საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს ამ პროექტთან მიმართებაში. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. ვინაიდან „კორონავირუსული” პანდემია ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებას ართულებს, არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.
ძირითადი მიგნებები
- ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით, ხოლო 2022 წელს 6%-ით გაიზრდება. ვინაიდან იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 9.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, პირველ რიგში, პანდემიის შეჩერებაზე ან ინფიცირებულების რაოდენობის შემცირებაზე იქნება დამოკიდებული, რაც ვაქცინაციის ტემპის ზრდით არის მიღწევადი. სხვა შემთხვევაში, მთავრობას, შესაძლოა, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება მოუწიოს, რაც ეკონომიკის ზრდას დააბრკოლებს;
- 2022 წლისთვის დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 3.12 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 2.5%-ია.
- 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 18.7 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 751 მლნ ლარით (4.2%-ით) მეტია. მატებას საგადასახადო შემოსავლების 2 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს;
- 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს 198 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების პროგნოზირებული მოცულობა და იგი 189 მლნ ლარს შეადგენს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გრანტები ბოლო 8 წლის მინიმუმზეა დაგეგმილი, როგორც ჯამური მოცულობით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მათ შორის, ევროკავშირისგან მისაღები გრანტების კუთხით;
- 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 18.4 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.1 მლრდ ლარით (7.2%-ით) ნაკლებია. კლებას ვალის დაფარვის მაჩვენებლის შემცირება განაპირობებს;
- გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი - ბიუჯეტის ხარჯები 84 მლნ ლარით მცირდება და 13.8 მლრდ ლარს შეადგენს. კლება ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების შემცირებითაა გამოწვეული. ეს განსაკუთრებით ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც 2022 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული;
- შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 17 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 1.65 მლრდ ლარი იქნება, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 107 ადამიანით იზრდება და 112,712-ს მიაღწევს. დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად საერთო სასამართლოებში იზრდება - 79 ადამიანით. სამინისტროებიდან ყველაზე მეტად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იზრდება - 53-ით; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში - 23-ით, იუსტიციის სამინისტროში კი 22-ით.
- 2022 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 260 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 300 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 285 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
- ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 387 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - 113 მლნ ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს - 98 მლნ ლარით;
- ყველაზე მეტად ორი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 663 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52 მლნ ლარით. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაში კლების მიზეზი „კორონავირუსთან“ დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების კლებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი სუბსიდირების პროგრამების შემცირების გამო მცირდება;
- „კორონავირუსთან“ დაკავშირებული საბიუჯეტო პროგრამები 758 მლნ ლარით მცირდება და 500 მლნ შეადგენს. აქედან, 310 მლნ ლარი ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაზე, 250 მლნ სოციალური დახმარებების, 177 მლნ ეკონომიკური საქმიანობის სუბსიდირების, ხოლო 20 მლნ ლარი კარანტინისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსების შემცირებაზე მოდის;
- ბიუჯეტის დეფიციტი 2.6 მლრდ ლარი (მშპ-ის 4%) იქნება. 2021 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი მშპ-ის 6.6%-ია;
- 2022 წელს მთავრობა 4.4 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.2 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. ახალი 4.4 მლრდ ლარის ვალიდან 1.3 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 3.1 მლრდ საგარეო ვალზე. ახალი საგარეო ვალიდან 1.2 მლრდ ლარი ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსია, ხოლო 1.9 მლრდ ლარი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტებია.
- სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაზე უარის თქმის გამო, მიმდინარე წელს საქართველომ ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს (დაახლოებით 270 მლნ ლარის) შეღავათიანი სესხი ვერ მიიღო. მთავრობას შეეძლო ეს თანხა დეპოზიტებზე განეთავსებინა და 2022 წელს გამოეყენებინა. შედეგად, წელს ნაკლებ მაღალპროცენტიან ვალს აიღებდა. მაგალითად, ბოლო თვეებში აღებული საშინაო ვალის წლიური განაკვეთი 9%-ზე მაღალია.
