საბჭოთა სახელწოდების ქუჩები და სოფლები ზუგდიდში
საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ახალი ტოპონიმიკა იქნა შემოღებული - სახელწოდებები შეეცვალა მრავალ ქუჩას, სოფელსა და ზოგიერთ ქალაქსაც. მათ იდეოლოგიზირებული და პოლიტიზირებული სახელები მიენიჭა.
როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაკვირვებამ აჩვენა საბჭოთა, კომუნისტური ტოპონიმიკა საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზუგდიდში არსებული იმ ქუჩებისა და სოფლების შესახებ, რომლებიც დღემდე საბჭოთა, კომუნისტურ სახელებს ატარებენ.
ქუჩები:
ლავრენტი ბერიას ქუჩა - ბერია 1920-იან წლებში იყო საქართველოს სსრ-ს და ამიერკავკასიის სფსრ-ს უშიშროების აპარატის მაღალჩინოსანი და ხელმძღვანელი, 1930-იან წლებში საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი, 1938 წლიდან საკავშირო შსს მინისტრი. ხელმძღვანელობდა მასობრივ ტერორს საქართველოში
ივანე ვნუკოვის ქუჩა - ვნუკოვი იყო საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი, 1920-იან წლებში მონაწილეობდა შუა აზიაში ანტი-საბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში, 1939 წელს იბრძოდა ფინეთში. გარდაიცვალა ზუგდიდში 1988 წელს და ზუგდიდშივეა დაკრძალული, სავარაუდოდ ამიტომაც ატარებს მის სახელს ერთ-ერთი ქუჩა
ნიკოლოზ ოსტროვსკის ქუჩა - ოსტროვსკი იყო საბჭოთა მწერალი, წიგნის “როგორ იწრთობოდა ფოლადი” ავტორი, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერი და იდეოლოგი
ვასილ კიკვიძის ქუჩა - კიკვიძე იყო საბჭოთა სამხედრო, ახალგაზრდობაში სოციალისტ-რევოლოციონერთა (ესერთა) ტერორისტული რაზმის წევრი, რუსეთში, ე.წ. წითელარამირელებსა და თეთრგვარდიელებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში გამოირჩეოდა სისატიკით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ
ზუგდიდში ასევე არის ოთხი ქუჩა, რომლებიც ატარებენ რუსეთის ქალაქების სახელებს, კერძოდ: სანკტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინგრადის) ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა და ვოლგოგრადის ქუჩა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე ქუჩას აღნიშნული სახელი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მიენიჭა.
სოფლები:
სოფელი კიროვი - აღნიშნული სოფელი ატარებს საბჭოთა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნის სერგეი კიროვის სახელს, კიროვი იყო ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ერთ-ერთი ორგანიზატორი, მონაწილეობდა 1920 წელს აზერბაიჯანის, შემდგომ საქართველოს ოკუპაციაში. სოფლის ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის “მერე”
სოფელი ოქტომბერი - სოფელს აღნიშნული სახელი 1917 წლის ე.წ. ოქტომბრის რევულუციის/გადატრიალებასთან დაკავშირებით დაერქვა, მისი ძველი, ისტორიული სახელწოდება კი არის “ცაიშიშ კახათი”
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული კანონი “თავისუფლების ქარტია” ერთ-ერთ მიზნად სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ” კი თვითმმართველ ერთეულებს ვალდებულებას უწესებს შეცვალონ გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელები.
როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვლევით დასტურდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ასრულებს.
“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის საკრებულოს უახლოეს ხანებში მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსურ მხარდაჭერით