კვ.მ.
  3. სხვენი თბილისში, ბესიკის ქუჩაზე - 192.50 კვ.მ
  4. ფართი თბილისში, ბესიკის ქუჩაზე - 181.01 კვ.მ
  5. სარდაფი თბილისში, ბესიკის ქუჩაზე - 30.45 კვ.მ

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონებების შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 და 2021 წლის დეკლარაციებში გაასაჯაროვა.

დარღვევა N2: სალომე შაფაქიძემ ასევე არ გაასაჯაროვა მეუღლის უძრავი ქონება, მდებარე სენაკის მუნიციპალიტეტში - 3757.00 კვ.მ

დარღვევა N3:  შაფაქიძემ არ მიუთითა მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული ბიზნესი. კერძოდ, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, სალომე შაფაქიძის მეუღლე, გიორგი კანკავა შპს “კავკასუს მედ თრეიდის” 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. გარდა ამისა შაფაქიძეს დეკლარირებული არ აქვს დამატებით სამი კომპანია, რომელშიც კანკავა დირექტორია: შპს “სახალხო კრედიტი”, შპს “ჯი ეი ტრანსი” და შპს “სინერჯი”.

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, სალომე შაფაქიძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს სალომე შაფაქიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.