- 2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 33.7 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 52.1% იქნება;
- საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 160 მლნ ლარი, თუმცა პროგრამული ბიუჯეტის დანართში სათანადოდ არ არის ახსნილი, თუ რა პროექტებზე დაიხარჯება ეს თანხა. ასევე, არ გააჩნია ქვეპროგრამები.
- ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონის ნაწილად გახდომაა.
რეკომენდაციები
-
მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი მცირდება, თუმცა ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს „კოვიდპაციენტების” მკურნალობაზე გამოყოფილი თანხის განახევრება არარეალური ჩანს. მაღალია ალბათობა, რომ რეალურად ამ მიმართულებით ასობით მლნ ლარით მეტი იქნება საჭირო. ფისკალური რისკების შესამცირებლად, ეს გარემოება ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს;
-
ასევე, ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე, 2022 წელს პროგნოზირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტურია. პროგნოზირებული ზრდის ვერ მიღწევის შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება. შესაბამისად, ბიუჯეტის დადებითი საოპერაციო სალდო უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ბიუჯეტის ამჟამინდელ პროექტშია;
- მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ვალის მშპ-თან თანაფარდობის მაჩვენებელი 60%-დან 52%-მდე დაიკლებს, ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის ვალის ტვირთის კიდევ უფრო შემცირებაა საჭირო. როდესაც ვალი მშპ-ის 60%-თან ახლოსაა, მსუბუქი მაკროეკონომიკური შოკის დროსაც კი შესაძლოა გადასცდეს კანონით დაშვებულ 60%-იან ზღვარს. მითუმეტეს, პანდემიის პირობებში მაკროეკონომიკური შოკის კვლავ განმეორების ალბათობა მაღალია;
- ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული, ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.
საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2021 წლისთვის ეკონომიკის 9.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ვინაიდან იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 9.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის გამო ეკონომიკურ აქტივობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით, ექსპორტის სწრაფად აღდგენით და ბიუჯეტის ხარჯების ზრდით არის განპირობებული. ზოგადად, კრიზისული წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის მიღწევა იოლდება, რადგან ეკონომიკა კრიზისამდელ მდგომარეობას უბრუნდება.
2022 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. მომავალ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე წელს მოსალოდნელი 9.5%-იანი ზრდის. მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის მთავარი გამოწვევა ვაქცინირებული მოსახლეობის წილის ამაღლება, უცხოური ინვესტიციების შემოსვლის აღდგენა და ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდაა. თუ ვაქცინირებული მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, მთავრობას მომავალ წელს შეიძლება გარკვეული ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება მოუწიოს, რაც ეკონომიკის ზრდას შეანელებს.
ბიუჯეტის დანართში მთავრობის მიერ წარმოდგენილი პესიმისტური სცენარით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით, 2022 წელს კი - 4.1%-ით გაიზრდება.
2022 წლისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 3.12 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 2.5%-ია.
2.სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები[1]
2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 18.7 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 751 მლნ ლარით (4.2%-ით) მეტია.
შემოსულობების ყველაზე მსხვილი მუხლი - შემოსავლები 2022 წელს 13.9 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლისთვის დაგეგმილ შემოსავლებზე 1.7 მლრდ ლარით მეტია.
შემოსავლები საგადასახადო შემოსავლებს, გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს. ჯამური შემოსავლების ზრდას საგადასახადო შემოსავლების 2 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს. მათ შორის, 857 მლნ ლარით უნდა გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადით მიღებული თანხა, 613 მლნ-ით დღგ[2]-დან, ხოლო 408 მლნ-ით მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, 2021 წლის პირველ ნახევარში დროებითი საგადასახადო შეღავათები[3] მოქმედებდა. 2022 წლისთვის პროგნოზირებული 13.1 მლრდ ლარის საგადასახადო შემოსავლების მიღება დროებითი საგადასახადო შეღავათების გაუქმებით და ეკონომიკური ზრდით უნდა მიიღწეს.
