ENG

საჯარო უწყებებმა 5 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარის 136 „ნივა“ შეიძინეს

18 ივლისი, 2018

 

„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამჯერად ჩვენი ყურადღება კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისგან” რუსული წარმოების ავტომობილების „LADA 4x4, 21214” (იგივე „ნივა“) სახელმწიფო შესყიდვებმა მიიპყრო. ბოლო პერიოდში, ამ თემას რამდენიმე სიუჟეტი მიუძღვნა სტუდია „მონიტორმა”. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული „ნივა” შეისყიდეს. ამ პროცესში სხვა ავტომწარმოებლები, როგორც წესი, არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან შემსყიდველ ორგანიზაციებს სატენდერო დოკუმენტაცია, ფაქტობრივად, მორგებული ჰქონდათ „ნივაზე” - მითითებული იყო ძალიან დაბალი ფასი და მარტივად დასაკმაყოფილებელი ტექნიკური პირობები.

კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი“ 2011 წელს დაფუძნდა, სახელმწიფო შესყიდვებში კი მონაწილეობას 2012 წლის ბოლოდან იღებს. ის სახელმწიფო უწყებებს რუსული წარმოების „ნივას“ აწვდის. 2012-2018 წლებში სხვადასხვა საჯარო უწყებამ ჯამში 3 მილიონ ლარამდე ღირებულების 136 „ნივა“ შეიძინა (ცხრილი 1). ყველაზე მეტი - 50 „ნივა“ სახელმწიფო კომპანიამ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეიძინა და ჯამში 1,151,500 ლარი გადაიხადა. შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 721,230 ლარის ღირებულების 31 „ნივით”. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ კი ერთი ტენდერით შეიძინა 570,000 ლარის ღირებულების 30 „ნივა“.

ცხრილი 1. საჯარო უწყებების მიერ შეძენილი „ნივას“ რაოდენობა და ღირებულება

წელი

უწყება

ტენდერის ნომერი

„ნივას“ რაოდენობა

ღირებულება, ლარი

2018

შპს „საქართველოს ფოსტა"

SPA180003739

15

367,500

2018

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

SPA180003133

8

196,000

2017

შპს „საქართველოს ფოსტა"

NAT170013166

15

384,000

2017

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

SPA170006688

14

325,230

2017

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

SPA170006512

3

71,500

2017

შუახევის მუნიციპალიტეტი

SPA170002680

1

27,000

2016

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

SPA160028044

9

200,000

2016

შპს „საქართველოს ფოსტა"

SPA160024488

20

400,000

2016

ეროვნული სატყეო სააგენტო

SPA160024039

12

235,200

2016

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

SPA150032543

3

61,000

2014

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია"

SPA140001849

30

570,000

2013

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

SPA130019529

3

53,850

2012

აჭარის სატყეო სააგენტო

SPA120028687

1

17,940

2012

აჭარის სატყეო სააგენტო

SPA120026283

2

35,960

 

სულ

 

136

2,945,180

წყარო: www.tendermonitor.ge

აღსანიშნავია, რომ ერთი შემთხვევის გარდა (შუახევის მუნიციპალიტეტის შესყიდვა), ყველა ტენდერში, სადაც კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯიმ” გაიმარჯვა, კომპანია კონკურენტების გარეშე იყო, მხოლოდ მან გააკეთა შეთავაზება ავტომობილების („ნივას“) მიწოდებაზე. ამის მიზეზი გამოცხადებული ტენდერების ტექნიკური პირობები და შესყიდვის ღირებულება იყო. „ნივა“ იმარჯვებდა ისეთ ტენდერებში, სადაც ავტომობილების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მინიმალური მოთხოვნები (ცხრილი 2, 3) იყო და ამავე დროს, 1 ავტომობილის შესყიდვაზე 18,000 -27,000 ლარი იყო გამოყოფილი.

„გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის“ მიერ „ნივით“ მოგებულ ტენდერებში ავტომობილის საგარანტიო პერიოდად 6 თვე (ან 35 000 კილომეტრის გავლამდე) ან 1 წელია მითითებული. ჩვეულებრივ, როდესაც მსუბუქი ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვებში „ნივა“ არ მონაწილეობს, სახელმწიფო უწყებებს შესასყიდი ავტომობილის საგარანტიო პირობად ერთ წელზე მეტი აქვთ მითითებული. მეტიც, სრულ ავტომობილზე საგარანტიო პირობად 3 წელი (ან 150 000 კილომეტრი), ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 5 წელია მითითებული.