198 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების მოცულობა და იგი 189 მლნ ლარს შეადგენს. მცირდება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მისაღები გრანტები (120 მლნ ლარით), ისე ცენტრალური მთავრობის სსიპ[4]-ებიდან და ა(ა)იპ[5]-ებიდან მისაღები გრანტები (80 მლნ ლარით).[6] ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 119 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს, სულ კი მისაღები თანხა 86 მლნ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გრანტები ბოლო 8 წლის მინიმუმზეა, როგორც ჯამური მოცულობით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მათ შორის, ევროკავშირისგან მისაღები გრანტების მოცულობით (გრაფიკი 1).
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
*2021 და 2022 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები
2022 წელს ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი 130 მლნ ლარით მცირდება. შემცირება სახელმწიფო ქონებიდან შემოსავლების კლებით არის განპირობებული. საპროცენტო შემოსავალი და რენტა 50-50 მლნ ლარით მცირდება, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდი - 44 მლნ ლარით.
პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც 2021 წლის გეგმაზე 150 მლნ ლარით ნაკლებია. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში პრივატიზაციის შედეგად, ბიუჯეტში მხოლოდ 162 მლნ ლარია მობილიზებული.
ფინანსური აქტივების კლებიდან, რაც ადრე გაცემული სესხების დაბრუნებას გულისხმობს, ბიუჯეტში 150 მლნ ლარი შევა, რაც 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 60 მლნ ლარით ნაკლებია.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
3.ბიუჯეტის გადასახდელები[7]
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 18.4 მლრდ ლარი იქნება, რაც 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.1 მლრდ ლარით (7.2%-ით) ნაკლებია.
გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი - ხარჯები 84 მლნ ლარით მცირდება. კლება პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებით ან დაფინანსების შემცირებითაა გამოწვეული. ძირითადად, ეს ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც 2021 წლის ბიუჯეტში არის, მაგრამ 2022 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული.
შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 17 მლნ ლარით გაიზრდება და ჯამში ის 1.65 მლრდ ლარი იქნება. 6.2 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა თავდაცვის სამინისტროში, 5.8 მლნ ლარით - შინაგან საქმეთა სამინისტროში, 5 მლნ ლარით - საერთო სასამართლოებში, 4.9 მლნ ლარით - იუსტიციის სამინისტროში, 4.4 მლნ ლარით - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, 2.7 მლნ ლარით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ყველაზე მეტად - 22 მლნ ლარით შრომის ანაზღაურების ხარჯი ცენტრალური საარჩევნო კომისიაში მცირდება, რადგან 2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წელი მორიგი არჩევნების წელი არ არის.
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 107 ადამიანით გაიზრდება და 112,712-ს მიაღწევს. დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად საერთო სასამართლოებში იზრდება - 79 ადამიანით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 53-ით იზრდება, კონკრეტულად, შტატები დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების და მართვის პროგრამაში იმატებს. 25-ით იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა. 23-ით იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა, 22-ით კი - იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა. 8 შტატი ემატება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შტატები მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში - 16 ერთეულით და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში - 15 ერთეულით.
255 მლნ ლარით მცირდება საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები და ჯამში იგი 1.5 მლრდ ლარი იქნება. კლება პანდემიასთან დაკავშირებული საქონლის და მომსახურების შესყიდვის შემცირებითაა განპირობებული.
ყველაზე მეტი თანხა - 5.8 მლრდ ლარი სოციალურ ხარჯებზეა გამოყოფილი, რომელიც პენსიას, ჯანდაცვას და სოციალურ დახმარებებს მოიცავს. 2021 წელთან შედარებით, ზრდა 149 მლნ ლარია.
სოციალური ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა - 3.7 მლრდ ლარი კაპიტალურ პროექტებზეა გამოყოფილი, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 422 მლნ ლარით მეტია. 3.7 მლრდ ლარის კაპიტალურ ხარჯებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი 735 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერიც. კაპიტალური ხარჯების 34% დონორების მიერ ფინანსდება.
გადასახდელები ასევე მოიცავს სახელმწიფო მიერ აღებული ვალის ძირის და პროცენტის დაფარვის მაჩვენებელს, რომელიც 2022 წელს 2 მლრდ ლარი იქნება. აქედან, 1.2 მლრდ ლარი ძირის, ხოლო 0.8 მლრდ ლარი პროცენტის დაფარვაზე მოდის. 2021 წელთან შედარებით, ვალის ძირის და პროცენტის დაფარვაზე 2022 წელს მთავრობა 1.5 მლრდ ლარით ნაკლებს დახარჯავს. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს ჯამური გადასახდელების 1.1 მლრდ ლარით შემცირებას. ასეთი დიდი სხვაობა 2021 წელს ევროობლიგაციების რეფინანსირებით არის გამოწვეული. მთავრობამ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები დაფარა და ამავე დროს, ახალი ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების დაფარვა გადასახდელების კლებაში აისახა.
მთავრობის ვალის მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მაგალითად, ვალის ძირის და პროცენტის მომსახურება აღემატება განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას, 2-ჯერ მეტია ვიდრე თავდაცვის ხარჯები.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
4.ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი
2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო[8] 2.6 მლრდ ლარი იქნება, როცა 2021 წელს იგი 3.8 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი. 2022 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ მთლიანი უარყოფითი სალდო 4% იქნება. 2021 წლის ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი 6.6%-ია.
აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზედა ზღვრად ერთიანი ბიუჯეტის[9] მთლიანი უარყოფითი სალდო („საბიუჯეტო კოდექსის” მიხედვით დეფიციტის) არის ნაგულისხმევი და არა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. 2022 წელს ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო 2.8 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 4.3%-ს შეადგენს და დაშვებულ ზღვარს გადასცდება.
რადგან ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი სალდო მშპ-ის 3%-ზე მაღალია, მთავრობა ვალდებულია პარლამენტს წარუდგინოს კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმა. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ვინაიდან დადგენილ პარამეტრს ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წლიდან გადასცდა, 3%-იან მაქსიმალურ ზღვარს 2023 წლისთვის უნდა დაუბრუნდეს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გეგმა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტშია წარმოდგენილი, რომლის მიხედვით, 2023 წელს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -2.8% იქნება.
2022 წელს საქართველოს მთავრობა 4.4 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.2 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 3.2 მლრდ ლარით გაიზრდება. ახალი 4.4 მლრდ ლარის ვალიდან 1.3 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 3.1 მლრდ საგარეო ვალზე. მათ შორის, 3.1 მლრდ-ის ახალი საგარეო ვალიდან 1.2 მლრდ ლარი ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსია, ხოლო 1.9 მლრდ ლარი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტებია.
საშინაო ვალი გაცილებით მაღალპროცენტიანია, ვიდრე საგარეო ვალი. მაგალითად, ბოლო თვეებში გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების წლიური განაკვეთი 9%-ზე მაღალია. ამ დროს, სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებაზე უარის თქმის გამო, მიმდინარე წელს საქართველომ ევროკავშირისგან 75 მლნ ევროს (დაახლოებით 270 მლნ ლარის) შეღავათიანი სესხი ვერ მიიღო.[10] მთავრობას შეეძლო ეს თანხა დეპოზიტებზე განეთავსებინა და 2022 წელს გამოეყენებინა. შედეგად, წელს ნაკლებ ახალ, უფრო მაღალპროცენტიან ვალს აიღებდა და ამასთან ერთად, ქვეყნის სავალუტო რეზერვებს გაზრდიდა.