„ნივების“ ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს შპს „საქართველოს ფოსტას“ და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბოლო წლებში სხვა მწარმოებლის ავტომობილებიც აქვთ შესყიდული. ამ შემთხვევაში, ისინი გარანტიის პირობად მინიმუმ 5 წელს ან 150 000 კმ-ს უთითებდნენ. ეს შესყიდვები იყო არამაღალი გამავლობის ავტომობილებზე („ნივა“ მაღალი გამავლობისაა). შესაბამისად, გაუგებარია, თუ სხვა დანიშნულების ავტომობილებზე მაღალ გარანტიას ითხოვდნენ, რატომ არ ვრცელდებოდა იგივე მაღალი გამავლობის ავტომობილებზე, სადაც უკონკურენტოდ „ნივა“ იმარჯვებდა.

ცხრილი 2. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის პირობები, სადაც „ნივამ“ გაიმარჯვა

გამოშვების წელი : არანაკლებ 2017

ძარის ტიპი _ უნივერსალური;

კარებების რაოდენობა არანაკლებ 3;

სიგრძე _ 3660-3740;

სიგანე _ 1600-1685;

სიმაღლე _ 1640-1670;

ძრავის მოცულობა _ 1,3 – 1,7;

საწვავის წვა _ 100 კმ-ზე 8- 10 ლიტრი;

გადაცემათა კოლოფი _ მექანიკა, არანაკლებ 5 სიჩქარიანი;

აუცილებელი მოთხოვნა _ 4X4;

აუცილებელი მოთხოვნა _ ABS;

აუცილებელი მოთხოვნა _ სათადარიგო საბურავი ან საბურავის შესაკეთებელი კომპლექტი გარანტია 06 (ექვსი) თვე ან 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) კმ.

 

ცხრილი 3. აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიერ ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის პირობები, სადაც „ნივამ“ გაიმარჯვა

ერთი მხრივ კარგია, როცა სახელმწიფო უწყება ავტომობილებს შედარებით იაფად ყიდულობს, მაგრამ მეორე მხრივ გასათვალისწინებელია შესყიდული პროდუქციის ხარისხი. ავტომობილების შემთხვევაში საგარანტიო ვადად 6 თვის ან 1 წლის მოთხოვნა ძალიან მოკლე პერიოდია და მომავალში ავტომობილების მომსახურების ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს აჩენს. ეს ნაწილობრივ დასტურდება იმ ფაქტით, რომ უკვე შესყიდული „ნივების“ მომსახურების მიზნით, იმავე კომპანიასთან - „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისთან” 200 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და აქსესუარების შეძენისთვის.

„გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის” დამფუძნებლის, გოჩა როსტიაშვილის პოლიტიკოსებთან კავშირზე ერთი თვის წინ სტუდია „მონიტორმა” გამოაქვეყნა სიუჟეტი. გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია.

გარდა იმისა, რომ მრავალჯერ უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები გარკვეულ გარიგებასა და მორგებულ ტენდერებზე აჩენს ეჭვს და ამასთან, „ნივას“ შესყიდვაზე დახარჯული თანხის ეფექტიანობა სათუოა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - რამდენად მიზანშეწონილია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში წარმოებულ პროდუქციის შესყიდვაზე სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს? ვინაიდან საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობა რუსული პროდუქციის შეძენაზე მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევები მხოლოდ ავტომობილების შესყიდვისას არ გვხვდება. აქედან გამომდინარე, ზოგადად ეს საკითხი შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობის პრობლემადაც შეიძლება მივიჩნიოთ. საერთაშორისო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გარკვეული ქვეყნები სანქციების ქვეშ მყოფ ან/და მათ მიმართ მტრულად განწყობილი (მითუმეტეს, ოკუპანტი) ქვეყნისგან პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე უარს ამბობენ.

რთულია დავთვალოთ, წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან რა თანხა იხარჯება რუსულ პროდუქციაზე, რადგან უმეტეს შემთხვევებში რუსული პროდუქციის მიმწოდებლები საქართველოს რეზიდენტ კომპანიებად არიან დარეგისტრირებული და შესყიდვების ელექტრონული სისტემის პორტალი კი მიმწოდებლების წარმომავლობას მხოლოდ კომპანიების რეგისტრაციის მიხედვით აჯგუფებს და არა შესყიდული საქონლის წარმოების ადგილის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემების მასშტაბურობაზე დასკვნის გაკეთება ვრცელი, სიღრმისეული კვლევის გარეშე რთული იქნება.

 რეკომენდაციები

  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დეტალურად უნდა შეისწავლოს კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის” მიერ მოგებული ტენდერები ხომ არ იყო ე.წ. მიმწოდებელზე „მორგებული“ ტენდერები;
  • აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა უნდა შეისწავლოს „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობა;
  • ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის (როგორც ოკუპანტი ქვეყნის) პროდუქციის შესყიდვაზე.