2022 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი 33.7 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 52.1%-ია. მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 29.1 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის დაახლოებით 52%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ლარის გამყარებამ და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ[11] მთავრობის ვალის მშპ-თან თანაფარდობის მაჩვენებელი 60%-დან 52%-მდე შეამცირა, ჩვენი აზრით, ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის ვალის ტვირთის კიდევ უფრო შემცირებაა საჭირო. როდესაც ვალი მშპ-ის 60%-თან ახლოსაა, მსუბუქი მაკროეკონომიკური შოკის დროსაც კი შესაძლოა გადასცდეს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაშვებულ მშპ-ს 60%-იან ზღვარს. მითუმეტეს, პანდემიის პირობებში მაკროეკონომიკური შოკის კვლავ განმეორების ალბათობა მაღალია, ეს იქნება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, ლარის კურსის დაცემა, თუ კომბინირებული შოკი, როდესაც ორივე პარამეტრი ერთდროულად უარესდება. სწორედ ასეთი მაკროეკონომიკური შოკი გამოიარა საქართველომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
*2021 და 2022 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები
5.უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება
2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2021 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება - 387 მლნ ლარით, რაც ძირითადად ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხარჯების ზრდითაა გამოწვეული. ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაზე 347 მლნ ლარით მეტი, სულ კი 1.2 მლრდ ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ამ მიმართულებით 130 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება და მთლიანი ხარჯი 464 მლნ ლარი იქნება. მნიშვნელოვნად მცირდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხა და გასულ წელთან შედარებით, 89 მლნ ლარით ნაკლები, სულ კი 75 მლნ ლარი დაიხარჯება.
130 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 160 მლნ ლარი დაიხარჯება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი ფინანსთა სამინისტროა. შერჩეულია 4 საპილოტე რეგიონი: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, სადაც ინვესტიციები უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურაში, ტურიზმში, წარმოებაში, ადამიანურ კაპიტალსა და საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის ამაღლებაში.
113 მლნ ლარით იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და ის 1.6 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებზე მოდის. სტატუსის მქონე მასწავლებლებს იანვრიდან 100 ლარით გაეზრდებათ ხელფასი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება ჯამში 975 მლნ ლარი იქნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 98 მლნ ლარით იზრდება და ის 741 მლნ ლარს გაუტოლდება. 149 მლნ ლარით იზრდება სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დაფინანსება. 81 მლნ ლარით იზრდება სსიპ „აწარმოე საქართველოში”-ს ქვეპროგრამის - მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება და იგი 270 მლნ ლარს გაუტოლდება. 186 მლნ ლარით მცირდება სამინისტროს მიერ „კორონავირუსთან“ დაკავშირებული კარანტინის ღონისძიებებზე და ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი დაფინანსება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება და იგი 800 მლნ ლარი იქნება. სამინიტროს თანამშრომელთა რაოდენობა არ იზრდება, თუმცა 5.8 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება 12.6 მლნ ლარით იზრდება და იგი 81.8 მლნ ლარს გაუტოლდება. მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ხდება, რომლის მიხედვით მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს. 2021 წლის მშპ-ზე დაყრდნობით, 2022 წელს მაუწყებელმა ბიუჯეტიდან არანაკლებ 81.8 მლნ ლარი უნდა მიიღოს.
ყველაზე მეტად ორი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 151 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52 მლნ ლარით.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯები „კორონავირუსთან“ დაკავშირებული პროგრამების დასრულების ან შემცირების გამო იკლებს. 2022 წლისთვის არ არის დაგეგმილი ისეთი პროგრამები, როგორიცაა უმუშევრად დარჩენილთათვის 200-300 ლარიანი დახმარება, კომუნალური გადასახადების დაფარვა, დამატებითი ფულადი დახმარებები სოციალურად დაუცველთათვის და ა.შ. 2021 წელს მსგავს დახმარებებზე 250 მლნ ლარი დაიხარჯა. 310 მლნ ლარით მცირდება „კორონავირუსით” გამოწვეული დაავადების მართვაზე („კოვიდპაციენტების” მკურნალობაზე) გამოყოფილი თანხა და ჯამში მასზე 500 მლნ ლარი დაიხარჯება. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურის პროგრამის ხარჯი 27 მლნ ლარით მცირდება.
ამავე დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან პენსიის ხარჯი 285 მლნ ლარით იზრდება. 2022 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონრების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 260 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 300 ლარი გახდება. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 92 მლნ ლარით იზრდება. მატება გამოწვეულია 2021 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე ზრდით და ბოლო 1 წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა 126 ათასი ზრდით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 52 მლნ ლარით მცირდება. 68 მლნ ლარით მცირდება მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის დაფინანსება, რომელიც ძირითადად ყურძნის ფასის სუბსიდირებას და სახელმწიფოსგან ყურძნის შესყიდვას მოიცავს. წელს ამ მიმართულებით 153 მლნ ლარი იხარჯება. 32 მლნ ლარით მცირდება შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამა, თუმცა ხარჯი მაინც მაღალი - 121 მლნ ლარი რჩება. ამავე სამინისტროს ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარით იზრდება სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსება, რომლის ფარგლებში 4,000-მდე ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 30-35%-იან თანადაფინანსებას მიიღებს სახელმწიფოსგან.
„კორონავირუსთან“ დაკავშირებული საბიუჯეტო პროგრამები 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 758 მლნ ლარით მცირდება. აქედან, 310 მლნ ლარი ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაზე მოდის. 250 მლნ სოციალური დახმარებების შემცირებაზე, 177 მლნ ეკონომიკური საქმიანობის სუბსიდირების შემცირებაზე, ხოლო 20 მლნ ლარი კარანტინისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსების შემცირებაზე.
ვინაიდან 2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება და ქვეყანაში მწვავე ეკონომიკური კრიზისი სავარაუდოდ აღარ იქნება, „კორონავირუსთან“ დაკავშირებული ეკონომიკის სუბსიდირების პროგრამების და სოციალური დახმარებების დაფინანსების შეწყვეტა, ჩვენი აზრით ლოგიკურია. თუმცა, „კოვიდპაციენტების” მკურნალობის პროგრამის მკვეთრი - 310 მლნ ლარით შემცირება არარეალისტური ჩანს. 2021 წელს აღნიშნული მიმართულებით 810 მლნ ლარია გამოყოფილი და 20 ოქტომბრის მდგომარეობით, 834 მლნ ლარია უკვე დახარჯული. წლის ბოლომდე ეს ხარჯი, სავარაუდოდ, ერთ მილიარდ ლარს გადასცდება. ვაქცინაციის არსებული ტემპით 2022 წელს „კოვიდპაციენტების“ მკურნალობისთვის გამოყოფილი 500 მლნ ლარი საკმარისი, სავარაუდოდ, არ იქნება, რაც მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს წარმოადგენს.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
გასული წლების მსგავსად, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ ბიუჯეტის დანართშია მოცემული და „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის ტექსტს არ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონის ნაწილად გახდომაა, რაც გააძლიერებს მიზნებზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, ნაცვლად დღეს არსებული მიდგომისა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.
[1] შემოსულობები არის შემოსავლების, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების და ახალი ვალის აღების ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.
[2] დამატებული ღირებულები გადასახადი
[3] პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო 2020 წლის ივნისიდან 2020 წლის ივნისამდე მთავრობამ ბიზნესს საშემოსავალო გადასახადში, დღგ-ში და სხვა გადასახადებში დროებითი შეღავათები დაუწესა.
[4] საჯარო სამართლის იურიდიული პირი
[5] არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
[6] ცენტრალური მთავრობის სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მოგება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების სახით ირიცხება.
[7] გადასახდელები არის ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები ზრდის და ადრე აღებული ვალის დაფარვის ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად ადმინისტრაციულს, სოციალურს, განათლების და ა.შ.
[8] მთლიანი სალდო არ მოიცავს ფინანსური აქტივების ცვლილებას. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მთლიანი სალდო თუ უარყოფითია, ბიუჯეტი დეფიციტურია, თუ დადებითია, ბიუჯეტი პროფიციტურია.
[9] ერთიანი ბიუჯეტი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი.
[11] დეფიციტის შემცირება ბიუჯეტის შემოსავლების ზრდამ განაპირობა